მთავარი,სიახლეები

მოსახლეობა: ჩვენი სახლებიდან 2-5 მეტრში ავტობანს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე აშენებენ

04.06.2018 • 3000
მოსახლეობა: ჩვენი სახლებიდან 2-5 მეტრში ავტობანს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე აშენებენ

ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ათამდე ოჯახი აცხადებს, რომ მათ საკარმიდამო ნაკვეთებში, საცხოვრებელი სახლებიდან 2-5 მეტრში, ისე გაჰყავთ ახალი გზა, რომ არანაირ კომპენსაციას არ უხდიან. ეს ოჯახები ამბობენ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ განსასახლებელთა სიაში იყვნენ. დღეს, როცა სამუშაოები ფაქტობრივად მათ ეზოებშია დაწყებული, ეუბნებიან, რომ არც განსახლების სიაში არიან და არც კომპენსაციას სთავაზობენ.

„შეიცვალა გზის მიმართულებაო, თუმცა სახლებთან ახლოს დააყენეს ნიშნულები, თხრიან ხეებს, მუშაობს მძიმე ტექნიკა და კედლები იბზარება, ჭაღიც კი ჩამოვარდა. ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩვენ რაც გავიგეთ, სავარაუდოდ, აქ მიწა უნდა მოიზვინოს, გაკეთდეს ბურჯები და ასევე ახალი გზისთვის ხიდი გაკეთდეს. გამოდის, რომ ჩემი სახლის პირველი სართული და შესაძლოა მეორე სართულის ნახევარიც, ამ მიწაყრილის ქვემოთ აღმოჩნდეს. ჩემი და ჩემი მეზობლის სახლების თავზე კი ჩქაროსნული მაგისტრალი გაკეთდება. ამაზე პასუხი ვინ უნდა აგოს, ვერ გავიგეთ,“ – ამბობს ვახტანგ სურმანიძე.

ვახტანგ სურმანიძის, მანანა აბაშიძის, თეიმურაზ მამუჭაძის, ლუიზა ნებაძის, ამირან მერკულაძის ოჯახების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ მათი ცხოვრებისა და საკუთრების უფლება დაცული არ იქნება, სამუშაოების ჩატარების უფლებას არავის მისცემენ და პროტესტის ნიშნად შესაძლოა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალიც გადაკეტონ.

მუსხელიშვილის ქუჩის მცხოვრებლები: „ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე უნდათ ჩვენი საკუთრებით ისარგებლონ. ამასთან, გზის გაყვანის შემთხვევაში ჩვენს სახლებში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. ყურადღებას არავინ გვაქცევს.“

ეს ოჯახები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე [მახვილაურის დასახლებაში], მუსხელიშვილის ქუჩაზე ცხოვრობენ.

არსებული პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბათუმის შემოვლითი გზა უნდა აშენდეს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსი ირაკლი მაჩალაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს: „თუ არ არიან სიაში, ესე იგი არ არიან, მაგრამ ბევრი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს… როცა დაიწყება გზის, ხიდის მშენებლობა თუ ასასვლელების გაკეთება, ვინმეს კერძო ნაკვეთში თუ მოხვდება ნებისმიერი სახის ზემოქმედება, ან ვთქვათ, მექანიზმი გაივლის, ტრაქტორი და ა.შ. შეუძლიათ მოვიდნენ, დაწერონ განცხადება და საზედამხედველო ორგანო განიხილავს მათ საკითხს. აუცილებლად მოხდება რეაგირება – ან აღიკვეთება მსგავსი ქმედება და არ მოხდება მის ნაკვეთში არანაირი მოქმედებების განხორციელება, ან მოხდება ანაზღაურება, თუ იქნება ამა თუ იმ ნაკვეთის გამოსყიდვის აუცილებლობა“.

რამდენ მეტრში შეიძლება საავტომობილო ხიდისგან იდგეს საცხოვრებელი სახლი? – ამ კითხვაზე აჭარის გზების დირექციაში აცხადებენ, რომ არსებობს გზის ბუფერული ზონა, არსებობს წესები, სტანდარტები და შესაბამისი დეტალები თბილისიდან იმართება.

„ვისაც აინტერესებს კონკრეტული საკითხები, მოვიდნენ ჩვენთან. აქ მოვლენილია სპეციალისტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის თანამშრომელია, არის იურისტ-კონსულტანტი მაგ საკითხებზე და შევუთანხმებთ და შევახვედრებთ. გაესაუბრონ, არ არის პრობლემა. თუ რაიმე ზემოქმედება ხდება კერძო საკუთრებაზე, ეს უყურადღებოდ არ დარჩება. შევისწავლით, მივავლენთ ვინმეს ადგილზე, რომ შეისწავლოს არსებული სიტუაცია,“ – ამბობს ირაკლი მაჩალაძე.

მოსახლეობის თქმით, ამ ეზოში, სახლიდან 2 მეტრში, ავტობანი შენდება.

მოსახლეობა: „ასეთი ნიშნულებია ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებში, გზა შენდება და არაფერს გვეუბნებიან. თუ რამე, სასამართლოს მიმართეთო“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: