ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მესაკუთრეს ქონებას ჩამოართმევენ ფარნავაზ მეფე – ფიროსმანის ქუჩების შეერთების გამო – ექსპროპრიაცია ბათუმში

29.08.2025
მესაკუთრეს ქონებას ჩამოართმევენ ფარნავაზ მეფე – ფიროსმანის ქუჩების შეერთების გამო – ექსპროპრიაცია ბათუმში

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტის განხორციელების მიზნით, სააქციო საზოგადოება „პოლიგრაფისტს“ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ. დოკუმენტებში წერია, რომ მერია და კერძო მესაკუთრე ვერ შეთანხმდნენ.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელებას [გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთით] და მის შეერთებას ფიროსმანის ქუჩასთან, ჯავახიშვილის ქუჩის გადაკვეთით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 20 აგვისტოს ბრძანებით, პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონედ და ბათუმის მერიას მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება – „პროექტის არეალში მოქცეულ სს „პოლიგრაფისტის“ საკუთრებაში არსებულ 585 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 135.37 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე“.

ამავე ბრძანების მიხედვით, „პროექტიდან გამომდინარე, სამი ერთეული უძრავი ქონების [მიწის ნაკვეთების] მესაკუთრეებთან მიღწეულია შეთანხმება და დასრულდა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომპენსაციის საკითხი, ხოლო მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, სს ,,პოლიგრაფისტის“ ქონებასთან დაკავშირებით“.

ნახაზი ზემოთ: ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელება ფიროსმანის ქუჩამდე / გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთი / ფოტო მერიის დოკუმენტებიდან. ფოტო ქვემოთ: ყვითელი ფერით მონიშნულია „პოლიგრაფისტის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი, რომლის ნაწილი [300 კვ.მ] საპროექტო არეალშია მოქცეული

ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია… საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან…

თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

შესაძლებელია ასევე მინისტრის ბრძანების გასაჩივრებაც „მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“.

ბრძანება 2025 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების [შეერთების] პროექტისთვის ბათუმის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში 572 ათას 159 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ამ ქუჩების შეერთებას ბათუმის მერია 2023 წლიდან გეგმავს.

ვრცლად: ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანამდე გაგრძელდება – ექსპროპრიაციით ან შეთანხმებით მესაკუთრეებთან

იმავე 2023 წელს ბათუმის ბიუჯეტში 6,4 მილიონი ლარი გაითვალისწინეს იმ კერძო საკუთრების გამოსასყიდად, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ინასარიძის ქუჩების გაგრძელებისთვის, ასევე ადლიისა და კაჩინსკების ქუჩების დასაკავშირებლად იყო საჭირო.

ამ თემაზე:

შეთანხმება ან ექსპროპრიაცია – 6 მილიონი კომპენსაციისთვის ბათუმში ქუჩების გასაგრძელებლად

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: