მერიის პასუხი აქციის მონაწილეებს: ყველა ტრანსპორტი ცენტრალურ ქუჩაზე ვერ იმოძრავებს

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმის მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე შეხვდა.

„ყველა ტრანსპორტი ცენტრალურ ქუჩაზე ვერ ივლის… რაიონის ხაზებზე ჩვენ ნებართვას არ გავცემთ, ეს რეგულირების გარეშეა,“ – უთხრა ემზარ ქავჟარაძემ აქციის მონაწილეებს.

ვინ შეცვალა სამარშრუტო ხაზი, რომლის მიხედვითაც ხელვაჩაურის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბაგრატიონის ქუჩაზე მიიყვანს? – ემზარ ქავჟარაძემ გვითხრა, რომ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. მისი თქმით, დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს ახალ სამარშრუტო ხაზებზე და შესაძლებელია, ალტერნატიული ქუჩებიც შესთავაზონ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენსა და განახლებაში მცხოვრები მოქალაქეები საპროტესტო აქციას განაგრძობენ. ისინი უშუალოდ ბათუმის მერთან ითხოვენ შეხვედრას. მათი თქმით, მოუხერხებელია და ამავდროულად გაორმაგებულ ხარჯთანაა დაკავშირებული ქალაქის ცენტრში მოსახვედრად ორი ტრანსპორტის გამოცვლა.

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

აქცია ბათუმის მერიასთან – მოსახლეობა სამარშრუტო ხაზების შეცლას აპროტესტებს

ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალშენსა და განახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მოსახლეობა სამარშრუტო ხაზების მიმართულების შეცვლას აპროტესტებს.

„ჩვენთან დადიოდა 55 ნომერი და მოვყავდით გორგილაძის ქუჩაზე. ახლა უნდა გამოყვე 65 ნომერს და დაგტოვებს ბაგრატიონზე. ორი „მარშუტკის“ გამოცვლაა საჭირო, რომ 300-ლარიან სამსახურში მიხვიდე,”- გვითხრა ნათელა ძნელაძემ.

აქციაზე სამარშუტო ტაქსის მძღოლებიც არიან. მათი თქმით, მოძრაობა ბაგრატიონის ქუჩაზე ნაკლებია.

„ბაგრატიონის ქუჩაზე რა მინდა, ჭავჭავაძეზე და გორგილაძეზეა მოძრაობა,“ – ამბობს რამაზ იაკობაძე.

შეკრებილების თქმით, თუკი მერი მათ არ შეხვდება, ახალშენის გზას გადაკეტავენ.

საქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

საქართველოში ვიზიტით იმყოფება  შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“-ს მფლობელი, პიტერ შპულერი.  მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის დამფუძნებელს შეხვედრა ჰქონდა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ   დირექტორ დავით ფერაძესთან და თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში „შტადლერის“ რეგიონული ქარხნის  მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც ,,საქართველოს რკინიგზას“, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვისაც დაამზადებს მოძრავ შემადგენლობებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანია „შტადლერმა“, „საქართველოს რკინიგზამ“ და  თბილისის მერიამ რეგიონული საწარმოს მშენებლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წლის ივნისის თვეში გააფორმეს.

თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასული საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი ანაზღაურების გარეშე დაბრუნდა

ორდუს პროვინციაში, უნიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ათი დღე ელოდნენ კუთვნილ ხელფასს, საქართველოში თანხის გარეშე დაბრუნდნენ. მიუხედავად დაპირებისა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი არ გადაუხადა. მოქალაქეებმა სარფის საზღვარი დღეს, 7 სექტემბერს, დილით გადმოკვეთეს.

საქართველოს 17-მა მოქალაქემ, რომელიც ათი დღის მანძილზე ელოდნენ კუთვნილ ანაზღაურებას, დღეს, 7 სექტემბერს, დილით, სარფში საზღვარი გადმოკვეთა. ისინი თურქეთში, ორდუს პროვინციაში მუშაობდნენ.

„პირველ აგვისტოს წავედით თხილის ბაღში სამუშაოდ. დამსაქმებელმა წაგვიყვანა. სხვადასხვა ბაღში გვამუშავებდა. თურქები, როცა იგებდნენ ვინ იყო ჩვენი დამსაქმებელი, გვეუბნებოდნენ, არ ენდოთ, მაგან ხალხი გადააგდოო. ეს ამბავი რომ გავიგეთ, მოვთხოვეთ ანაზღაურება. დაიწყო მოტყუება. ჯერ ნაწილ-ნაწილ მოჰქონდა ფული. მერე ერთ დღეს საერთოდ გაქრა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ზაზა ჩაჩუამ.

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიეს და უნიეს პროკურატურაში საქართველოს 17 მოქალაქის განცხადებაც შევიდა.

მოქალაქეების თქმით, ტრაპიზონში, საქართველოს საკონსულოში მათ უთხრეს, რომ კუთვნილი თანხა ორშაბათს ჩაერიცხებათ.

სამტრედიის სოფელ დაბლაგომიდან საქართველოს 28 მოქალაქე უნიეში სამუშაოდ პირველ აგვისტოს ჩავიდა. როგორც „ბათუმელებთან“ დასაქმებულებმა განაცხადეს, ისინი ფერმერებთან თხილის ბაღებში მუშაობდნენ, დღეში 70 ლირად.  თავდაპირველი გარიგებით დამსაქმებელს თავად უნდა დაეფარა დასაქმებულთა საცხოვრებლისა და კვების ხარჯები. თუმცა კვების თანხის გაღება საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან უწევდათ.

თურქეთში ლეგალურად დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეებს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზევე შეუძლიათ მიიღონ ორენოვანი კონტრაქტის ნიმუში, შეავსონ და ლეგალურად დასაქმდნენ. დარეგისტრირება უფასოა.

_____________________

ამავე თემაზე: 

ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

 

ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები ბათუმის კინოფესტივალზე – 16 სექტემბრიდან

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე არასაკონკურსო სექცია „დიდოსტატთა კოლექცია“ ყოველ წელს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამ სექციაში, ტრადიციულად, ცნობილი რეჟისორების ახალ ნამუშევრებს აჩვენებენ.

კინოფესტივალი ბათუმში 16-23 სექტემბერს გაიმართება და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

წელს „დიდოსტატთა კოლექციაში“ 7 ფილმი იქნება ნაჩვენები.

[checklist]

  • „ექსტაზი“

    რეჟისორი: გასპარ ნოე  

[/checklist]

ორიგინალში ფილმის სახელწოდებაა Climax-ი. მიმოხილვების თანახმად, ფილმი მოცეკვავეთა დასზე გვიამბობს. რეჟისორმა ფილმისთვის კანის წლევანდელ კინოფესტივალზე CICAE-ს [საავტორო კინოს საერთაშორისო კინოთეატრების გაერთიანება] პრიზი მიიღო.

გასპარ ნოეს საქართველოში გახმაურებული ფილმით – „სიყვარული“ იცნობენ. სწორედ ეს ფილმი ჩათვალა 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პორნოგრაფიული შინაარსის მქონედ, შს სამინისტრომ კი გამოძიება დაიწყო კონკრეტული საიტების მეშვეობით ამ ფილმის, როგორც პორნოგრაფიული მასალის გავრცელების ფაქტზე.  

[checklist]

_________________

  • „ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი“

    რეჟისორი: კიმ კი-დუკი 

[/checklist]

სამხრეთ კორეელი რეჟისორის 2018 წელს გადაღებული სურათი სხვადასხვა ასაკისა და წარმოშობის ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც სამხედრო გემით მგზავრობენ.

_________________

[checklist]

  • „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“

    რეჟისორი: ლარს ფონ ტრიერი 

[/checklist]

ფსიქოლოგიური თრილერი სერიული მკვლელის შესახებ, რომელშიც მთავარ როლებში მეტ დილონს, უმა თურმანსა და რაილი კიოს ნახავთ. Guardian-თან ლარს ფონ ტრიერმა აღნიშნა, რომ ფილმი დონალდ ტრამპითაა შთაგონებული და „ცხოვრება ბოროტებაა, რაც მტკიცდება ჰომო ტრამპუსის – ვირთხების მეფის აღზევებით.“

_________________

[checklist]

  • „ცივი ომი“

     რეჟისორი: პაველ პავლიკოვსკი

[/checklist]

სიყვარულის ისტორია, რომელიც 50-იან წლებში, ცივი ომის ფონზე ვითარდება. ფილმი რეჟისორმა თავის მშობლებს მიუძღვნა. 2018 წელს, კანის კინოფესტივალზე, პავლიკოვსკი ამ ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.

[checklist]

_________________

  • „ველური მსხლის ხე“

    რეჟისორი: ნური ბილგე ჯეილანი 

[/checklist]

თურქი რეჟისორის ფილმის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმი ძირითად საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი. აღწერის თანახმად, ფილმი მშობლიურ სოფელში დაბრუნებულ ადამიანზეა, რომელსაც მწერლობა სურს.

_________________

[checklist]

  • „ალმოდებული“

    რეჟისორი: ლი ჩანგ-დონგი 

[/checklist]

სამხრეთ კორეელი რეჟისორის სურათი ჰარუკი მურაკამის მოთხრობის თავისუფალი ეკრანიზაციაა. ფილმმა 2018 წელს კანის კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსების [FIPRESCI] პრიზი დაიმსახურა.

_________________

[checklist]

  • „ყველამ ყველაფერი იცის“

    რეჟისორი: ასგარ ფარჰადი

[/checklist]

ირანელი რეჟისორის ფილმი. ბუენოს-აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი მადრიდთან ახლოს, მშობლიურ ქალაქში ჩადის, დის ქორწილში. ეს მოგზაურობა საიდუმლოებებს ხდის ფარდას. ფილმში მთავარ როლებს ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი ასრულებენ.

_________________

კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.

კინოფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი ქალაქ ბათუმის მერია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, „ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი.

მერიამ შესაძლოა ძველ ბათუმში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდოს

ავტომანქანებისგან დაცლილი ძველი ბათუმის ქუჩები ერთ-ერთი იყო მათ შორის, რამაც „ბათუმობის“ დღესასწაულზე მოწონება დაიმსახურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერდნენ. ბათუმის მერიის მისამართით მაშინ ბევრმა იკითხა – რატომ არ შეიძლება სულ ასე იყოს?

ამ კითხვაზე მერიას, ჯერჯერობით, პასუხი არ აქვს. თუმცა გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში დაგეგმილი კვლევის ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს საკითხიც განიხილება და მერიას ძველი ბათუმის ქუჩებში ავტომანქანით მოძრაობა და პარკინგი პირველ სექტემბერს მხოლოდ „ბათუმობის“ დღესასწაულის გამართვის მიზნით არ შეუზღუდავს:

„ეს იყო ერთგვარი ტესტი. საკითხი განიხილება. განიხილება ისიც, რომ ასეთ შემთხვევაში მერიამ ძველ ბათუმში მცხოვრებლებს შესთავაზოს მოსახერხებელი ადგილი პარკინგისთვის, რომ მათ გააჩერონ მანქანები და ფეხით მივიდნენ სახლში.“

გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში დაგეგმილ კვლევასა და ქალაქის ტრანსპორტის ნაკადისგან განტვირთვის სტრატეგიაზე, როგორც „ჩიხიდან გამოსვლის გზაზე“ საუბარი ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა დაიწყო. მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც საკრებულოში საპატრულო პოლიციის უფროსი უნდა მიეწვია, ვისთან ერთადაც შექმნიდნენ ქალაქის ავტომანქანებისგან განტვირთვის სტრატეგიას…

არავინ იცის, როდის დაიშალა ეს კომისია და შეიმუშავა თუ არა ავტომანქანებისგან განტვირთვის რაიმე სახის გეგმა.

სამაგიეროდ, ქალაქში კარგად იციან, რომ მძღოლები ტროტუარებსა და ველობილიკებს მანამ გამოიყენებენ პარკინგისთვის, სანამ ქალაქს ავტომანქანის გასაჩერებლად საკმარისი ადგილი არ ექნება. ამიტომაც ქვეითად მოსიარულეს ბათუმში ხშირად ავტომანქანების სავალ ნაწილზე უწევს გადაადგილება. პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება საკურორტო სეზონის დროს…

გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც 2015 წელს დაიწყო და 2018 წლის აპრილში დასრულდა, პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარეგულარულ მოძრაობასთანაც იყო დაკავშირებული – ქალაქის ავტომანქანებისგან განტვირთვის სტრატეგიის დოკუმენტი სქელტანიანია. მასში გაწერილია ის ღონისძიებები, რომლებიც მერიამ უნდა განახორციელოს 2030 წლამდე.

კვლევის ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე ამბობს, რომ შეთანხმდნენ დაგეგმილი ღონისძიებების იმ ნაწილზეც, რაც მერიამ 2018-2020 წლებში უნდა განახორციელოს.

„ამ გეგმაში შედის ახალი ავტობუსების შეძენა, რაც მერიამ უკვე დაიწყო და ახალი სამოძრაო სქემის შექმნა, რაც ასევე დაწყებულია“, – ამბობს ლაშა ნაკაშიძე. მისივე ინფორმაციით, შემდეგი ეტაპი ე.წ. „ბასლაინებისდახაზვა, ანუ ავტობუსების გასაჩერებელი ადგილების მონიშვნა და მობილური აპლიკაციის შექმნაა, რომლითაც მომხმარებელი საათობრივი პარკინგის გადასახადის დაფარვას შეძლებს.

საათობრივი პარკინგი ერთ-ერთი გათვლაა ქალაქის ავტომანქანებისგან განტვირთვის სტრატეგიაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საათობრივი პარკინგი იაფი უნდა იყოს, რაც მოქალაქეს მისცემს სტიმულს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან ახლოს დატოვოს ავტომანქანა და ავტობუსით გააგრძელოს მოძრაობა. ამ შემთხვევაში მერიამ მოქალაქეს კომფორტული მომსახურება უნდა შესთავაზოს.

განიხილავს თუ არა მერია ბათუმში კონკრეტული ადგილების დამატებას პარკინგისთვის, მრავალდონიანი პარკინგების მშენებლობისთვის ინვესტიციის განხორციელების შეთავაზებას ინვესტორებისთვის ?  – ამ და სხვა კითხვებზე მერიაში პასუხებს შეგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს.

 

საქართველოს მოქალაქეებმა თურქ დამსაქმებლებს პროკურატურაში უჩივლეს

ორდუს პროვინციაში, უნიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მეათე დღეა კუთვნილ ხელფასს ელოდებიან, საქართველოში თანხის გარეშე ბრუნდებიან. მიუხედავად დაპირებისა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი არ გადაუხადა.

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაეწიათ და უნიეს პროკურატურაში საქართველოს 17 მოქალაქის განცხადებაც შევიდა. თავდაპირველად უნიეში საქართველოს 28 მოქალაქე ითხოვდა კუთვნილი ხელფასის მიღებას. 4 სექტემბერს 11 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა, 17 კი უნიეში დარჩა.

„დავალიანების სრული თანხიდან – 29 500 თურქული ლირა ან $4500, გადახდილია 20 000 თურქული ლირა.  დღეისათვის დავალიანება ისევ შეადგენს 9500 თურქულ ლირას ან $1500.
დარჩენილ 17 მოქალაქეს გაეწია სამართლებრივი დახმარება და სარჩელი შეტანილია უნიეს პროკურატურაში. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თითოეულ თურქ დამსაქმებელს (სულ ხუთი დამსაქმებელი) ელოდება ჯარიმა 80 000 თურქული ლირის ან $12 300 ოდენობით,” – ნათქვამია საკონსულოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ განცხადებაში.

ტრაპიზონში, საქართველოს გენერალური კონსულის ცნობით უნიეში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქისთვის, საქართველოში დასაბრუნებლად უნიეს მერიამ  ავტობუსი გამოყო.  დაზარალებულები საქართველოში 7 სექტემბერს დაბრუნდებიან.

მთავარი ფოტო: უნიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

©ზია ბაირაქი

ამავე თემაზე:

ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

რამდენი პირველკლასელია აჭარაში 2018 წელს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს  აჭარის საჯარო სკოლებში 4 852 პირველკლასელი ისწავლის, მათგან  792 – კერძო სკოლაში.

გასულ წელს აჭარაში 4 725 პირველკლასელი იყო, მათგან 805 კერძო სკოლაში იყო რეგისტრირებული.

ქობულეთის კერძო სკოლებში გასულ წელს 118 მოსწავლე სწავლობდა, წელს კი ეს ციფრი 77- მდეა შემცირებული.

ხულოს მუნიციპალიტეტში წელს მთლიანობაში 261 პირველკლასელი შევა სკოლაში, გასულ წელს მათი რაოდენობა 244 იყო.

შუახევში  132 პირველკლასელი ჰყავთ, გასულ წელს 135 ჰყავდათ.

ქედის მუნიციპალიტეტში წელს 172 პირველკლასელი ისწავლის, გასულ წელს 180 სწავლობდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წელს  660 პირველკლასელი დარეგისტრირდა, გასულ წელს კი – 653.

ქობულეთში 1037  პირველკლასელია დარეგისტრირებული, გასულ წელს კი 1100 იყო.

______________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

მაშველებმა ურეკში ოთხი ადამიანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს დაბა ურეკში მაშველებმა ოთხი ადამიანი  გადაარჩინეს. სააგენტოს ცნობით ​ისინი სანაპიროდან ზღვაში 80-90 მეტრის დაშორებით იყვნენ შესულები და დახმარებას ითხოვდნენ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

#3 ავტობუსის მარშრუტი შეიცვალა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, #3 მუნიციპალური სამარშრუტო ხაზის მარშრუტი შეიცვალა.

“#3 ავტობუსი თამარის დასახლებიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: აბუსერიძის ქუჩა (კარფური), გრიბოედოვის ქუჩა, გორგილაძის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, თამარის დასახლება. უკუმიმართულება იქნება იგივე,” – ნათქვამია ავტოტრანსპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პირველად საქართველოში – თმის ცვენის კონტროლი ქიმიოთერაპიის დროს

პაქსმენი“  საქართველოშია – კლინიკა „ნიუ პლაზმამ“ ბათუმში „პაქსმენის“ ინოვაციური აპარატის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ასევე ესწრებოდა თავად „პაქსმენის“ სამედიცინო წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელობით კლინიკის პერსონალს სერტიფიცირებული ტრენინგი ჩაუტარდა.

 „პაქსმენის“   ინოვაციური აპარატის პრეზენტაცია
„პაქსმენის“   ინოვაციური აპარატის პრეზენტაცია

რა არის თვის კანის გაგრილების სისტემა ?

 „პაქსმენი“ წარმოადგენს აპარატს, რომლის სპეციალური ქუდის საშუალებით ხდება თავის კანის (სკალპის) გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. სკალპის გაცივებისას მცირდება ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უარყოფითი ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე და ამიტომ ამ მეთოდს შეუძლია ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის შეჩერება, ნაწილობრივ ან სრულად შენარჩუნება.

„პაქსმენი“
„პაქსმენი“

მრავალწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა ევროპაში აჩვენა თავის კანის გაგრილების მეთოდის ეფექტურობა ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის პრევენციისთვის. 2017 წლიდან კი ის ამერიკაშიც აღიარეს ოფიციალური სერტიფიცირებით.

ქიმიოთერაპიის დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პაციენტი ინარჩუნებს თმას „პაქსმენის“ თავის კანის  გაგრილების სისტემის მეშვეობით.

როგორ მუშაობს სკალპის გაგრილების სისტემა?

ქიმიოთერაპიის ყველაზე შესამჩნევი გვერდითი მოვლენა თმისცვენაა. ეს ხდება თმის ფოლიკულზე წამლის უარყოფითი ზემოქმედების გამო. დაზიანება, რომელსაც ქიმიოთერაპია აყენებს თმის ფოლიკულს, შეიძლება შემცირებულ იქნეს თავის კანის  გაგრილებით – თავის კანის ტემპერატურის შემცირებით უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ, მის პროცესში და შემდეგ. ეს, თავის მხრივ, ამცირებს როგორც სისხლის, ასევე ქიმიური მედიკამენტის მოძრაობას თმის ფოლიკულამდე.

„პაქსმენი“  საქართველოში მხოლოდ კლინიკა „ნიუ პლაზმაშია“
„პაქსმენი“  საქართველოში მხოლოდ კლინიკა „ნიუ პლაზმაშია“

რა დრო სჭირდება თავის კანის გაგრილების პროცესს?

„ცივი ქუდის“ გამოყენება საჭიროა ქიმიოთერაპიამდე 30 წუთით ადრე, ქიმიოთერაპიის დროს და მაქსიმუმ 90 წუთით ინფუზიის შემდეგ (დრო დამოკიდებულია თერაპიის ტიპზე). ის გამოიყენება ყოველი ქიმიოთერაპიის ყოველი ციკლის დროს. ზოგადად პაციენტის დაყოვნებების ხანგრძლივობა კლინიკაში იზრდება დაახლოებით 1 საათით, თუმცა ეს არ მოქმედებს უარყოფითად პაციენტზე.

თმა გამცვივდება? ეს არის პირველი შეკითხვა, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანები სვამენ, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მათ სჭირდებათ ქიმიოთერაპია.

პაციენტების უმრავლესობის შეფასებით, ქიმიოთერაპიით მკურნალობისას  გვერდით ეფექტებს შორის ყველაზე დიდ შიშს იწვევს  თმის დაკარგვა. ამ დროს ფსიქოლოგიური ეფექტი მაღალია და შეიძლება დრამატული გავლენა იქონიოს პაციენტის მდგომარეობაზე.

„ცივი ქუდის“ გამოყენება საჭიროა ქიმიოთერაპიამდე 30 წუთით ადრე
„ცივი ქუდის“ გამოყენება საჭიროა ქიმიოთერაპიამდე 30 წუთით ადრე

ქიმიოთერაპიის დროს თმის შენარჩუნება პაციენტებისთვის კონტროლის დაბრუნებას ნიშნავს, მათ შეუძლიათ პირადულობის შეგრძნების და მკურნალობის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნება.

თავის კანის  გაგრილებით მიღებული შედეგი დამოკიდებულია ბევრ ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა: ქიმიოთერაპიის მედიკამენტი, სქემა და დოზები. ამიტომ ყველა პაციენტთან ერთნაირი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. არსებობს სქემები, რომელთა დროს დაბალია თმის შენარჩუნების შანსი და ამ შანსების გარკვევა პროფესიონალთან კონსულტაციის დროს არის შესაძლებელი. ასეთი კონსულტაციები კლინიკაში უფასოა.

კონსულტაციისთვის დარეკეთ:  568104410 ან მოგვწერეთ ფეისბუქგვერდზე: კლინიკა „ნიუ პლაზმა“ – New Plasma Clinic

ასევე, თმის შენარჩუნებაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია ვებგვერდზე www.scalpcoolig.ge

აპარატის პრეზენტაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და თავად „პაქსმენის“ სამედიცინო წარმომადგენელი ესწრებოდა.
აპარატის პრეზენტაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და თავად „პაქსმენის“ სამედიცინო წარმომადგენელი ესწრებოდა.

სამი თვე პასუხის მოლოდინში – ოჯახები საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ელიან

ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ავტობანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მცხოვრები ორი ოჯახი აცხადებს, რომ უკვე სამი თვეა ელოდებიან, მიიღებენ თუ არა კომპენსაციას. ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე დღემდე არ აქვთ. ამ ადგილას ბათუმის შემოვლითი გზა გაივლის, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს.

„ჩემი სახლი ავტობანიდან ორ მეტრშია. მოვიდნენ სამი თვის წინ, მას შემდეგ, რაც მედიით გაშუქდა ინფორმაცია, გადაიღეს ფოტოები და დაელოდეთო – გვითხრეს. სამი თვეა ველოდებით უკვე, თმა გამითეთრდა ამაზე დარდში, აქ აღარ იცხოვრება. აჭარის საგზაო დეპარტამენტში მითხრეს, ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული გავაკეთეთ, თბილისიდან უნდა მოვიდეს პასუხიო. სამი თვეა თითქმის ყველა დღე ფოსტაში ვამოწმებთ და პასუხი არ ჩანს. უკვე არ ვიცით რა იქნება,  ან თქვან, რომ აღებაშია, ან – არ არის. სახლს ბზარები გაუჩნდა უკვე, დაზიანებულია, აქ აღარ იცხოვრება,“  – ამბობს ვახტან სურმანიძე.

იმავე მდგომარეობაშია მუსხლეიშვილის #31-ში მცხოვრები რუსლან აბაშიძის ოჯახი. სამი თვის წინ მის სახლსა და ეზოს აჭარის საგზაო დეპარტამენტიდან მოსულმა სპეციალისტებმა ფოტოები გადაუღეს, თუმცა პასუხი, მიიღებს თუ არა კომპენსაციას და როდის – ჯერ ისევ არ ჩანს.

„სამი თვეა ველოდები მეც რა გადაწყდება. კაპიტალური, ორსართულიანი სახლი მაქვს, ზამთარი მოდის, ვერ გავიგე რა უნდა ვქნა, ვის მივმართო. მე ვიცოდი, რომ 8 დღე უნდოდა გარკვევას და სამი თვე გავიდა უკვე. მიზეზიც არ ვიცით. ამბობენ, რომ ზოგმა მიიღო კომპენსაცია, მაგრამ არ ვიცი. ჩემი სახლი ექვსი მეტრის მოშორებითაა ავტობანიდან. ტრაქტორები მუშაობენ გზაზე, სახლი უკვე მოძრაობს, უფრო ახლოს რომ მოვლენ – უბრალოდ დაიშლება,“ – გვეუბნება რუსლან აბაშიძე.

ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

აჭარის საგზაო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ მახვილაურში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა მონაცემები თბილისშია გადაგზავნილია და საკითხი კომისიამ უნდა შეისწავლოს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მახვილაურში მცხოვრებნი პასუხს მალე მიიღებენ.

„ძალიან მალე იქნება, უკვე დასკვნით ფაზაშია მათი საკითხის განხილვა. ცოტა გაიწელა, რადგან საპროექტო ორგანზიაციის წარმომადგენელი, ვინც უშუალოდ იყო ამაში ჩართული, არ იმყოფებოდა ადგილზე, ამიტომაც გაჯანჯლდა ეს პროცედურა. ჩვენს ინტერესებშიცაა პასუხი იყოს მალე,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ მიხეილ უჯმაჯურიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსმა.

____________________________________

მთავარ ფოტოზე: ვახტან სურმანიძის ეზო, რომლის გადაღმაც ავტობანი შენდება 

გურიაში პატრულ-ინსპექტორი კანაფის მოყვანისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის – კანაფის 14 ძირი, დამხმარე სათავსოდან – 1 ძირი, სახლის მანსარდიდან კი, გასაშრობად გამზადებული დიდი ოდენობით კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

როგორ უნდა დაიცვან ბავშვებმა და მოზარდებმა თავი ინტერნეტში – სპეციალისტების რჩევები

ქართულ ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით ფეისბუქზე, დღემდე ბევრი გვერდია, რომელთა მთავარი მიზანიც მოზარდების პირადი მიმოწერისა თუ ინტიმური სურათების უნებართვოდ გამოქვეყნებაა. შემდეგ ამ მოზარდებს სრულიად უცხო ადამიანები მკაცრად აკრიტიკებენ და აბულინგებენ. ბულინგი  კი ზოგჯერ ფატალურადაც მთავრდება. მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდებისთვის და ვნახოთ, რა რეკომენდაციებს იძლევიან კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები.

ონლაინუსაფრთხოების კომპანია getsafeonline  მშობლებს ურჩევს, რომ 10 წლამდე ბავშვების გაჯეტებზე [ტელეფონი, კომპიუტერი…], რომლითაც ისინი ინტერნეტს უკავშირდებიან, დააყენონ “მშობლის მიერ კონტროლის” ფუნქცია. როგორ უნდა გააქტიუროთ სხვადასხვა სისტემასა თუ საიტზე ბავშვებისთვის უსაფრთხო რეჟიმი? – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა [IDFI]“ გზამკვლევი მოამზადა, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ამ ბმულზე.

10-13 წლამდე ასაკის ბავშვეთან მიმართებაში კი getsafeonline წერს: “დაელაპარაკეთ თქვენს ბავშვს იმის შესახებ, თუ როგორი შინაარსის მასალები არსებობს ინტერნეტში. ისინი შეიძლება ეძებდნენ ინფორმაციას მათი სხეულის ცვლილებების შესახებ, აინტერესებდეთ როგორია ურთიერთობები. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ დაუშვებელია საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოების ვინმესთვის გაზიარება”.

ბრიტანული გამოცემა guardian-ი მოზარდებისა და მშობლებისთვის ინტერნეტუსაფრთხოების სპეციალისტების რჩევებს აქვეყნებს. ერთ-ერთი მათგანი, ტრეისი ჰალვერი, სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon-ის იდენტიფიკაციის მთავარი სპეციალისტის რჩევაა, რომ დაიმეგობროთ შვილები სოციალურ ქსელებში:

“დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვები მესიჯობენ და ეთანხმებიან მეგობრებში დამატებას მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც იცნობენ. ხშირად ონლაინმეგობრების რაოდენობა “პოპულარობის ინდექსია” ბავშვებში. ადამიანებმა, რომელთაც ცუდი მიზნები ამოძრავებთ, იციან ეს და ცდილობენ დაუკავშირდნენ ბავშვებს შენიღბულად და ასე შეიპარონ ბავშვის “შიდა წრეში”. დარწმუნდით, რომ თქვენ არ გაქვთ ჩართული ისეთი რეჟიმი, რომელიც მისი მეგობრების ან პოსტების ნახვას დაგიფარავთ.
ზომიერების ფარგლებში გააკონტროლეთ თქვენი ბავშვის მობილური ტელეფონი, ნახეთ რა აპლიკაციები აქვს დაინსტალირებული, თუ რომელიმე ქსელი გეუცხოვათ, მოძებნეთ ინტერნეტში და დარეგისტრირდით, რომ ნახოთ რა სერვისს სთავაზობს ის მომხმარებელს”.

ინტერნეტტექნოლოგიების უსაფრთხოების კომპანია Sentor-ის ინფორმაციის უსაფრთხოების მთავარი კონსულტანტი იასპერ კრაკადი თავისი შვილების მაგალითზე სხვა ბავშვებსაც ურჩევს, როგორ განასხვავონ ესა თუ ის ფოტო ღირს გამოსაქვეყნებლად თუ არა: “ვთხოვე ჩემს შვილებს, რომ დავემეგობრებინე ყველა სოციალურ ქსელში, სადაც ისინი რეგისტრირებულები არიან (facebook, Twitter და ა.შ.). შემდეგი რჩევა, რაც მე მათ მივეცი, არის ის, რომ თუ აქვეყნებენ ფოტოს ან კომენტარს და ფიქრობენ, რომ არ მოეწონებოდათ ეს ფოტო/ტექსტი მენახე მე, მათ მამას, მაშინ ეს მასალა არ იმსახურებს საჯაროდ გამოქვეყნებას”.

“არასოდეს დატოვოთ ბავშები ინტერნეტთან უმეთვალყურეოდ”, –  ამბობს დეივ კინგი, ონლაინრეპუტაციის მენეჯმენტის კომპანია Digitalis-ის აღმასრულებელი დირექტორი. – “პირველი და ფუნდამენტური პრინციპი არის ის, რომ არასოდეს ჩემი შვილები არ ათვალიერებენ ინტერნეტს მარტო… გარდა ამისა, კომპიუტერები, რომლებზეც ბავშვებს აქვთ წვდომა,სახლში ისეთ ადგილზე დევს, რომ ჩვენთვისაც დასანახი იყოს. ჩვენ ვცდილობთ ვუთხრათ მათ ინტერნეტში უხამსი შინაარსისა და ცუდი ადამიანების არსებობის შესახებ. როგორც ადრე გვაფრთხილებდნენ, დაგვეძახა მშობლებისთვის, თუ ქუჩაში უცხო ადამიანი დაგვეკონტაქტებოდა, ახლა იმავეს ვთხოვთ ჩვენს შვილებსაც, ოღონდ ონლაინზეც. ჩვენ ვესაუბრებით მათ ონლაინტროლებზე, ბულინგზე, პედოფილებზე ვირტუალურ და რეალურ სამყაროში. ჩვენ გვჭირდება ბავშვების გონიერება, როგორც ქუჩაში, ისე ინტერნეტში”.

“ისაუბრეთ ღიად ყველა თემაზე” – მარკ გიბსონი, ვებკომპანია Bloxx-ის გაყიდვების დირექტორი:

“მე ორი შვილი მყავს – 11-ის და 14-ის. ყოველთვის ვცდილობ შვილებთან მქონდეს ძალიან ღია ურთიერთობა და ვისაუბროთ ყველაფერზე. ეს ნიშნავს, რომ როცა ისინი დაინახავენ სექსუალური შინაარსის მასალებს ინტერნეტში, რაც გარდაუვალია, იმის ნაცვლად, რომ თავად იფიქრონ რა არის ეს, ჩვენ ვლაპარაკობთ ამაზე. სწორზე და არასწორზე, რას ნიშნავს ყველაფერი ეს და ა.შ. ასე ღია საუბრით მალევე ცხადი ხდება მათთვის, თუ რა არის შესაფერისი ქცევა და რა არა”.

[yellow_box]რეკომენდაციები მოზარდებს[/yellow_box]

არასოდეს გააკეთო ონლაინში ისეთი რამ, რასაც პირისპირ არ იზამდი. “მაგალითად, მიხვალთ ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანთან და დაუწყებთ საუბარს? შეურაცხყოფთ უცხო ან ნაცნობ ადამიანს კაფეში? მხოლოდ იმიტომ, რომ ეკრანი გიქმნით გარკვეულ ბარიერს და გაშორებთ იმ ადამიანს, ვისაც ესაუბრებით, თავს დაცულად არ უნდა გრძნობდეთ. მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ ონლაინსივრცე იგივე რეალური სამყაროა”, – ამბობს შილა მეკმენასი, ანტივირუსი Norton-ის ონლაინუსაფრთხოების სპეციალისტი.

“თუ გახვალთ სახლიდან, შემოსასვლელ კარს ღიას დატოვებთ? დაელაპარაკებით უცხო ადამიანებს ქუჩაში, რომლებზეც არაფერი იცით? და გაყვებით მათ განმარტოებულ ადგილას? ეუბნებით უცხო ადამიანებს თქვენს საიდუმლოებებს და პირად მონაცემებს? ადამიანი შეიძლება სულაც არ იყოს ის, ვისადაც თავს გაჩვენებთ და 10 წლის გოგონა შესაძლოა 60 წლის კაცს ემესიჯებოდეთ”, – ამბობს სიუ გოლდი, იურიდიული კომპანია Osborne Clarke-ს მონაცემთა დაცვის გუნდის წევრი.

“როცა რაღაც უკვე დაწერე, მას ვეღარ წაშლი”

დევიდ რობინსონი, ელექტრონიკისა და ინტერნეტტექნოლოგიების მწარმოებელი იაპონური კომპანია Fujitsu UK & Ireland-ის უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი, ბავშვებს ახსენებს, რომ ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ ონლაინში, სამუდამოდ რჩება ინტერნეტში და შესაძლოა ოდესღაც ძალიან უსიამოვნოდ მიუბრუდეთ: “ინტერნეტში არ გამოთქვათ ისეთი რამ, რასაც არ ილაპარაკებდით თქვენს ოჯახთან. იფიქრეთ რას აკეთებთ და რას ამბობთ, შესაძლოა თქვენ ზიანს აყენებთ ვინმეს ან საკუთარ თავს.
გახსოვდეთ, როცა რაიმეს დაწერთ ინტერნეტში, მას ვეღარ წაშლით (გარდა გუგლის სერვისისა “უფლება იყო დავიწყებული”, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს).
თუ რაიმე საკამათოს ამბობთ, იგი დაკოპირდება ბევრჯერ და ყოველთვის მოგიბრუნდებათ, უკვე მოზრდილ ცხოვრებაშიც, როცა კოლეჯში, უნივერსიტეტში ჩაბარებას გადაწყვეტთ ან სამსახურში დასაქმებას”.

ბრიტანული ორგანიზაცია safetynetkids ინტერნეტში საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ბავშვების ურჩევს:

  1. არასოდეს დაპოსტოთ ონლაინ ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა საკუთარი (ან სხვისი) სახლის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილურის ნომერი და სხვა.
  2. კარგად დაფიქრდით, სანამ საკუთარ ფოტოს ან ვიდეოს გამოაქვეყნებთ ან ვინმეს გაუგზავნით. გამოქვეყნებიდან წამებში სურათი უკვე შეიძლება ათასობით ადამიანმა ნახოს, წამებში შესაძლებელია მისი ჩამოტვირთვა, ან სქრინის გადაღება, ამიტომ უმჯობესია ფოტო/ვიდეომასალის გამოქვეყნებამდე დაფიქრდეთ, რამდენად ღირს, რომ ეს სურათი უცხო ადამიანებსაც ჩაუვარდეს ხელში.
  3. არასოდეს მისცეთ ვინმეს თქვენი პაროლი, გარდა მშობლისა.
  4. არასოდეს შეუთანხმდეთ შეხვედრაზე ადამიანებს, რომლებიც ონლაინგაიცანით. თუ ასეთ რამეს გთხოვენ, აუცილებლად უთხარით მშობელს ან თქვენთვის სანდო, ზრდასრულ ადამიანს.
  5.  ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ონლაინში ყველა ის არ არის, ვისადაც თავს ასაღებს.
  6. კარგად დაფიქრდით, როცა რაიმეს პოსტავთ, ხომ არ შეიცავს ეს კომენტარი თქვენს ან ვინმეს შესახებ პირად ინფორმაციას ან ისეთ დეტალებს, რომელთა გაჟღერებაც თქვენ ან სხვა ადამიანს არ ესიამოვნება ან ზიანს მიაყენებს.
  7. პატივი ეცით სხვის აზრს – სხვისი აზრის საპასუხოდ ან გამოსახულების შესახებ შეურაცხმყოფელი კომენტარების წერა არასოდესაა კარგი ტონი. თუკი ვინმეს აზრს არ ეთანხმებით, ეს არ ნიშნავს, რომ უხეშად უნდა დაელაპარაკოთ.
  8. თუ ხედავთ ონლაინსივრცეში ისეთ რამეს, რაც დისკომფორტს გიქმნით, თავს დაუცველად გრძნობთ და ღელავთ: დატოვეთ ვებგვერდი, გამორთეთ კომპიუტერი (ან ინტერნეტი) და აუცილებლად გაუზიარეთ ეს ამბავი თქვენთვის სანდო, ზრდასრულ ადამიანს.

[red_box]როგორ უნდა მოიქცეთ[/red_box]

თუ ინტერნეტში გაგივრცელეს (ან გემუქრებიან გავრცელებით) ინტიმური სურათები, პირადი მიმოწერები, რაც ზიანს აყენებს თქვენს იმიჯს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პოლიციას, ასევე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს ნომერზე: 116 111 | 0322 421 422, სადაც პრობლემის მოგვარების პარალელურად დაცული იქნება თქვენი კონფიდენციალობა.

ინტერნეტში ნებისმიერი საეჭვო მიმოწერის, მუქარის, უხამსი შემოთავაზების, აკიდების, ბულინგისა თუ სხვა უსიამოვნო ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენთვის სანდო, ზრდასრულ ადამიანს.

ქართულ ონლაინსივრცეში არსებობს კარგად ორგანიზებული, სწორედ ასეთ პრობლემებზე მომუშავე ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად დაგიჭერენ მხარს, დაგეხმარებიან შეუფერებელი შინაარსის მასალების გასაჩივრებაში და დაგაკავშირებენ საჭირო სპეციალისტებთან.


საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის პარტნიორები არიან: რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE). პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

ამავე თემაზე:

როცა შენს შიშველ ფოტოს ან ვიდეოს სხვას უგზავნი – სპეციალისტების რეკომენდაციები

 

სპეცმასწავლებლის ხელფასი 500 ლარი იქნება

საქართველოს განათლების მინისტრის ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების პედაგოგთა ხელფასი 400-500 ლარით განისაზღვრება. მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი დღეს, 6 სექტემბერს, წარუდგინა.

ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს დაიწყება. ამ დროისთვის შემუშავებული უნდა იყოს სკოლებში სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. თუმცა, როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, „სამინისტროების გაერთიანების და რეორგანიზაციის პროცესების გამო, ამ საკითხზე გადაწვეტილების მიღება დაგვიანდა“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, ეკა დგებუაძის თქმით, სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებული პროექტი ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია და „საბოლოო სახე არ აქვს“.

ახალი პროექტის მიხედვით, სკოლებში მომუშავე სპეციალურ მასწავლებლებს უფლება არ ექნებათ დამატებით სხვა საგნის საათებიც შეითავსონ, რადგან სპეცმასწავლებლების ხელფასი უნდა გაუთანაბრდეს პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგის ხელფასს.

„პარალელურად, იწერება დაფინანსების მოდელი, რის საფუძველზეც მოხდება სპეცმასწავლებლის დაფინანსება. ცალსახაა, რომ მათი ხელფასი იზრდება და მასწავლებლის ხელფასს უთანაბრდება, განვითარების სქემას მიებმება.

სპეციალური მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების ცალკე სქემა იწერება, ეს სრულიად ახალი პროფესია იქნება, სხვა მოთხოვნები იქნება, ისინი სხვა საგნებს იმიტომ ვეღარ შეითავსებენ, რომ ორ სქემაში ერთად ვერ ჩაერთვებიან“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 1700-მდე სპეციალური მასწავლებელი მუშაობს, თუმცა უცნობია, აქედან რამდენი პედაგოგი ისურვებს სპეციალური მასწავლებლის სტატუსით საქმიანობის გაგრძელებას და რამდენი აირჩევს სხვა საგანს.

„გარდამავალ პერიოდში შეიძლება შეიქმნას ადამიანური რესურსების პრობლემა, მაგრამ ნელ-ნელა, თუ გვინდა, რომ ეს სფერო განვითარდეს, სპეცმასწავლებლები უნდა ჩაერთონ ცალკე სქემაში“, – ამბობს დგებუაძე.

დგებუაძის თქმით, პედაგოგების არჩევანის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, სწავლის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.

სპეცმასწავლებლის ფუნქციებში შედის როგორც მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება და მასთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ასევე სკოლის ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, ალტერნატიული სასწავლო რესურსების შექმნა-მოძიება და სხვა.

2018 წლის 20 ივლისს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე, სპეციალურ მასწავლებელს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სტატუსი ჰქონდა. შესაბამისად, მათზე არ ვრცელდებოდა კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები, არ ექცეოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, არ არსებობდა შრომის ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა.

ცვლილებების შემდეგ, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სპეციალური მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება (განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა და ა. შ.) და მათი საშუალო ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში განისაზღვრება. მთავრობის დადგენილებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის ასევე იცვლება სკოლების დაფინანსება.

 

​ბოლო სამ თვეში მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო

პირველი ივნისიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 51 ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში – ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს.

მათგან ყველაზე მეტი – 27 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო, 14 – ტბაში, 10 ადამიანი კი – ზღვაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, პირველი ივნისიდან 5 სექტემბრამდე, მაშველებმა ​მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 316 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან ყველაზე მეტი – 240 ადამიანი – ზღვაში. 

იანვრიდან საწარმოები არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძეს აღარ ჩაიბარებენ

2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელი საწარმოები  რძეს აღარ შეიძენენ იმ ფერმერებისგან, რომლებსაც ცხოველები არ ჰყავთ  სურსათის ეროვნულ სააგენტოში იდენტიფიცირებული. ამ  ცვლილებებისა და იდენტიფიკაციის პროგრამასთან დაკავშირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – FAO-მ დასავლეთ საქართველოში ფერმერებთან და რძის სექტორში წარმოდგენილ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ერთი მხრივ, ფერმერთა დროული ინფორმირება ახალი რეგულაციის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, სასოფლო-სამეურნეო, კერძოდ კი, მეცხოველეობის სექტორში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემისა და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან მიმდინარეობს, გულისხმობს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიცირებას საყურე ნიშნებით და ცხოველთა რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში:

პროგრამის მიზანი ცხოველის და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიკვლევადობაა. ანალოგიური მიზანი აქვს იმ რეგულაციასაც, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის №152 დადგენილებით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და ამ პროდუქტების წარმოების, ეტიკეტირებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს არეგულირებს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის [FAO], იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განმარტებით, რეგულაცია მიკვლევადობის და რძის პროდუქტების ხარისხისა და კეთილსაიმედოობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს:

„ცვლილების უმთავრესი მიზანი რძის და რძის პროდუქტების მომხმარებელთა დაცვაა. რძის გადამამუშავებელი საწარმოები ჩაიბარებენ რძეს მხოლოდ იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველებიც იდენტიფიცირებულია შესაბამისი საყურე ნიშნებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოველზე განხორციელებულია სახელმწიფო კონტროლი, ვაქცინირებულია და შემოწმებულია ვეტერინარის მიერ, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ზოონოზური, ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი“, – აცხადებს მიხეილ სოხაძე.

შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს ისეთ ზოონოზურ [ცხოველიდან ადამიანზე გადამდები] დაავადებებზე, როგორიცაა: ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვა.

FAO-ს ინფორმაციით, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მობინადრე ყველა ფერმერის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს, განურჩევლად ცხოველების რაოდენობისა, სახელმწიფო ვეტერინარი წელიწადში რამდენჯერმე უტარებს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ უფასო ვაქცინაციას [ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვ…] და ახდენს საქონლის იდენტიფიკაციას საყურე ნიშნებით. ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად ოთხი მილიონ 500 000 ლარს ხარჯავს, სერვისები ფერმერებს უფასოდ მიეწოდება.

იდენტიფიკაციის სისტემის მიზანია, ცხოველთა მიკვლევადობა და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს შექმნა. ეს პირდაპირ კავშირშია როგორც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან, ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან.

ცხოველთა იდენტიფიკაცია 2016 წლიდან დაიწყო. რეგისტრაციის პროგრამა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ორი ქართველი ავტორი გერმანულ ენაზე თარგმნილი საუკეთესო წიგნების ათეულში მოხვდა

ორი ქართველი ავტორის – რეზო ჭეიშვილისა და რუსკა ჟორჟოლიანის ნაწარმოებები გერმანულ ენაზე თარგმნილ „წლის საუკეთესო წიგნის“  ათეულში მოხვდა.

Hotlist 2018-ის დამოუკიდებელი გერმანელი გამომცემლების პრესტიჟული პრემიაა. სხვადასხვა გერმანულმა გამომცემლობამ მასზე 2018 წელს 161 ავტორი წარადგინა, აქედან ჟიურიმ 30 შეარჩია, მოკლე სიაში კი მხოლოდ ათი მოხვდა – 7 ჟიურის და 3 ონლაინგამოკითხვის შედეგად.

რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთები“ გერმანულად ეკატერინე ტეტიმ და იულია დენგმა თარგმნეს.

რუსკა ჟორჟოლიანის „შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქის“ იტალიურიდან გერმანულ ენაზე ბარბარა ზაუსერმა თარგმნა.

ორივე ნაწარმოები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ითარგმნა.

საარჩევნო კომისიებში „ოცნებას“ 3 წევრი ეყოლება – „მმართველ ძალას ზეგავლენის მეტი ბერკეტი ექნება“

საარჩევნო კომისიებში ერთის ნაცვლად სამი წარმომადგენელი ეყოლება მმართველ პოლიტიკურ ძალას. „ამ მოცემულობაში მმართველ პოლიტიკურ ძალას მეტი ბერკეტი ექნება, ზეგავლენა მოახდინოს კომისიებზე და უფრო პოლიტიზებული გახდება საარჩევნო ადმინისტრაცია,“ – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად თითოეულ საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ სამი წევრი ეყოლება, თითო-თითო წევრი ეყოლებათ: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“. სხვა პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კომისიის წევრი არ ეყოლებათ, მათ მხოლოდ დამკვირვებლების სტატუსის მისაღებად შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა.

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ კომისიები მთლიანად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებულიყო. მიგვაჩნია, რომ ასე უფრო შესაძლებელია პოლიტიკური ინტერესების შესუსტება. ამ ინიციატივაზე უარი გვითხრეს,“ – ამბობს მადონა ბერიძე.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არც იმას უარყოფს, რომ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პროცესი ისევ ბადებს კითხვის ნიშნებს. საუბნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული 6 წევრის გარდა, კიდევ ექვს წევრს – დამოუკიდებელსა და პროფესიონალს –  საოლქო კომისიები ირჩევენ. კონკურსი უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 8 სექტემბერს იწურება.

სამოქალაქო სექტორი წელსაც ითხოვს, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, თუმცა საოლქო კომისიები კონკურსანტებთან გასაუბრების გარეშე აპირებს გადაწყვეტილების მიღებას. კომისია ისევ არ ანიჭებს უპირატესობას იმ კონკურსანტს, რომელსაც საარჩევნო მოხელის გამოცდა აქვს ჩაბარებული და სერტიფიკატს ფლობს.

საოლქო კომისიებს არც კონკრეტული კრიტერიუმები აქვთ განსაზღვრული, ვინ რის გამო უნდა შეირჩეს საუბნო კომისიის წევრად.

ეს ზრდის თუ არა იმის რისკს, რომ დამოუკიდებელი და პროფესიული ნიშნით შერჩეული ეს ექვსი წევრიც კომისიებში პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს? – მადონა ბერიძე ამბობს, რომ ამ პროცესს ვერ შეაფასებს, ვიდრე საუბნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესი არ დასრულდება.

„წინა წლების პრაქტიკა იყო ის, რომ პროცესი არ იყო გამჭვირვალე და უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფორმალური ასახვა მოხდა სხდომებზე, სადაც კომისიის წევრები უნდა შეერჩიათ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ოლქში დააყენა მოთხოვნა, რომ წელს მაინც გაესაუბროს საოლქო კომისია კონკურსანტებს, მაგრამ ყველა საოლქო კომისიამ ამაზე ერთნაირად თქვა უარი. ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ ამდენ კანდიდატს ფიზიკურად კომისია ვერ გაესაუბრება და ამის ვალდებულება მათ კანონით არ აქვთ,“ – გვითხრა მადონა ბერიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა.

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები 12 სექტემბრამდე უნდა შეარჩიონ. 12-დან საუბნო კომისიების წევრებს პოლიტიკური პარტიები დაასახელებენ.

 

„საქართველოს მოქალაქეობა მინდა“ – ინგილო სპორტსმენი, რომელიც რუსეთში ქართული დროშით გამოვიდა

„საქართველოში მინდა ჩამოსვლა, მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ,“ – გვითხრა სურაჯ გასანოვმა. სურაჯი ინგილო სპორტსმენია, რომელიც რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში, რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ არენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა, კამერებს კი ჩასძახა: „გაუმარჯოს საქართველოს“

„საინტერესოა, რატომ დარბის საქართველოს დროშით? სახელი და გვარი ქართული არ აქვს, ალბათ საქართველოში დაიბადა,“ – იკითხა რუსმა კომენტატორმა პირდაპირ ეთერში.

სურაჯ გასანოვი საინგილოში დაიბადა. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი ქართული გვარი ფოლადაშვილია. „შვიდ წლამდე საინგილოში ვიზრდებოდი, ბეალქანში, სოფელ ითითალაში. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ვცხოვრობთ. ოჯახში ქართულად მელაპარაკებოდნენ, აქედან ვიცი ქართული, კარგად არა, მაგრამ ვლაპარაკობ. შემდეგ რუსეთში წავედით საცხოვრებლად,…“ – გვიყვება სურაჯი.

სურაჯ გასანოვი ეკატერინბურგში მწვრთნელადაც მუშაობს, ბავშვებს ასწავლის. სხვადასხვა შეჯიბრზე ქართული დროშით არაერთხელ გამოსულა. „ამას საქართველოსთვის ვაკეთებ… ბევრი მეგობარი მყავს, ნათესავები. მინდა, საქართველოს წარმატება ვუსურვო,“ – ამბობს სურაჯი.

სურაჯ გასანოვი ამბობს, რომ თითქმის ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში.

„საქართველოში ყველგან ვარ ნამყოფი – თბილისში, ბათუმში, ნათესავები და მეგობრები მყავს ბევრი. ჩემი მშობლებიც ხშირად ჩამოდიან, უფრო მამა, დედა დიდი ხანია არ ყოფილა. მე ვფიქრობთ, რომ სამშობლოში ხშირად უნდა ჩახვიდე“, – ამბობს ის.

რას ფიქრობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე? – სურაჯი კითხვას მოკლედ პასუხობს: „პოლიტიკაში არ ვერევი. რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ მომავალში საქართველოში უნდა ჩამოვიდე და განცხადება შევიტანო მოქალაქეობაზე. როგორც ვიცი, ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება და ეს ძალიან მახარებს. რატომ მინდა საქართველოს მოქალაქეობა? იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოა“.

ჩვენთან გასაუბრების დროს სურაჯ გასანოვი სოჭში იმყოფებოდა, მალე აქ რუსეთის ჩემპიონატი იმართება და სურაჯიც ამ ჩემპიონატისთვის ემზადება. გვითხრა, რომ ინტენსიურად ვარჯიშობს და ქართული დროშით ისევ გამოვა არენაზე.

„ყველა მაისურზე ქართულად მიწერია – „ჩემი საინგილო,“ – გვითხრა მან.

ტემპერატურა დაბლა იწევს – სექტემბრის წვიმიანი დღეები ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6-7 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია – ძლიერი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 9 – 14 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე ამჟამად 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  7-12 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო კვირის ბოლოს, 8-9 სექტემბერს, მოსალოდნელია წვიმა.

ვინ არიან ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის წევრები

უკვე ცნობილია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სხვადასხვა სექციის ჟიურის წევრთა ვინაობა. კინოფესტივალი ბათუმში 16-23 სექტემბერს გაიმართება და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამას შეაფასებს საერთაშორისო ჟიური:

[checklist]

  • სერგეი რახლინი (აშშ) – ჟიურის თავმჯდომარე
  • ბეკე ფლიგაფი (უნგრეთი) – რეჟისორი
  • ოლეგ ნეგინი (რუსეთი) – სცენარისტი
  • ალინ ტასჩიანი (თურქეთი) – კინოკრიტიკოსი
  • ლევან თუთბერიძე (საქართველო) – რეჟისორი

[/checklist]

დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიური:

[checklist]

  • ვიტალი მანსკი (ლატვია) – ჟიურის თავჯდომარე, რეჟისორი
  • ინა როსოვი (გერმანია) – კინოდისტრიბუცია
  • ზავენ სარგისიანი (სომხეთი) – ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი
  • სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი) – კინოკრიტიკოსი
  • მარიამ ჭაჭია (საქართველო) – რეჟისორი

[/checklist]

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიური:

[checklist]

  • ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი) – ჟიურის თავჯდომარე, რეჟისორი
  • ჟალე არიკანი (გერმანია) – მსახიობი
  • ქეთევან დევდარიანი (საქართველო) – სცენარისტი

[/checklist]

ბათუმის კინოფესტივალზე  წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური, რომელიც საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას შეაფასებს და გამოავლენს კინოკრიტიკოსთა რჩეულ ფილმს, რომელსაც გადაეცემა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაწესებული პრიზი – 1000 ევრო.

ჟიურის წევრები არიან:

[checklist]

  • გოგი გვახარია
  • თეო ხატიაშვილი
  • ლელა ოჩიაური

[/checklist]

წელს კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.

კინოფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი ქალაქ ბათუმის მერია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, „ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი.

შს სამინისტროს კანონპროექტი – სად იკრძალება მარიხუანას მოწევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრომ, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.

კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანის მოხმარება:

[checklist]

  • საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას
  • ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში
  • არასრულწლოვნის თანდასწრებით
  • სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე
  • არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის)

[/checklist]

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაცია ან რეკლამა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

 

სამი აბიტურიენტი ხულოდან 100%-იანი დაფინანსებით

ხულოს რესურსცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე სრული სასწავლო დაფინანსება ხულოს მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ სამმა სტუდენტმა მიიღო.

დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიკა ქათამაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. მარიკა უნივერსიტეტში არაბისტიკას შეისწავლის. „ძალიან მაინტერესებს აღმოსავლეთის ქვეყნები და მათი კულტურა“, – გვეუბნება ის.

მარიკა ამბობს, რომ ხულოში რეპეტიტორთან სამ საგანში – ზოგად უნარებში, ქართულსა და ინგლისურ ენაში – ერთი წელი ემზადებოდა.

„რეპეტიტორთან მომზადება საჭიროა იმიტომ, რომ ჩვენი საგამოცდო სისტემა გაიძულებს ამას. სკოლის პროგრამა და ეროვნულის განსხვავდება ძალიან. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც სკოლაში ვერ ისწავლი.

თუმცა, ძალიან ბევრს თუ იმუშავებ, ინდივიდუალურადაც შეიძლება სრული დაფინანსების მოპოვება“.

მარიკა ამბობს, რომ უცხო ენის სწავლაში სკოლა დაეხმარა, თუმცა დამატებითი მომზადების გარეშე მაღალ შედეგს ვერ მიიღებდა. „ორი წელი უცხოელი მასწავლებელიც გვყავდა და ეს დამეხმარა სალაპარაკო ენის განმტკიცებაში.“

მარიკას თქმით, თავიდან არ ჰქონდა მოლოდინი, რომ სრულ დაფინანსებას მოიპოვებდა. „თუმცა მეცადინეობის პროცესში დავრწმუნდი, რომ ამის მიღწევა შემეძლო“.

მარიკას აზრით, „ის, რომ დღეს მოსწავლეებს სკოლის გარეთ სჭირდებათ მომზადება, არის განათლების სისტემის პრობლემა და არა კონკრეტული მოსწავლეების. ამიტომ, სახელმწიფომ ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იფიქროს და შექმნას გარემო, რომელიც მოსწავლეს მისცემს სრულფასოვან ცოდნას“.

მარიკა ქათამაძე

ხულოს საჯარო სკოლიდან 100-პროცენტიანი დაფინანსება კიდევ ერთმა აბიტურიენტმა – ელდარ ჯავახიძემაც მიიღო. ის „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სამართალმცოდნეობას ისწავლის.

რეპეტიტორებთან ელდარიც ემზადებოდა, რადგან მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის მაინც საჭიროა მათი დახმარება.

„ხულოში, ცხრა თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ვემზადებოდი სამ საგანში, სამოქალაქოსა და ისტორიაში კი ინდივიდუალურად ვმეცადინეობდი. ძირითადი განათლება, რა თქმა უნდა, სკოლამ მომცა, მაგრამ დამატებითი მეცადინეობა, ვფიქრობ, მაინც საჭიროა“.

ელდარი ამბობს, რომ ზოგს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი აქვს, ზოგ ადამიანს კი პედაგოგთან ერთად სჭირდება მუშაობა.

„ჩემთვის უფრო კომფორტული იყო, რომ მასწავლებელთან ერთად მემუშავა“.

ელდარი ბიზნესსამართლის შესწავლას აპირებს, თუმცა მისი ინტერესის სფერო პოლიტიკაცაა.

„ხშირად მესმის, რომ „მაქვს ორი დიპლომი და ვერ ვმუშაობ“. მარტო ბაკალავრიატის განათლება არ არის საკმარისი, თუ არ იმუშავე საკუთარ თავზე, თუ არ მიუდექი საქმეს შემოქმედებითად, ისე ძნელია წარმატების მიღწევა. კანონების  წაკითხვაშიც შეიძლება შემოქმედებითობა“, – გვეუბნება ის.

ელდარი მეათე კლასამდე სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში სწავლობდა, ბოლო ორი წელი კი დაბა ხულოში გადმოვიდა საცხოვრებლად. „ბინა ვიქირავე დაბაში, რადგან სოფელში რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება არ იყო“.

ელდარი ამბობს, რომ მეცხრე კლასში სწავლის დროს ის აირჩიეს ხულოს ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარედ. „შემდეგ კი ზემო აჭარა ჩამაბარეს და რეგიონალური მენეჯერი ვიყავი… დაინტერესებული ვიყავი პოლიტიკით და ახლაც მაინტერესებს ეს სფერო, მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სხვა პროფესიის მიღება, რადგან პოლიტიკოსი ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეიძლება გახდეს.“

ელდარ ჯავახიძე

კიდევ ერთი აბიტურიენტი ხულოდან, რომელმაც 100-პროცენტიანი სასწავლო გრანტი მიიღო, სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნონა შაინიძეა.

ნონა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას ისწავლის. მისი თქმით, პირველადი განაცხადი სწორედ ამ უნივერსიტეტზე გააკეთა. რეპეტიტორთან მომზადება ნონასაც მოუხდა. ძირითადად,  ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში.

„მთელი დღე მეცადინეობებით მქონდა დატვირთული, დილის 9-იდან, საღამოს 9-მდე მასწავლებელთან ვიყავი.

მოსამზადებლად მასწავლებლებთან ბათუმში დავდიოდი, ამიტომ დრო ამის მიხედვით მქონდა გადანაწილებული“, – გვეუბნება ის.

ნონა ამბობს, რომ ინგლისურ ენაში „თითქმის არ ემზადება“, რადგან ორი წლის განმავლობაში ინგლისურს უცხოელი მოხალისე პედაგოგი ასწავლიდა. „იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ რაც ამ პერიოდში ვისწავლე, სხვა დროის განმავლობაში იმდენი არ მისწავლია“.

ნონა შაინიძის აზრით, ინტენსიური სწავლის პირობებში სრული დაფინანსების მოპოვება სკოლის ბაზაზეც შესაძლებელია. „თუმცა, როცა ემზადები, უფრო თავდაჯერებული ხარ. მე მინდოდა გარანტია და ამიტომ გადავწყვიტე მომზადება. იყო გასულ წელს ხულოში ასეთი შემთხვევა, რომ რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე მოიპოვა აბიტურიენტმა სრული დაფინანსება“.

ნონა ამბობს, რომ მაღალმთიანი სკოლები დაბალკონტინგენტიანია, კლასში ხშირად 10-15 მოსწავლეზე მეტი არ ზის, ამიტომ მასწავლებელს მათთან უკეთ  შეუძლია მუშაობა.

„თუმცა არის ასეთი განწყობა, რომ მასწავლებელი არ ინტერესდება ისწავლი თუ არა, რეპეტიტორი კი თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ გასწავლოს და გაგაგებინოს“, – გვეუბნება ის.

ნონა შაინიძე

 

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემოსავალი 63 პროცენტით გაიზარდა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 10 პროცენტით გაიზარდა, ბაღის შემოსავალი კი – 63 პროცენტით. ბოტანიკური ბაღის შემოსავლების ზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბილეთის ფასის ზრდამ განაპირობა – 2018 წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბოტანიკური ბაღის ბილეთი 15 ლარია.

2018 წლის პირველი იანვრიდან 31 ივლისამდე, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 63 პროცენტით გაიზარდა ბოტანიკური ბაღის საერთო შემოსავალი,  უშუალოდ  ვიზიტორთა საერთო რაოდენობიდან მიღებული შემოსავალი კი – 83 პროცენტით.

[checklist]

  • 2018 წელს ბოტანიკური ბაღის საერთო შემოსავალი 2 300 633 ლარია [იანვრიდან ივლისის ჩათვლით]
  • 2017 წელს ბოტანიკური ბაღის საერთო შემოსავალი 1 404 476 ლარი იყო [იანვრიდან ივლისის ჩათვლით]

[/checklist]

უცხოელი ტურისტებისთვის ბოტანიკური  ბაღი ფასს ეტაპობრივად ზრდის. ეს ტენდენცია 2011 წელს დაიწყო, როცა ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის – 3 ლარით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის – 8 ლარით განისაზღვრა. 2015 წელს ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვისაც 8 ლარი გახდა, ხოლო 2018 წლის თებერვალში უცხოელის ტურისტებისთვის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასური 15 ლარით განისაზღვრა. მაშინ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში ფასის ზრდის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად უცხოეთში არსებული მსგავსი პრაქტიკა დაასახელეს. 

ბოტანიკურ ბაღში ახლა ამბობენ, რომ ბილეთის ფასის ზრდა აღარ იგეგმება.

რაც შეეხება ვიზიტორთა სტატისტიკას, „ბოტანიკური ბაღის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს, პირველი იანვრიდან პირველი 31 ივლისის ჩათვლით, ბოტანიკური ბაღი 154 193-მა ადამიანმა დაათვალიერა.

2018 წელს 154 193 ვიზიტორიდან უმრავლესობა – 107 439, უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო [საანგარიშო პერიოდი].

იგივე ტენდენცია იყო გასულ წელსაც, 2017 წელს 140 067 ვიზიტორიდან 124 946 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკის თანახმად კი, გასულ წელს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი რუსეთიდან ჰყავდა. სტატისტიკა ასე ნაწილდება:

[checklist]

  • რუსეთი – 113 511 ვიზიტორი
  • თურქეთი – 34 262 ვიზიტორი
  • ირანი – 26 719 ვიზიტორი
  • ისრაელი – 16 996 ვიზიტორი
  • საუდის არაბეთი – 11 240 ვიზიტორი

[/checklist]

„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ ბათუმის მერიის ა(ა)იპ -ია. ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა აჭარაში ჩამოსული ტურისტებისთვის.

_______________

მთავარი ფოტო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვებგვერდიდან

საბავშვო ბაღს მიღმა წელს ბათუმში 600-მდე ბავშვი დარჩება

საბავშვო ბაღის გარეშე ბათუმში წელს დაახლოებით 600 ბავშვი დარჩება – ამის შესახებ მამუკა შამილიშვილმა გვითხრა, ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. მას ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესზე ვესაუბრეთ.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბრიდან დაიწყება.

„ჩვენთან რეგისტრაციის პროცესი არის უწყვეტი. თუ ბავშვი სასურველ ბაღში ვერ მოხვდა, ის რიგში დგება და როცა გამოჩნდება თავისუფალი ადგილი, ავტომატურად ჩაირიცხება. რეგისტრაციის პროცესი მთლიანად ელექტრონულ პროგრამაზეა დამოკიდებული, ჩვენ ამ პროცესში არ ვერევით და ჩარევის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს,“ – აღნიშნავს მამუკა შამილიშვილი.

ბათუმში ამ დროისთვის 33 საბავშვო ბაღია. წელს თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მამუკა შამილიშვილი განმარტავს, რომ ახალი ბაღი მთლიანად დააკმაყოფილებს თამარის დასახლების მოთხოვნას ამ კუთხით და გასული წლის მაჩვენებელიც შემცირდება. წინა წლებში დაახლოებით 800 ბავშვი რჩებოდა ბათუმში საბავშვო ბაღებს მიღმა.

„ბაღს მიღმა დარჩა, ასე ვერ ვიტყვით, რადგან შესაძლოა, ქალაქის ცენტრში მდებარე ბაღებში რიგი მთელი წელი გაგრძელდეს, ადლიის დასახლებაში კი იმავდროულად თავისუფალი ადგილი მქონდეს,“ – გვითხრა ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

ამ დროისთვის უკვე რიგებია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე თითქმის ყველა საბავშვო ბაღში, თუმცა ელექტრონული პროგრამით მშობელი სამ პრიორიტეტულ ბაღს ირჩევს, გადანაცვლების და ჯგუფების ფორმირების პროცესი კი არ დასრულებულა.

„ამ პროცესის დასრულებამდე ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით. თავისუფალი ადგილები მაქვს მხოლოდ დარჩენილი თამარის დასახლებაში, ურეხში, ადლიაში და ბარცხანაში,“ – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი პირველი ივლისიდან დაიწყო. 10 ივლისამდე ურიგოდ ჩაირიცხნენ ის ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არიან. პროგრამული პრიორიტეტი აქვთ ასევე მინიჭებული: მარტოხელა დედებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს, შშმ პირებს.

10 ივლისიდან ელექტრონული განაცხადის შევსება და სამი სასურველი ბაღის შერჩევა საბავშვო ბაღების გაერთიანების ვებგვერდზე ნებისმიერ მშობელს შეუძლია, ვისი შვილიც 17 სექტემბრის ჩათვლით 3 წლის ხდება.

___________________

მთავარ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ანიმაციური სერიალი Adventure Time დასრულდა

„ქართუნ ნეთვორქის” ერთ-ერთი საუკეთესო, სამეცნიერო-სათავგადასავლო ანიმაციური სერიალი „თავგადასავლების დრო“ 10 სეზონის შემდეგ დასრულდა.

თუ აქამდე Adventure Time-ის შესახებ არ გსმენიათ, წინ ჯადოსნობებით, მამაცი გულებით, სიკეთითა და ნამდვილი გმირობებით სავსე თავგადასავლები გელით.

მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციური სერიალი „ქართუნ ნეთვორქზე“ გადის, ნუ ჩათვლით, რომ იგი მხოლოდ ბავშვებისთვისაა. სერიალი ორ გმირზე – ბიჭი ფინისა და მისი საუკეთესო მეგობარი ჯეიკის  შესახებაა, რომელიც ჯადოსნური ძაღლია და ყველა ფორმისა თუ ზომის მიღება შეუძლია. ფინი და ჯეიკი უანგაროდ ებრძვიან ბოროტებას და ეხმარებიან ჩაგრულ არსებებს.

მოქმედება ჯადოსნურ სამეფო „ოოო“-ში ხდება, სადაც პრინცესა „საღეჭი რეზინი“, გიტარისტი ვამპირი გოგო მარსელინი, დროსა და სივრცეში არეული ყინულის მეფე და სხვა საინტერესო პერსონაჟები ცხოვრობენ.

სერიალის გმირები ხშირად მოგზაურობენ დროსა და სივრცეში, ერთ-ერთ ასეთ განზომილებაში არსებობს ფიონა, რომელიც ფინის გოგო ვერსიაა, მისი უახლოესი მეგობარი კი კატა ქეიქია, რომელიც ძაღლი ჯეიკის სახეშეცვლილი ვერსიაა. ამ განზომილებაში თითქმის ყველა პერსონაჟი საპირისპირო სქესისაა.

ვიდეოში: ფიონა და ვამპირი ბიჭი მარშალ ლი, რომელიც ვამპირი გოგო მარსელინის ალტერ ვერსიაა.

Adventure Time-ის ჩვეულებრივი სერია 11 წუთიანია და მისი პირველი ეპიზოდი 2010 წელს გავიდა ეთერში. Come Along with Me [წამოდი ჩემთან ერთად] სერიალის ფინალური 280-ე სერიაა, რომელიც 3 სექტემბერს გამოვიდა.

ინტერნეტში ამ ანიმაციური სერიალის დასრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ადამიანები წერენ, რომ Adventure Time მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და სერიალის გმირების ტატუებს აზიარებენ:

 

 

ეს კი რეჟისორი და კომპოზიტორი რებეკა შუგარის მიერ ბოლო სერიისთვის დაწერილი ფინალური სიმღერაა :

Rebecca Sugar Performs 'Time Adventure' | Adventure Time | Cartoon Network

 

 

17 – 18 სექტემბერს „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ოპერაციებს ოფთალმოლოგი გელა ობერიუხტინი ჩაატარებს

17-18 სექტემბერს კლინიკა „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ქირურგიულ ჩარევებს ჩაატარებს საქართველოს წამყვანი ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, გელა ობერიუხტინი.

 მოზრდილთა და ბავშვთა ასაკის თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; სიელმის მკურნალობა; ასტიგმატიზმი; მიოპია; ჰიპერმეტროპია და სხვა.

კონსულტაციასა და ოპერაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 0422 27 95 53; 577 77 97 97.

მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ. #91

„ბათუმის ორსახოვნება“-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმი ბათუმში

ბათუმში, 30 სექტემბერიდან 6 ოქტომბერის ჩათვლით, „ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმი“ გაიმართება, სახელწოდებით, – „ბათუმის ორსახოვნება – ნეოლიბერალური კაპიტალიზმი და პოსტსაბჭოთა ქალაქის უთანასწორობა“.

ფორუმზე მოწვეულნი არიან რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, გერ დოიზინგსი, რომელიც ერთ-ერთი თანაავტორია პროექტისა – „ქალაქის მეთოდოლოგია“ (Engaged Urbanism: Cities and Methodologies) და ოკსანა ზაპოროჟეცი, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი.

პროექტის მხარდამჭერია როზა ლუქსემბურგის ფონდი.

„ბათუმი წარმოადგენს ქალაქს, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს პოსტსაბჭოთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის შედეგებს.

ბათუმმა ბოლო წლების მანძილზე რადიკალური ცვლილებები განიცადა და დღეს ეს არის ადგილი, სადაც ნეოლიბერალური ცხოვრების სტილი და უკიდურესი გაჭირვება თანაარსებობს, როგორც ერთი ურბანული სივრცის ორი განსხვავებული რეალობა.

ქალაქის სოციალური სიკეთეები და საზოგადოებრივი სივრცეები განიცდის რღვევას კომერციული ინტერესების სასარგებლოდ. ამავდროულად ბათუმი საკმაოდ დიდი ისტორიული მეხსიერების მატარებელია, რაც ჯერ კიდევ ასახულია ქალაქის სივრცით მოწყობაში,“ – აღნიშნულია ფორუმის პრესრელიზში.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ექვსი დღის განმავლობაში, ბათუმის და არა მხოლოდ ბათუმის მაგალითზე, ქართველი ლექტორები მოწვეულ უცხოელ პროფესორებთან ერთად ისაუბრებენ ქალაქის განვითარების პრობლემებზე.

„მსმენელები მომხსენებლებთან ერთად კრიტიკულად გაანალიზებენ უთანასწორობის გავლენას ქალაქის ურბანულ და სოციალურ სტრუქტურაზე,“ – გვითხრეს ორგანიზატორებმა.

შეხვედრის თემატიკა მოიცავს როგორც თეორიულ კომპონენტს (ლექციები, ტრეინინგები), ისე პრაქტიკულ ნაწილს – ექსკურსია ბათუმში, რომლის დროსაც მონაწილეებს შეეძლებათ მოამზადონ ფოტომასალა და სურვილისამებრ დაწერონ ესეი მათთვის საინტერესო თემაზე.

დასკვნით ეტაპზე მონაწილეები ჯგუფში მცირე პრეზენტაციას გააკეთებენ მათ მიერ მომზადებულ მასალაზე.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-29 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე ქალაქის განვითარებისა და უთანასწორობის პრობლემატიკით.

მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (მგზავრობა, განთავსება, კვება) ფარავს ორგანიზატორი მხარე.

დაინტერესებულმა პირებმა 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ სატელეფონო საუბრებისთვის 10 ათასამდე ლარი დახარჯა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ სატელეფონო საუბრებისთვის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ზუსტად 9758 ლარი და 95 თეთრი დახარჯა. ბოლო თვეების მონაცემები უმაღლეს საბჭოს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს.

2018 წლის პირველ კვარტალში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სატელეფონო კავშირისთვის 4278 ლარი და 98 თეთრი დაუხარჯავთ, მეორე კვარტალში – 5479 ლარი და 97 თეთრი.

კავშირგაბმულობის ხარჯი ადგილობრივ ზარებთან ერთად საერთაშორისო სატელეფონო საუბრების საფასურსაც მოიცავს.

გასულ წელს უმაღლესმა საბჭომ სატელეფონო საუბრებისთვის ჯამში 17619,63 ლარი დახარჯა.

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ინგილო სპორტსმენი რუსეთში რინგზე საქართველოს დროშით გამოვიდა

რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში გამართულ რინგზე 22 წლის სპორტსმენმა, სურაჯ გასანოვმა,  რუს მეტოქეს, ევგენი ერშოვს სძლია, ბარიერზე ახტა და შეჯიბრის დასასრულს, მოულოდნელად, კამერას „საქართველოს გაუმარჯოს“ –  ჩასძახა, მერე კი ქართული დროშით გამოვიდა არენაზე.

სპორტსმენის ამ ჟესტმა დააბნია რუსი კომენტატორიც: „საინტერესოა, რატომ დარბის საქართველოს დროშით? სახელი და გვარი ქართული არ აქვს, ალბათ საქართველოში დაიბადა,“ – თქვა პირდაპირ ეთერში რუსმა ჟურნალისტმა.

გასანოვი რუსეთის სახელით ასპარეზობს 61 წონით კატეგორიაში. მისი სპორტული კარიერა 2016 წლიდან დაიწყო.

სურაჯ გასანოვი ჰერეთიდან (საინგილო), აზერბაიჯანიდანაა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი ქართული გვარი იანუღაშვილია.  სპორტსმენი საქართველოსდროშიანი მაისურით ჩნდება სხვადასხვა შეჯიბრზე.

https://youtu.be/NgusnYXlHPc

მთავარ ფოტოზე: სურაჯ გასანოვი თემირლან ტოლოევთან ორთაბრძოლოს დასასრულს.

აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება

„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სარფის საბაჟოზე რიგები აღარ იქნება,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ინფორმაცია სარფის საბაჟო პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შესახებ აჭარის მთავრობამ გაავრცელა.

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქული მხარის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამ დრომდე სარფის საბაჟოზე ხშირად იქნება რიგები.

აჭარის მთავრობის ინფორმაცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სარფის საბაჟოზე მიმდინარე სამუშაოებს თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანების თავმჯდომარესთან, რიფათ ჰისარჯიკლიოღლუსთან ერთად გაეცნო. თურქულ მხარესთან გამართულ შეხვედრას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკიც ესწრებოდა.

„რეაბილიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას მომსახურების ხარისხის და გამტარუნარიანობის გაზრდას,“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მთავრობამ კონკურსით სააგენტოს უფროსების თანამდებობებზე ისევ ძველი კადრები შეარჩია

აჭარის დასაქმების სააგენტოს თეიმურაზ კახიძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ კახიძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას თორნიკე რიჟვაძემ 3 სექტემბერს მოაწერა ხელი.

თეიმურაზ კახიძე 2015 წლიდან დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპ-ის დირექტორის შესარჩევად კონკურსი 11 აგვისტოს გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული მთავრობა დაამტკიცა.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, კონკურსი დასრულებულია ექვსივე ვაკანსიაზე და ამ დროისთვის თორნიკე რიჟვაძეს მხოლოდ ბათუმის ბულვარის დირექტორის დანიშვნაზე არ აქვს ხელი მოწერილი. ამ თანამდებობაზე აჭარის მთავრობამ ირაკლი ჯინჭარაძე შეარჩია, რომელიც მანამდე დირექტორის მოადგილე იყო.

კონკურსის მიუხედავად აჭარის მთავრობას სააგენტოების ხელმძღვანელად ახალი კადრები არ შეურჩევია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილია, რომელიც ამ დრომდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, სატყეო რესურსების სააგენტოს კი წინა დირექტორი – თემურ ყურშუბაძე უხელმძღვანელებს.

პოზიციას შეინარჩუნებს რამაზ სურმანიძეც – იგი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ლაბორატორიის დირექტორად გასულ წლებშიც მუშაობდა.

შერჩეულია კიდევ ერთი სსიპ-ის ხელმძღვანელი: ტექნიკურ და სამშენებლო ლაბორატორიას ირაკლი ლოჩოშვილი უხელმძღვანელებს.

ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში

ზაფხული ეს-ესაა დასრულდა, მზის მწველი მცხუნვარება რბილ, სასიამოვნო სითბოდ იქცა, ზღვა სექტემბრის მუქ ლურჯ ცას ირეკლავს და კამკამებს. სექტემბრის ბათუმში დასვენება საუკეთესო პერიოდია განსატვირთად და უშფოთველი შვებულების მოსაწყობად.

ზღვა სექტემბერში განსაკუთრებით მშვიდი და სუფთაა, მზეც არ გწვავთ და ზომიერ, ოქროსფერ რუჯს იღებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შემოდგომის პირველი თვე აუცილებლად გამოსაყენებელი პერიოდია, რაც ზაფხულის ხმაურიანი და ხალხმრავალი რუტინისგან განსხვავებით იდილიური სიმშვიდის წყალობით დაგამახსოვრდებათ. თუმცა ბათუმში უამრავი რამ ხდება სექტემბერშიც, თუ ზღვაზე სიარულისა და აჭარის მთიანეთში მოგზაურობის გარდა დროდადრო სხვა რამითაც დაინტერესდებით.

ფოტო: chek in georgia
ფოტო: chek in georgia

მუსიკის ფესტივალი – 2-12 სექტემბერი

ბათუმი სექტემბრის პირველ ნახევარში კლასიკური მუსიკის ჰანგებით ივსება. ქართველი და უცხოელი შემსრულებლები კონცერტებს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში მართავენ.

წელს ფესტივალი ფრანგ პიანისტს, ლიზ დე ლა სალს, კომპოზიტორ მიშელ სონის, ირლანდიელ პიანისტს ბარი დუგლასსა და სხვა მუსიკოსებს უმასპინძლებს. კონცერტებზე შესრულდება ლისტის, რახმანინოვის, ბეთჰოვენისა და დვორჟაკის ნაწარმოებები. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასებიც მუსიკოსებისთვის.

„ბათუმი-ოდესა, ფოტოდღეები“ – 2-12 სექტემბერი

ფოტოდღეები ბათუმში 2014 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად მასპინძლობს თანამედროვე და საინტერესო ფოტოგრაფებს. წელს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრებია გამოფენილი. ექსპოზიციების დათვალიერება მსურველებს 10 დღის განმავლობაში, 12 სექტემბრამდე შეუძლიათ.

საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ი, 16-23 სექტემბერი

 კინოფესტივალი BIAFF-ი კინოს მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაულია ზღვისპირა ქალაქში. ამ პერიოდში ბათუმში თავს იყრიან რეჟისორები, მსახიობები და კინომოყვარულები მთელი მსოფლიოდან. ფესტივალი საავტორო კინოს წლის საუკეთესო კოლექციებს სთავაზობს კინომოყვარულებს. კინოთეატრ „აპოლოსა“ და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, კინომოყვარულებისთვის მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ.

BIAFF-ი წელს მეცამეტედ ტარდება. გარდა ფილმების ჩვენებისა, ფესტივალის მიმდინარეობისას მსოფლიოს ცნობილი კინორეჟისორები მსმენელისთვის მასტერკლასებს ატარებენ კინემატოგრაფიაში. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი – 3-8 სექტემბერი

 გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება თვალწარმტაცი სანახაობაა, ამ პერიოდში აჭარის ცას მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. მსგავს სანახაობას მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას თუ ნახავთ. 3-8 სექტემბერს აჭარაში მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი – ეს ფრინველებზე დაკვირვებისთვის საუკეთესო  ადგილებია, სადაც ექსპერტებისა და გიდების თანხლებით  შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები უფასოდ მოეწყობა ყველა მსურველისთვის. ფესტივალის მიმდინარეობისას დაგეგმილია წამყვანი სპეციალიტების ლექცია-პრეზენტაციები.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ორნითოლოგები, მოხალისეები და ეკოტურისტები ფრინველთა გადაფრენაზე დასაკვირვებლად აჭარაში 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ბათუმის შემოგარენი „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი და ფრინველთა მიგრაციის ეს კორიდორი მსოფლიოში სამ უდიდეს დერეფანს შორის ერთ-ერთია.

ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს იხსნება და ორი თვე – 16 ოქტომბრამდე გრძელდება.

ფესტივალი 2012 წლიდან იმართება და ეკოტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა. ამ უდიდესი პოტენციალის მქონე ფესტივალით დაინტერესებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე:https://goo.gl/Kq5f7N

„ბათუმობა“

ზღვის ხავერდოვანი პერიოდი კი „ბათუმობის“ დღესასწაულით დაიწყო. ამ დღეს ქალაქში სახალხო სეირნობა, ქუჩის პერფორმანსები, კონცერტები და გამოფენები მოეწყო.

ქალაქის ქუჩებში წელს „ბათუმობის“ აღსანიშნად  ძველი ბათუმი გააცოცხლეს ძველებური აბრებითა და ნივთებით.

„ბათუმობა 2018“. ფოტო: მანანა ქველიაშვილი
„ბათუმობა 2018“. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფესტივალი „განდაგანა“ – 5-6 ოქტომბერი

სულერთია აჭარის მთიანეთში გიმოგზაურიათ თუ არა, სოფლის ტურიზმის ფესტივალზე „განდაგანა“, რომელიც ოქტომბრის პირველ კვირაში იმართება, ნებისმიერ შემთხვევაში უამრავ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ: ფესტივალზე აჭარის სოფლებიდან ქალაქში გადმოინაცვლებს მთის ნუგბარი, ეკოპროდუქტები და ტრადიციული კერძების მზადების პროცესში მსურველბსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

ცეკვა „განდაგანას“, ტრადიციული აჭარული კერძების, ბორანოს, სინორისა და ბევრი სხვა რამის დამზადებას ფესტივალზევე ისწავლით. აქვე შეიძენთ მთის სუფთა, რძის პროდუქტებს, ხილ-ბოსტნეულსა და ტკბილეულს. მოეწყობა მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები. ადგილობრივი ფოლკლორული გუნდები კი ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ.

ფესტივალი „განდაგანა“. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ფესტივალი „განდაგანა“. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის მთიანეთი

შემოდგომის ფესტივალები აჭარაში სასიამოვნო დღეებს გპირდებათ, მაგრამ დგება დრო, როცა ბათუმიდან მოშორებითაც გინდათ წასვლა. არჩევანი დიდია: შეგიძლიათ ჩაქვთან ახლომდებარე მტირალას პარკში წახვიდეთ ან კინტრიშის ნაკრძალის ულამაზეს ბუნებაში მოაწყოთ ლაშქრობა. თუ აჭარის მთიანეთის მცხოვრებთა ყოფა-ცხოვრებას გსურთ დააკვირდეთ, ამისთვის კურორტ ბეშუმისა და გოდერძის მონახულებას გირჩევთ, საიდანაც მწვანე ტბამდე მიგიყვანთ გზა. აქ მემთეურთა ხის სახლებს ნახავთ და შემოდგომისპირზე კანტიკუნტად შემორჩენილ ოჯახებსაც. მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღის მონახულების გარეშე აჭარის მთების დატოვება არ ღირს.

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი - აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი დაემატა. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი – აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი დაემატა. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

თუ ღვინის ტურიზმი გიზიდავთ და სხვადასხვა ჯიშის დაგემოვნებით სიამოვნებას იღებთ, მაშინ ქედის ღვინის საოჯახო მარნებს უნდა ეწვიოთ: სოფელი ვაიო, პირველი მაისი და დანდალო ამისთვის ზედგამოჭრილი ადგილებია.

ეს ყველაფერი არ არის, რაც აჭარის მთებში გელით. ნებისმიერი სოფელი აქ პირველად მნახველისთვის ახალი აღმოჩენაა, შემოდგომის აჭარაც ასეთია: ადგილი მათთვის, ვინც მზადაა სიახლეებისა და თავგადასავლებისთვის.

მწვანე ტბა
მწვანე ტბა. ფოტო: თამარ ნერგაძე

57 000 ლარის ღირებულების ოქროს მალულად შემოტანის მცდელობა სარფში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობის ოქროს გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 024 გრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებაც 57 000 ლარს აღემატება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

ახალი წესი ხელმოწერისთვის – თქვენ სერტიფიკატი გჭირდებათ

თუკი საჯარო უწყებისათვის წერილის გაგზავნას ელექტრონული ხელმოწერით აპირებთ, ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ წერილზე ხელმოწერაა აუცილებელი და კანონით გამონაკლისი დადგენილი არ არის, „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის“ გარეშე თქვენს ელექტრონულ წერილს აღარ ჩაიბარებენ. ძალაშია ძველი წესიც, თუ ქაღალდზე კალმით ხელის მოწერა გაწყობთ და წერილის სადმე ფიზიკურად დატოვება, ან ფოსტით გაგზავნა. პირველი ივლისიდან ახალი კანონი „ელექტრონული დოკუმენტებისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ ამოქმედდა. ეს კანონი ახალ წესებს ადგენს ელექტრონული ხელმოწერისთვის, ასევე არეგულირებს შტამპის დასმას – ორგანიზაციებისთვის.

„მიზანი მარტივია: უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა. თუკი აქამდე სკანირებულ ხელმოწერას იყენებდით, მისი დაკოპირება და თავის სხვა ადამიანად წარმოჩენა ნებისმიერ პირს შეეძლო, “ – ამბობს მიხეილ კაპანაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის სერტიფიკატი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შეგიძლიათ მიიღოთ. პირველი სერტიფიკატი პირადობის ელექტრონულ მოწმობასთან ერთად გაიცემა და მოწმობის ფასში შედის. მოწმობის გამოცვლის გარეშე ახალი სერტიფიკატის მიღება 10 ლარი ღირს.  ორივე შემთხვევაში სერტიფიკატის ვადა 2 წელი და 6 თვეა. იგივე შესაძლებლობა ხელმისაწვდომია ბინადრობის ელექტრონულ მოწმობაზეც.

სააგენტოსთვის მიმართვა არ დაგჭირდებათ, თუკი თქვენ პირადობის მოწმობა ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიიღეთ.

თუკი თქვენ პირადობის მოწმობა უფრო ადრე აიღეთ, მაშინ უფასო სერტიფიკატი არ გერგებათ. სერტიფიკატის განახლება თქვენც შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელად, ID.GE-ზე გამოქვეყნებული პროგრამული უზრუნველყოფით, თუმცა ამისთვის თქვენ პირადობის მოწმობის წამკითხველი – სპეციალური მოწყობილობა გჭირდებათ. ამ მოწყობილობის კომპიუტერთან მიერთების შემდეგ თქვენ სერტიფიკატსაც განაახლებთ და ხელმოწერის გაკეთებასაც შეძლებთ. სერტიფიკატის საფასური შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, საბანკო ბარათითაც გადაიხადოთ.

პრობლემებისა და შეკითხვების შემთხვევაში შესაძლებელია სააგენტოს ცხელი ხაზით სარგებლობა: 240 10 10

ბარათის წამკითხველი სხვა ნებისმიერ დროსაც დაგჭირდებათ, როცა ელექტრონული ხელმოწერა უნდა დასვათ დოკუმენტზე.  ის იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში იყიდება და 10 ლარი ღირს. თუმცა მსგავსი ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოებისთვის თქვენ ასევე დაგჭირდებათ PIN კოდი, რომელიც პირადობის აღების დროს გადმოგცეს, დალუქული კონვერტით. თუ ეს კოდი აღარ გახსოვთ, ან დაკარგეთ, შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სააგენტოს ტერიტირიულ სამსახურებში ახალი PIN კოდი მიიღოთ.

აქციის ფარგლებში პინკოდის აღდგენის შემთხვევაში, ბარათის წამკითხველს იუსტიციის სახლებშიო უფასოდ მიიღებთ. ამ შემთხვევაში პინკოდის აღდგენის საფასურს – 10 ლარს სერტიფიკატის 10 ლარი დაემატება.

ელექტრონული ხელმოწერა ნებისმიერ ელექტრონულ დოკუმენტზე გჭირდებათ, სადაც განსაზღვრულია ხელის მოწერა, მაგალითად, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დროს, ან როცა წერილობით მიმართავთ რომელიმე კომპანიას და წერილის ბოლოს თქვენი სტატუსის გვერდით ხელმოწერა უნდა დაისვას.

„კვალიფიციურია ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც არის დამოწმებული შესაბამისი სერტიფიკატით და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალებით კეთდება. სერტიფიკატს შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გასცემს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი. არსებობს მთავრობის მიერ დადგენილი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს სერტიფიკატის გაცემის წესს,“ – გვიყვება მიხეილ კაპანაძე.

სერტიფიკატის გამცემი ორგანო ამჟამად მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოა, თუმცა შესაძლებელია სამომავლოდ მსგავსი სერტიფიკატი სხვა რომელიმე კერძო ორგანიზაციამაც გასცეს, თუკი იგი აუდიტორულ შემოწმებას გაივლის, მიმართავს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და ზედამხედველობას დაექვემდებარება. მიხეილ კაპანაძის თქმით, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რომელიმე ბანკი, ან მობილური ოპერატორი, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია.

თუკი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდა, ეს სერვისი სხვა ორგანიზაციასაც ექნება, მან სხვადასხვა მოთხოვნასთან ერთად ორგანიზაციული მდგრადობა უნდა დაადასტუროს. „მაგალითად, რომ მოხდეს მიწისძვრა, ომი და ასე შემდეგ, და ჩვენი მონაცემთა დამუშავების ძირითადი ცენტრი მწყობრიდან გამოვიდეს, ჩვენ გვაქვს მონაცემთა დამუშავების მეორე ცენტრი, რომელიც გეოგრაფიულად დაშორებულია და ის ჩაენაცვლება,“ – გვიხსნის მიხეილ კაპანაძე.

აუდიტორული შემოწმება ადგენს იმასაც, თუ რამდენად შეძლებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია ზარალის ანაზღაურებას, თუკი ყალბ ხელმოწერით ვინმე თქვენთვის ზიანის მოყენებას შეძლებს.

„ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ჩვენც გვაქვს, თუ დადგინდება, რომ ჩვენი სისტემური უზრუნველყოფის, მკაცრი პროცედურების და აუდიტის გავლის მიუხედავად მიადგა პირს ზიანი. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით ჩვენ ამის რისკს ნულს მაქსიმალურად ვუახლოვებთ, მაგრამ, ცხადია, ყველაზე დიდი მიახლოებაც არ ნიშნავს რომ იგი ნულოვანია, ამიტომაცაა დადგენილი მოთხოვნა რომ ორგანიზაციას შესაბამისი ფინანსური მდგრადობაც უნდა ჰქონდეს„- აღნიშნავს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წარმომადგენელი, მიხეილ კაპანაძე „ბათუმელებთან“.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე შესაძლებელია იმის გადამოწმება, ხელმოწერა ნამდვილია თუ არა. იქ გამოჩნდება, ფლობთ თუ არა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს. სერვერზე თქვენი ხელმოწერა არ გამოჩნდება.

„როცა თქვენს წერილს მიიღებს რომელიმე საჯარო უწყება, ამ დროისთვის უწყებამ რამდენიმე გზით შეიძლება დაადასტუროს ხელმოწერის ნამდვილობა. მაგალითად, შეუძლიათ გამოიყენონ უფასო პროგრამა ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ გვქონდეს სერვისი, სადაც შესაძლებელი იქნება მარტივად, პირდაპირ PDF დოკუმენტის ატვირთვა და ინფორმაციის მიღება, არის თუ არა ხელმოწერა უტყუარი,“ – გვითხრა მიხეილ კაპანაძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.

Exit mobile version