სიახლეები

დიდი მერისი ჩვენთანაა – აჯანყება ჭვანის ხეობაში

08.02.2015 • 12000
დიდი მერისი ჩვენთანაა – აჯანყება ჭვანის ხეობაში

1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლები, აჭარაში იმავე წელს დაიწყო. თუმცა სუსტად, არაორგანიზებულად და წარუმატებლად. პირველი ქედელები აჯანყდნენ. აჯანყების მიზანი – მუსულმანური საღვთო რჯულის დაცვა და წითელარმიელების აჭარის ტერიტორიებიდან განდევნა იყო. 1921 წლის სექტემბერში ბრძოლა ქედელებსა და წითელი არმიის ჯარისკაცებს შორის ქედაში, სოფელ ძენწნართან გაიმართა. საარქივო მასალების მიხედვით,  ბრძოლა ორ საათს მიმდინარეობდა, უმსხვერპლოდ დამთავრდა, აჯანყების მეთაურები დაისაჯნენ, ხოლო კომუნისტურმა რეჟიმმა რეგიონში თავისი ძალაუფლების განმტკიცება დაიწყო.

ძალაუფლების განსამტკიცებლად საბჭოთა ხელისუფლებას სჭირდებოდა ე.წ. „კულტურული რევოლუცია“. დაიწყო ბრძოლა ძველ ყოფა-ცხოვრებასთან, ტრადიციებთან და რა თქმა უნდა რელიგიასთან. საარქივო ჩანაწერებიც და უხუცესებიც, ვის მეხსიერებასაც 1929 წლის ამბები შემორჩა, აჯანყების დაწყების მიზეზად სწორედ რელიგიასთან ბრძოლას ასახელებენ.

1921-1929 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა ჯამეები, მედრესეები, მეჩეთებს ჩამოერთვათ მათ კუთვნილებაში არსებული ქონება და მიწები. მედრესეებში შეწყდა სწავლა-განათლება, გოგონებისთვის სწავლა ქართულ სკოლებში სავალდებულო გახდა და რაც მთავარია, ქალებს აეკრძალათ ჩადრის ტარება. სწორედ ეს აკრძალვა და ერთგვარი ვალდებულება გახდა საბაბი აჯანყების დაწყებისა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

1929 წლის აჯანყება აჭარაში ჭვანის ხეობიდან დაიწყო. ჭვანელი ვაჟა ჭაღალიძე იხსენებს, რომ პირველი საპროტესტო მუხტი ჭვანის ხეობის სოფელ ნაღვარევში გაჩნდა. აჭარლების აჯანყების შესახებ შოთა ცეცხლაძეს აქვს მოთხრობილი წიგნში „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები“. წიგნი მთლიანად საარქივო მასალებს ეყრდნობა. აი, რას მოგვითხობს ავტორი:

1929 წლის 6-7 მარტს ხულოს მაზრის სოფლებში, ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტისადმი მიძღვნილი საზეიმო კრების ჩატარება დაგეგმილა. საზეიმო კრებაზე თითო სოფლიდან ბათუმში წასასვლელად ერთი ქალი უნდა აერჩიათ, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აჭარელ ქალთა მე-2 ყრილობას დაესწრებოდა.

6 მარტს მთავრობას ჭვანის თემსაბჭოს სოფლებში კრებების ჩასატარებლად თემსაბჭოს აქტივისტები გაუგზავნიათ. აქტივისტებს კრება ვერ ჩაუტარებიათ სოფელ ბრილში,  სოფელ ცხემლისში, ახალდაბასა და წყაროთაში. სოფელ ნაღვარევში კრების ჩასატარებლად გაგზავნილი აქტივისტები სასტიკად უცემიათ და სოფლიდან გამოუგდიათ. 1929 წლის ადრიან გაზაფხულზე სოფელ ნაღვარევის მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა საბჭოთა მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ნაღვარეველებმა საბჭოთა ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი თანასოფლელები სცემეს, მერე იარაღი აისხეს და აჯანყდნენ. აჯანყება ჭვანის ხეობის ყველა სოფელს მოედო. აჯანყებულ ნაღვარეველებს ხულოს მაზრაში, სოფელ ღორჯომში თავიანთი წარმომადგენლები გაუგზავნიათ და აჯანყების დაწყების შესახებ უცნობებიათ.

აჯანყების შესახებ მალევე შეიტყო საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენელმა. მაშინდელი ხულოს მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე რიზა ხოზრევანიძე, უშიშროების განყოფილების უფროსი ლადო ინასარიძე, შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, მურად მახარაძე ხუთი მილიციონერის თანხლებით იმავე დღესვე ჩასულან ჭვანის თემში.

მაშინდელი ჭვანის თემსაბჭოს ეზოში ხეობის მცხოვრებთ მოუყრიათ თავი. მდგომარეობა თურმე ყოველ წუთას იძაბებოდა. რიზა ხოზრევანიძე აჭარის მთავრობას ტელეფონით ატყობინებდა ხეობაში არსებული სიტუაციის შესახებ და ჭვანაში საჯარისო ნაწილების გაგზავნას სთხოვდა. ამის პარალელურად კი ჭვანელებს არწმუნებდა, რომ მათ ადათ-წესებსა და სარწმუნოებას არავინ შეეხებოდა.

აჯანყებულთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა, მათ ჯერ სატელეფონო ხაზი გადაჭრეს, მოგვიანებით კი იარაღი აისხეს და საბრძოლველად მოემზადნენ. შუაღამისას რიზა ხოზრევანიძეს ჭვანიდან წამოსვლა განუზრახავს. თანმხლებლებთან ერთად მას ჭვანის თემსაბჭოს 11 აქტივისტიც გაჰყოლია თან. ჭვანიდან წამოსულებს სოფელ ცივაძეებში ადგილობრივი მცხოვრები, აბდულ ტაკიძე შეხვედრია, რომელსაც მგზავრები საკუთარ სახლში შეუპატიჟებია. აბდულ ტაკიძის სახლში რიზას და მის თანმხლებლებს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვედრიან. აჯანყებულებს ეს ამბავი შეუტყვიათ. მარტის იმ ცივ და თოვლჭყაპიან ღამეს აბდულ ტაკიძის სახლის წინ ათეულობით აჯანყებულს მოუყრია თავი. აჯანყებულთა ერთი ნაწილი თურმე საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების დახოცვას ითხოვდა.

ამ წინადადებისთვის ამხედრებულთა უმრავლესობას დაუჭერია მხარი. გადაწყვეტილება სისრულეში იქნებოდა მოყვანილი, რომ არა სოფელ ინწკირვეთის მცხოვრები იზეთ ჭაღალიძე. მისი ინიციატივით ჭვანის ხეობის ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული მამაკაცები შეკრებილან და აჯანყებულების გვერდით საიდუმლო თათბირი გაუმართავთ. თათბირის შედეგად გადამწყდარა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ჭვანის თემსაბჭოს წევრები, აქტივისტები, ხულოს მაზრისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელები უვნებლად გაეყვანათ ხეობიდან.

აჯანყების დაწყებიდან მეორე დღეს აჯანყებულებმა აბდულ ტაკიძის სახლში მყოფი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები დაატყვევეს და სოფელ ცივაძეებიდან ჭვანის თემსაბჭოსკენ ფეხით გაუყენეს გზას. გზაში აჯანყებულები ბობოქრობდნენ, ისევ ითხოვდნენ თურმე ხელისუფლების წარმომადგენელთა დახოცვას. მაშინ ერთ-ერთ ამაღლებულ ადგილას აბდულ ტაკიძე ასულა და აჯანყებულებისთვის მიუმართავს:

„- ხალხო, ნუ გეშინიათ! აჭარაში სახელმწიფო საზღვრების საგუშაგოები მოხსნილია, დიდი მერისი ჩვენთან არის, ჩვენ გავიმარჯვებთ“.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ეს ამბავი დღემდე ლეგენდადაა შემორჩენილი ადგილობრივთა მეხსიერებაში. ჭვანაში მცხოვრები ვაჟა ჭაღალიძის თქმით, მერისელებს დღემდე უყვართ თქმა, „ჩვენ გარეშე თქვენ ვერაფერს ვერ იზამდითო“. ცივაძეებში მცხოვრები ვალერიან ქარცივაძე კი მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა მაშინ აჯანყებულთა გასამხნევებლად და საბრძოლო მუხტის გასაღვივებლად ითქვა.

„სტიმული უნდოდათ აჯანყებულებს. მაშინდელი ხალხისგან ზოგი ნამყოფიც არ იყო მერისში. ჰოდა, ხალხი რომ გაემხნევებინათ, თქვეს: ბიჭებო წავიდეთ, ვიბრძოლოთ, დიდი მერისიც ჩვენკენ ყოფილაო. მერისი ერთი პატარა ხეობაა, რას გახდებოდნენ წითელარმიელებთან, მაგრამ მაშინ ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, –  იხსენებს ვალერიან ქარცივაძე.

ჭვანის თემსაბჭოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე ტყვე იქვე მდგარ მედრესეში, ერთ ოთახში გამოუკეტავთ. იქ ახლა, სადაც ჭვანას მეჩეთი დგას, გვერდით ყოფილა ჭვანის ხეობის ციხე, ერთგვარი დილეგი. თუკი ხეობაში რაიმე მოხდებოდა, დამნაშავეს დროებით ამ დილეგში ამწყვდევდნენ ხოლმე. დატყვევებულთა ერთი ნაწილი დილეგში მოუთავსებიათ.

აჯანყებულ ჭვანელებს სხვა სოფლებიდანაც შეერთებია ხალხი. სანამ ხეობაში დენთის სუნი ტრიალებდა, აჭარის საბჭოთა ხელისუფლება უმოქმედოდ არ ყოფილა. კბილებამდე შეიარაღებული ჯარი გაუგზავნია მთიან აჭარაში აჯანყების ჩასაქრობად. ხეობისკენ მიმავალ ჯარს პირველი ბრძოლა სოფელ დანდალოს მცხოვრებლებმა გაუმართეს. გადმოცემის თანახმად, დანდალოელებს ბრძოლისთვის საკმარისი იარაღი არ ჰქონიათ. ამიტომ ჯარს წალდებით, თოხებითა და სხვადასხვა სამეურნეო იარაღასხმულნი შებმიან. თუმცა კარგად გაწვრთნილ ჯართან ვერაფერს გამხდარან და დაფანტულან. წითელი არმია დაბა ხიჭაურთან დაბანაკებულა.

ამასობაში ჭვანაში აჯანყებულებს კიდევ ერთხელ გადაუწყვეტიათ დატყვევებული საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების დახვრეტა. მაშინ აჯანყებულებს წინ ჭვანის ჯამეს ხოჯა ხუსეინ ფუტკარაძე გადაღობებია და განუცხადებია, ვისაც ღმერთი არ გწამთ, მე მესროლეთ, ხოჯას და მე მომკალითო.

ხოჯის ამ საქციელმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა დატყვევებულები სიკვდილს. ამასობაში ხიჭაურიდან სოფელში ჯარის შემოსვლის ამბავიც მისულა. აჯანყებულები დაბნეულან. მაშინ ისევ იზეთ ჭაღალიძეს გამოუჩენია ინიციატივა და თანახეობელებისთვის მიუმართავს:

მერისის ჩანჩქერი. ეკა ბარამიძის ფოტო

„ჩემო ხალხო, მეზობლებო, ძალიან ცუდად მოვიქეცით, შეგვაცდინეს, რომ აჭარის, ხულოს მაზრის მთავრობის ხელმძღვანელები, ჭვანის თემსაბჭოს წევრები და აქტივისტები დავატყვევეთ. ღმერთს მადლობა, რომ ყველანი ცოცხლები არიან. მთავრობა ამ საქციელს გვაპატიებს და შეგვიწყალებს. ჩვენ ერთი მუჭა ხალხი, ერთი ჯიბის ტყვია-წამლით მთავრობის კბილებამდე შეიარაღებულ ჯარს ვერ შევებრძოლებით. ყველას დაგვხოცავენ, ცოცხალს არც ერთს არ დაგვტოვებენ, ჩვენი ცოლ-შვილი უპატრონოდ, ობლად დარჩება და იმათაც რუსეთში გადაასახლებენ. ჭვანის ხეობაში მამლის ყივილი აღარ იქნება. მე მომისმინეთ, ჭკუაზე მოდით. გავათავისუფლოთ დატყვევებულები და ხიჭაურში მთავრობის ჯარს ჩავაბაროთ. თუ ვინმე თოფის სროლას გაბედავს, იცოდეთ, ჩემთან ექნება საქმე“, – იზეთ ჭაღალიძის ეს მიმართვა შოთა ცეცხლაძეს აქვს მოთხრობილი თავის წიგნში  – „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები.“

აჯანყებულებს კამათი გაუმართავთ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმებულან, რომ ყველა ტყვე საბჭოთა ხელისუფლებისთვის უვნებლად ჩაებარებინათ. ამგვარად აჭარის, ხულოს მაზრის მთავრობის ხელმძღვანელები, ჭვანის თემსაბჭოს წევრები და აქტივისტები ცოცხლები იზეთ ჭაღალიძის დახმარებით გადარჩნენ.

იზეთ ჭაღალიძე ტყეში იყო ფირალად გავარდნილი. აჯანყებას გადარჩენილები თავიანთ მოგონებებში ჰყვებიან, რომ, რომ არა იზეთ ჭაღალიძე, არც ერთი ცოცხალი აღარ ვიქნებოდითო. აჯანყების დასრულების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას იზეთისთვის შეუთვლია, დაანებე ყაჩაღობას თავი, შენს ოჯახს დაუბრუნდი და ხელს არ გახლებთო. თუმცა, იზეთს საბჭოთა ხელისუფლების ნდობა არ ჰქონია და ისევ ტყისთვის შეუფარებია თავი.

აჯანყება ჭვანის ხეობაში უსისხლოდ დამთავრდა. ხეობაში დღემდე ჰყვებიან, ჩვენს აჯანყებას იმხელა რეზონანსი ჰქონდა, თვით ლავრენტი ბერიაც კი ამოვიდაო.

ბერია 1929 წლის აჯანყების ჩაქრობაში ნამდვილად მონაწილეობდა, თუმცა არა ჭვანის ხეობაში. ეს სხვა სტატიის თემაა და მომდევნო ნომრებში მოგიყვებით.

მერისის ჩანჩქერი

საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხმა ჭვანელებს დიდი ვერაფერი მოუტანა, მაგრამ განუმტკიცა მეგობრობა მერისის ხეობასთან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ორ ხეობას ერთმანეთთან „მისვლა-მოსვლა და მოყვრობა“ აქვს. ერთმანეთს კულტურულ დღესასწაულებზე ეპატიჟებიან და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებენ.

გამოთქმა – „დიდი მერისი თქვენთან არის“, –  დღემდე რჩება ერთგვარი იმედის, მხარდაჭერის, ზოგჯერ კი ირონიის სიმბოლოდ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: