მთავარი,სიახლეები

სამი აბიტურიენტი ხულოდან 100%-იანი დაფინანსებით

05.09.2018 • 18345
სამი აბიტურიენტი ხულოდან 100%-იანი დაფინანსებით

ხულოს რესურსცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე სრული სასწავლო დაფინანსება ხულოს მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ სამმა სტუდენტმა მიიღო.

დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიკა ქათამაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. მარიკა უნივერსიტეტში არაბისტიკას შეისწავლის. „ძალიან მაინტერესებს აღმოსავლეთის ქვეყნები და მათი კულტურა“, – გვეუბნება ის.

მარიკა ამბობს, რომ ხულოში რეპეტიტორთან სამ საგანში – ზოგად უნარებში, ქართულსა და ინგლისურ ენაში – ერთი წელი ემზადებოდა.

„რეპეტიტორთან მომზადება საჭიროა იმიტომ, რომ ჩვენი საგამოცდო სისტემა გაიძულებს ამას. სკოლის პროგრამა და ეროვნულის განსხვავდება ძალიან. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც სკოლაში ვერ ისწავლი.

თუმცა, ძალიან ბევრს თუ იმუშავებ, ინდივიდუალურადაც შეიძლება სრული დაფინანსების მოპოვება“.

მარიკა ამბობს, რომ უცხო ენის სწავლაში სკოლა დაეხმარა, თუმცა დამატებითი მომზადების გარეშე მაღალ შედეგს ვერ მიიღებდა. „ორი წელი უცხოელი მასწავლებელიც გვყავდა და ეს დამეხმარა სალაპარაკო ენის განმტკიცებაში.“

მარიკას თქმით, თავიდან არ ჰქონდა მოლოდინი, რომ სრულ დაფინანსებას მოიპოვებდა. „თუმცა მეცადინეობის პროცესში დავრწმუნდი, რომ ამის მიღწევა შემეძლო“.

მარიკას აზრით, „ის, რომ დღეს მოსწავლეებს სკოლის გარეთ სჭირდებათ მომზადება, არის განათლების სისტემის პრობლემა და არა კონკრეტული მოსწავლეების. ამიტომ, სახელმწიფომ ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იფიქროს და შექმნას გარემო, რომელიც მოსწავლეს მისცემს სრულფასოვან ცოდნას“.

მარიკა ქათამაძე

ხულოს საჯარო სკოლიდან 100-პროცენტიანი დაფინანსება კიდევ ერთმა აბიტურიენტმა – ელდარ ჯავახიძემაც მიიღო. ის „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სამართალმცოდნეობას ისწავლის.

რეპეტიტორებთან ელდარიც ემზადებოდა, რადგან მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის მაინც საჭიროა მათი დახმარება.

„ხულოში, ცხრა თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ვემზადებოდი სამ საგანში, სამოქალაქოსა და ისტორიაში კი ინდივიდუალურად ვმეცადინეობდი. ძირითადი განათლება, რა თქმა უნდა, სკოლამ მომცა, მაგრამ დამატებითი მეცადინეობა, ვფიქრობ, მაინც საჭიროა“.

ელდარი ამბობს, რომ ზოგს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი აქვს, ზოგ ადამიანს კი პედაგოგთან ერთად სჭირდება მუშაობა.

„ჩემთვის უფრო კომფორტული იყო, რომ მასწავლებელთან ერთად მემუშავა“.

ელდარი ბიზნესსამართლის შესწავლას აპირებს, თუმცა მისი ინტერესის სფერო პოლიტიკაცაა.

„ხშირად მესმის, რომ „მაქვს ორი დიპლომი და ვერ ვმუშაობ“. მარტო ბაკალავრიატის განათლება არ არის საკმარისი, თუ არ იმუშავე საკუთარ თავზე, თუ არ მიუდექი საქმეს შემოქმედებითად, ისე ძნელია წარმატების მიღწევა. კანონების  წაკითხვაშიც შეიძლება შემოქმედებითობა“, – გვეუბნება ის.

ელდარი მეათე კლასამდე სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში სწავლობდა, ბოლო ორი წელი კი დაბა ხულოში გადმოვიდა საცხოვრებლად. „ბინა ვიქირავე დაბაში, რადგან სოფელში რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება არ იყო“.

ელდარი ამბობს, რომ მეცხრე კლასში სწავლის დროს ის აირჩიეს ხულოს ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარედ. „შემდეგ კი ზემო აჭარა ჩამაბარეს და რეგიონალური მენეჯერი ვიყავი… დაინტერესებული ვიყავი პოლიტიკით და ახლაც მაინტერესებს ეს სფერო, მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სხვა პროფესიის მიღება, რადგან პოლიტიკოსი ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეიძლება გახდეს.“

ელდარ ჯავახიძე

კიდევ ერთი აბიტურიენტი ხულოდან, რომელმაც 100-პროცენტიანი სასწავლო გრანტი მიიღო, სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნონა შაინიძეა.

ნონა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას ისწავლის. მისი თქმით, პირველადი განაცხადი სწორედ ამ უნივერსიტეტზე გააკეთა. რეპეტიტორთან მომზადება ნონასაც მოუხდა. ძირითადად,  ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში.

„მთელი დღე მეცადინეობებით მქონდა დატვირთული, დილის 9-იდან, საღამოს 9-მდე მასწავლებელთან ვიყავი.

მოსამზადებლად მასწავლებლებთან ბათუმში დავდიოდი, ამიტომ დრო ამის მიხედვით მქონდა გადანაწილებული“, – გვეუბნება ის.

ნონა ამბობს, რომ ინგლისურ ენაში „თითქმის არ ემზადება“, რადგან ორი წლის განმავლობაში ინგლისურს უცხოელი მოხალისე პედაგოგი ასწავლიდა. „იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ რაც ამ პერიოდში ვისწავლე, სხვა დროის განმავლობაში იმდენი არ მისწავლია“.

ნონა შაინიძის აზრით, ინტენსიური სწავლის პირობებში სრული დაფინანსების მოპოვება სკოლის ბაზაზეც შესაძლებელია. „თუმცა, როცა ემზადები, უფრო თავდაჯერებული ხარ. მე მინდოდა გარანტია და ამიტომ გადავწყვიტე მომზადება. იყო გასულ წელს ხულოში ასეთი შემთხვევა, რომ რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე მოიპოვა აბიტურიენტმა სრული დაფინანსება“.

ნონა ამბობს, რომ მაღალმთიანი სკოლები დაბალკონტინგენტიანია, კლასში ხშირად 10-15 მოსწავლეზე მეტი არ ზის, ამიტომ მასწავლებელს მათთან უკეთ  შეუძლია მუშაობა.

„თუმცა არის ასეთი განწყობა, რომ მასწავლებელი არ ინტერესდება ისწავლი თუ არა, რეპეტიტორი კი თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ გასწავლოს და გაგაგებინოს“, – გვეუბნება ის.

ნონა შაინიძე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: