მთავარი,სიახლეები

ჯანმო: მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა იზრდება

14.09.2018 • 3487
ჯანმო: მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [ჯანმო] და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) კიბოს გავრცელების უახლესი ანგარიში გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა მატულობს. მონაცემები 185 ქვეყანას მოიცავს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ  2018 წლისთვის მსოფლიოში კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი 18.1 მილიონამდე გაიზრდება და 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვლება ამ დაავადებით.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ  საქართველოში 2018 წელს კიბოთი დაავადების 9 321 ახალი შემთხვევა დაფიქსირდება:

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლისთვის, მსოფლიოს მასშტაბით შესაძლოა კიბო გახდეს ყოველი მერვე კაცისა და ყოველი მეთერთმეტე ქალის სიკვდილის მიზეზი. ამავე მონაცემებით, ყოველ მეხუთე კაცს და ყოველ მეექვსე ქალს სიცოცხლის მანძილზე ესმება კიბოს დიაგნოზი. იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც ცოცხალი არიან კიბოს დიაგნოზიდან 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით 43.8 მილიონია.

2018 წლისთვის კიბოს ახალი შემთხვევების დაახლოებით ნახევარი და კიბოს დიაგნოზით გარდაცვალების ნახევარზე მეტი შემთხვევა აზიაზე მოდის, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აქ მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 60% ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს, კიბოთი დაავადებების შემთხვევები აქ მაინც მაღალია და იგი საერთო შემთხვევების 23.4%-ს შეადგენს.  ევროპაში კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები კი, კიბოთი სიკვდილიანობის მთლიანი რიცხვის 20.3%-ია.
მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები აზიასა და აფრიკაში (57,3% და 7.3%) გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე კიბოთი დაავადებების შემთხვევები (48.4% და 5.8%).

ჯანმოს ინფორმაციით, ქვეყნებში, სადაც ადამიანის განვითარების ინდექსი დაბალია, მაღალია ზოგიერთი ტიპის კიბოს მაჩვენებელი, რისი მიზეზიც გარკვეულწილად ისიც არის, რომ ბევრ ქვეყანაში მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება დაავადების დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე.

კიბოს შემთვევების 30-50%-ის თავიდან აცილება პრევენციითაა შესაძლებელი – ჯანმო

ფილტვის კიბო, მკერდის კიბო და სწორნაწლავის კიბო – ამ დაავადების სამი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. კიბოთი დაავადებისა და კიბოთი სიკვდილიანობის შემთხვევების 1/3 კიბოს სწორედ ამ სახეობებზე მოდის.

ფილტვის კიბო არის ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი კიბოს სახეობა კაცებში (14.5% კიბოს შემთხვევებისა) და ასევე წამყვანი მიზეზია კაცების კიბოთი გარდაცვალებისა (22.0%). დაავადების მხრივ, კაცებში კიბოს შემდეგი ყველაზე გავრცელებული სახეობები პროსტატის (13.5%) და სწორნაწლავის კიბოა (10.9%). კიბოთი გარდაცვალების შემთხვევებში კი კაცებში ყველაზე ხშირი ღვიძლის (10.2%) და კუჭის კიბოა (9.5%).

მკერდის კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი კიბოს სახეობაა ქალებს შორის (24.2%, ანუ ყოველი მე-4 შემთხვევა კიბოთი დაავადებისა). მკერდის კიბო არის ასევე წამყვანი მიზეზი კიბოთი გარდაცვალებისა ქალებში (15.0%), მას მოჰყვება ფილტვის კიბო (13.8%) და სწორნაწლავის კიბო (9.5%). საშვილოსნოს ყელის კიბოს წილი კიბოთი ავადობის შემთხვევებში არის 6.6%, კიბოთი გარდაცვალების შემთხვევებში კი – 7.5%.

ჯანმო წერს, რომ ფილტვის კიბოს შემთვევები ქალებში გაზრდილია და მას „თამბაქოს ეპიდემიას” უკავშირებს. ფილტვის კიბო სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია ქალებსა და კაცებშიც. კიბოს ეს სახეობა ასევე წამყვანია კიბოთი გარდაცვალების შემთხვევებში 28 ქვეყანაში. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფილტვის კიბოთი დაავადებისა ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში (განსაკუთრებით დანიასა და ნიდერლანდებში), ჩინეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშია, უნგრეთი კი ერთ-ერთი პირველია ამ სიაში.

„თამბაქოს კონტროლმა მნიშვნელოვნად შეამცირა აქტიური მოწევა და ხელი შეუშალა ადამიანებზე თამბაქოს კვამლის მავნე უნებლიე ზემოქმედებას ბევრ ქვეყანაში”, – ამბობს ექიმი ფრედი ბრეი, IARC-ის კიბოს დაავადებებზე ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი, – “ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თამბაქოს ეპიდემია ქალებსა და კაცებში სხვადასხვა სტადიაზეა სხვადასხვა რეგიონში, აშკარაა, რომ საჭიროა გავაგრძელოთ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური პოლიტიკა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში”.

„დაუყოვნებლივ უნდა დაინერგოს ეფექტური პროფილაქტიკის პოლიტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა, რათა გავაკონტროლოთ ეს გამანადგურებელი დაავადება მსოფლიოში“, – ამბობს IARC-ის დირექტორი, ექიმი ქრისტოფერ ვაილდი.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, კიბოს პრევენცია შესაძლებელია მისი რისკ ფაქტორების თავიდან აცილებით. ეს რისკ–ფაქტორებია:

  • თამბაქოს მოხმარება
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე
  • ხილისა და ბოსტნეულის ნაკლები ოდენობით მოხმარება
  • ფიზიკური ინერტულობა
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • სქესობრივი გზით გადამდები HPV – ინფექცია
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ქალაქებში
  • მყარი საწვავის გამოყენებით გამოწვეული  ჰაერის დაბინძურება შენობაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: