მთავარი,სიახლეები

როგორ აისახა ავტორიტარული ტენდენციები? – „ოცნება“ კიდევ უფრო ზღუდავს ქალების შესაძლებლობებს“

08.03.2026
როგორ აისახა ავტორიტარული ტენდენციები? – „ოცნება“ კიდევ უფრო ზღუდავს ქალების შესაძლებლობებს“

„ქართული ოცნება“ გენდერული თანასწორობის მრავალი გამოწვევის დაძლევის ნაცვლად, თავად იყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, დეზინფორმაციას და შეურაცხყოფას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საია დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიმოიხილავს, როგორ გაუარესდა ბოლო წლებში ქალთა უფლებების დაცვის მდგომარეობა საქართველოში, როცა „ქართული ოცნება“ პრობლემების მოგვარების ნაცვლად თავად იყენებს გენდერულ დეზინფორმაციას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს.

„დღემდე ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციების ქალი მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფისა და ძალადობის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, 2025 წელს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა არაერთმა პირმა, მათ შორის, ქალებმა, განაცხადეს, რომ დაკავების შემდგომ მათ იძულებით სრულად აშიშვლებდნენ პირადი ჩხრეკის/დათვალიერების საბაბით. აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს დაკავებულების ჩაყენებას მოწყვლად, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში.

მაშინ, როდესაც გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების ერთ-ერთი მთავარი რგოლი, პოლიცია, თავად ავლენს სექსისტურ, შეუწყნარებელ დამოკიდებულებას ქალების მიმართ, რასაც დაუსჯელობით ახალისებს და მხარს უჭერს სახელმწიფო, ძირს ეთხრება სახელმწიფო მექანიზმებისადმი ისედაც მყიფე ნდობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან, ხალისდება ძალადობისა და უთანასწორობის ზოგადი გარემო.

ამასთან, ანტიგენდერული, დისკრიმინაციული ნარატივები კვლავ აქტიურად გამოიყენება ავტორიტარული ტენდენციების გამართლებისათვის. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ კანონმდებლობიდან ტერმინი „გენდერი“ სრულად ამოიღო. საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება მცდარ, დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს „უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის – „გენდერის“ დანერგვა”.

სინამდვილეში, სტამბოლის კონვენციის მიხედვით, ტერმინი „გენდერი” გულისხმობს სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას ან მახასიათებლებს, რომლებსაც საზოგადოება შესაფერისად მიიჩნევს ქალის ან მამაკაცისათვის. გარკვეული როლები ან სტერეოტიპები ხელს უწყობს არასასურველ და საზიანო პრაქტიკას და ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიმღებლობას. სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გააზრებული უნდა იყოს გენდერულ ჭრილში, რაც უნდა იქცეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების საფუძვლად.

კანონმდებლობიდან გენდერის ცნების გაქრობა არ არის მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილება და ძირს უთხრის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას, ქმნის საფუძველს ძალადობის თუ უთანასწორობის გენდერული პერსპექტივის გაუთვალისწინებლობის, სოციალური და კულტურული ფაქტორების უგულებელყოფისთვის, რაც პრობლემებთან სისტემურ და საფუძვლიან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს.

ამასთან, კვლავ ძალაშია „ქართული ოცნების“ მიერ, 2024 წლი სექტემბერში მიღებული ჰომოფობიური/ტრანსფობური კანონები, რომლებიც სიძულვილის შემცველ ნარატივებს და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს ეფუძნება, სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მსგავსად, სხვა კანონების მსგავსად, მიღებულია დემოკრატიული ჩართულობის, ექსპერტების და საზოგადოების სხვა ჯგუფების მონაწილეობის გარეშე და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან.

ამის პარალელურად გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, რაც არსებითი თანასწორობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.

მიუხედავად უფლებადამცვლეთა მიერ წლების განმავლობაში გაწეული ადვოკატირებისა, საქართველოს კანონმდებლობა, რიგ შემთხვევებში კვლავ შეუთავსებელია სტამბოლის კონვენციის სტადარტებთან.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს გაუპატიურების საკანონმდებლო განმარტება წარმოადგენს, რომელიც ნაცვლად თანხმობის არასებობისა, კვლავ ძალადობის კომპონენტზე აკეთებს მითითებას.

გამოწვევას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალდამცავი პირების არასაკმარისი და არაეფექტიანი რეაგირება, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ყოველმხრივი გამოძიებისა და დაზარალებულების ეფექტიანი დაცვის ნაკლებობა, კანონის არასწორი განმარტების გამო გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რისკის შეფასებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმა.

პრობლემურია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით, ერთი მხრივ, საინფორმაციო კამპანიების ნაკლებობა საზოგადოებსითვის, მეორე მხრივ, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები პროფესიონალთათვის. წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ინსტიტუციას შორის კოორდინირებული მუშაობა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ადრეული ქორწინების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

ამასთან, გამოწვევად რჩება ქალების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონიმიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის მიერ 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებული დასკვნითი შეფასებებში კომიეტეტი შეშფოთებას გამოხატავს საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაცის, გამო, და აღნიშნავს, რომ ეს იწვევს ქალებისთვის ზრუნვისა და შინ შრომის არაპროპორციულად დიდი, აუნაზღაურებელი ტვირთის დაკისრებას, რაც აფერხებს მათ სრულ და თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე და ზღუდავს მათ წარმომადგენლობას გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე.13 კომიტეტი ასევე შეშფოთებულია ქალთა კონცენტრაციით ნაკლებად ანაზღაურებად დასაქმების სექტორებში, რაც ხელს უწყობს ანაზღაურებაში გენდერით განპირობებული სხვაობის არსებობას.14 კომიტეტმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ქალების სიღარიბის შედარებით მაღალი მაჩვენებლის გამო.

ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე ქალების სექსუალური შევიწროება. შემაშფოთებელია, რომ კვლევების მიხედვით, სექსუალური შევიწროების შემთხვევათა უმეტესობა შეტყობინების გარეშე რჩება.

ზემოთ განხილული გამოწვევების ფონზე, „ქართული ოცნება” სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებითა და კანონმდებლობით კიდევ უფრო ზღუდავს ქალებისა და გოგოების შესაძლებლობას, მიიღონ იურიდიული დახმარება და ისარგებლონ მსარდამჭერი სერვისებით. სამოქალაქო სივრცის განადგურება ასევე ზღუდავს ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლებლობას და გენდერული თანასწორობისათვის ადვოკატირებას “უცხოური გავლენის იდეოლოგიის ლობირებად” წარმოაჩენს. აღნოშნული ცხადყოფს, რომ ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის პრაქტიკებს ის არასაკმარისი პროგრესიც კი ეწირება, რომელიც ქვეყანას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით 2024 წლამდე ჰქონდა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: