მთავარი,სიახლეები

შსს-ს მომსახურების სააგენტოს არაკონკურენტული ტენდერები

17.07.2017 • 2726
შსს-ს მომსახურების სააგენტოს არაკონკურენტული ტენდერები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეულ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის აღწერისას მითითებული ჰქონდა ისეთი პარამეტრები, რომელთა სიდიდეების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა, ან საერთოდ საჭიროება აუცილებლობას არ წარმოადგენდა და აკმაყოფილებდა მხოლოდ კონკრეტული პრეტენდენტის ინტერესებს – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ზოგჯერ პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული იყო ისეთი საქონელი, რომელთა ტექნიკური პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ფიქსირებულ პარამეტრებს, „რაც მიუთითებს, რომ ტექნიკური მოთხოვნები შედგენილი იყო კონკრეტული მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. ასეთ პირობებში ტენდერებში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რითაც ავტომატურად გამოირიცხებოდა კონკურენცია და ფასის კლება. აღნიშნული პრეტენდენტი ტენდერებში იმარჯვებდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით, რაც არ უზრუნველყოფდა საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას“.

აუდიტის ანგარიშში ასეთი ტენდერის რამდენიმე მაგალითია მოყვანილი:

სპეცავტომობილების შეძენა

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადასაცემად 160 სპეცავტომობილის შეძენის მიზნით მომსახურების სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით – 9 032 300 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით მართვის სისტემასთან დაკავშირებით მოთხოვნილია, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მართვის ბერკეტი განთავსებული ყოფილიყო საჭის სვეტზე. აღნიშნული მოთხოვნა [სხვა პარამეტრებთან ერთობლიობაში] წარმოადგენდა პირდაპირ მინიშნებას ავტომობილის კონკრეტულ მოდელზე [ფორდი].

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა – შპს „ჯი-თი მოტორსმა“, რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით 9 238 400 ლარი.

ასევე, 34 ერთეული სპეცავტომობილის შეძენის მიზნით სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სხვა ტენდერში [სავარაუდო ღირებულებით 2 497 700 ლარი], ზემოაღნიშნულის ანალოგიურად, მართვის სისტემასთან დაკავშირებით მოთხოვნილი იყო, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მართვის ბერკეტი განთავსებული ყოფილიყო საჭის სვეტზე. აღნიშნული მოთხოვნა ასევე წარმოადგენდა პირდაპირ მინიშნებას ავტომობილის კონკრეტულ მოდელზე [ფორდი]. ტენდერში აქაც ერთადერთმა პრეტენდენტმა – შპს „ჯი-თი მოტორსმა“ მიიღო მონაწილეობა და კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა.

პირადი ჰიგიენის საგნების შეძენა

პირადი ჰიგიენის საგნების შეძენის მიზნით ერთ-ერთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში [შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 66 700 ლარი], მითითებული იყო ისეთი პარამეტრები, რომელთა მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. მაგალითად:

higiena

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს „ვი დი ჯი გრუპმა“, რომლის მიერ შეთავაზებული საქონლის პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს. პრეტენდენტმა კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სატენდერო წინადადების ღირებულებით 61 900 ლარი.

ავეჯის შესყიდვა

ავეჯის შესყიდვის მიზნით სააგენტოს მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ავეჯის სხვადასხვა კომპონენტების აღწერისას მითითებული იყო ზუსტი ზომები სმ-ებში, მაგალითად, გორგოლაჭებიანი სავარძელი:

savarZeli

ასევე იყო სხვა საგნების შემთხვევაში. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს „ნოვი სტილი ჯორჯიამ“, რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სატენდერო წინადადების ღირებულებით 45 700 ლარი.

სპორტული საქონლის შესყიდვა

სპორტული საქონლისა და აღჭურვილობის (ინვენტარის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში [48 900 ლარი], სატენდერო დოკუმენტაციით ინვენტარის სხვადასხვა კომპონენტების აღწერისას მითითებული იყო მათი [სარბენი ბილიკი, ვერტიკალური ველოტრენაჟორი, მრავალფუნქციური დანადგარი, პრესის სავარჯიშო საწოლი, შტანგის საწოლი და სხვა] ზუსტი წონა და ზომები. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს „მასტერ სპორტმა“, რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით.

