მთავარი,სიახლეები

არსებობს თუ არა შესაბამისი ტექნიკა ბათუმში მაღლივ კორპუსებში ხანძრის ჩასაქრობად

27.03.2017
არსებობს თუ არა შესაბამისი ტექნიკა ბათუმში მაღლივ კორპუსებში ხანძრის ჩასაქრობად

ბათუმში დღევანდელმა ხანძრის შემთხვევამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, აჩვენა, რომ ქალაქში სახანძრო უსაფრთხოება ბოლომდე დაცული არ არის, ხოლო სახანძრო სამსახურს საკმარისი შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა არ გააჩნია.

მოქალაქეები შიშობენ, რომ 10 და უფრო მაღალ სართულებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ცეცხლის ლოკალიზება სპეცტექნიკის არარსებობის გამო გაჭირდება, ან შეუძლებელი იქნება. თვითმხილველთა თქმით, დღეს მეხანძრეებს არ ჰქონდათ რაციაც კი, ერთმანეთისთვის ინფორმაცია რომ გაეცვალათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს [რომელშიც შედის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველო] პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს სახანძრო სამსახურს დამატებით ტექნიკა ბათუმის პორტისგან არ უთხოვია [ითქვა, რომ სახანძრომ პორტს სთხოვა ტექნიკა, რის სანაცვლოდაც პორტმა 15 ათასი ლარი მოითხოვა – ავტ]: „მსგავსი რამ არ ყოფილა. ზოგადად, მასშტაბურ ხანძრებში ერთვება აეროპორტის სახანძრო  ერთეული. ოღონდ, ეს ჩადებულია ხელშეკრულებაში. ასეა თუნდაც ნავთობბაზაშიც, იქ რომ რამე მოხდეს, ჩვენ გავდივართ. ერთეული შემთხვევების დროს კი არ ვურეკავთ რომ მოდით, არამედ ორმხრივი ვალდებულება გვაქვს, იმათაც და ჩვენც“.

რაც შეეხება სპეცტექნიკას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში არის ორი კიბე, რომლებიც გათვალისწინებულია მაღალსართულიანი შენობებისთვის და ეს რაიმე დაბრკოლებას არ ქმნის: „ჩვენ, მე-20 სართულზეც რომ გვქონდეს, ვთქვათ, ხანძრის შემთხვევა, ჩავაქრობთ დაბრკოლების გარეშე… ახალი ტენდენციიდან გამომდინარე, როცა მაღალი კორპუსები შენდება, სააგენტოც ითვალისწინებს ამას და ხდება აღჭურვილობის განახლებაც. გასულ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ახალთ-ახალი აღჭურვილობა დაურიგდათ… წინა წლებისგან განსხვავებით არანაირი პრობლემა არ აქვთ აღჭურვილობის მხრივ. მთელ ქვეყანაში, მათ შორის ბათუმშიც, ყველა დანაყოფს ახალი აღჭურვილობა და ფორმები დაურიგდა“.

დღეს, 27 მარტს, დილით ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი კორპუსის სახურავზე გაჩნდა და  სახურავის 80% გაანადგურა. ხანძრის დროს, ერთ-ერთი მეხანძრე – გია დოლიძე დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია და გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

სასტუმროები უსაფრთხოების ნორმების გარეშე

სახალხო დამცველი: სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ტრაგედიების თავიდან აცილებისაკენ

ბათუმში მეხანძრე-მაშველის დღე აღნიშნეს [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008