სიახლეები

ევროკავშირის კინოფესტივალის გამარჯვებული ბათუმიდან

15.07.2014 • 2328
ევროკავშირის კინოფესტივალის გამარჯვებული ბათუმიდან

 

ხატია ზუხუბაია
ხატია ზუხუბაია

„სამწუთიანი ფილმი მოვამზადე ასოციაცია „ღირსეულ სიბერეზე“, რომელიც ქობულეთში მდებარეობს. პირველივე დღეს როდესაც გავიგე ამ პროექტის შესახებ, მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც საზოგადოებას უნდა გაეგო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირი აფინანსებს, არამედ იმიტომაც, რომ ამ პროექტმა უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ჰყავს უამრავი ბენეფიციარი, ძირითადად მოხუცები.  ასოციაციაში მაქსიმალური პირობებია იმისთვის, რომ მოხუცებს სიცოცხლე გაუხანგრძლივდეთ და თითოეული დღე იყოს ბედნიერი მათთვის,“ – ამბობს გამარჯვებული ფილმის ავტორი ხატია ზუხუბაია.

 

ხატია ამბობს, რომ გამარჯვებას არ ელოდა.

 

„გამარჯვებულების დაჯილდოება თბილისში იყო. ზუსტად იმ დღეს მქონდა ფიზიკაში ბოლო საატესტატო გამოცდა, წასვლა ვერ მოვახერხე. ევროკავშირის წარმომადგენელმა რომ დამირეკა და მომილოცა, სრული შოკი იყო ჩემთვის, საერთოდ არ ველოდებოდი. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დამიფასდა ის, რაც გავაკეთე, მეორეც იმიტომ, რომ გაიცნო ეს ხალხი ვიღაცამ. 80 წლის ადამიანები იყვნენ, მაგრამ 50 წლისად გრძნობდნენ თავს. ამ გამარჯვებამ გამაბედნიერა, რაღაც თავდაჯერებულობა შემმატა. თან ძალიან, ძალიან მაგარია, როცა ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების გამარჯვებული ხარ,“- ამბობს ხატია.

 

კონკურსში გამარჯვებულ ხატიას პრიზის სახით iPone  5  შეხვდა.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის მესამე რაუნდი მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა. კონკურსის მონაწილეებს მობილური ტელეფონით უნდა გადაეღოთ სამწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი მიდგომით გაეშუქებინათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი ან რამდენიმე პროექტის საქმიანობა და გადმოეცათ მათი გავლენა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

 

მობილური ტელეფონით გადაღებული სამწუთიანი ფილმების ფესტივალი პირველად 2012 წელს გაიმართა თემაზე „ევროკავშირი ჩემს მეზობლად“. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სამწუთიანი ფილმების ფესტივალზე 2014 წელს სულ ექვსი გამარჯვებული დააჯილდოვა. ფესტივალის გამართვა მომდევნო წელსაც იგეგმება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: