მთავარი,სიახლეები

მერიამ შესაძლოა ძველ ბათუმში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდოს

06.09.2018 • 6307
მერიამ შესაძლოა ძველ ბათუმში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდოს

ავტომანქანებისგან დაცლილი ძველი ბათუმის ქუჩები ერთ-ერთი იყო მათ შორის, რამაც „ბათუმობის“ დღესასწაულზე მოწონება დაიმსახურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერდნენ. ბათუმის მერიის მისამართით მაშინ ბევრმა იკითხა – რატომ არ შეიძლება სულ ასე იყოს?

ამ კითხვაზე მერიას, ჯერჯერობით, პასუხი არ აქვს. თუმცა გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში დაგეგმილი კვლევის ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს საკითხიც განიხილება და მერიას ძველი ბათუმის ქუჩებში ავტომანქანით მოძრაობა და პარკინგი პირველ სექტემბერს მხოლოდ „ბათუმობის“ დღესასწაულის გამართვის მიზნით არ შეუზღუდავს:

„ეს იყო ერთგვარი ტესტი. საკითხი განიხილება. განიხილება ისიც, რომ ასეთ შემთხვევაში მერიამ ძველ ბათუმში მცხოვრებლებს შესთავაზოს მოსახერხებელი ადგილი პარკინგისთვის, რომ მათ გააჩერონ მანქანები და ფეხით მივიდნენ სახლში.“

გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში დაგეგმილ კვლევასა და ქალაქის ტრანსპორტის ნაკადისგან განტვირთვის სტრატეგიაზე, როგორც „ჩიხიდან გამოსვლის გზაზე“ საუბარი ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა დაიწყო. მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც საკრებულოში საპატრულო პოლიციის უფროსი უნდა მიეწვია, ვისთან ერთადაც შექმნიდნენ ქალაქის ავტომანქანებისგან განტვირთვის სტრატეგიას…

არავინ იცის, როდის დაიშალა ეს კომისია და შეიმუშავა თუ არა ავტომანქანებისგან განტვირთვის რაიმე სახის გეგმა.

სამაგიეროდ, ქალაქში კარგად იციან, რომ მძღოლები ტროტუარებსა და ველობილიკებს მანამ გამოიყენებენ პარკინგისთვის, სანამ ქალაქს ავტომანქანის გასაჩერებლად საკმარისი ადგილი არ ექნება. ამიტომაც ქვეითად მოსიარულეს ბათუმში ხშირად ავტომანქანების სავალ ნაწილზე უწევს გადაადგილება. პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება საკურორტო სეზონის დროს…

გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც 2015 წელს დაიწყო და 2018 წლის აპრილში დასრულდა, პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარეგულარულ მოძრაობასთანაც იყო დაკავშირებული – ქალაქის ავტომანქანებისგან განტვირთვის სტრატეგიის დოკუმენტი სქელტანიანია. მასში გაწერილია ის ღონისძიებები, რომლებიც მერიამ უნდა განახორციელოს 2030 წლამდე.

კვლევის ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე ამბობს, რომ შეთანხმდნენ დაგეგმილი ღონისძიებების იმ ნაწილზეც, რაც მერიამ 2018-2020 წლებში უნდა განახორციელოს.

„ამ გეგმაში შედის ახალი ავტობუსების შეძენა, რაც მერიამ უკვე დაიწყო და ახალი სამოძრაო სქემის შექმნა, რაც ასევე დაწყებულია“, – ამბობს ლაშა ნაკაშიძე. მისივე ინფორმაციით, შემდეგი ეტაპი ე.წ. „ბასლაინებისდახაზვა, ანუ ავტობუსების გასაჩერებელი ადგილების მონიშვნა და მობილური აპლიკაციის შექმნაა, რომლითაც მომხმარებელი საათობრივი პარკინგის გადასახადის დაფარვას შეძლებს.

საათობრივი პარკინგი ერთ-ერთი გათვლაა ქალაქის ავტომანქანებისგან განტვირთვის სტრატეგიაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საათობრივი პარკინგი იაფი უნდა იყოს, რაც მოქალაქეს მისცემს სტიმულს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან ახლოს დატოვოს ავტომანქანა და ავტობუსით გააგრძელოს მოძრაობა. ამ შემთხვევაში მერიამ მოქალაქეს კომფორტული მომსახურება უნდა შესთავაზოს.

განიხილავს თუ არა მერია ბათუმში კონკრეტული ადგილების დამატებას პარკინგისთვის, მრავალდონიანი პარკინგების მშენებლობისთვის ინვესტიციის განხორციელების შეთავაზებას ინვესტორებისთვის ?  – ამ და სხვა კითხვებზე მერიაში პასუხებს შეგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: