კვირის ამბები

საბჭოური სვირინგების ისტორიები

03.02.2014
საბჭოური  სვირინგების ისტორიები

სპეციფიკური მოლურჯო ფერი, წლების მატებასთან ერთად გადღაბნილი კონტურები – საბჭოთა სვირინგის ეს თავისებურებები კუსტარულად დამზადებული აპარატის და ღარიბი ვიზუალური კულტურის ბრალია. დღევანდელისგან განსხვავებით, საბჭოთა სვირინგმა ვერ შეითავსა დეკორატიულ-ესთეტიკური ფუნქცია და მის ძირითად მიზანს მეპატრონის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოცემა წარმოადგენდა.

თემურ ვაშაკიძე. ტატუს გაკეთების თარიღი: 1978 წელი.

“ჯარის დროს, ციმბირში, “კაჩიგარად” ვმსახურობდი. მაშინ 18 წლის ვიყავი. ჩემი შეყვარებულის ფოტო მქონდა თან წაღებული. თავიდან წერილებს ვწერდით ერთმანეთს, მერე აღარ მომწერა. ვიფიქრე, ეს ფოტო რომ არ დამეკარგოს, დავიხატავ, ფეხზე მაინც დამრჩება-მეთქი. მერე მამამისს დედინაცვალი მიუყვანია სახლში (დედა ბავშვობაშივე გარდაცვლილი ჰყავდა ნანას) და ამ გოგოს ნუსხა გაუკეთეს _ შეაძულეს ჩემი თავი. ჯარიდან რომ ჩამოვედი, ის უკვე მე-10 კლასში იყო, გორკის ქუჩაზე სწავლობდა. სკოლაში რომ მივაკითხე, იქ, სადაც ადრე ვხვდებოდით, ვითომც საერთოდ არ მიცნობდა – გაიარა და წავიდა.”

გიორგი ნადირაძე. ტატუს გაკეთების თარიღი: 1977 წელი.

“ადრე კარტის თამაში მიყვარდა, ერთხელაც სამი დამა მომიწია სეკაში და დიდი კუში მოვიგე, დიდი რაა 400 მანეთი, მაგრამ ძალიან გამიხარდა. გულზე “დამა ჯვარი” მახატია, ეს ჩემი თილისმაა.”

საბჭოთა პერიოდში ძალიან პოპულარული იყო სამხედრო და საზღვაო თემატიკის სვირინგები, ასეთი სვირინგები ძალიან მარტივად გამოიყურება და ისინი ძირითადად, მეპატრონის ჯარში მსახურობის წლებს, ადგილს, სამხედრო ნაწილის გერბს და სხვა მსგავს ინფორმაციას გადმოსცემს.

სავალდებულო არ იყო ე.წ. ნაკოლკები – ციხისა და თავისუფლების თემაზე, მხოლოდ დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენელს ეტარებინა. ხშირად მსგავსი თემატიკის ნახატებს ის ადამიანებიც იკეთებდნენ, ვინც ამ წრეებისადმი პატივისცემით იყო განმსჭვალული და სურვილი ჰქონდათ სხეულზე, რამე მსგავსი დატვირთვის გამოსახულება ეტარებინათ.

გიორგი ნადირაძე: “ბავშვობაში ქურდულ სამყაროსთან მქონდა კავშირი, მაგრამ მერე შევეშვი, ჯარში წავედი… 1979 წელი იყო, იმ დროს 19 წლის ვიყავი… ობობა ზურგზე, ამ კონკრეტული დახრილობით, იმის ნიშანია, რომ მე იმ წრეს შევეშვი.”

თემურ ვაშაკიძე, ტატუს გაკეთების თარიღი:1979 წელი.

“ბავშვობაში ურთიერთობა მქონდა “შავ ხალხთან,” ზოგი ციხიდან იყო გამოსული, ზოგი _ გამოქცეული და ყველას რაღაცა ეხატა ხელზე. ხელბორკილიც ჩაკეტილობის, ჩამწყვდეულობის სიმბოლოა. ხუთი წერტილი კი სიმბოლურად ოთხ კედელში გამომწყვდეულ პატიმარს ნიშნავს. მე ციხეში არ ვარ ნაჯდომი, მაგრამ იმ პერიოდში კომუნისტები ისე ზღუდავდნენ ყველას, ციხის გარეთაც კი არ იყავი თავისუფალი.”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: