Batumelebi | კულტურული მემკვიდრეობა – განძი და არა ტვირთი კულტურული მემკვიდრეობა – განძი და არა ტვირთი – Batumelebi
RU | GE  

კულტურული მემკვიდრეობა – განძი და არა ტვირთი

 

რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს; წერილში აღნიშნული იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს როლი აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვის, განვითარებისა და ადეკვატური გამოყენების პროცესში; მიმდინარე მდგომარეობით სააგენტო კვლავ ხელმძღვანელის გარეშე აგრძელებს მუშაობას და მხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემკვეთ და ნებართვების გამცემ ორგანოდ მოიაზრება;  რჩება შთაბეჭდილება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ გადაწყვეტილების მიღება მეტად ეხება სხვა ინსტიტუტებს, იქნება ეს მერია თუ ეკონომიკის სამინისტრო და სააგენტოს როლი მხოლოდ ამ ორგანოთა ინტერესების გაფორმებაა. პოლიტიკის, ხედვისა და სტრატეგიის არ ქონის პირობებში შეუძლებელი ხდება ძეგლთა დაცვის  პროცესის მართვა/მონიტორინგი და საზოგადოებრივ ჯგუფებს მხოლოდ ერთჯერადი, იმპულსური რეაგირების საშუალებას აძლევს; სამწუხაროდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნა კვლავ განიხილება  ეკონომიკური პროცესის შემაფერხებელ ფაქტორად. 

 

კაფე ფანტაზია სულ ახლახან გამოქვენებულ დოკუმენტში: „გზა მომავლისკენ. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა 2014“, ვკითხულობთ: „კულტურული მემკვიდრეობა თავისი მრავალგვარი ფასეულობებით ამოუწურავი რესურსია საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის. მემკვიდრეობის სოციალური და ეკონომიკური პოტენციალი ქვეყნის წარმატებისა და საზოგადოების ჰარმონიული განვითარების საფუძველია. ამის მისაღწევად საჭიროა მემკვიდრეობის პოტენციალი სრულად იყოს ინტეგრირებული ქვეყნის განვითარების ეროვნულ პროგრამებში. უწყებრივი თანამშრომლობა უნდა დაედოს საფუძვლად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დარგობრივი და ტიპოლოგიური მრავალფეროვნების შესწავლას, წარმოჩენას და დაცვას.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც განვითარების თეორია, დასავლეთის ქვეყნებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს და 80-იან წლებში განვითარების სრულ ფაზაში შედის. მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკის წარმატებული საერთაშორისო მაგალითები მიუთითებს, რომ იგი ხელს უწყობს ახალი ბიზნესის ფორმირებას, ტურიზმის სტიმულირებას, უძრავი ქონების ფასის გაზრდას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, სიღარიბის დაძლევას, საზოგადოების თვითრწმენას. მემკვიდრეობის ეკონომისტები განსაკუთრებულ როლს ანიჭებენ მემკვიდრეობის დაცვის პოტენციალს განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი, განსაკუთრებით ე.წ. ახალი ეკონომიკის ქვეყენებში. მემკვიდრეობის ეკონომიკა ყველაზე მოგებიანი პოლიტიკაა რეგიონული თუ ადგილობრივი განვითარებისათვის“.

 

კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკური, აღმასრულებელი და პროფესიული ინსტიტუციების ერთ-ერთ ფუნქციად უნდა იქცეს ფართო საზოგადოებაში ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გავრცელება და მის მიმართ ინტერესის გაღვივება. 2008 წელს საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობათა შესახებ ჩარჩო კონვენციას (ფაროს კონვენცია, 2005). ფაროს კონვენცია ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, აღიარონ როგორც დაინტერესებული ინდივიდების, ისე საზოგადოების უფლება, იყვნენ ჩართული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაში და უზრუნველყონ ამ პროცესისათვის აუცილებელი პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემო, რათა კულტურულმა მემკვიდრეობამ ხელი შეუწყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული საზოგადოების შექმნას, სიცოცხლისუნარიანი  განვითარების პროცესს და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას. ხელისუფლებას შეუძლია და უნდა შეუწყოს ხელი კულტურითა და მემკვიდრეობით დაინტერესებულ სამოქალაქო სექტორთან დიალოგის სივრცის შექმნას. მემკვიდრეობის დაცვის სისტემა უნდა გახდეს ღია და ხელმისაწვდომი,  უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა და ჩართულობა მემკვიდრეობის დაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

 

დღეს დღის წესრიგში კაფე „ფანტაზიაა“, მას სტატუსი არ იცავს, თუმცა სააგენტოს ეფექტურობის შემთხვევაში შესაძლოა დაეცვა კიდეც, ხვალ თუ სტატუსის მქონე ძეგლს დაემუქრება საფრთხე, მხოლოდ ცალკეულ მოხელეთა კეთილი ნება და ბრძოლისუნარიანობა გადაწყვეტს ძეგლის ბედს და არა პოლიტიკა, ხედვა და სტრატეგია;  დღეს ღია წერილის სახით ვაქვეყნებ იმავე წერილს, რაც ერთხელ უკვე გადავეცით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და შევახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის სააგენტოს სჭირდება ხელმძღვანელი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით უზრუნველყოფს სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას და განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას, კრეატიული და ინოვაციური მიდგომით შეძლებს დაამარცხოს მავნე სტერეოტიპი კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური უსარგებლობის შესახებ.

 

 

ვიმედოვნებ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესის გაჭიანურება მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით არის განპირობებული, თუმცა ამ პროცესის გახანგრძლივება ხელს უშლის სააგენტოს ეფექტურ ფუნქციონირებას და შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ეფექტური პოლიტიკის გატარებას.                          

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ინაიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ ხელმძღვანელი