ბათუმში ახალაშენებული კორპუსის სამი ბინიდან ვიტრაჟული ფანჯრები ჩამოცვივდა

ბათუმში, პუშკინის #13-ში მდებარე ახალაშენებული მრავალბინიანი სახლიდან ვიტრაჟული ფანჯრები ჩარჩოებიანად მოწყდა და ქუჩაში ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ ეზოში გაჩერებული ავტომანქანა დაზიანდა. აქ მცხოვრებლები შიშობენ, რომ შეიძლება იგივე განმეორდეს და ეს ამბავი უფრო ტრაგიკულადაც დასრულდეს: „შეიძლება ჩამოვარდეს ფანჯარა და ვინმეს, იქვე გამვლელს დაეცეს.“

ახალაშენებული ოცსართულიანი ბინა პუშკინის #13-ში ორ მაღლივ კორპუსს აერთიანებს. სახლი მერიამ ექსპლუატაციაში 2018 წლის სექტემბერში მიიღო. ამ დროისთვის ბინების უმეტესობაში არ ცხოვრობენ. აქ ძირითადად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სადარბაზოებში თითქმის ყველა სართულზე აწყვია სამშენებლო მასალები, არის დაკეტილი ბინებიც.

მას შემდეგ, რაც ვიტრაჟული ფანჯრები ერთმანეთის მიყოლებით „გავარდა ფასადიდან“, ბინების მესაკუთრეებმა აღმოაჩინეს, რომ ცხრა კვადრატულ მეტრამდე ზომის ვიტრაჟული ფანჯარა მხოლოდ ე.წ. წებო-ქაფით იყო დამაგრებული [ამის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს]. იმავეს ამბობენ იმ ბინების მესაკუთრეებიც, რომლების ფანჯრებიც არ დაზიანებულა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მათ მეზობლებს შეემთხვათ, ფანჯრების საკუთარი ძალებით  გამაგრება გადაწყვიტეს.

უფანჯრებო ჩარჩოები დღემდე არ აღუდგენიათ და არც დარჩენილი ნაწილი გაუმაგრებიათ. მფლობელები შესაბამის რეაგირებას მშენებელი კომპანიისგან ელიან. ამ ბინებს ახლა წვიმისგან მხოლოდ პოლიეთილენის პარკი იცავს.

ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის, დავით ვაშალომიძის თქმით, ფასადის ერთსა და იმავე მხარეს, მე-17 და მე-18 სართულების ორი ბინიდან იდენტური ვიტრაჟული ფანჯრები 16 იანვარს, შუადღისას ქარმა დააზიანა. ამის შესახებ მას თავად მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა [16 იანვარს] ტელეფონით შეატყობინა. ასეთივე ფანჯარა დაზიანებულია ასევე მე-14-ე სართულზეც. როგორც აქ გვითხრეს, ეს ფანჯარა სამი დღით ადრე „ჩვეულებრივი ამინდის დროს გავარდა და არა ქარიან ამინდში.“

კიდევ ერთ ბინა, რომლის ფანჯარაც ჩამოვარდა, მე-14 სართულზეა. მესაკუთრეს ბინაში დასრულებული ჰქონდა სარემონტო სამუშაოები, ნაწილობრივ შეიტანა ავეჯი და უახლეს მომავალში საცხოვრებლად გადასვლას მცირეწლოვან შვილთან ერთად გეგმავდა.

„ბინა სესხით მაქვს ნაყიდი და ვარ მარტოხელა დედა. ვიტრაჟულ ფანჯარასთან ვაპირებდი დივნის დადგმას. წარმოვიდგენ, რომ შესაძლებელი იყო ამ დივანზე ჩემს შვილს დაეძინა და იმ დროს გავარდნილიყო ფანჯარა კედლიდან. ამაზე ფიქრიც არ მინდა“, – გვიყვება ელენე თარალაშვილი.

ბინის ინტერიერი მე-14 სართულზე, საიდანაც ვიტრაჟული ფანჯრის ერთი ნაწილი ჩარჩოდან გავარდა

დავით ვაშალომიძის თქმით კი, რომელსაც ბინაში გადატიხვრის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს, სარემონტო სამუშაოებს იმიტომ არ იწყებს, რომ მისი ბინის ფასადიდან წყალი ჟონავს. ახლა კი ამას ვიტრაჟის დაზიანებაც დაემატა. როგორც თვითონ გვიამბო, ფასადიდან წყლის გაჟონვაზე ჯერ სამშენებლო კომპანიას მიმართა, სადაც  უთხრეს, რომ ვითარებას სამუშაოთა ზედამხედველი შეისწავლიდა და „ყველაფერს მოაგვარებდა“, თუმცა დაპირებიდან რამდენიმე თვე ისე გავიდა, რომ კომპანიას რეაგირება არ ჰქონია. მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლი ექსპლუატაციაშია მიღებული და ვერაფრით დაეხმარებიან. იგივე პასუხი მიიღო ფანჯრის დაზიანების შემდეგაც.

მე-17 და მე-18 სართული – ფასადი ვიტრაჟული ფანჯრების დაზიანების შემდეგ

ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებაში მესაკუთრეს განუმარტეს, რომ ექსპლუატაციიდან ათი წლის ვადაში სახლზე ზრუნვა მშენებლის ვალდებულებაა და მერია ამ საქმეში ვერ ჩაერევა. ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელმაც გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ფანჯრის ნამსხვრევები ეზოში გაჩერებულ ავტომანქანას დაეცა და დააზიანა. მრავალბინიან სახლში მცხოვრებთა თქმით, ჯერჯერობით, არც ერთი სტრუქტურა არ დაინტერესებულა ფანჯრების ხარისხით და არც იმაზე აქვთ პასუხი, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები ფანჯრების მონტაჟის დროს.

ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე კი გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.  

მშენებელ კომპანიაში, პუშკინის #13-ში მდებარე ახალაშენებულ სახლში, ფანჯრებთან დაკავშირებულ პრობლემაზე კითხვებს წერილობით უპასუხეს. კომპანიაში ფანჯრების დაზიანება ძლიერი ქარით ახსნეს და იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ამ დროს ბათუმში სხვა ობიექტებიც დაზიანდა.

„ფაქტის შიდა მოკვლევის დროს დადასტურდა, რომ ამ საცხოვრებელ ბინაში [იგულისხმება დავით ვაშალომიძის ბინა] მიმდინარეობდა შიდა სარემონტო სამუშაოები ან/ და დატოვებული იყო ფანჯრები [კარები] ღია, რის შედეგადაც ძლიერი ქარი მოხვდა ბინაში და მოახდინა ვიტრაჟების დაზიანება“, – ნათქვამია კომპანიის წერილში, თუმცა აქ აღიარებენ იმასაც, რომ რა მოხდა სინამდვილეში, საბოლოოდ გარკვეული არ არის.

სამშენებლო კომპანია ,,DAR BUILDING”-ი ელოდება საბოლოო მიზეზის გარკვევას, რომლის შემდეგ ექნებათ შესაბამისი რეაგირება. როგორც აქ განმარტეს, თუკი დადასტურდება, რომ ვიტრაჟები არასრულყოფილად იყო დამონტაჟებული, ზიანის ანაზღაურებას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააკისრებენ, რომლებმაც ვიტრაჟების სამონტაჟო სამუშაოები შეასრულეს.

მესაკუთრე დავით ვაშალომიძე კი ამტკიცებს, რომ ფანჯარა, ისევე როგორც კარი, დაკეტილი ჰქონდა. მან ბინაში არსებული ვითარების აღწერის მიზნით სააღსრულებლო ბიუროსაც მიმართა და შეადგინა აღწერითი ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც შემდეგ პროკურატურასაც მიმართა განცხადებით. ის ამბობს, რომ 16 იანვარს ბათუმში არ ყოფილა ისეთი ქარი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ისეთ სტიქიად, როცა ახალაშენებული სახლიდან წესების შესაბამისად დამონტაჟებული ფანჯრების დაზიანება იქნებოდა შესაძლებელი: „შევისწავლე დოკუმენტურად და ვიცი, რომ ფანჯარა ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ გაუძლოს 60 მეტრამდე წამში ქარს“.

სინოპტიკოსების ცნობით, 16 იანვარს ბათუმში დაფიქსირდა ძლიერი ქარი – 25 მეტრ/წამში, ამ დღეს ქარმა სხვა ობიექტებიც დააზიანა.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

შესრულებული სამუშაოების ხარისხს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური არ ამოწმებს. როგორც განგვიმარტეს, მოწმდება მხოლოდ პროექტისა და მშენებლობის შესაბამისობა. გარდა ამისა, მშენებელი ვალდებულია სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე მერიას წარუდგინოს ცნობა ტექნიკური ზედამხედველობიდან ლიფტის გამართულობაზე.

ნახევარი მილიონი ლარი აჭარაში ფერმერებისთვის 600 ცალი შესაწამლი აპარატის შესაძენად

აჭარაში ფერმერებისთვის, აგროპროექტების მართვის ცენტრი, წელს 600 ცალ შესაწამლ აპარატს შეისყიდის. ბაღის მობილური შემასხურებელი [შესაწამლი] აპარატების შესაძენად კი 510 ათასი ლარია გამოყოფილი. ცენტრის მიერ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

აპარატების სამინისტროსთვის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად:

I ეტაპზე – 250 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეში;
II ეტაპზე – 350 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 კალენდარულ დღეში;

აპარატის ტექნიკური სპეციფიკაცია მოცემულია ელექტრონულ ტენდერში, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.

აპარატები აჭარაში ფერმერებს გასულ, 2018 წელს, თანადაფინანსებით დაურიგდათ. შესაწამლი აპარატის ღირებულების 80% დაფინანსდა აჭარის ბიუჯეტიდან, ხოლო 20% გადაიხადა ფერმერმა.

შესაწამლი აპარატები ფერმერებს წელსაც თანადაფინანსებით დაურიგდებათ. ერთი მობილური აპარატის ზუსტი ღირებულება კი ტენდერის დასრულების შემდეგ დადგინდება.

 

მთავარი ფოტო: მობილური შესაწამლი აპარატები, რომლებიც ფერმერებს 2018 წელს გადაეცათ / ფოტო: აჭარის მთავრობა

ვაკანსია ბიზნესანალიტიკოსის პოზიციაზე – დამსაქმებელი მართვის კომპანია GGM 

მართვის კომპანია GGM-ი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესანალიტიკოსის პოზიციაზე.

ვაკანსიის დასახელება: ბიზნესანალიტიკოსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები, ბიზნესი, მენეჯმენტი);

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნესპროექტის დამუშავება (კვლევა, დაფინანსების წყაროების მოძიება, პროექტის მომზადება, რისკების ანალიზი, დაფინანსების პროცესის მართვა);
  • შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან (ბიზნესი, საფინანსო ინსტიტუტები, მედია, ინვესტორები, სახელმწიფო დაწესებულებები).

სამუშაო განაკვეთი: სრული.

სამუშაო ადგილი: ბათუმი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თანდართული ფორმით მომზადებული აპლიკაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ggm.ge

აპლიკაციის ფორმა:

ელექტრონული ფოსტის დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 22 თებერვალი, 15:00 საათი.

გისურვებთ წარმატებებს!

რატომ ძვირდება ტაქსი „მაქსიმის“ მომსახურება

ტაქსი „მაქსიმის“ მომსახურება 20 თეთრით ძვირდება იმ შემთხვევაში, თუკი ტაქსს ტელეფონით, მობილური ოპერატორების დახმარებით გამოიძახებთ. ტარიფები იგივე დარჩება მობილური აპლიკაციის სარგებლობის დროს. ამ ცვლილების გამო ტაქსი „მაქსიმის“ მძღოლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს.

„მძღოლებისთვის არაფერი იცვლება. 20 თეთრი, რაზეც დავობენ ისინი, არ არის მათი შემოსავლის ნაწილი, არც კომპანიის, ეს არის  მგზავრების გადასახდელი თანხა, კონტაქტ-ცენტრის მომსახურებისთვის,“ – აღნიშნულია ტაქსი „მაქსიმის“ მიერ დღეს, 30 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

„მაქსიმში“ განმარტავენ, რომ ამ გზით ტაქსის მობილური აპლიკაცია გააქტიურდება. თუკი „მაქსიმს“ ისევ ტელეფონით გამოიძახებთ და თქვენი მგზავრობა კონკრეტულ მონაკვეთამდე აქამდე 6 ლარი ღირდა, ახლა ოპერატორი გეტყვით, რომ მგზავრობა 6 ლარი და 20 თეთრი დაგიჯდებათ. ტაქსის მძღოლთან დატოვებულ ამ 20 თეთრს გადასცემს მძღოლი სერვისცენტრს.

„მძღოლის შემოსავალი – 6 ლარი რჩება უცვლელი. ამგვარად, მძღოლი არაფერს არ კარგავს, ვინაიდან, ეს 20 თეთრი თავიდანვე არ არის მისი. ეს 20 თეთრი არის კონტაქტცენტრის მომსახურების საფასური,“ – აღნიშნავენ ტაქსი „მაქსიმში“.

ამ ტაქსის მომსახურების პირობები საქართველოს ყველა ქალაქში შეიცვალა.

 

ცვლილებები, რომელსაც სამინისტრო მეცნიერების სფეროში გეგმავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციას მართავს.

პრეზენტაციის მიხედვით, ცვლილებები ითვალისწინებს სამეცნიერო სფეროს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტ ინტეგრაციას, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ კვლევებში სამეცნიერო ეფექტიანობის სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვას, მეცნიერების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობას, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავებას, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირებას და განვითარების ხელშეწყობას, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციას.

პრეზენტაციის მიხედვით, 2019 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი გაიზარდა.

„დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა)“.

სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში – EURAXESS საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს.

„ამ მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც  EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.

EURAXESS-ში ჩართვა ქართველ მკვლევრებს კარიერულ ზრდაში შეუწყობს ხელს, აგრეთვე, საქართველოში უცხოელ სტუდენტებს მოიზიდავს“, – ნათქვამია პრესსრელიზში, რომელსაც სამინისტრო გვაწვდის.

ამავე წყაროს ცნობით, დაგეგმილია რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science) გამოცემა, რომლის რედკოლეგიის წევრები ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც იქნებიან.

„ჟურნალი საქართველოს სამეცნიერო პროდუქტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გატანას უზრუნველყოფს.

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭოს – ERC – სტანდარტები, ბლოკჩეინი და 3D ტექნოლოგიები დაინერგება. ასევე, გაძლიერდება უცხოელი ექსპერტების როლი კვლევების შედეგების შეფასების პროცესში“.

პრეზენტაციის მიხედვით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას:

„გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების  მონაწილეობით. მათი ბენეფიციარები სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან“.

უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს.

სამსახურის ცნობით, აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით, 2 723 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი 500 კოლოფი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობისთვის აჭარაში სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმსა და ჩაქვში მომხდარი ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტები გახსნეს.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული ა.თ., 1984 წელს დაბადებული მ.ბ. და 1986 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ბათუმში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მოპარვას ცდილობდა.

რაც შეეხება დ.მ.-ს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 იანვარს მან ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩიდან, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი მოიპარა, ხოლო წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული მსუბუქი ავტომობილი გაქურდა, საიდანაც მანქანის მფლობელის პირადი ნივთები წაიღო. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ა.თ. კი ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაბა ჩაქვიდან მოქალაქის კუთვნილი, „ოპელ ვექტრას“ მარკის მსუბუქი ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მოპარული მანქანა ამოღებულია ნივთმტკიცებად“ – აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-177 და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ქურდობის მცდელობის და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ რამდენიმე წუთის წინ ხანძარი იყო. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ხის სახლს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი თითქმის ჩააქრეს, თუმცა მეხანძრეები ადგილზე ამ წუთებშიც [22:30 სთ.] მუშაობენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით დაიწვა დაახლოებით 25 კვ/მ ხის ფიცრული, რომელშიც, სავარაუდოდ, არავინ ცხოვრობდა. ცეცხლი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

ქაღალდის პარკების საამქრო და სხვა საწარმოები ყოფილი პატიმრებისთვის

გურიასა და იმერეთში გაზაფხულიდან ოთხი სოციალური საწარმო გაიხსნება, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან. იდეა რეალობად ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტმა უნდა აქციოს. საწარმოები მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესსაქმიანობით იქნება დაკავებული და შექმნის გრძელვადიან სამუშაო ადგილებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც ყოფილი პატიმრები არიან, მათთვის, ვისაც დასაქმება ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირს.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ დემოკრატიის ინსტიტუტი ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა რეგიონში.

  • სასათბურე მეურნეობა იმერეთში

სასათბურე მეურნეობა გავრცელებული საქმიანობაა იმერეთში. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტმა უკვე გამართული სასათბურე მეურნეობა მოიძია და მისი გაფართოება გადაწყვიტა. სამუშაოები მეურნეობის გასაუმჯობესებლად რეგიონში უკვე დაწყებულია. აქ დასაქმებული ყოფილი პატიმრები კენკროვანებს მოაშენებენ, მარწყვსა და მწვანილსაც მოიყვანენ.

აქვე იქნება პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებაც, სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებული სოფლად მცხოვრები ყოფილი პატიმრებისთვის, როგორ უნდა მოიყვანონ ესა თუ ის კულტურა და ა.შ.

  • გათბობა-გაგრილების სისტემის დამონტაჟების სერვისი ქუთაისში

აღმოჩნდა, რომ ქუთაისში ყოფილი პატიმრების დიდ ნაწილს ეხერხება გათბობა-გაგრილების სისტემის დამონტაჟება. შესაბამისად გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ამ ტიპის მომსახურების ოფისი. ეს იქნება გათბობა-გაგრილების სისტემების დამონტაჟების უსაფრთხო, მაღალკვალიფიციური მომსახურება. დასაქმებული ყოფილი პატიმრები ჩვეულებრივ მიიღებენ ხელფასს. საწარმოს გამართვასა და მენეჯმენტში მათ თავიდან დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარებიან, შემდეგ კი ყველა საქმიანობას თავად  აითვისებენ.

როგორც ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე ამბობს, საწარმოს შემოსავალი, პირველ რიგში, ხელფასის სახით გადანაწილდება დასაქმებულ ყოფილ პატიმრებზე. ხოლო მას შემდეგ, რაც საწარმო მოგებას მოიტანს, ამ თანხით ისევ ყოფილი პატიმრების სარეაბილიტაციო სერვისები დაფინანსდება. სწორედ ამ მოდელით იმუშავებს საწარმო.

  • ქაღალდის პარკების საამქრო გურიაში

ქაღალდის პარკებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება, ბაზარი კი სრულად ათვისებული არ არის, ამიტომაც გაჩნდა გურიაში ამ პროდუქტის მწარმოებელი საამქროს გახსნის იდეა. საწარმო თავიდან სამ-ოთხ ყოფილ პატიმარს დაასაქმებს. ქაღალდის პარკები ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსთვის უსაფრთხო იქნება, ცელოფნის პარკებისგან განსხვავებით. ქაღალდის პარკების დასამზადებლად ხეები არ მოიჭრება და პროდუქტი მეორადი მასალისგან დამზადდება.

  • გრავირების საამქრო გურიაში

გრავირების საამქრო გურიაში საფლავის ქვების დამზადება-მოხატვას გულისხმობს, სადაც ასევე ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე ორი წელია ახორციელებს. პროექტის მოქმედების მესამე წელსაც აქამდე არსებული სერვისები:

სამედიცინო მომსახურება, იურიდიული კონსულტაციები, გადამზადების კურსები,  გრანტები მცირე ბიზნესის განვითარებისა და თვითდასაქმებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ბენეფიციარებისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური საწარმოები 2019 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება და ყოფილ პატიმრებს დაასაქმებს.

 


    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ჩარგალში მედუქნემ მელა მოიშინაურა

ჩარგალში, გია გოგნელაშვილის დუქანს უკვე ოთხი თვეა ზუსტად ექვს საათზე, ყოველ საღამოს სტუმრობს მელია. გია მას მწვადითა და ხინკლით უმასპინძლდება. დუქნის მეპატრონეს ადრეც ჰყოლია მელა მიჩვეული, მაგრამ როგორც გვეუბნება მოუკლეს.

„ადრეც მყვანდა მელა და მამიკლეს. აბა რა ვიცი ვინ მამიკლა, რომ მცოდნიყო შეიძლება ზედ მიმეყოლა. მელა არავის ერჩის, ხალხს რად უნდა შაეშინდეს? უკვე მეთამაშება კიდეცა და რამე. ხინკალსა და მწვადს ვაჭმევ, პურს ეგ არ ეკარება. ტურისტებსაც ეხალისებათ ნადირის ნახვა, მა რა. აეხლა უკვე მოსვლის დრო აქ, ზეპირად ვიცი როდის ველოდო“ – ამბობს დუქნის მეპატრონე.

მელიას ფოტოები ჩარგალთან ახლოს, მაღაროსკარში მცხოვრებმა ემზარ მჭედლურმა გადაიღო და ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

 

ბათუმის მერიამ ორ დღეში წერეთლის ქუჩაზე 66 კიპარისი და 45 ტუია დარგო

ბათუმის გამწვანების სამსახურმა ბოლო ორი დღის განმავლობაში წერეთლის ქუჩაზე 66 ძირი არიზონის კიპარისი და 45 ძირი მარადმწვანე წიწვოვანი – ტუია დარგო.

გამწვანების სამუშაოები ამ ქუჩაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით, გარემოვაჭრეების დახლები აიღო. მერიამ გარემოვაჭრეებს ძველ ავტოსადგურში, მეორე სართულზე შესთავაზა გადასვლა, რაზეც გარემოვაჭრეები უარს აცხადებდნენ. დღეს, 29 იანვარს, მერიასა და გარემოვაჭრეების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა – გარემოვაჭრეები ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავლენ, მაგრამ არა პირველ სართულზე, არამედ ეზოში, მას შემდეგ, რაც მერია მათთვის დახლებს გაამზადებს. შეთანხმებას გარემოვაჭრეთა ნაწილი არ ეთანხმება.

ტუიას ნერგები წერეთლის ქუჩაზე
კიპარისები. ფოტო: მწვანე ბათუმი

 

მეზღვაურთა საწვრთნელ კურსებს საზღვაო სააგენტო ვიდეოთვალით გააკონტროლებს – ახალი პროექტი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აპირებს მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი დისტანციურად, ვიდეოთვალით განახორციელოს. შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ვიდეომონიტორინგი პირდაპირ ეთერში [ონლაინრეჟიმში] განხორციელდება იმ პირობით, რომ სააგენტო არ მოახდენს ვიდეოჩანაწერების წარმოებას, შენახვას ან/და სხვა პირზე გადაცემას.

საზღვაო-საწვრთნელ კურსს მეზღვაურები ხუთ წელში ერთხელ გადიან. ვიდეომონიტორინგის მიზანი კი მეზღვაურებისა და ინსტრუქტორების ამ წვრთნებზე დასწრების გაკონტროლება იქნება.

„სააგენტოს ევალება მეზღვაურთა იმ ტრენინგცენტრების მონიტორინგი, სადაც ბაკალავრიატდამთავრებული მეზღვაურები მიდიან და სამუშაო დიპლომისთვის გადიან წვრთნებს – ეს არის, მაგალითად, პირადი გადარჩენის მეთოდები, მასების მართვა, სამედიცინო და სხვა  სპეციალიზებული ტრენინგები. ასეთი ტრენინგების გავლა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] მოთხოვნაა და ასეთ ტრენინგცენტრებს ვაღიარებთ ჩვენ, სააგენტო. ამ წვრთნების კურსის გავლის შემდეგ მეზღვაურზე სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის/კომპეტენციის სერტიფიკატს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ეფექტური მონიტორინგი და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასეთი მონიტორინგის აპრობირებული საშუალება არის ვიდეომონიტორინგიც,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ივანე აბაშიძემ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, ვიდეომონიტორინგი არ შეეხება ბაკალავრიატს და პროფესიულ პროგრამებზე სწავლას.

„რატომ ვერ ვაკეთებდით ამ დრომდე? – პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საგამოცდო და საწვრთნელი პროცესის ვიდეომონიტორინგი არ იყო ნებადართული. იანვრის დასაწყისში შევიდა ცვლილება ამ კანონში, რომელმაც მოგვცა საშუალება, განვახორციელოთ ასეთი მონიტორინგი. შესაბამისად, მეზღვაურთა პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება ჩვენი სააგენტო. მონაცემები იქნება იუსტიციისა და საზღვაო სააგენტოს სერვერებზე. მონაცემები ასახავს იმას,  რომ მეზღვაურმა ნამდვილად გაიარა ეს წვრთნა. საწვრთნელ პროცესზე დასწრება არის აუცილებელი, რადგან შემდეგ მეზღვაური როცა მოვა სააგენტოში გასაუბრებაზე, არ ჩაიჭრას,“ – ამბობს ივანე აბაშიძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტი არის სამუშაო ვერსია, დაგზავნილია ტრენინგცენტრებში და ელოდებიან მათგან შენიშვნებს. ტრენინგცენტრებს ასევე დაუწესდებათ გარდამავალი პერიოდი, რათა შეისყიდონ ვიდეოკამერები, რომლებიც საგამოცდო [საწვრთნელ] ოთახებში დამონტაჟდება და ჩაერთვება სააგენტოს ელექტრონულ პროგრამაში.

„ვიდეომონიტორინგი იქნება მტკიცებულება, რომ მეზღვაურმა ნამდვილად გაიარა საწვრთნელი კურსები. ამით მოგვეცემა შესაძლებლობა, ვაკონტროლოთ ჩვენი მეზღვაურების კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი. დაველოდებით ტრენინგცენტრების შენიშვნებს, გავითვალისწინებთ მათ და საბოლოო პროექტი შეთანხმდება ეკონომიკის სამინისტროსთან,“ – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ბათუმში ოთხი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებაა, სადაც მეზღვაურებს ასეთი კურსის გავლა შეუძლიათ. ესენია:

[checklist]

  • „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი სერტიფიცირების ცენტრი
  • შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“
  • შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“
  • შპს საზღვაო სასწავლო – საწვრთნელ ცენტრი „ეკვატორი“

[/checklist]

არც ერთ ტრენინგცენტრს თავისი შენიშვნები ოფიციალურად სააგენტოში ამ დროისთვის არ წარუდგენია. „ბათუმელები“ ყველა ზემოთ აღნიშნული სასწავლებლის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

ვიდეომონიტორინგის შემოღებით პრობლემას ვერ ხედავს „ეკვატორის“ დამფუძნებელი თემურ ვარშანიძე, ასევე, საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო ცენტრის უფროსი მურთაზ დევაძე.

ვიდეომონიტორინგში პრობლემას ვერ ხედავს ვერც „ანრის“ გენერალური დირექტორი ანზორ დიასამიძე, თუმცა ამბობს, რომ ეს იქნება დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული.

ვიდეომონიტორინგის შემოღების აუცილებლობას ვერ ხედავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ აფხაზავა, თუმცა პრობლემად არც ასეთი მონიტორინგი მიაჩნია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N05 ბრძანებით:

  • საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის [პროგრამის] მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ
  • მონიტორინგის განხორციელების პროცესში სააგენტოს შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები [ექსპერტთა ჯგუფი]
  • აღნიშნული მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება, როგორც შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის გზით, ასევე, შესაბამის საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შენობა-დანადგარების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების ადგილზე შემოწმება-შეფასების გზით

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სწორედ ამ ბრძანებაში იგეგმება ცვლილების შეტანა, სადაც დაემატება ახალი მუხლი, რომელიც  საზღვაო-საწვრთნელი კურსის [პროგრამის] მიმდინარეობის ვიდეომონიტორინგს ითვალისწინებს.

დღეს არსებული პროექტის მიხედვით, „სააგენტოს მიერ აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებული არიან, უზრუნველყონ სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვიდეოკამერების დაყენება და მათ სისტემაში ჩართვა არაუგვიანეს 2019 წლის 01 მაისისა“.

„უსამართლო სისტემის მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ“ – მეთორმეტეკლასელების აქცია ბათუმში

სიტყვა „უსამართლობას“ დღეს, 29 იანვარს, ყველაზე ხშირად ახსენებდნენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ბათუმელი მეთორმეტეკლასები. ტრანსფარანტებზეც ასე ეწერათ: „სამართალი სახლში დაგრჩათ?“. იყო გაშარჟებული ვარიანტიც: „სამართალი თუ დაგრჩათ, თავი რატომ არ დაგრჩათ?“. ნახავდით შეფასებასაც – „სამინისტროში ოროსნები არიან“…

აქციაზე შეკრებილი მოსწავლეები მთავარ აქცენტს გამოცდის ჩაბარებაზე კი არა, უთანასწორო გარემოზე აკეთებდნენ. ზოგიერთი მათგანის აზრით, საატესტატო გამოცდა უნდა იყოს კიდეც, ოღონდ განსხვავებული ფორმით და, რაც მთავარია – ყველასთვის. მოსწავლეებმა გვითხრეს ისიც, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე არ იყო გასაგები და დასაბუთებული. „ბათუმელები“ რამდენიმე მეთორმეტეკლასელს ესაუბრა.

თედო შარაბიძე, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე: „განათლების სამინისტრო როგორც იქნა მიხვდა, რომ გამოცდების ეს სისტემა არაადეკვატურობის დიდი გროვაა. ეს არანაირ განათლების დონეს არ დებს რეალურად. არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მხოლოდ ჰუმანიტარული მიმართულება და არაფერს აძლევს დაზეპირებული ფიზიკა ან მათემატიკა. ისინი ელემენტარულად გარტყმით აბარებენ გამოცდას ან სხვებისგან იწერენ. როდესაც ძველ სისტემას ცვლი ახლით, მიხვდი, რომ ეს ცუდია. ჩვენ კი ვწუხვართ იმის გამო, რომ არასრულფასოვნად შეფასებული სისტემით უნდა ჩავაბაროთ გამოცდა.

დღეს შევხვდით აჭარის განათლების მინისტრს, თუმცა რეალური გულისტკივილი ვერ დავინახეთ. ისინი, უბრალოდ, დაზეპირებული ფრაზებით გვესაუბრებიან. დაირღვევა ლოგიკური ციკლიო. არანაირი ციკლი არ არსებობს რეალურად. მახსოვს, იყო პრეცედენტი მარიხუანასთან დაკავშირებით, როცა ბიუროკრატიული მექანიზმები დაჩქარდა… ჩვენ არ უნდა გვქონდეს უსამართლო სისტემის მსხვერპლის შეგრძნება.“

თედო შარაბიძე

ალექსანდრე ქოიავა, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე: სინამდვილეში, საატესტატო გამოცდები არის ძალიან ადვილი, საერთოდ არაა საჭირო ტვინი მის ჩასაბარებლად. საერთოდ, განათლების სისტემაა ძალიან ცუდი. პროგრამები არის ძალიან ძველი, ძველი მეთოდებით ასწავლიან, მასწავლებლები არიან მოხუცები და ბევრი სხვა პრობლემაა… მინდა ასევე გითხრათ, რომ დღეს ნიშანი და გამოცდა არის მოტივაცია. ეს ასე არ უნდა იყოს. ცოდნის მიღება რეალურად უნდა გინდოდეს, გულით უნდა სწავლობდეს. მე, მაგალითად, მინდა ვისწავლო კარგად მათემატიკა, პროგრამისტი მინდა გავხდე. ამ დონეზე ვერ მასწავლის სკოლა. მიწევს რეპეტიტორთან სიარული… ჩემი აზრით, ბევრი მიმართულებით არის ცვლილება საჭირო.

ალექსანდრე ქოიავა

მარიამ პაპავა, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე: მე ვფიქრობ, რომ როცა თორმეტი წელი დადიხარ სკოლაში, ოთხი გამოცდის ჩაბარება და ბარიერის გადალახვა კი უნდა შეძლო. რის გამოც გამოვედი აქ, არის ის, რომ არათანაბარი გარემოა… მე უფრო მომხრე ვარ პროფილური განათლების. მეცხრე კლასამდე უნდა ხდებოდეს ზოგადი განათლების მიღება, შემდეგ კი კონკრეტულ საგნებში გამოცდაც უნდა იყოს. მასწავლებლები უნდა იყვნენ იმ დონეზე მომზადებული, რომ შეძლონ მოსწავლეებისთვის ცოდნის მიცემა. არსებობს მასწავლებლების პრობლემა სკოლაში.

ზუკა ნემსაძე, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე:  „არ გეგონოთ, რომ ჩვენ ბოღმიანები და შურიანები ვართ. ჩვენ გვინდა ვიყოთ თანაბარუფლებიანები. განათლების მინისტრის შეფასება, რომ ეს იყო არაეფექტური გამოცდები, ჩემთვის შეურაცხმყოფელია. გამოდის, რომ ორი წელია ვაბარებ გამოცდას, რომელიც არაეფექტური ყოფილა და არ მცოდნია. აჭარის განათლების მინისტრმა დღეს შეხვედრაზე გვითხრა, რომ ეს არის ლოგიკური ციკლი, რომელიც უნდა დასრულდესო. გამოდის, რომ ჩვენ ვართ ნარჩენები, რომლებიც რაღაცას ასრულებენ.

მე თუ მკითხავთ, საატესტატო გამოცდა საერთოდ არ უნდა მოხსნილიყო, პირიქით, იგი უნდა გაუმჯობესებულიყო, რადგან თორმეტწლიან გამოცდილებას ამტკიცებ სადღაც. მეორე მხრივ, ეს ერთგვარი სტრესი იყო ორი წლის განმავლობაში. ჩემი აზრით, სკოლამ არ უნდა დაკარგოს ფუნქცია და ასეთ განცხადებებს, რაც განათლების სამინისტრომ გააკეთა, სჭირდება სერიოზული მომზადება. ბავშვები, მეთერთმეტეკლასელები, სექტემბრიდან დადიოდნენ რეპეტიტორებთან. ახლა გამოდის, რომ აღარაა გამოცდა. იმათ კიდევ სხვა საფიქრალი აქვთ, ჩემი აზრით. მათ არ იციან რა მოხდება, ვიდრე სკოლას დაასრულებენ.

ჩვენ დილიდან გამოვედით ქუჩაში. მთავრობის სახლთანაც მივედით, უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ვთხოვეთ მხარდაჭერა. ბოლოს მინისტრს შეგვახვედრეს, რომელმაც წარმატება გვისურვა საატესტატო გამოცდებში. ზოგი გვეუბნება, რატომ აპროტესტებთ, ზოგადი განათლება ხომ უნდა გქონდეთო. ზოგად ცოდნას ჩვენ ისედაც უნდა გვაძლევდეს სკოლა. ქუჩაში როცა ვინმე გაგვაჩერებს და მოსაზრების გამოხატვას გვთხოვს, უცოდინრობა არ უნდა ჩანდეს ჩვენს კომენტარებში.

 

 

 

ამ თემაზე:

ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები გამოცდებზე

საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ გუნდ „მეზღვაურების“ წარმატება ინტელექტუალურ თამაშში

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტურ და საზოგადოებრივ აქტივობებში. ამას მოწმობს მრავალი პრიზი და ჯილდო, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა სხვადასხვა, მათ შორის, სპორტულ შეჯიბრებებში მოიპოვეს.

კიდევ ერთი წარმატება სასწავლებლის სტუდენტებმა ამჯერად ინტელექტუალურ თამაშებში მოიპოვეს. გუნდმა -„მეზღვაურები“  -საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინტელექტუალურ თამაშში „წიგნის თარო“ შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა. გუნდი სამი წევრისგან შედგება. ილია ნიქაბაძე, ნიკა სურმანიძე და გიორგი ზოიძე თადარიგის პირველი რანგის კაპიტნის, ბადრი დოღონაძის კურატორობით, რომელიც მუდმივად ზრუნავს სტუდენტების აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ინტენსიურად ემზადებიან პირველი ტურისთვის.

აღსანიშნავია, რომ თამაშის მონაწილე ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების გუნდებიდან „წიგნის თაროს“ შესარჩევი ეტაპი მხოლოდ „ანრის“ გუნდმა გადალახა. ამდენად, ისინი მხოლოდ სასწავლებელს კი არა, უკვე ბათუმს წარმოადგენენ.

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – ბათუმში აქცია გაიმართა

დღეს, 29 იანვარს, ბათუმში, ვარდების სკვერში მორიგი აქცია -„არა ქიმიურ ტერმინალს“ – გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ არ დაუშვას ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 7 თებერვალს იწყებენ ბალავრის ჩასხმას პორტში. კითხვები უამრავია, პასუხები არ არის გაცემული. აქ გვაქვს საქმე ვიწრო ინტერესებთან, რომელსაც მთელი ქალაქი უნდა შეეწიროს. ბატონ მერს მივმართავ, გამოვიდეს, შეგვხვდეს, გაგვცეს პასუხი, ის ხალხის არჩეულია და ყველაზე ლეგიტიმურია ამ თემაში. მისი ხელმოწერაა საჭირო, რომ დაიწყოს მშენებლობა და თუ მას ხელი მოწერილი აქვს, დანარჩენს ალბათ უკვე საზოგადოებასთან ერთად მთელი საინიციატივო ჯგუფი შევათანხმებთ და ძალიან მასშტაბურ აქციაში გადავალთ, რომელიც არ დამთავრდება არანაირი დაპირებების გამო, სანამ ოფიციალურად არ გამოცხადდება ამ პროექტის გაჩერება,“ – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ვატო ნებურიშვილმა.

აქცია ბათუმში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 23 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ბათუმის #7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი მოეწყობა და ექსპლუატაციაში შევა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.

პორტში კარბამიდის ტერმინალის აშენების წინააღმდეგ ბათუმში არაერთი აქცია გაიმართა. მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ პორტში არა მხოლოდ კარბამიდის, არამედ სხვა ქიმიური ნივთიერებების გადატვირთვაც მოხდება, რაც ეკოლოგიური საფრთხეა ბათუმისათვის.

ამავე თემაზე:  ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს  

რამდენად საშიშ ნივთიერებებს გადაიტანენ ტერმინალიდან – ქიმიკოსები VS მოწინააღმდეგეები

 

 

შრომის უსაფრთხოების მენეჯერის აკრედიტებული პროგრამა ბათუმში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მოსამზადებელ აკრედიტებულ პროგრამაზე. პროგრამა შედგენილია სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და სრულად პასუხობს შრომის უსაფრთხოების სფეროში  არსებულ გამოწვევებს. პროგრამა განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე, დამწყები შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისათვის.

კურსის ხანგრძლივობა: 20-25 დღე, 130 საათი.  კურსის დაწყების სავარაუდო დრო: 2019 წლის 18 თებერვალი (პირველი ჯგუფი).
ტრენინგის ჩატარების გრაფიკი შედგება მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით.
სწავლების ენა – ქართული.

წინასწარი პრეზენტაცია: 2019 წლის 2 თებერვალი. მის: ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქ.3ა (დამოუკიდებელი უნივერსიტეტის შენობა, მე-4 სართული)

[checklist]

  • კურსის გავლა შეუძლია არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირს 18 წლის ასაკიდან
  • კურს უძღვებიან დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტები და საერთაშორი სერტიფიკატების მქონე ექსპერტები
  • კურსდამთავრებულებზე გაიცემა აკრედიტებული სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია
  • იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ სფეროში, აღნიშნული აკრედიტებული სერტიფიკატის მიღება შეუძლიათ მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში.

[/checklist]

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: https://bta.edu.ge/?p=759 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, თბილისი, წერონისის 208
მობ: 593 30 32 11;  574 00 80 80;
(+995 32) 2 24 95 57;
ელ ფოსტა: btaedu@yahoo.com
www.bta.edu.ge

Facebook: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული სასერტიფიკატო პროგრამა

ბათუმში ზოგიერთ ქუჩას საღამოს 11 საათიდან წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

დღეს, 29 იანვარს, 23:00 საათიდან 30 იანვრის 08:00 საათამდე, ბათუმში წყლის მიწოდება შეუწყდებათ  რამდენიმე უბნის აბონენტებს. წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელსაც შპს „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი კომპანია ატარებს.

წყალმომარაგება შეეზღუდება:

  • ლერმონტოვის, თაყაიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს – ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
  • მამია კომახაძისა და გ.ბრწყინვალის ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების მონაკვეთში;
  • პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების მონაკვეთში;
  • ჯავახიშვილის ქუჩას – აბუსერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
  • სარაჯიშვილის ქუჩას, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის I და II შესახვევებს;

აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222 ან 1152

შეთანხმება შედგა – გარემოვაჭრეები ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავლენ

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, მოვაჭრეების წარმომადგენლებსა და ქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა.

შეთანხმების თანახმად, გარემოვაჭრეები არ ავლენ ძველი ავტოსადგურის მეორე სართულზე სავაჭროდ, დაელოდებიან, როდის დადგამს ქალაქის მერია სავაჭრო ფანჩატურებს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ  დაიწყებენ მუშაობას.

მერიაში განაცხადეს, რომ 150-მდე სავაჭრო ფანჩატური მათთვის დაახლოებით 10-15 დღეში დამზადდება.

გარემოვაჭრეების წარმომადგენლები ამჟამად ბათუმის მერიაში იმყოფებიან, დღეს ისინი მერიის მრჩეველთა საბჭოს შეხვდნენ.

შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ავტოსადგურის ხელმძღვანელობამაც.

გარემოვაჭრეებმა დღეს  მერიაში მერის, ლაშა კომახიძის სახელზე დაწერილი იმართვა მიიტანეს და მერიას სთხოვეს, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი – ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორია გარემოვაჭრეებისათვის მისაღები არ იყო, ისინი შიშობენ, რომ რადგან ტერიტორია ბაზრის ახლოს მდებარეობს, მათი პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი ავტოსადგურის მეორე სართულზე არ ავა და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

გარემოვაჭრეთა დახლები წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო  და ამ ტერიტორიის გამწვანება დაიწყო. 

მარიამ ჯაში გამოცდების გაუქმებაზე: მეთორმეტეკლასელებს არათანაბარ პირობებში ვაყენებთ

დღეს ბათუმსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მეთორმეტეკლასელებმა აქციები გამართეს და საატესტატო გამოცდების გაუქმება მოითხოვეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. მაგრამ გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ მე-12- კლასელებს არსებული ფორმატით. ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი.

განათლების სამინისტროს დაანონსებულ ცვლილებებს დღეს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. მისი აზრით, „მეთერთმეტეკლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები თუ უქმდება, არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მე-12- კლასელებს… პირადად მე მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად. საბოლოო გადაწყვეტილება 13-15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე“.

მარიამ ჯაშის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც გაჟღერდა გამოცდების გაუქმების შესახებ, „იყო ხედვა და არა გადაწყვეტილება“.

დეპუტატის შეფასებას გამოცდების გაუქმების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მეთორმეტეკლასელებს დღეს დაანონსებული აქვთ აქცია, სადაც მათთვის საატესტატო გამოცდების ჩაბარების ვალდებულებას გააპროტესტებენ. დღეს დილით  ბათუმში ამ შინაარსის გამაფრთხილებელი აქციაც გამართა.

______________

მთავარ ფოტოზე: მარიამ ჯაში. ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან 

 

ბათუმის პორტი გაფიცვის უკანონოდ მიჩნევას ითხოვს

ბათუმის საზღვაო პორტი თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. პორტი გაფიცვების უკანონოდ მიჩნევას ითხოვს.

საპროტესტო აქცია ბათუმის საზღვაო პორტში 2018 წლის აპრილში იმართებოდა. მაშინ მოშიმშილეები ითხოვდნენ „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომას, სამსახურიდან გათავისუფლებული 25 თანამშრომლის დაბრუნებას და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას.

“ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც მცურავი საშუალებების კაპიტნების მიმართ, ვინც იმ დღეებში, ფაქტობრივად, პიკეტირება მოახდინა. გემებმა ვერ მოახერხეს შემოსვლა, ასევე – გასვლა. ეს დასჯადი ქმედებაა…” – უთხრა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს ბათუმის პორტის ინტერესების დამცველმა, ირაკლი გოლიაძემ.

“იმ შემთხვევაში, თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, ბათუმის პორტს შეეძლება კონკრეტულ თანამშრომლებს შრომითი კონტრაქტი შეუწყვიტოს. როგორც ჩანს, ეს ინტერესია,” – ამბობს ზვიად სურმანიძე, ბათუმის პორტის პროფესიული კავშირის ინტერესების დამცველი. იგი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ამ საქმეზე მოპასუხე პროფესიული კავშირი არ უნდა იყოს.

“ჩვენ არ ვიყავით ამ აქციის ორგანიზატორი,” – აზუსტებს ის.

რა არგუმენტებით მიიჩნევს გაფიცვას უკანონოდ ბათუმის პორტი? – ირაკლი გოლიაძეს ამ საკითხზე არც სხდომაზე და არც სხდომის დასრულების შემდეგ არ უსაუბრია. მან მოსამართლეს სხდომის გადადება მოსთხოვა.

“არსებობს მორიგების შესაძლებლობა. ეს პირადად ჩემი ინიციატივაა,” – თქვა ბათუმის პორტის იურისტმა.

სხდომის გადადების შუამდგომლობას პროფესიული კავშირიც დაეთანხმა.

“ორივე მხარის მზაობა ჩანს. სხდომა გადაიდება,” – აღნიშნა მოსამართლემ და შემდეგი სხდომის თარიღი გამოაცხადა. თუკი მხარეები ვერ მორიგდებიან, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

 

 

 

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ავტოსადგურში სავაჭრო ფანჩატურების აშენებას სთავაზობს

დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, მათ მერიაში მერის, ლაშა კომახიძის სახელზე დაწერილი მიმართვა მიიტანეს და მერიას სთხოვეს, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი – ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორია, გარემოვაჭრეებისათვის მისაღები არ არის. ისინი შიშობენ, რომ რადგან ტერიტორია საკოლმეურნეო ბაზრის ახლოს მდებარეობს, მათი პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი ავტოსადგურის მეორე სართულზე არ ავა და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

ამ წუთებში [12:50] გარემოვაჭრეების ჯგუფიდან ათი ადამიანი ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს ხვდება. 

გარემოვაჭრეებს შეხვდა ბათუმის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯუმბერ კობალაძეც.

