სიახლეები

არასამთავრობოების განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

28.01.2014 • 1212
არასამთავრობოების განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

 

2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების მეორე ეტაპის კენჭისყრა ჩაატარა. ორივე ეტაპის კენჭისყრის შედეგად, ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე სულ ოთხი კანდიდატი აირჩა.

არასამთავრობოები თვლიან, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა, ვინაიდან საქმიანობა ღიად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართა – “კომისიის საქმიანობის ხარისხი აისახა პარლამენტისთვის წარდგენილ 27 კაციან სიაში, რომელიც პარლამენტსა და უფლებამოსილ სუბიექტებს აძლევდა არჩევანის საკმაოდ ფართო შესაძლებლობას”.

არასამთავრობოების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი ცხრაკაციანი სამეურვეო საბჭოს სახით, არამედ ის თუ როგორ ხდება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევა.

ისინი მიიჩნევენ, რომ კომისიის მიერ პროცესისადმი მაღალი სანდოობის მოპოვების შემდგომ, პარლამენტმა ვერ მოახერხა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ეჭვქვეშ არ დაეყენებინა საკუთარი ნება გაეთავისუფლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური გავლენისგან.

“სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კომისიის მიერ საქმიანობის დაწყების პირველ დღეებში, მმართველი კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებები კონკურსის ვადის გახანგრძლივებასა და კანდიდატობის მსურველებისათვის დამატებითი შესაძლებლობის მიცემის შესახებ, უმცირესობის დეპუტატთა მიერ კანდიდატთა დასახელების შემდგომ საკუთარი ხმების უკან გამოთხოვის პრეცედენტები, კენჭისყრის პროცესის მეორე ეტაპზე ხმის მიცემისას დამდგარი შედეგი, სადაც არ იკვეთება სუბიექტებს შორის კონსენსუსის მიღწევის მცდელობა, – მიუთითებს მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილებების სულისკვეთების უგულებელყოფას, რომელსაც უნდა უზრუნველეყო, სუბიექტებს შორის კონსენსუსის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამჭვირვალობა და მეტი პლურალიზმი მის საქმიანობაში” – ნათქვამია განცხადებაში.

ისინი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, ძველი კომისიის შემადგენლობის პირობებში, უზრუნველყოს ახალი კონკურსის ორგანიზება, რათა მათ მიერ პროცესისადმი უკვე მოპოვებული ნდობა საბჭოს დაკომპლექტების საბოლოო შედეგში იყოს გარანტირებული. ასევე, მიიღოს დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილება, რათა ახალმა სამეურვეო საბჭომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეუფერხებელი საქმიანობა.

განცხადებას შემდეგი არასამთავრობოები ავრცელებენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მედიის განვითარების ფონდი.

გადაბეჭდვის წესი