ნეტგაზეთი • RU

რატომ გაათავისუფლეს ექთნები ჰოსპიტლიდან – ოფიციალური და არაოფიციალური მიზეზები

„დამსაქმებლის ინიციატივით გიწყდებათ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება და თავისუფლდებით დაკავებული თანამდებობიდან“, – ეს მიმართვა წერილობითი სახით  17 მაისს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რეანიმაციის განყოფილების სამმა ექთანმა: ნატალია ბრონიკოვა-დევაძემ, ირმა ხოზრევანიძემ და ქრისტინე ქავჟარაძემ  მიიღო.

გათავისუფლების მიზეზი მიმართვაში განმარტებული არ არის. ექთნები ამბობენ, რომ ისინი ყოველგვარი გაფრთხილებისა და საყვედურის გარეშე გაათავისუფლეს, რადგან ისინი არ ეთანხმებოდნენ ჰოსპიტლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკას – ხელფასების შემცირების ფონზე სამუშაოს გაზრდას და ამის თაობაზე ხმამაღლაც გამოთქვეს საყვედური ჰოსპიტლის მენეჯმენტთან.

„17 მაისს ოცამდე ექთანი ვიყავით შესული, რეანიმაცია, საოპერაციო, კარდიო-რეანიმაციის თანამშრომელები…  აპირებდნენ ხელფასის დაკლებას, რაზეც არ ვიყავით თანახმა, რადგან მხოლოდ თანხაში არაა საქმე, ძალიან ბევრი საქმის კეთება გვიწევდა და არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. ამ შეხვედრას ისმეთ დინდარიც ესწრებოდა, იგი ძალიან გაბრაზდა და „წადითო“ იძახდა. შეხვედრიდან ორ საათში ჩაგვაბარეს გათავისუფლების განცხადება“, – ამბობს ირმა ხოზრევანიძე, ერთ-ერთი გათავისუფლებული ექთანი.

„რეორგანიზაცია, რომლის მიზეზიც ფინანსური კრიზისია“, – ეს დაუსახელეს „ბათუმელებს“ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ექთნების გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ განყოფილებაში შტატები შემცირდა და სწორედ ამას მოჰყვა ექთნების გათავისუფლება.

„წინა მენეჯმენტის დროს იქნა დაშვებული დარღვევები, რამაც შექმნა ფინანსური კრიზისი. კრიზისის დაძლევისთვის აუცილებელი გახდა რადიკალური ნაბიჯები, მათ შორის შტატების შემცირება. ეს ადამიანები მოყვნენ შტატების შემცირების პროცესში.

შრომითი კოდექსის 37-38 მუხლებში აღნიშნულია, რომ გათავისუფლების შესახებ დასაქმებულებს შეიძლება ეცნობოს სამი დღით ადრეც და ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ კომპენსაციას ორი თვის ხელფასის ოდენობით. მათი გაფრთხილება მოხდა სამი დღით ადრე და ისინი მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას. რეორგანიზაცია გრძელდება, რადგან არ არის დაძლეული ეკონომიკური კრიზისი“, – განაცხადეს ჰოსპიტლის ადმინისტრაციაში.

სამი ექთნის გათავისუფლებიდან მესამე დღეს ჰოსპიტლიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულების აღდგენის საკითხი არ განიხილება.

„ბათუმელები“ საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს, ნინო ქაჯაიასაც დაუკავშირდა. მან საავადმყოფოს ოფიციალური პოზიციის გასაგებად ადმინისტრაციაში გადაგვამისამართა.

ოფიციალური მიზეზის არ სჯერათ სამსახურიდან გათავისუფლებულ ექთნებს, რომლებიც კლინიკის ყველაზე „ცხელ“ რგოლში, რეანიმაციაში, ჰოსპიტლის დაარსების დღიდან მუშაობენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ საავადმყოფოს დირექტორთან შეხვედრის შემდეგ და სხვა ექთნების დაშინების მიზნით მოხდა.  მეტიც, ისინი ამბობენ, რომ რადგან განყოფილებაში ადამიანური რესურსის ნაკლებობაა, ჰოსპიტალმა შვებულებაში მყოფი ექთანი გამოიძახა სამუშაოდ და აქ რეორგანიზაცია არაფერ შუაშია.

მათ ეჭვებს ამყარებს ის გარემოებაც, რომ გათავისუფლებული ექთნებიდან ერთ-ერთი – ნატალია ბრონიკოვა-დევაძე რეანიმაციის განყოფილების მთავარი ექთანი იყო. მას ისმეთ დინდარისგან, რომლის ხელმოწერითაც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა, საავადმყოფოს ნდობის სიგელიც აქვს მიღებული.

რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან მხოლოდ ეს სამი ექთანი? – გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ამის მიზეზი გახდა მათი შეხვედრა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილესთან, ნინო ქაჯაიასთან, რომელსაც ამ საკითხზე ესაუბრნენ:

„ვრცლად ვისაუბრეთ, რომ რთული მდგომარეობა იყო, ვაკეთებდით იმაზე მეტ საქმეს, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო, მაქსიმალურს ვაკეთებდით“, – ამბობენ ექთნები.

„ქალბატონ ნინოს ვუთხარი, რომ ექთნები ხელს არ მოაწერდნენ ხელფასის დაკლებას. ნინომ მითხრა – შენ მოაწერე ხელიო. ვუთხარი, რომ ვერ ვიზამდი ამას, რადგან გუნდი არ იყო თანახმა. მითხრა, ისე გამოდის, რომ თქვენ ცალკე გუნდი-ხართო?“ – იხსენებს ნატალია ბრონიკოვა.

„ისინი ვინც დარჩნენ, აღარ ითხოვენ ხელფასის შენარჩუნებას, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. რამდენიმე მარტოხელა დედაა, მათი მესმის“, – ამბობს ირმა ხოზრევანიძე.

ექთნებმა გათავისუფლების დღესვე აქცია გამართეს ჰოსპიტალთან. მათ მხარი სხვა თანამშრომლებმაც დაუჭირეს. ირმა ხოზრევანიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც აქციაზე, სატელევიზიო კადრებში გამოჩნდა, ჰოსპიტალში ახსნა-განმარტება დააწერინეს.

სამსახურიდან გათავისუფლებული ექთნები აპირებენ სასამართლოს მიმართონ. მათ ასევე წერილობით მიმართეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაც ერთი მხრივ, მათი შრომითი უფლებების დარღვევის და ასევე, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მიმდინარე სიტუაციის შესწავლას სთხოვენ.

„…დროულად არ რიცხავენ და თვითნებურად ამცირებენ ხელფასებს.

… ერთ ექთანზე მოდის დადგენილზე მეტი პაციენტი, რის გამოც ვერ ხერხდება მათთვის სათანადო ყურადღების მიქცევა.

… კლინიკის დირექტორი იძულებულია შეითავსოს რეანიმატოლოგის თანამდებობა, ადმინისტრაციული თანამდებობის გამო ის ვერ ახერხებს რეანიმატოლოგის პრაქტიკულ საქმიანობას. ასევე, დასაქმებული ღამის მორიგე ექიმი სტაციონარულ დაწესებულებაში შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი საათების გადაჭარბებით [მუშაობს], რაც იწვევს მომსახურების ხარისხის გაუარესებას..“, – ეს ნაწყვეტებია იმ განცხადებიდან, რომლითაც ექთნებმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს.

წერილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსადმი მიწერილი წერილიდან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ექთნების წერილი უკვე გადაუგზავნეს საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც შეისწავლის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

არსებული მონაცემებით, რა პერსპექტივა აქვს სასამართლოში მსგავსი ხასიათის შრომით დავას?  – „გათავისუფლების მოტივაცია უნდა იყოს დასაბუთებული, მხოლოდ ორი თვის კომპენსაციის გაცემა არ არის საკმარისი, თუ გათავისუფლება დასაბუთებული ვერ იქნება, მაშინ სასამართლო ასეთ გათავისუფლებას აუქმებს და მოქალაქეს უკან აბრუნებს [სამსახურში]“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

 

ამავე თემაზე: 

რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში  

საერთაშორისო ჰოსპიტლის თანამშრომლები ხელშეკრულების პირობების გაუარესებას აპროტესტებენ

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან ექიმებს ათავისუფლებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com