„ჩვენ დიდი ხანია გვაქვს მათთვის ალტერნატიული ფართი გამოყოფილი, ავტოსადგურის მეორე სართულს იწუნებენ, თუ მეორე სართულზეა პრეტენზია და პრობლემა, ჯერჯერობით გადავიდნენ, დამკვიდრდნენ იქ როგორც მოვაჭრეები, მე ვაძლევ მათ პირობას და პირობას მისცემს ავტოსადგურის ხელმძღვანელობა და მესაკუთრეები, მათ მიერ მოწონებული ესკიზის მიხედვით, გარე პერიმეტრზე აშენდება, გნებავთ სავაჭრო ჯიხურები, გნებავთ ღია ან დახურული სავაჭრო 170 ფანჩატური. წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობდა 140-მდე მოვაჭრე, ჩვენ 170 ფანჩატურს გავაკეთებთ, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ ჩამოვიდნენ ეზოში,“ – განაცხადა ჯუმბერ კობალაძემ.

ამვე თემაზე: „გთხოვთ, მოგვცეთ არსებობის საშუალება“ – გარემოვაჭრეები ბათუმის მერს მიმართავენ 

როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში 

„იმ ტიპის შეზღუდვა, რომელიც არ ემსახურება მიზანს და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას, არის უკანონო,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იგი რამდენიმე ბიზნესკომპანიის ინტერესების დაცვას აპირებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ მონაწილეობენ – მათ სამუშაო გამოცდილება არ აქვთ.

სახელმწიფო შესყიდვებში შემსყიდველ ორგანიზაციებს კონკრეტული პირობების დაყენების უფლება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილებაა, რომლის არქონის შემთხვევაში, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.

„ეს კეტავს ბაზარზე კონკურენციის შესაძლებლობას. „გამოცდილება“ – ეს მოთხოვნა იქცა მანკიერ პრაქტიკად და განგრძობითი ხასიათი მიიღო. საჭირო არის თუ არ არის, ხშირად შემსყიდველი დაუსაბუთებლად ითხოვს სამწლიან გამოცდილებას. სახელმწიფო შენ გთხოვს გამოცდილებას, მაგრამ ამ გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა არ გეძლევა. გასაგებია, რომ სახელმწიფოს ამ გზით სურს დაიზღვიოს თავი – არაკომპეტენტურმა კომპანიამ არ მოიგოს ტენდერი, მაგრამ 21-ე საუკუნეში სხვა გზები არსებობს ამ რისკების დასაზღვევად, მაგალითად, საბანკო გარანტია. მთავარია, კომპანიას ჰქონდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰყავდეს ადამიანური რესურსი,“ – აღნიშნავს გიორგი ხიმშიაშვილი.

იურისტი ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად, გზების კეთილმოწყობაზე. ამ მიმართულებით ტენდერს სახელმწიფო ორგანიზაციები აცხადებენ, ახლადშექმნილ კომპანიას კი, გამოცდილების მიღების საშუალება სხვაგან არ ეძლევა. გიორგი ხიმშიაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა ამ მიდგომით რამდენიმე მსხვილი კომპანიისთვის ბაზარზე უკონკურენტო გარემო შექმნეს, რომლებიც შემდეგ იოლად ახერხებენ ერთმანეთთან გარიგებას.

„ჩვენ მივიღეთ ასეთი სურათი: შემსყიდველები ყველა შესყიდვაზე, შინაარსის გამოკვლევის გარეშე, შაბლონურად ითხოვენ გამოცდილების კრიტერიუმს. ამან წარმოშვა ვიწრო კონკურენტული შესაძლებლობები – კომპანიებს, რომლებსაც ამ ტიპის გამოცდილება აქვთ, არიან ძალიან ცოტა, ისინი ახდენენ ხშირად ბაზრის გადანაწილებას, ხშირ შემთხვევაში ეს ბაზარი გახდა მონოპოლიზებული,“- ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი.

სატენდერო პირობების გასაჩივრება მათ შორის, პირობებში გამოცდილების სავალდებულო მოთხოვნად განსაზღვრა, კომპანიებს შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში შეუძლიათ. „იურიდიული მრჩეველი“ ამ შემთხვევაში შესყიდვების სააგენტოსთან ერთად, კონკურენციის სააგენტოსთვის აპირებს მიმართვას. ეს სააგენტო უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენციის პირობის დაცვას.

კონკურენციის სააგენტოს ბოლო პერიოდში 10-მდე საქმე განუხილავს, რომლებიც შესყიდვების პროცესში გამოცდილების მოთხოვნის დასაბუთებას შეეხებოდა. სააგენტოს კონტროლის მექანიზმი რეკომენდაციის გაცემით შემოიფარგლება.

„კონკურენციის სააგენტოს პოზიციით, სახელმწიფო შესყიდვებში გამოცდილების მოთხოვნა ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული და ემსახურებოდეს შესასყიდი საქონლის მომსახურების ხარისხსა და ვადების დაცვით მიღებას. სააგენტომ, დაახლოებით, 10-მდე საქმე განიხილა, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან კონკურენციის შემზღუდველი პირობების დაწესებას. კონკურენციის სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა არაერთი რეკომენდაცია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ეგზავნებათ შემსყიდველ ორგანიზაციებს და ხდება მსგავსი შემზღუდველი ქმედებების მაქსიმალური პრევენცია.

კონკურენციის სააგენტოში პერმანენტულად ტარდება ტრენინგები, როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთათვის, რათა მოხდეს მათთვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და არსებული მიდგომების თაობაზე ინფორმაციისა მიწოდება“, – მოგვწერეს კონკურენციის სააგენტოდან.

სააგენტოს მონაცემებით, დღემდე მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია 8 შემთხვევაში შესრულდა.

 

 

„გთხოვთ, მოგვცეთ არსებობის საშუალება“ – გარემოვაჭრეები ბათუმის მერს მიმართავენ

დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან ის გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, რომელთა დახლები წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო. ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად.

„დასაქმების ადგილის არარსებობის გამო იძულებულნი ვართ, შვილების გამოსაკვებად აუცილებელი თანხა გამოვიმუშაოთ ქუჩაში ვაჭრობით. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ყოველ დღე ქუჩაში დგომა არ არის ჩვენი არჩევანი, ამ რეალობის წინაშე დაგვაყენა მრავალი წლის განმავლობაში სახელწიფოს უპასუხისმგებლობამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ,“ – აღნიშნულია წერილში, რომლითაც გარემოვაჭრეები ბათუმის მერს მიმართავენ.

წერილში აღნიშნულია, რომ მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი – ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორია, გარემოვაჭრეებისათვის მისაღები არ არის. ისინი შიშობენ, რომ რადგან ტერიტორია საკოლმეურნეო ბაზრის ახლოს მდებარეობს, მათი პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი ავტოსადგურის მეორე სართულზე არ ავა და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

„მივმართავთ მერიას, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. არაერთ ევროპულ ქალაქში სწორედ მერია უკეთებს ორგანიზებას ქუჩაში განლაგებულ სავაჭრო დახლებს, მერია შეიმუშავებს მათ დიზაინს და უზრუნველყოფს სანიტარული ნორმების დაცულობას.

ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ შესაბამის ორგანოებთან, რათა მოხდეს გარევაჭრობის მოწესრიგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

გთხოვთ, მოგვცეთ არსებობის საშუალება,“ – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც მერიასთან შეკრებილი გარემოვაჭრეები ხელს აწერენ.

_________________

ამავე თემაზე: დაკავებული გარემოვაჭრე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

24 მილიონი ლარი ფაროსანას საწინააღმდეგოდ და საჩივრები დავების საბჭოში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შესაბამისი პრეპარატების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ჯამში, 24 მილიონ 200 ათასი ლარით. სურსათის სააგენტოს ამ ორივე ტენდერისთვის კერძო კომპანიები დავების საბჭოში უჩივიან.

[checklist]

  • აზიური ფაროსანას მოსაზიდად 250 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [დამჭერი ხაფანგის გარეშე] შესაძენად ქვეყნის ბიუჯეტში 6 მილიონ 875 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხითაა გამოცხადებული შესაბამისი ტენდერიც;
  • 385 ტონა პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდის [მოქმედი ნივთიერება – დელტამეტრინი, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებისთვის] შესაძენად კი – 17 მილიონ 325 ათასი ლარი. ეს ტენდერიც გამოცხადებულია.

[/checklist]

ფერომონიანი მისატყუარის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში სურსათის ეროვნულ სააგენტოს შპს pressco უჩივის. ამ კომპანიას სააგენტომ ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა.

კომპანია ამტკიცებს, რომ სააგენტოს სატენდერო კომისიის ასეთი გადაწყვეტილება უკანონოა და ითხოვს გაუქმდეს კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, „მიღებულ იქნას კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და სატენდერო კომისია დაუბრუნდეს შპს pressco-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპს“.

დავების საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

აღნიშნულ ტენდერში, შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, დისკვალიფიკაცია ამ დროისთვის სამ კომპანიას მისცეს. აქედან მომჩივანი pressco ფერომონიანი მისატყუარს სააგენტოს 5 მილიონ 825 ათას ლარად სთავაზობს, ხოლო მეოთხე პრეტენდენტი, რომლის შეთავაზებაც წესით სატენდერო კომისიამ უნდა განიხილოს – 6 მილიონ 750 ათას ლარად.

პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში კი სურსათის სააგენტოს სატენდერო კომისიას შპს „თეზვი“ უჩივის, რომელიც სააგენტოს მომსახურებას 16 მილიონ 778 ათას ლარად სთავაზობს. კომპანიაში თვლიან, რომ სატენდერო კომისიამ მათ უკანონოდ მოსთხოვა ცნობა [შესაბამისი დოკუმენტი] მწარმოებლისგან პრეპარატის წარმოშობის შესახებ.

„შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა გამოვევლინეთ გამარჯვებულად, შესაბამისად, უნდა შეცვლილიყო ტენდერის სტატუსიც, ხოლო ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება უნდა მოეთხოვათ ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. [მოვითხოვთ] გაუქმდეს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიღებულ იქნას კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და შპს „თეზვი“ გამოვლინდეს გამარჯვებულად“ – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოს ამ დროისთვის არც აღნიშნულ საკითხზე მიუღია გადაწყვეტილება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 29-30 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში უნალექო ამინდი იანვრის ბოლომდე შენარჩუნდება.

_______________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით  ევროკომისიის ტრანპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ჰენრიკ ჰოლოლეი იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დღეს, 28 იანვარს  ჰენრიკ ჰოლოლეისა და  სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის  დავით ფერაძის შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე მხარეებმა  სს „საქართველოს რკინიგზის“ და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროპააზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და  მასთან დაკავშირებული მიღწევები და გამოწვევები.

მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. განვიხილეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობები და ის მიმდინარე პროექტები, რომლებსაც  საქართველოს რკინიგზა ამჟამად ახორციელებს. ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სარკინიგზო სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტატუსზე, “  – განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“  გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.     

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა  ასევე განიხილეს  სს „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები:

[checklist]

  • თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაცია;
  • მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთზე გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები;
  • საკონტრეილერო გადაზიდვების უზრუნველყოფა;
  • მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სახელმწიფო რეგულირება;
  • სიგნალიზაცია-ცენტრალიზაცია-ბლოკირების  ახალი სისტემების დანერგვა;

[/checklist]

 

ხვალ, ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირისაქართველოს  მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომაა დაგეგმილი. ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში  30 იანვარს დასრულდება.

დაკავებული გარემოვაჭრე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ქსენია ქელეში მოსამართლე სალიხ შაინიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს ის გარემოვაჭრეა, რომელიც დღეს, 28 იანვარს, პოლიციელებმა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის დროს დააკავეს.

„ვითხოვ ადვოკატის მომსახურებას,“ – მიმართა მოსამართლეს დაკავებულმა.

ადვოკატის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა. ამ მოტივით გადაიდო დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა პირველ თებერვლამდე.

ქსენია ქელეშს ადმინისტრაციული წესით წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან.

„შევეპასუხე, კი. რა დავაშავე, აბა, ასე რომ მომექცნენ?“ – თქვა დაკავებულმა.

ქსენია ქელეშმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„დაკავების დროს მხოლოდ, პოლიციის შენობაში – არა,“ – დააზუსტა ქსენია ქელეშმა.

ქსენია ქელეში დღეს სამის ნახევარზე დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებიდან პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს.

გარემოვაჭრეების დახლები წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებზე გუშინ ღამით აიღეს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. ბათუმის მერია მათ ალტერნატიულ ფართობს სთავაზობს, თუმცა გარემოვაჭრეები შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებენ.

ტაქსი “მაქსიმის” მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 28 იანვარს, ტაქსის კომპანია “მაქსიმის” მძღოლებმა ბათუმში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ტაქსის მძღოლების კომპანიის მიერ მათთვის დაწესებულ გაზრდილ მომსახურების ტარიფს აპროტესტებენ. აქამდე კომპანიას მძღოლები შეკვეთის 10%-ს უხდიდნენ, 2019 წლის იანვრიდან კი ამ 10%-ს 20 თეთრი დაემატა.

“კომპანია მგზავრის მიერ ჩვენთვის ზედმეტად დატოვებული თეთრების წილში გვიჯდება. მოვითხოვთ, რომ კომპანიამ გააუქმოს ეს ტარიფი” – ამბობენ მძღოლები. ისინი ჟურნალისტებთან თავიანთ ვინაობას არ ასახელებენ, რადგან, მათი თქმით, აქციაში მონაწილე მძღოლებს კომპანია ბლოკავს.

მძღოლების თქმით ბათუმში “მაქსიმში” 4 ათასი მძღოლია რეგისტრირებული, ყოველდღიურად ქალაქში კი დაახლოებით 700-მდე ავტომანქანა მოძრაობს.

მძღოლები მასშტაბურ აქციას ხუთშაბათს, 31 იანვარს,  12 საათზე გეგმავენ. მათი თქმით, თუკი კომპანიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ გადასახადის გაუქმების შესახებ, აპირებენ საჯაროდ ჩამოხიონ მანქანებიდან „მაქსიმის“ რეკლამა.

მძღოლების გაფიცვა
ფოტო: ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
მძღოლების გაფიცვა
ფოტო: ბათუმელები

31 იანვარს სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება რვა საათით შეჩერდება

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება.

„სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე  ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილას, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება,“ – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში, რომელიც საკონსულოს ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

საკონსულოს განცხადებით,  მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.

რა ნახა გამომძიებელმა ლავასოღლის სახლის ჩხრეკის დროს

“ლავასოღლის საცხოვრებელი სახლი სასამართლოს განჩინების საფუძველზე გავჩხრიკეთ,”- დაიწყო ამბის მოყოლა გამომძიებელმა, უჩა კახიძემ. მან დღეს, 28 იანვარს, სასამართლოს “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა, მათ შორის, ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მინდია ლავასოღლის სახლის ჩხრეკაზე.

ლავასოღლის სახლი სამართალდამცველებმა 17 ივლისს გაჩხრიკეს.

“იქ იყო რამდენიმე პასპორტი ლავასოღლის სხვადასხვა ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით, ასევე მეხსიერების ბარათები, დისკები, ნოუთბუქი… ამოვიღეთ ის ნივთები, რომლებსაც საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა,” – აღნიშნა გამომძიებელმა უჩა კახიძემ.

“სად წაიღეთ ეს ნივთები?”- იკითხა ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

მოწმემ თქვა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები გამომძიებელ არჩილ სურმანიძეს გადასცა.

სამართალდამცველების გარდა დღევანდელ პროცესზე ჩვენება დაზარალებულებმაც მისცეს. მაგალითად, დუგლას ბელთაძემ მოსამართლე ლევან გელოვანს უთხრა, რომ მას 10 დღის ნაყიდი ავტომანქანა პოლიციელებმა ჩამოართვეს.

“მანქანა მე და ჩემმა მეგობარმა ვიყიდეთ 3500 ამერიკულ დოლარად ლიზინგით. ლომბარდიდან  წამოვიყვანეთ იმ პირობით, რომ თვეში 400 დოლარს გადავიხდიდი.

ანბანის კოშკთან ახლოს გამაჩერა პოლიციამ. მითხრეს, რომ მანქანასთან დაკავშირებით პრობლემაა და რაღაც უნდა გავარკვიოთო… მე დამაკავეს და გადამიყვანეს ნარკოლოგიურში შემოწმებაზე… ნარკოლოგიურადან იმ დღესვე გამომიშვეს, მანქანა კი იქ დარჩა, ახლაც იქაა,” – თქვა მოწმე დუგლას ბელთაძემ.

ავტომანქანის წართმევა ერთი დეტალია ამ საქმეში – პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა ეს ავტომანქანა ერთ-ერთ დაზარალებულს დაათმობინეს.

მთლიანობაში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 10 პირი პოლიციამ გასული წლის ივლისში დააკავა. ოთხი ბრალდებულის – მინდია ლავასოღლის, ივანე გიგიაძის, შოთა კეკელიძისა და ზაალ ახვლედიანის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების მოსმენა ახლაც გრძელდება. ამ ბრალდებულების საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს.

მინდია ლავასოღლი სასამართლო პროცესებს ისევ არ ესწრება. იგი ივლისში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულმა მედიამ 25 ოქტომბერს გაავრცელა. ამ დრომდე ლავასოღლი საქართველოში ექსტრადირებული არ არის, თუმცა ის საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად.

საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ზოგიერთი ადვოკატი კი ხაზს უსვამს იმას, რომ რამდენიმე ბრალდებულის მიმართ მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერია წარმოდგენილი მტკიცებულებად, ჩანაწერების ნამდვილობა – საკამათო.

ამ თემაზე:

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ” – ლავასოღლის ფარული ჩანაწერები სასამართლოში

 

მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდას აღარ ჩააბარებენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 წელს მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, საატესტატო გამოცდების ჩაბარება მაინც მოუწევთ მე-12-კლასელებს არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ, დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა აქვე დასძენენ, რომ 2020 წლიდან უმაღლესი სასწავლებლები თვითონ დააწესებენ მისაღები გამოცდების ბარიერს.

ამავე თემაზე: 

ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები გამოცდებზე

 

მინისტრი: არ შეიძლება გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებს სხვადასხვაგვარი მომზადება სჭირდებოდეს

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გამოცდების ახალი მოდელის პრინციპი ეროვნული გამოცდების საკითხების  სასკოლო პროგრამასთან დაახლოება იქნება.

„ჩვენ თუ ვსაუბრობთ ძირეულ რეფორმებზე, განათლების ხარისხის ორიენტაციაზე, პირველ რიგში რაც გვჭირდება, სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი როლი. სკოლის როლის დაბრუნების გარეშე მაღალი განათლების ხარისხზე საუბარი ზედმეტია.

ბავშვებსა და მშობლებს ორიენტაცია უნდა ჰქონდეთ არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე.

არ შეიძლება გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებს სხვადასხვაგარი მომზადება სჭირდებოდეს.  შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საგამოცდო პროგრამა მაქსიმალურად დაუახლოვდეს სკოლის პროგრამას,“ – განაცხადა მინისტრმა დღეს, 28 იანვარს, გამოცდების ახალი მოდელის პრეზენტაციაზე.

ახალი მოდელის მიხედვით, მე-11 კლასის საატესტატო გამოცდები 2019 წლიდან გაუქმდება, ეროვნულ გამოცდებზე კი სავალდებულო მხოლოდ სამი საგნის ჩაბარება იქნება.

ამავე თემაზე: 

ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები გამოცდებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო დნმ-ის ლაბორატორიას ქმნის

შინაგან საქმეთა სამინისტრო დნმ ექსპერტიზის ლაბორატორიას ქმნის. სამინისტროს ინფორმაციით, „ლაბორატორიის უმთავრესი პროფილი იქნება კრიმინალისტიკურ დნმ ექსპერტიზების განხრით მუშაობა, გამოძიება მიიღებს დროულ და ამომწურავ ექსპერტიზის პასუხებს, მოიმატებს დნმ მონაცემთა ბაზის მოცულობა და ეფექტურობა“.

პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2019 წლის პირველ ნახევარში. „სპეციალური ლაბორატორიული სისტემების, დამხმარე საშუალებების, სახარჯი მასალისა და თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2019 წლის ივნისის თვისა,“ – აცხადებს შსს. ამ პროექტში სამინისტრო 3 592 050 ლარს, ტენდერის გარეშე დახარჯავს, რაზედაც შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს.

სამინისტროს ინფორმაციით, „საბოლოოდ შეირჩა STR ლაბორატორიის სპეციალური სისტემების და სახარჯი მასალის მწარმოებელი კომპანია Thermo Fisher Scientific-ი, რომლის პროდუქცია ვალიდირებულია ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ… აღსანიშნავია, რომ STR სტაციონარული გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიას გააჩნია მაღალი წარმადობა – ერთდროულად შესაძლებელია 96 სხვადასხვა ნიმუშის ანალიზი, ეფექტურია რთული და მცირე ოდენობით ნიმუშებიდან გენეტიკური პროფილის მისაღებად.“

„დღეისათვის საქართველოში სასამართლო გენეტიკური ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება დნმ ექსპერტიზის მოთხოვნის მიმართვიანობა. იმის გათვალისწინებით, რომ ბიუროს ლაბორატორიის ამჟამინდელი პროფილი ფართოა და კრიმინალისტიკური დნმ ექსპერტიზების გარდა მოიცავს სხვა, სხვადასხვა პროფილის გენეტიკურ კვლევებსაც და ვინაიდან ბიუროში არსებული რესურსები არასაკმარისია სისხლის სამართლის დანაშაულებზე დანიშნული ექსპერტიზების მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად – იზრდება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინის რეჟიმი, რაც ხშირად რამდენიმე თვემდე გრძელდება, შედეგად ფერხდება საგამოძიებო პროცესი, იკარგება მნიშვნელოვანი დრო და რთულდება სიმართლის დადგენა,“ – აცხადებს შსს.

დნმ ლაბორატორია თბილისში, იმ ახალ შენობაში განთავსდება, რომელიც გულუას ქუჩაზე შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან აშენდა. „შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს 2019 წლის დასაწყისში, რა დროსაც დაგეგმილია შენობის ოფიციალური გახსნა. შესაბამისად, შენობის აპარატურით აღჭურვა მოხდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესრულებული იქნება საზოგადოების დაკვეთა, რაც გულისხმობს მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას,“ – აცხადებს შსს.

საექსპერტოს ახალი შენობა გულუას ქუჩაზე, სადაც დნმ ლაბორატორია განთავსდება / ფოტო: შსს

ბათუმში აქციის მონაწილე გარემოვაჭრე დააკავეს

დღეს, 28 იანვარს, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთი გარემოვაჭრე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით დააკავეს, ადმინისტრაციული კოდექსის 166 და 173 მუხლების თანახმად.

გარემოვაჭრეებმა დღეს, 28 იანვარს, საპროტესტო აქცია მერიის წინ დაიწყეს, ისინი ლაშა კომახიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოჰყვა.

მერიამ გარემოვაჭრეთა დახლები გუშინ, გვიან ღამით აიღო. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ვაჭრობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის, რაც გარემოვაჭრეთა თქმით, მათთვის მიუღებელია.

ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები გამოცდებზე

გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა. პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

  • მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისათვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში;
  • აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).
  • უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის;
  • ჩარიცხვა ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი – გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.

არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი კარგავს გრანტის მიღების შესაძლებლობას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები გამოწვეულია  არა გამოცდაზე, არამედ შედეგზე ორიენტირებით, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი გაზრდა და ნაკლები დანახარჯები მშობლებისათვის.

ახალი მოდელის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 28 იანვარს, გამართა.

__________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ლეოგრანდში ხანძრისას დაღუპულის ოჯახმა „სამშობიარო სახლს“ სასამართლო დავა მოუგო

დათო ქამადაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც 2017 წლის 24 ნოემბრის საღამოს სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. დათო ქამადაძე ბათუმის სამშობიარო სახლში ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა და 4 თვის ხელფასი ჰქონდა ასაღები. გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს მიმართა და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“ ხელფასის დაკისრება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, თუმცა აღსრულება სავარაუდოდ პრობლემური იქნება – „ბათუმის სამშობიარო სახლი“ ფაქტობრივად  მას შემდეგ არ არსებობს, რაც რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში სხვა ორგანიზაცია შევიდა და მრავალპროფილური კლინიკა გახსნა.

დათო ქამადაძეს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მისმა მეუღლემ, როგორც უფლებამონაცვლემ, მას შემდეგ მიმართა, რაც „ბათუმის სამშობიარო სახლმა“ ოთხი თვის და 24 დღის ხელფასის ანაზღაურებაზე უარი უთხრა. დათო ქამადაძესთან ერთად სასამართლოში სულხან აბულაძეც დავობს. იგი ამ დაწესებულებაში ბუღალტრად მუშაობდა.

„არც მე და არც დათოს ოჯახი კომენტარს არ გააკეთებს. შეგიძლიათ ნახოთ სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – გვითხრა სულხან აბულაძემ.

მოსამართლე სალიხ შაინიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ.

„ბათუმი სამშობიარო სახლის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ მიდგომას ჰქონდა ადგილი. ამ ადამიანებთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი არ ყოფილა. მოპასუხე პროცესებზე ამბობდა იმას, რომ რეალურად აღარ ვფუნქციონირებდითო. თუ საქმე არაფერი იყო, მაშინ ისინი სამსახურიდან უნდა გაეშვათ და მათთვის კანონით გათვალისწინებული 2-2 თვის გასამრჯელოც მიეცათ. ამას აარიდა თავი რეალურად სამშობიარო სახლმა. მათი დასაბუთება სამართლებრივ ხარვეზს შეიცავდა და ეს გაითვალისწინა სასამართლომ,“ – გვითხრა ნინო სიორიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს იცავდა.

შპს „ბათუმის სამშობიარო სახლში“ ცვლილებები 2017 წლის ივნისში მოხდა. მაშინ ამ ორგანიზაციამ თავისი ქონება იჯარით „ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლს“ გადასცა. ამ პროცესის პარალელურად ერთი ორგანიზაციიდან მეორეში გადავიდა თანამშრომელთა უმრავლესობაც დავით ქამადაძისა და სულხან აბულაძის გარდა.

„ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლს არ სურდა სულხან აბულაძის დასაქმება კონკრეტული მიზეზების გამო. რაც შეეხება დავით ქამადაძეს, მას ორგანიზაცია სთავაზობდა სხვადასხვა პოზიციას, მაგრამ მას პრინციპულად ფინანსური მენეჯერობა სურდა,“ – განმარტავს სიმონ ასათიანი. იგი სასამართლოში შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ ინტერესებს იცავდა.

რატომ არ შეაჩერა ან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელმა დავით ქამადაძესთან? – „ეს დირექციის გადასაწყვეტი იყო, ვისთან შეწყვეტდა და ვისთან არა ხელშეკრულებას,“ – გვიპასუხა ადვოკატმა.

იურისტი სიმონ ასათიანი ფიქრობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება პრობლემური იქნება, რადგან საქმე სამედიცინო დაწესებულებას ეხება, ხოლო ქონება სამედიცინო აპარატურაა, რომელზეც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იყოს დამოკიდებული.

„აღსრულების დროს „ბათუმის სამშობიარო სახლს“ ექნება თავისი პოზიცია. საიდან მოხდება ეს აღსრულება და რა მეთოდებით, არ ვიცი. ეს არის სამედიცინო დაწესებულება და თითოეული ღირებული ნივთი შეიძლება ვიღაცის სიცოცხლის გადამრჩენელი იყოს. ამიტომ, აღმასრულებელი მოვიდეს, ვიღაცას სასუნთქი აპარატი გამოურთოს და წაიღოს, არ გამოვა. ეს სხვა პასუხისმგებლობის საქმეა. ახლა აუდიტი ამოწმებს სამშობიარო სახლს. თუ მოეხსნება საშემოსავლო სამსახურის მიერ დადებული ინკასო „ბათუმის სამშობიარო სახლს“ და გაჩნდება რესურსი, გადაიხდიან მაშინ ამ ხელფასს,“ – გვითხრა სიმონ ასათიანმა.

დათო ქამადაძის ოჯახისთვის „ბათუმის სამშობიარო სახლს“ დაახლოებით 25 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. სასამართლომ დამსაქმებელს ხელფასის გარდა ანაზღაურება თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვისაც დააკისრა.

Exit mobile version