ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროდან 10 წუთის სავალზე თუ გრიბოედოვის ქუჩაზე ჩაუხვევთ, მაღალსართულიანი კორპუსების მიღმა ბოსტნებს იპოვით. ქალაქების ურბანული განაშენიანება, ერთი შეხედვით, ბოსტნების მოსაწყობად არახელსაყრელია, თუმცა ადამიანები მაინც ახერხებენ თავიანთი მიკროკლიმატი შექმნან.

87 წლის მოედინ გორგილაძეს წლებია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ბოსტანი აქვს გაშენებული. 600 კვადრატულ მეტრ მიწაზე მწვანილი, ლობიო, ფხალი და კომბოსტო მოჰყავს.

20 წელია 67 წლის ციალა კობახიძე კომახიძის ქუჩაზე ბოსტანს უვლის. ამბობს, რომ ბაზარში მწვანილის საყიდლად წასვლა არასდროს დასჭირვებია, რადგან ყველაფერი საკუთარ ეზოში მოჰყავს. მწვანილის გარდა მის ბოსტანში კიტრს და პომიდორსაც იპოვით.

ბოსტნის გარდა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე 4 წელია საკუთარი ვარდის სათბური აქვს ზურაბ ჯორბენაძეს. სათბურში მოყვანილ ვარდებს ბათუმის სხვადასხვა მაღაზიაში ყიდის. „არაფრით ჩამოუვარდება უცხოურ ვარდებს. მე თვითონ ვაფესვიანებ და ვუვლი. შუაგულ ქალაქში ჩემი მიკროკლიმატი მაქვს შექმნილი,“ – ამბობს ზურაბ ჯორბენაძე.










