მთავარი,სიახლეები

ვფიქრობ, სამსახურიდან პოსტების დაჰაჰავების გამო გამათავისუფლეს – საჯარო მოხელე

30.01.2025 •
ვფიქრობ, სამსახურიდან პოსტების დაჰაჰავების გამო გამათავისუფლეს – საჯარო მოხელე

ნინო ხაზალაშვილი სამცხე-ჯავახეთში, ინტერმუნიციპალურ ააიპ-ში, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერად მუშაობდა. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში კონკურსის წესით დაინიშნა.

როგორც ნინო „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მას შრომით ხელშეკრულებას ყოველ წელს უგრძელებდნენ, თუმცა 2025 წელს, მას მხოლოდ ერთთვიანი შრომითი კონტაქტი დაუდეს, ახლა კი აცნობეს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

მისივე თქმით, დამსაქმებელს წერილობით არ განუმარტავს, თუ რა მიზეზით ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. თუმცა ნინო ვარაუდობს, რომ მიზეზი შესაძლოა იყოს ფეისბუქში გარკვეულ პოსტებზე მისი რეაქციები, ეგრეთ წოდებული დაჰაჰავება, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან აღქმული ყოფილიყო როგორც კრიტიკა.

„დეკემბერში მომთხოვეს პასუხი რატომ დავაჰაჰავე. ავუხსენი, რომ სასაცილო იყო და მაგიტომ. შემდეგი კომუნიკაცია უკვე სამსახურიდან გაშვების თაობაზე იყო, პირდაპირ მითხრეს, მიზეზს ვერ გეუბნებითო. ეგ იყო და ეგ“ – გვეუბნება ნინო ხაზალაშვილი.

ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტში კი ასეთ რამეს წერს:

„ბევრად უარესები ხდება ქვეყანაში, მაგრამ რადგანაც ამბავი ჯერ კიდევ დუღს, დავაკონკრეტებ – დიახ თანამოქალაქენო, გამათავისუფლეს, ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. მიზეზი ვერ დამისახელეს.

რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდნენ, რომ თურმე პოსტი დამიჰაჰავებია. მინდა გითხრათ, ნამდვილად არ იყო შემთხვევითი. კვირების განმავლობაში შეგნებულად გამოვხატავდი რეაქციებს სამოქალაქო აქტივიზმთან (!) დაკავშირებულ პოსტებზე და ველოდი როდის მომადგებოდნენ.

მეტი არანაირი აქტივობა არ მქონია. არც სტატუსი დამიწერია, არც კომენტარი, არც გამიზიარებია რამე. შეგნებულად არ მინდოდა დამატებითი მიზეზის მიცემა. ბედის ირონიით ყველაზე უწყინარი პოსტის დაჰაჰავებით შეწუხდნენ. არანაირ კავშირში სისტემასთან, პოლიტიკასთან, კრიტიკასთან, მაგრამ, აბა, პარტიის მომღერლის აბუჩად აგდებას ხო არ „შემარჩენდნენ“?! თან, რომ არც მოვინანიე. ნწ!ნწ!

მიუხედავად იმისა რომ ვემზადებოდი, მაინც არ მეჯერა პოსტის მოწონება/არმოწონების გამო თუ გამიშვებდნენ სამსახურიდან. წარბიც არ შეუხრიათ! გავაფორმეთ ერთთვიანი ხელშეკრულება და ოფიციალურად იანვრის ბოლოდან თავისუფალი ვარ.

გული მწყდება, როგორ არ მწყდება. მთელი გული და სული ჩავდე ამ მუნიციპალურ ა(ა)იპში, DMO-დ რომ ქცეულიყო. რომ ვთქვა ძალისხმევა მენანება მეთქი, არც მენანება. განა 5 წლის წინ არ ვიცოდი სად მივდიოდი? მაგრამ მე ასე მწამს, ასე გამზარდეს, სანამ იმედის ნატამალი დაგვრჩენია და ძალა შეგვწევს, ყველამ ჩვენი წილი აგური უნდა დავდოთ ქვეყნის მშენებლობაში. ყველამ, ვისაც როგორ შეგვიძლია.

დაგვინგრევენ? ავაშენებთ. ასე მოვსულვართ, ასე გავაგრძელებთ. რიგითი ხორცის ნაჭერი ნამდვილად ვერ გავხდები ჩემს სამშობლოში. სხვებსაც გირჩევთ, თუმცა ვერავის დაგაძალებთ“ – წერს ნინო ფეისბუქში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: