მთავარი,სიახლეები

„დარბილდინგი“ ბარათაშვილის #24-ში მშენებლობის ნებართვას ითხოვს

25.05.2017
„დარბილდინგი“ ბარათაშვილის #24-ში მშენებლობის ნებართვას ითხოვს

სამშენებლო კომპანია „დარბილდინგმა“ ბათუმის მერიას ბარათაშვილის 24-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ დაუდასტურა.

კომპანიამ 2017 წლის თებერვალში ბარათაშვილის #24-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა დაანგრია. შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს და მასზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ განიხილა, საბოლოოდ კი უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, მაგრამ მას იცავდა ჩანაწერი კანონში ძეგლის დაცვის ზონაში არსებული შენობების შესახებ. ამიტომაც დეველოპერმა ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს შეათანხმა.

ბარათაშვილის #24

ბარათაშვილის #24

სახლის დანგრევის შემდეგ მერიაში აცხადებდნენ, რომ მშენებლობის [შესაბამისად სახლის დანგრევზე] ნებართვა გაცემული არ ყოფილა. დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ ნებართვების გასაცემი პროცედურები მერიაში ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. 2016 წლის 29 ნოემბრით თარიღდება ბათუმის მერის ბრძანება ბარათაშვილის 24-ში შენობის დემონტაჟის ნებართვის გაცემის თაობაზე. შემდეგი ეტაპი იყო სანებართვო მოწმობის მომზადება და მისი უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარება.

მერიის არქიტექტურის სამსახურში აგვიხსნეს, რომ სანებართვო მოწმობა არ მოუმზადებიათ, შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ვერ ჩაითვლებოდა. კომპანიაში ასე არ ფიქრობენ და იმის დასამტკიცებლად, რომ სახლი კანონდარღვევით არ დაუნგრევიათ, სასამართლოს მიმართეს.

პარალელურად, კომპანია, მერიასთან ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით, მშენებლობის დაწყების ნებართვას ითხოვს. მერიაში ეს საკითხი ჯერ არ განუხილავთ.

კომპანია ბარათშვილის #24 ში 7-სართულიანი, მრავალფუნქციური სახლის აშენებას გეგმავს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ტერიტორია “დარ ბილდინგს“ ეკუთვნის.

კომპანია „დარბილდინგი“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: