Batumelebi | დავა საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე დავა საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე – Batumelebi
RU | GE  

დავა საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე

საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. დღეს, 28 მარტს, მოსამართლეებმა მხარეთა არგუმენტების გარდა ექსპერტებისა და ცესკოს წარმომადგენლების პოზიციები მოისმინეს.

“ამომრჩეველს უნდა გააჩნდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ მხარდაჭერილი პარტია წარმომადგენლობით ორგანოში მიიღებს მანდატების იმდენ პროცენტს, რამდენი პროცენტი ამომრჩეველიც მას მხარს უჭერს,” – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს იურისტმა ვახუშტი მენაბდემ. ის ამომრჩევლების – თამარ პაპაშვილისა და ანა ბერიძის ინტერესებს იცავს, რომლებმაც კონსტიტუციური სარჩელით მიმართეს სასამართლოს. ისინი მიიჩნევენ, რომ არსებული საარჩევნო სისტემა საქართველოში უსამართლოა.

მოსარჩელე მხარე ძირითადად პროპორციულობის პრინციპის დარღვევაზე აკეთებს აქცენტს.

“მაგალითად, დღეს 48 პროცენტი მიიღო კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ და მან მანდატების 80 პროცენტი მიიღო, ანუ დაახლოებით მიღებული ხმების ერთნახევარჯერ მეტი. გამოდის, რომ ვინც უმრავლესობას უჭერს მხარს, მისი ერთი ხმა ერთნახევარს იწონის, უმცირესობის ხმა – 50 პროცენტს,” – აცხადებს იურისტი ვახუშტი მენაბდე.

“სხვაგვარად შეუძლებელია,” – უპასუხა მოსარჩელეს პარლამენტის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიბჩიურმა: “უმრავლესობა ყოველთვის არის ერთი, უმცირესობა – რამდენიმე. თითოეული არჩევნები ემსახურება ხელისუფლების უმრავლესობისთვის გადაცემას. არავის ხმა არ იკარგება, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს არჩევანი, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით.”

“ეს არ არის საარჩევნო უფლების შინაარსი,” – გამოეპასუხა პარლამენტის იურისტს ვახუშტი მენაბდე, მოსარჩელე მხარის იურისტი: “ჩემი ხმა, რომელიც მე დავაფიქსირე, ადეკვატურად უნდა აისახოს მანდატებში. საარჩევნო სისტემის მიზანი ეს უნდა იყოს”.

მოსარჩელე ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემისაც, რადგან არჩევნებს იგებს ის კანდიდატი, ვინც 50 პროცენტს პლუს ერთ ხმას მიიღებს.

ვახუშტი მენაბდე: “გამოდის, რომ 49 პროცენტი კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში ყოველთვის წარმომადგენლის გარეშე რჩება”.

გიორგი ჩიბჩიურს, პარლამენტის წარმომადგენელს ამ არგუმენტმა პრეზიდენტი გაახსენა:

“პერსონიფიცირებული პირის არჩევა თავისთავად გულისხმობს ვიღაცის დამარცხებას… პრეზიდენტის არჩევნებზე როგორ მოვიქცეთ მაშინ, რამდენიმე პრეზიდენტი ავირჩიოთ?”

“შედეგზე უნდა აისახოს თუ არა ჩემი ხმა, თუ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ის არის, რომ წავედი არჩევნებზე და ბიულეტენზე კონკრეტული ციფრი შემოვხაზე?” – ეს შეკითხვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს დაუსვა.

“თუკი მაჟორიტარულ სისტემაში დაიკარგა ამომრჩევლის ხმა, ეს განწყობა აუცილებლად გამოჩნდება პარალელურ სისტემაში, ანუ პროპორციული არჩევნების დროს. 2012 წლის თუ გასული წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ ვინც აძლევდა პარტიას ხმას, იმ პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს ირჩევდა ამომრჩეველი”, – აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ცესკოს წარმომადგენლის მკაფიო პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნივერსალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ძლიერი და სუსტი მხარეები თითოეულ სისტემას აქვს. გიორგი შარაბიძემ განმარტა, რომ კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა მაჟორიტარული კანდიდატებისთვის და პარტიებისთვის ცალ-ცალკე უნდა დაითვალონ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტში სულ 150 წევრია, აქედან 77 პროპორციული სისტემით აითვლება, 73 – მაჟორიტარულით.

“შესაძლებელია ხმები დავთვალოთ 150-დან?”- იკითხა მოსამართლე მანანა კობახიძემ, რაზეც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ თქვა – “არა”.

“აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,” – დასძინა მანანა კობახიძემ.

IMG_20170328_123112

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი