მთავარი,სიახლეები

საარჩევნო კომისიებში „ოცნებას“ 3 წევრი ეყოლება – „მმართველ ძალას ზეგავლენის მეტი ბერკეტი ექნება“

06.09.2018 • 2071
საარჩევნო კომისიებში „ოცნებას“ 3 წევრი ეყოლება – „მმართველ ძალას ზეგავლენის მეტი ბერკეტი ექნება“

საარჩევნო კომისიებში ერთის ნაცვლად სამი წარმომადგენელი ეყოლება მმართველ პოლიტიკურ ძალას. „ამ მოცემულობაში მმართველ პოლიტიკურ ძალას მეტი ბერკეტი ექნება, ზეგავლენა მოახდინოს კომისიებზე და უფრო პოლიტიზებული გახდება საარჩევნო ადმინისტრაცია,“ – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად თითოეულ საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ სამი წევრი ეყოლება, თითო-თითო წევრი ეყოლებათ: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“. სხვა პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კომისიის წევრი არ ეყოლებათ, მათ მხოლოდ დამკვირვებლების სტატუსის მისაღებად შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა.

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ კომისიები მთლიანად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებულიყო. მიგვაჩნია, რომ ასე უფრო შესაძლებელია პოლიტიკური ინტერესების შესუსტება. ამ ინიციატივაზე უარი გვითხრეს,“ – ამბობს მადონა ბერიძე.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არც იმას უარყოფს, რომ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პროცესი ისევ ბადებს კითხვის ნიშნებს. საუბნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული 6 წევრის გარდა, კიდევ ექვს წევრს – დამოუკიდებელსა და პროფესიონალს –  საოლქო კომისიები ირჩევენ. კონკურსი უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 8 სექტემბერს იწურება.

სამოქალაქო სექტორი წელსაც ითხოვს, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, თუმცა საოლქო კომისიები კონკურსანტებთან გასაუბრების გარეშე აპირებს გადაწყვეტილების მიღებას. კომისია ისევ არ ანიჭებს უპირატესობას იმ კონკურსანტს, რომელსაც საარჩევნო მოხელის გამოცდა აქვს ჩაბარებული და სერტიფიკატს ფლობს.

საოლქო კომისიებს არც კონკრეტული კრიტერიუმები აქვთ განსაზღვრული, ვინ რის გამო უნდა შეირჩეს საუბნო კომისიის წევრად.

ეს ზრდის თუ არა იმის რისკს, რომ დამოუკიდებელი და პროფესიული ნიშნით შერჩეული ეს ექვსი წევრიც კომისიებში პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს? – მადონა ბერიძე ამბობს, რომ ამ პროცესს ვერ შეაფასებს, ვიდრე საუბნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესი არ დასრულდება.

„წინა წლების პრაქტიკა იყო ის, რომ პროცესი არ იყო გამჭვირვალე და უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფორმალური ასახვა მოხდა სხდომებზე, სადაც კომისიის წევრები უნდა შეერჩიათ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ოლქში დააყენა მოთხოვნა, რომ წელს მაინც გაესაუბროს საოლქო კომისია კონკურსანტებს, მაგრამ ყველა საოლქო კომისიამ ამაზე ერთნაირად თქვა უარი. ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ ამდენ კანდიდატს ფიზიკურად კომისია ვერ გაესაუბრება და ამის ვალდებულება მათ კანონით არ აქვთ,“ – გვითხრა მადონა ბერიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა.

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები 12 სექტემბრამდე უნდა შეარჩიონ. 12-დან საუბნო კომისიების წევრებს პოლიტიკური პარტიები დაასახელებენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: