მეზღვაურთა საწვრთნელ კურსებს საზღვაო სააგენტო ვიდეოთვალით გააკონტროლებს – ახალი პროექტი


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აპირებს მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი დისტანციურად, ვიდეოთვალით განახორციელოს. შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ვიდეომონიტორინგი პირდაპირ ეთერში [ონლაინრეჟიმში] განხორციელდება იმ პირობით, რომ სააგენტო არ მოახდენს ვიდეოჩანაწერების წარმოებას, შენახვას ან/და სხვა პირზე გადაცემას.

საზღვაო-საწვრთნელ კურსს მეზღვაურები ხუთ წელში ერთხელ გადიან. ვიდეომონიტორინგის მიზანი კი მეზღვაურებისა და ინსტრუქტორების ამ წვრთნებზე დასწრების გაკონტროლება იქნება.

„სააგენტოს ევალება მეზღვაურთა იმ ტრენინგცენტრების მონიტორინგი, სადაც ბაკალავრიატდამთავრებული მეზღვაურები მიდიან და სამუშაო დიპლომისთვის გადიან წვრთნებს – ეს არის, მაგალითად, პირადი გადარჩენის მეთოდები, მასების მართვა, სამედიცინო და სხვა  სპეციალიზებული ტრენინგები. ასეთი ტრენინგების გავლა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] მოთხოვნაა და ასეთ ტრენინგცენტრებს ვაღიარებთ ჩვენ, სააგენტო. ამ წვრთნების კურსის გავლის შემდეგ მეზღვაურზე სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის/კომპეტენციის სერტიფიკატს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ეფექტური მონიტორინგი და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასეთი მონიტორინგის აპრობირებული საშუალება არის ვიდეომონიტორინგიც,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ივანე აბაშიძემ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, ვიდეომონიტორინგი არ შეეხება ბაკალავრიატს და პროფესიულ პროგრამებზე სწავლას.

„რატომ ვერ ვაკეთებდით ამ დრომდე? – პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საგამოცდო და საწვრთნელი პროცესის ვიდეომონიტორინგი არ იყო ნებადართული. იანვრის დასაწყისში შევიდა ცვლილება ამ კანონში, რომელმაც მოგვცა საშუალება, განვახორციელოთ ასეთი მონიტორინგი. შესაბამისად, მეზღვაურთა პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება ჩვენი სააგენტო. მონაცემები იქნება იუსტიციისა და საზღვაო სააგენტოს სერვერებზე. მონაცემები ასახავს იმას,  რომ მეზღვაურმა ნამდვილად გაიარა ეს წვრთნა. საწვრთნელ პროცესზე დასწრება არის აუცილებელი, რადგან შემდეგ მეზღვაური როცა მოვა სააგენტოში გასაუბრებაზე, არ ჩაიჭრას,“ – ამბობს ივანე აბაშიძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტი არის სამუშაო ვერსია, დაგზავნილია ტრენინგცენტრებში და ელოდებიან მათგან შენიშვნებს. ტრენინგცენტრებს ასევე დაუწესდებათ გარდამავალი პერიოდი, რათა შეისყიდონ ვიდეოკამერები, რომლებიც საგამოცდო [საწვრთნელ] ოთახებში დამონტაჟდება და ჩაერთვება სააგენტოს ელექტრონულ პროგრამაში.

„ვიდეომონიტორინგი იქნება მტკიცებულება, რომ მეზღვაურმა ნამდვილად გაიარა საწვრთნელი კურსები. ამით მოგვეცემა შესაძლებლობა, ვაკონტროლოთ ჩვენი მეზღვაურების კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი. დაველოდებით ტრენინგცენტრების შენიშვნებს, გავითვალისწინებთ მათ და საბოლოო პროექტი შეთანხმდება ეკონომიკის სამინისტროსთან,“ – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ბათუმში ოთხი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებაა, სადაც მეზღვაურებს ასეთი კურსის გავლა შეუძლიათ. ესენია:

  • „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი სერტიფიცირების ცენტრი
  • შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“
  • შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“
  • შპს საზღვაო სასწავლო – საწვრთნელ ცენტრი „ეკვატორი“

არც ერთ ტრენინგცენტრს თავისი შენიშვნები ოფიციალურად სააგენტოში ამ დროისთვის არ წარუდგენია. „ბათუმელები“ ყველა ზემოთ აღნიშნული სასწავლებლის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

ვიდეომონიტორინგის შემოღებით პრობლემას ვერ ხედავს „ეკვატორის“ დამფუძნებელი თემურ ვარშანიძე, ასევე, საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო ცენტრის უფროსი მურთაზ დევაძე.

ვიდეომონიტორინგში პრობლემას ვერ ხედავს ვერც „ანრის“ გენერალური დირექტორი ანზორ დიასამიძე, თუმცა ამბობს, რომ ეს იქნება დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული.

ვიდეომონიტორინგის შემოღების აუცილებლობას ვერ ხედავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ აფხაზავა, თუმცა პრობლემად არც ასეთი მონიტორინგი მიაჩნია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N05 ბრძანებით:

  • საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის [პროგრამის] მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ
  • მონიტორინგის განხორციელების პროცესში სააგენტოს შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები [ექსპერტთა ჯგუფი]
  • აღნიშნული მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება, როგორც შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის გზით, ასევე, შესაბამის საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შენობა-დანადგარების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების ადგილზე შემოწმება-შეფასების გზით

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სწორედ ამ ბრძანებაში იგეგმება ცვლილების შეტანა, სადაც დაემატება ახალი მუხლი, რომელიც  საზღვაო-საწვრთნელი კურსის [პროგრამის] მიმდინარეობის ვიდეომონიტორინგს ითვალისწინებს.

დღეს არსებული პროექტის მიხედვით, „სააგენტოს მიერ აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებული არიან, უზრუნველყონ სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვიდეოკამერების დაყენება და მათ სისტემაში ჩართვა არაუგვიანეს 2019 წლის 01 მაისისა“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com