უნიფორმის შესყიდვა

უნიფორმის შესყიდვის მიზნით 165 000 ლარიან ტენდერში უნიფორმის სხვადასხვა კომპონენტების ტექნიკური მახასიათებლების აღწერისას მითითებული იყო ფიქსირებული პარამეტრები [ქსოვილის წონა, ნაკერების სიგანე და ა.შ.]. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს „ლემასმა“, რომელმაც გაიმარჯვა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით.

ტელევიზორების შესყიდვა

23 ერთეული სხვადასხვა ზომის ტელევიზორის შესყიდვის მიზნით სააგენტოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 31 300 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით საქონლის ტექნიკური მახასიათებლების აღწერისას მითითებული იყო მკაცრად ფიქსირებული პარამეტრები [რისი აუცილებლობაც არ არსებობდა]. მაგალითად, ტელევიზორი A: ანალოგიური ფიქსირებული პარამეტრები იყო მოთხოვნილი დანარჩენ პოზიციებშიც [ტელევიზორების B, C და D მიმართ].

televizori

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა, რომლებმაც დააფიქსირეს სატენდერო წინადადების ფასები: შპს „ელიტელი“ – 30 700 ლარი, შპს „მეგაპიქსელი“ – 25 800 ლარი. დაბალი სატენდერო წინაადების ფასის მქონე პრეტენდენტი (შპს „მეგაპიქსელი“) დისკვალიფიცირებული იქნა იმის გამო, რომ საქონლის ჩამონათვალის მე-4 პოზიციით შემოთავაზებული ტელევიზორის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შედეგად ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა უფრო მაღალი სატენდერო წინაადების ფასის მქონე შპს „ელიტელი“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 30 700 ლარი.

„სააგენტოს განმარტებით სააგენტოში იმართება სხვადასხვა პრეზენტაციები და ამიტომ სააგენტო მოწოდებულია დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები, თუმცა საოფისე ტელევიზორების შესყიდვის მიზნით ტექნიკური პარამეტრების ზუსტი განსაზღვრა აუცილებელი არ არის და წარმოშობს არაკონკურენტული შესყიდვის განხორციელების რისკებს. ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა შესაძლებელია გარკვეული დიაპაზონის გამოყენებით, რაც არ გამორიცხავს მაღალი შესაძლებლობების მქონე თანამედროვე ტექნიკის შესყიდვას“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ტელეფონების შესყიდვა

VOIP ტელეფონების შესყიდვის მიზნით სააგენტომ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 50 000 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა, რომლებმაც დააფიქსირეს სატენდერო წინადადების ფასები: შპს „ენ-ჯი-ეს გრუპი“ – 33 900 ლარი, შპს „დელტა კომმი“ – 45 900 ლარი. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე შპს „ენ-ჯი-ეს გრუპი“ დისკვალიფიცირებული იქნა იმ მოტივით, რომ მან არ დააზუსტა საქონლის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „დელტა კომმი“, ისე რომ არ ყოფილა მოთხოვნილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. კერძოდ, ტექნიკურ აღწერილობაში პრეტენდენტის მიერ მითითებული არ იყო წარმოების ქვეყანა, დისპლეის ტიპი, მითითებული ფერი [თეთრი] განსხვავდებოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილისგან [შავი, ნაცრისფერი]. კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით 45 900 ლარი.

კონტროლერის შესყიდვა

ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველის/კონტროლერის შესყიდვის მიზნით სააგენტომ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 38 600 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო, რომ წამკითხველი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 500MHz DSP პროცესორით, არანაკლებ 8MB Flash + 16MB RAM შიდა მახსოვრობით, TCP/IP და RS485 ინტერფეისით, არანაკლებ IP65 სტანდარტის კორპუსით, კორპუსის ზომა არაუმეტეს 50X140X30 მმ, სამუშაო ტემპერატურა არანაკლებ -20C – + 50C დიაპაზონის და ა.შ. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს „ჯი ეს სი“-მ, რომელმაც გაიმარჯვა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 38 600 ლარი.

„ტენდერებში კონკურენციის გაზრდისა და შესაბამისად ეკონომიურად ხარჯვის მიზნით მნიშვნელოვანია შსს-ს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციებით შესყიდვის ობიექტების ტექნიკური პარამეტრების ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრის თავიდან არიდება“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ  2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: