მთავარი,სიახლეები

საბავშვო ბაღს მიღმა წელს ბათუმში 600-მდე ბავშვი დარჩება

05.09.2018 • 2958
საბავშვო ბაღს მიღმა წელს ბათუმში 600-მდე ბავშვი დარჩება

საბავშვო ბაღის გარეშე ბათუმში წელს დაახლოებით 600 ბავშვი დარჩება – ამის შესახებ მამუკა შამილიშვილმა გვითხრა, ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. მას ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესზე ვესაუბრეთ.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბრიდან დაიწყება.

„ჩვენთან რეგისტრაციის პროცესი არის უწყვეტი. თუ ბავშვი სასურველ ბაღში ვერ მოხვდა, ის რიგში დგება და როცა გამოჩნდება თავისუფალი ადგილი, ავტომატურად ჩაირიცხება. რეგისტრაციის პროცესი მთლიანად ელექტრონულ პროგრამაზეა დამოკიდებული, ჩვენ ამ პროცესში არ ვერევით და ჩარევის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს,“ – აღნიშნავს მამუკა შამილიშვილი.

ბათუმში ამ დროისთვის 33 საბავშვო ბაღია. წელს თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მამუკა შამილიშვილი განმარტავს, რომ ახალი ბაღი მთლიანად დააკმაყოფილებს თამარის დასახლების მოთხოვნას ამ კუთხით და გასული წლის მაჩვენებელიც შემცირდება. წინა წლებში დაახლოებით 800 ბავშვი რჩებოდა ბათუმში საბავშვო ბაღებს მიღმა.

„ბაღს მიღმა დარჩა, ასე ვერ ვიტყვით, რადგან შესაძლოა, ქალაქის ცენტრში მდებარე ბაღებში რიგი მთელი წელი გაგრძელდეს, ადლიის დასახლებაში კი იმავდროულად თავისუფალი ადგილი მქონდეს,“ – გვითხრა ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

ამ დროისთვის უკვე რიგებია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე თითქმის ყველა საბავშვო ბაღში, თუმცა ელექტრონული პროგრამით მშობელი სამ პრიორიტეტულ ბაღს ირჩევს, გადანაცვლების და ჯგუფების ფორმირების პროცესი კი არ დასრულებულა.

„ამ პროცესის დასრულებამდე ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით. თავისუფალი ადგილები მაქვს მხოლოდ დარჩენილი თამარის დასახლებაში, ურეხში, ადლიაში და ბარცხანაში,“ – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი პირველი ივლისიდან დაიწყო. 10 ივლისამდე ურიგოდ ჩაირიცხნენ ის ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არიან. პროგრამული პრიორიტეტი აქვთ ასევე მინიჭებული: მარტოხელა დედებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს, შშმ პირებს.

10 ივლისიდან ელექტრონული განაცხადის შევსება და სამი სასურველი ბაღის შერჩევა საბავშვო ბაღების გაერთიანების ვებგვერდზე ნებისმიერ მშობელს შეუძლია, ვისი შვილიც 17 სექტემბრის ჩათვლით 3 წლის ხდება.

___________________

მთავარ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: