მთავარი,სიახლეები

ყოფილი პატიმარი: ციხე უფრო გვპატრონობდა პატიმრებს, ვიდრე მთავრობა – გათავისუფლებულებს

09.10.2017 • 2525
ყოფილი პატიმარი: ციხე უფრო გვპატრონობდა პატიმრებს, ვიდრე მთავრობა – გათავისუფლებულებს

ყოფილ პატიმარს, ვლადიმერ ლომაძეს პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების საფეხბურთო მინი-ტურნირზე შევხვდით. ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა შვილს, რომელიც ტურნირში იღებდა მონაწილეობას.

53 წლის ვლადიმერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდანაა. წელიწად-ნახევარი პირობითი სასჯელი ჰქონდა, ჯარიმაც დააკისრეს – 5000 ლარი. მერე ექვსი თვე გაატარა გლდანის მერვე საპყრობილეში: 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე იხდიდა სასჯელს. ჰყავს უმუშევარი მეუღლე, სამი შვილი, მათ შორის ორი სტუდენტი და პენსიონერი დედა. ყოფილი პატიმრის ოჯახის შემოსავლის მთავარი წყარო თხილისა და ყურძნის მოსავალია, რომელსაც ბათუმის ბაზარში აბარებენ, თუმცა წელს აზიურმა ფაროსანამ მოსავლის თითქმის სამოცდაათი პროცენტი გაანადგურა. დარჩენილი ოცდაათი პროცენტის რეალიზაცია ოჯახის ძირითად საჭიროებებსაც კი არ ჰყოფნის.

,,ყოველ წელს ტონამდე თხილს და ამდენსავე ყურძენს ვკრეფდი, წელს 200 კილო მოვიდა, თხილიც, ყურძენიც. სოფელში ან რაიონში არავინ ინტერესდება რას სად ჩავაბარებთ. მარადიდში თხილისა და ყურძნის ჩამბარებელი პუნქტები არ არის, რომც იყოს აზიურმა ფაროსანამ წელს ძალიან შემოგვიტია, ყველაფერი გაანადგურა. მარადიდი ისეც ღარიბი სოფელია და რაც იყო ისიც აღარაა წელს. ორი სტუდენტი მყავს, ორივე ფასიანზე სწავლობს და გადასახადს უკვე ვერც ერთს ვეღარ გადავუხდი. 3500 ლარი ერთხელ გამოვიტანე ბანკიდან წინა წლის გადასახადისთვის, მთლიანად ბანკებზე ვარ დამოკიდებული, რაც გვაქვს იმასაც პროცენტში ვიხდით. არაერთხელ ვითხოვე დახმარება გამგეობისგან, მაგრამ ცდას შედეგი არ მოჰყოლია’’, – გვიყვება ვლადიმერი პატიმრობის შემდგომ ცხოვრებაზე.

ციხის პერიოდი მისთვის არც ისე რთული აღმოჩნდა. როგორც ამბობს, კვება და საპყრობილის თანამშრომლების დამოკიდებულება ნორმალური იყო.

,,ჩემი იქ ყოფნისას აშენდა გლდანის ციხის საავადმყოფო. სუნთქვის პრობლემა მქონდა რამდენჯერმე და ექიმები მალევე დამეხმარნენ. ოფიცრებიც ძალიან ზრდილობიანად გვეპყრობოდნენ. მაშინ ციხე უფრო გვეპატრონა ყოფილ პატიმრებს, ვიდრე მთავრობა გვპატრონობს დღეს გათავისუფლებულებს. ერთი ეგ იყო, რომ ჩაი, შაქარი, ყავა და შოკოლადი თუ მოგინდებოდა, თვითონ უნდა გეყიდა’’, – ციხის პერიოდს იხსენებს ვლადიმერი.

ადრე სახორცე ჯიშის ქათმებს აშენებდა, მაგრამ ამ საქმემ სოფელ მარადიდში არ გაამართლა: ფრინველის  კვება ძვირი უჯდებოდა და მოგებაც არაფერი რჩებოდა. მომავალში კვერცხისმდებელი ქათმის ჯიშის მომრავლებას აპირებს, რაშიც დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამა უნდა დაეხმაროს. იმედი აქვს, ახალ ბიზნესს რომ წამოიწყებს ბანკის ვალებსაც დაფარავს და  შვილებიც არ შეწყვეტენ სწავლას, გადასახადის გადაუხდელობის გამო.

სოფელში დაუმუშავებელი გარემიწებიც აქვს და მომავალში დამუშავებას გეგმავს, აქვს ასევე თუთუნის მომცრო პლანტაციაც.

ვლადიმერის თქმით, სოფელ მარადიდში გათბობის პრობლემაც აქვს მოსახლეობას.  ადრე თითო ოჯახს თოთხმეტი კუბური მეტრი ხე-ტყის მოჭრა შეეძლო, ახლა კი დასაშვები მხოლოდ შვიდი კუბური მეტრია, რაც ოჯახს ზამთრის განმავლობაში არ ჰყოფნის.

,,სამარცხვინო სიტუაციაა სოფელში არჩევნების პერიოდშიც’’ –  გვიამბობს ვლადიმერი სოფელში მიმდინარე საარჩევნო პროცესის შესახებ. – „თუ მამა სოფლის კომისიის თავმჯდომარეა, კომისიის წევრი არის ხშირად მისი შვილი ან ნათესავი, კლანურ ურთიერთობებზეა ყველაფერი დამყარებული. როგორც შეძლებ და რასაც შეძლებ ოჯახს და ახლობლებს უნდა დაეხმარო, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ყველა ყველას იცნობს სოფელში და არ იმალება ვინ ვინ არის.

სამი დღის წინ „ოცნების“ დეპუტატი იყო ამოსული, მე რომ დამიჭირეს ამავე საქმეზე 35 კაცი თბილისში დადის სამი წელი გამოძიებაზე, ზოგიერთმა ჯარიმა გადაიხადა, არც იჭერენ და საქმეც არ მთავრდება. მმართველი პარტია ამ საქმეს არ პატრონობს. ამოვიდა დეპუტატი და დაგვპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქმეს მიხედავს, რვა წელი არ მიხედეს და ახლა რატომ ახსენდებათ ყველა პრობლემა…’’ – ასრულებს ჩვენთან საუბარს ყოფილი პატიმარი და დარბაზში ბრუნდება, სადაც ფეხბურთის ტურნირს ამასობაში მისი შვილის გუნდი იგებს.

DSC_2460

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: