მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

29.07.2017 • 2275
სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

„ბოლო ხუთი წლის პერიოდში უნივერსიტეტის [ბსუ-ს] მიერ არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, მასალების, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება:

[checklist]

  • ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები,
  • ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები,
  • პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები,
  • ხარჯებში ჩამოწერილი ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგები,
  •  ამორტიზებული ძირითადი აქტივები.

[/checklist]

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით

ვერ დგინდება:

[crosslist]

  • ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი,
  • აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთები,
  • გამოუყენებელი აქტივები,
  • ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობა,
  • ფაქტიური ნაშთების სააღრიცხვო მონაცემებთან შესაბამისობა.

[/crosslist]

აუდიტის რეკომენდაციით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს განხორციელდეს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია.

ქონების სრული ინვენტარიზაცია „ხელს შეუწყობს ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლს, მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების დადგენას და ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობის შემოწმებას“, – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი.

ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჯემალ ანანიძის თქმით, ბოლო პერიოდში, როცა უნივერსიტეტთან გაერთიანდა სხვადასხვა ინსტიტუტი და კვლევითი ცენტრი, ტარდებოდა „ცალკეული მიმართულებითი ინვენტარიზაცია“. ამასთან, რა ქონებაც გადმოეცა უნივერსიტეტს, „იმ [გადმოცემის მომენტში არსებული] სიებით დარჩა ყველაფერი… ამასთან, დაგვჭირდა სასოფლოში, მაგალითად, რეაბილიტაცია და აღვწერეთ, მთელი კომპლექსის ქონება კი, საკმაოდ მოცულობითია“.

„ჩვენ აუდიტის აქ ყოფნის დროს შევქმენით კომისია, ძირითადი აღწერითი სამუშაოები ჩავატარეთ, ახლა მიდის ამ ინფორმაციის დამუშავება. შესაძლოა, მაგალითად, კომპიუტერი იდგა ერთ ოთახში, მაგრამ ამ 5-4 წელიწადში გადაადგილდა და სხვაგან დევს, უნდა გადამოწმება და მოცულობითი სამუშაოა ესეც. რაც აღვწერეთ, ახლა უნდა გადავიტანოთ დოკუმენტებში – თუ არის დანაკლისი, ვისი პასუხისმგებლობაა, არის თუ არა ესა თუ ის ქონება ამორტიზებული, მწყობრიდან გამოსული და ა.შ. ამ კუთხით ვაკეთებთ დიფერენცირებას“, – აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ჯემალ ანანიძის თქმით, „ნაწილი ინვენტარის [მაგალითად, მერხები] სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანხმობით უკვე ჩამოვწერეთ და იმის დოკუმენტიც არის, რომ ნაგავსაყრელზე გავიტანეთ… ავტომობილები აღვწერეთ ცალკე. ასეთი ინდივიდუალური აღწერა გვაქვს. კომპლექსური ინვენტარიზაცია აუდიტის აქ ყოფნის დროს დავიწყეთ და ახლა ინფორმაციებს ვამუშავებთ“.

აუდიტის ანგარიში 2016 წელს მოიცავს. ანგარიშში აუდიტი არაერთ რეკომენდაციას აძლევს უნივერსიტეტს სხვადასხვა მიმართულებით. ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით ადმინისტრაცია შესაბამის პასუხსაც ამზადებს.

აუდიტის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ გაყიდა / მწვანე კონცხი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ გაყიდა / მწვანე კონცხი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან


ბსუ-ში საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: