მთავარი,სიახლეები

ახალი წესი ხელმოწერისთვის – თქვენ სერტიფიკატი გჭირდებათ

05.09.2018 • 4229
ახალი წესი ხელმოწერისთვის – თქვენ სერტიფიკატი გჭირდებათ

თუკი საჯარო უწყებისათვის წერილის გაგზავნას ელექტრონული ხელმოწერით აპირებთ, ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ წერილზე ხელმოწერაა აუცილებელი და კანონით გამონაკლისი დადგენილი არ არის, „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის“ გარეშე თქვენს ელექტრონულ წერილს აღარ ჩაიბარებენ. ძალაშია ძველი წესიც, თუ ქაღალდზე კალმით ხელის მოწერა გაწყობთ და წერილის სადმე ფიზიკურად დატოვება, ან ფოსტით გაგზავნა. პირველი ივლისიდან ახალი კანონი „ელექტრონული დოკუმენტებისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ ამოქმედდა. ეს კანონი ახალ წესებს ადგენს ელექტრონული ხელმოწერისთვის, ასევე არეგულირებს შტამპის დასმას – ორგანიზაციებისთვის.

„მიზანი მარტივია: უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა. თუკი აქამდე სკანირებულ ხელმოწერას იყენებდით, მისი დაკოპირება და თავის სხვა ადამიანად წარმოჩენა ნებისმიერ პირს შეეძლო, “ – ამბობს მიხეილ კაპანაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის სერტიფიკატი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შეგიძლიათ მიიღოთ. პირველი სერტიფიკატი პირადობის ელექტრონულ მოწმობასთან ერთად გაიცემა და მოწმობის ფასში შედის. მოწმობის გამოცვლის გარეშე ახალი სერტიფიკატის მიღება 10 ლარი ღირს.  ორივე შემთხვევაში სერტიფიკატის ვადა 2 წელი და 6 თვეა. იგივე შესაძლებლობა ხელმისაწვდომია ბინადრობის ელექტრონულ მოწმობაზეც.

სააგენტოსთვის მიმართვა არ დაგჭირდებათ, თუკი თქვენ პირადობის მოწმობა ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიიღეთ.

თუკი თქვენ პირადობის მოწმობა უფრო ადრე აიღეთ, მაშინ უფასო სერტიფიკატი არ გერგებათ. სერტიფიკატის განახლება თქვენც შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელად, ID.GE-ზე გამოქვეყნებული პროგრამული უზრუნველყოფით, თუმცა ამისთვის თქვენ პირადობის მოწმობის წამკითხველი – სპეციალური მოწყობილობა გჭირდებათ. ამ მოწყობილობის კომპიუტერთან მიერთების შემდეგ თქვენ სერტიფიკატსაც განაახლებთ და ხელმოწერის გაკეთებასაც შეძლებთ. სერტიფიკატის საფასური შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, საბანკო ბარათითაც გადაიხადოთ.

პრობლემებისა და შეკითხვების შემთხვევაში შესაძლებელია სააგენტოს ცხელი ხაზით სარგებლობა: 240 10 10

ბარათის წამკითხველი სხვა ნებისმიერ დროსაც დაგჭირდებათ, როცა ელექტრონული ხელმოწერა უნდა დასვათ დოკუმენტზე.  ის იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში იყიდება და 10 ლარი ღირს. თუმცა მსგავსი ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოებისთვის თქვენ ასევე დაგჭირდებათ PIN კოდი, რომელიც პირადობის აღების დროს გადმოგცეს, დალუქული კონვერტით. თუ ეს კოდი აღარ გახსოვთ, ან დაკარგეთ, შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სააგენტოს ტერიტირიულ სამსახურებში ახალი PIN კოდი მიიღოთ.

აქციის ფარგლებში პინკოდის აღდგენის შემთხვევაში, ბარათის წამკითხველს იუსტიციის სახლებშიო უფასოდ მიიღებთ. ამ შემთხვევაში პინკოდის აღდგენის საფასურს – 10 ლარს სერტიფიკატის 10 ლარი დაემატება.

ელექტრონული ხელმოწერა ნებისმიერ ელექტრონულ დოკუმენტზე გჭირდებათ, სადაც განსაზღვრულია ხელის მოწერა, მაგალითად, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დროს, ან როცა წერილობით მიმართავთ რომელიმე კომპანიას და წერილის ბოლოს თქვენი სტატუსის გვერდით ხელმოწერა უნდა დაისვას.

„კვალიფიციურია ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც არის დამოწმებული შესაბამისი სერტიფიკატით და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალებით კეთდება. სერტიფიკატს შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გასცემს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი. არსებობს მთავრობის მიერ დადგენილი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს სერტიფიკატის გაცემის წესს,“ – გვიყვება მიხეილ კაპანაძე.

სერტიფიკატის გამცემი ორგანო ამჟამად მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოა, თუმცა შესაძლებელია სამომავლოდ მსგავსი სერტიფიკატი სხვა რომელიმე კერძო ორგანიზაციამაც გასცეს, თუკი იგი აუდიტორულ შემოწმებას გაივლის, მიმართავს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და ზედამხედველობას დაექვემდებარება. მიხეილ კაპანაძის თქმით, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რომელიმე ბანკი, ან მობილური ოპერატორი, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია.

თუკი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდა, ეს სერვისი სხვა ორგანიზაციასაც ექნება, მან სხვადასხვა მოთხოვნასთან ერთად ორგანიზაციული მდგრადობა უნდა დაადასტუროს. „მაგალითად, რომ მოხდეს მიწისძვრა, ომი და ასე შემდეგ, და ჩვენი მონაცემთა დამუშავების ძირითადი ცენტრი მწყობრიდან გამოვიდეს, ჩვენ გვაქვს მონაცემთა დამუშავების მეორე ცენტრი, რომელიც გეოგრაფიულად დაშორებულია და ის ჩაენაცვლება,“ – გვიხსნის მიხეილ კაპანაძე.

აუდიტორული შემოწმება ადგენს იმასაც, თუ რამდენად შეძლებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია ზარალის ანაზღაურებას, თუკი ყალბ ხელმოწერით ვინმე თქვენთვის ზიანის მოყენებას შეძლებს.

„ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ჩვენც გვაქვს, თუ დადგინდება, რომ ჩვენი სისტემური უზრუნველყოფის, მკაცრი პროცედურების და აუდიტის გავლის მიუხედავად მიადგა პირს ზიანი. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით ჩვენ ამის რისკს ნულს მაქსიმალურად ვუახლოვებთ, მაგრამ, ცხადია, ყველაზე დიდი მიახლოებაც არ ნიშნავს რომ იგი ნულოვანია, ამიტომაცაა დადგენილი მოთხოვნა რომ ორგანიზაციას შესაბამისი ფინანსური მდგრადობაც უნდა ჰქონდეს„- აღნიშნავს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წარმომადგენელი, მიხეილ კაპანაძე „ბათუმელებთან“.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე შესაძლებელია იმის გადამოწმება, ხელმოწერა ნამდვილია თუ არა. იქ გამოჩნდება, ფლობთ თუ არა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს. სერვერზე თქვენი ხელმოწერა არ გამოჩნდება.

„როცა თქვენს წერილს მიიღებს რომელიმე საჯარო უწყება, ამ დროისთვის უწყებამ რამდენიმე გზით შეიძლება დაადასტუროს ხელმოწერის ნამდვილობა. მაგალითად, შეუძლიათ გამოიყენონ უფასო პროგრამა ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ გვქონდეს სერვისი, სადაც შესაძლებელი იქნება მარტივად, პირდაპირ PDF დოკუმენტის ატვირთვა და ინფორმაციის მიღება, არის თუ არა ხელმოწერა უტყუარი,“ – გვითხრა მიხეილ კაპანაძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: