სიახლეები

იტალიელი დიპლომატი ბათუმზე: საერთო შფოთის მიუხედავად ხალხი სეირნობს და „კარმენს“ უსმენს

20.10.2021 • 2026
იტალიელი დიპლომატი ბათუმზე: საერთო შფოთის მიუხედავად ხალხი სეირნობს და „კარმენს“ უსმენს

იტალიელი ისტორიკოსი, დიპლომატი და მოგზაური, ლუიჯი ვილარი, 1876 წელს დაიბადა. ის იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პარალელურად საგაზეთო გამოცემების კორესპონდენტადაც მუშაობდა. იყო იტალიის ვიცე-კონსული 1906-1910 წლებში ამერიკის სამ ქალაქში: ნიუ ორლეანში, ფილადელფიასა და ბოსტონში.

ამერიკაში გამგზავრებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე კი რუსეთის იმპერიაში იმოგზაურა და 1905 წელს საქართველოში ჩამოვიდა. ვილარის ბევრი წიგნი აქვს დაწერილი მოგზაურობაზე. მათ შორის ერთ-ერთია „ცეცხლი და მახვილი კავკასიაში“ [Fire and Sword in the Caucasus].

თითქმის 200-გვერდიან წიგნში მოგზაური მეოცე საუკუნის დასაწყისის, კერძოდ, 1905 წლის ბათუმს, ქუთაისს, გურიასა და თბილისს აღწერს. ვრცლად წერს იმდროინდელი აზერბაიჯანისა და სომხეთის მდგომარეობაზე.

ბათუმზე ვილარი წიგნის მესამე თავში საუბრობს და ქალაქის აღწერას შვიდ გვერდს უთმობს.

ლუიჯი ვილარი. იტალიელი დიპლომატი, ისტორიკოსი და მოგზაური (1876–1959)

ვილარის ჩამოსვლა ბათუმში 1905 წლის მუშების გაფიცვებს დაემთხვა. ის დეტალურად ჰყვება ამაზე და წერს, რომ „პეტერბურგის გაფიცვებისგან განსხვავებით ბათუმელებმა პროტესტის ძალადობრივ მეთოდს მიმართეს თავიდანვე, რის გამოც ქალაქს მოსვენება დიდხანს აღარ ჰღირსებია“.

წიგნს ბათუმსა და მის შემოგარენში გადაღებული ფოტომასალაც ერთვის.

ვნახოთ, რას წერს 1905 წლის ბათუმზე იტალიელი მოგზაური.

ლუიჯი ვილარის „ცეცხლი და მახვილი კავკასიაში“ [Fire and Sword in the Caucasus] – წიგნის ინგლისურენოვანი გამოცემის გარეკანი

  • ლუიჯი ვილარი, ბათუმი  [ადაპტირებული თარგმანი]

დილაადრიან ჩნდება ბათუმი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ათასგვარი მცენარითა და ხავერდოვანი ბალახით დაფარული გორაკები აკრავს გარს ამ შესანიშნავ ყურეს. ჩრდილოეთით ჭაობისფერი ვაკე იშლება, მის მიღმა ცოტა ხნით შეიძლება კავკასიონიც დალანდო.

სამხრეთით და აღმოსავლეთით ძოწისფერი, მოლურჯო-ვარდისფერი აჭარის მთებია გადაჭიმული თურქეთის საზღვრამდე. ანატოლიის მთების დანისლული, კლდოვანი კონცხები იჭრება ზღვაში.

ბათუმი ვაკეზეა გაშენებული ნავსადგურის ირგვლივ. გემიდან თუ უყურებთ ქალაქს, ტროპიკული მცენარეებით გარშემორტყმულ, თეთრ და ყავისფერ სახლებს ხედავთ ჩამწკრივებულს. პორტში მხოლოდ რამდენიმე გემი დგას, რადგან მარტიდან მოყოლებული თითქმის სულ არეულობაა ქალაქში, ვაჭრობა შეჩერებულია. ბათუმის ყურე ამ სანაპიროზე საუკეთესო პორტად მიიჩნევა.

ჩემი სასტუმრო თურქეთს მახსენებს. ფრანგულენოვანი თარჯიმანი საეჭვო წარსულით, კაშკაშა აღმოსავლური ხალიჩები, შეღებილი რკინის საწოლები და დამტვრეული ავეჯი, რომელიც შესაძლოა სკოპიესა და სალონიკის სასტუმროების კუთვნილებაც იყო.

ბათუმის მთავარი პეწი ბულვარია. სხვადასხვა სიდიდის ყველა რუსულ ქალაქში არის ბულვარად წოდებული სკვერი ან პარკი, ალექსანდრეს ან ქალაქის ბაღები, სადაც ორკესტრი უკრავს და ხალხი სეირნობს.

პროვინციულ ქალაქებში ამ ადგილების უმრავლესობა უგემოვნოდაა გაშენებული, უხალისო და მოუვლელია გაუკრეჭავი მცენარეებით, უყვავილო ბუჩქნარით და უსიცოცხლო ხეებით, მაგრამ ბათუმის ბულვარი საოცრებაა.  

ეს არის ფართო ხეივანი ჩარიგებული აკაციებით. პალმები, კაქტუსები, ბანანი და ზომიერი სარტყლისთვის დამახასიათებელი  სხვა ტროპიკული მცენარეებიც ხარობს. შესანიშნავი ხედები იშლება ინდიგოსფერ ევქსინოსზე.

მწვანე, ლურჯი და მოციმციმე იისფერით გაჯერებული ფერთა გამა, დატვირთული ბორნები და დახუთული ჰაერი  ჭეშმარიტად აღმოსავლურ ატმოსფეროს ქმნის.

ბულვარიდან პროსპექტს რომ გადაკვეთთ, იშვიათი ხეებით, უცნაური ტროპიკული ყვავილებითა და მობიბინე ბალახით გამშვენებულ, კიდევ უფრო ნატიფ ბაღში აღმოჩნდებით. აქვე მომცრო ტბაა, ზღვისგან ვიწრო ზოლით გამოყოფილი. წყალი მზის ჩასვლისას ოქროსფრად, წითელ-ვარდისფრად ციმციმებს.

ბათუმი. მუსლიმები ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან ბრუნდებიან

ტბისკენ ხშირფოთლიანი ტოტები გადაუხრიათ ხეებს, წყლის სარკისებურ ზედაპირს მათი ჩრდილები ეცემა. გეგონება, ტბის ზედაპირს კოცნიან ხეები, მათთან შესაგებებლად წამომართულან წყლიდან სხვადასხვა ფორმისა და ფერის ლერწმები.

მაღალი, წვრილი პალმები ჰორიზონტის ხაზის ფონზე სილუეტებად ჩანს. მათ გასწვრივ ცხენოსანი კაზაკების მწკრივი მიდის ქვიშის ხაზზე – ცხენებს წყალი უნდა დაალევინონ. კაშკაშა ტონებით გაჯერებული მთელი ეს სანახაობა ინდოეთსა და ეგვიპტეს მოგაგონებთ.

ჰაერი მძიმეა და ნესტის სუნი ტრიალებს. რასაც არ უნდა შეახო ხელი, ყველაფერი სველი და ფისივით წებოვანია, გუბეებსა და მცენარეებს ორთქლი ასდის, ადამიანი აქ თავს დაღლილად და უენერგიოდ, გამოფიტულად გრძნობს. რუსული ხელისუფლების სიმბოლოები – კაზაკები მისეირნობენ ისევ სადღაც, მათი მომაკვდინებელი მტერი – მალარიის კოღო კი აქვე ბზუის, წყლის ზედაპირზე.

ბათუმის კლიმატის გასაუმჯობესებლად რუსეთის ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, ამოაშრეს ჭაობი ქალაქის გასაჯანსაღებლად. მწვანე კონცხსა და ჭაობიან სხვა ზონებში მედპუნქტებია გახსნილი, თუმცა ქალაქის მცხოვრებლები ადრე თუ გვიან მაინც ციებ-ცხელების მსხვერპლნი ხდებიან.

პორტიდან საშინელი სუნი მოდის. ღია, ლოპიანი საკანალიზაციო მილები სახლებიდან პირდაპირ ზღვას უერთდება.

რუსულ ოკუპაციამდე ბათუმი სოფლის მსგავსი დასახლება იყო, ძირითადად სახლობდნენ თურქები, ალაგ-ალაგ ბერძნები და სხვები. ახლა ქალაქში სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების 30 000-მდე კაცი ცხოვრობს: 10 000 თურქი, დაახლოებით 10 000 ქართველი – გურულები, მეგრელები, იმერლები და მუსლიმი აჭარლები; 7000 რუსი – ძირითადად ჯარისკაცები და ჩინოვნიკები; 3 000-დან 5 000 – მდეა ირანელების, ბერძნების, სომხებისა და სხვა ეროვნების ხალხთა რიცხვი.

გურული გლეხები ქალაქში მაშინ ჩამოდიან, როცა მუშახელია საჭირო და სამსახური ჩნდება. მოსავლის აღების დროს ან როცა ქალაქში სამუშაო აღარაა, ყანებს და ველებს უბრუნდებიან შინ.

ბევრი არ არის ისეთი ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ამდენ ადამიანს ნახავ ერთად – შავგრემანი ირანელით დაწყებული, ქერათმიანი რუსით დამთავრებული.

ბათუმი. მუსლიმის ლოცვა

ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთის ყველა საპორტო ქალაქში შენიშნავთ მძარცველებს, მაგრამ ბათუმი პირველობის პალმას იმსახურებს ბოროტმოქმედების ყოველგვარი გამოვლინებით. მკვლელობა, ძარცვა-გლეჯა და შენობების გადაწვა აქ ჩვეულებრივი ამბავია. დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებიან იმ დანაშაულებზე, რასაც მაღალი წრის ხალხი სჩადის.

ბათუმის კეთილდღეობა კავკასიაში საგარეო ვაჭრობის ცენტრად ქცევამ განაპირობა.

ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოდან რკინიგზის საშუალებით და მილსადენით ხდება; ბათუმში კი ნავთობს ტანკერებით გზავნიან ან თუნუქის სპეციალური ყუთებით გააქვთ ექსპორტზე. ამ ყუთების წარმოება ძალიან მნიშვნელოვან სამრეწველო საქმიანობად იქცა.

თუნუქის ყუთების ყველაზე დიდი ქარხანა ბათუმში როტშილდებს ეკუთვნით – ბაქოს დიდი ნავთობსაბადოების მფლობელებს, რომლებიც საექსპორტო ბიზნესით არიან დაინტერესებული. ბათუმთან ახლოს მათ ქარხნებში ათასობით ადამიანი მუშაობს.

როცა ჩამოვედი, თითქოს ყველგან სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ  ქალაქი ალყაში იყო მოქცეული და არსად ჩანდა პოლიცია. დღე არ გავიდოდა ქუჩაში ვინმე არ მოეკლათ, თუმცა არავინ დაუჭერიათ. არსებობდა  ტერორისტული კომიტეტი, რომელიც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა ოფიციალურად, მაგრამ სავარაუდოდ რევოლუციონერ სოციალისტებთან იყვნენ დაკავშირებულები.

ჩაქვი. საუფლისწულო მამული. ჩაის ფოთლების გაშრობა

ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში, რომელიც ძირითადად უწესო, საეჭვო რეპუტაციის ხალხით იყო დასახლებული, ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელსაც ნამდვილი გუბერნატორივით იხსენიებდნენ, ოფიციალური რუსი გუბერნატორისგან განსხვავებით.

დიდი პატივისცემით სარგებლობდა და აშკარა იყო, რომ მის სიტყვას კანონივით ემორჩილებოდნენ.

ტერორისტების მოქმედების მეთოდი მარტივი იყო. გაიცემოდა ბრძანება, რომ ამა და ამ  ქარხნის მუშები უნდა გაიფიცონ; კაცები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ და ნებისმიერ ხელმძღვანელს ან თანამშრომელს, ვინც შეეცდებოდა ხელი შეეშალა საგაფიცვო მოძრაობისთვის, კლავდნენ.

ზოგ შემთხვევაში გემის ბორტზე ადიოდნენ და მუშებს უბრძანებდნენ, შეეჩერებინათ პორტში სამუშაოები.

ბათუმში შესანიშნავად გავატარე დღეები, მოვინახულე ქალაქი და მისი მშვენიერი შემოგარენი. არც საუფლისწულო მამულების დათვალიერება დამვიწყებია ჩაქვში, სადაც ერთი ჩინელი ჩაის დიდ პლანტაციებს განაგებს.

ყოველ დილით ზღვის თბილ, სასიამოვნო აბაზანებს ვიღებდი და სახელდახელოდ მოწყობილ აბანოში ვბანაობდი.

საღამოობით ბულვარში სამხედრო ორკესტრი უკრავდა და მკვლელობების, საერთო შფოთის, შიშის მიუხედავად, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ბომბი გასკდეს, ხალხი მაინც სეირნობდა და „კარმენის“, „ტრუბადურის“ ჰანგებს უსმენდა.

სეირნობდნენ ჩოხებსა და ყაბალახებში გამოწყობილი ქართველების ჭრელ-ჭრელი  გუნდები, მუქკანიანი ირანელები ცისფერი მუნდირებით, ჟანდარმები, ველური კაზაკები და ლამაზი აჭარლები ტანზე მომდგარი მეწამული სამოსით. აქა-იქ ხალხის ტალღას ერეოდნენ ევროპულ ყაიდაზე გამოწყობილი ქალები და კაცები, რუსები და ევროპელები.

ბულვარში მოსეირნე ხალხი კეთილგანწყობას ამჟღავნებდა და მზად იყვნენ დღეს მეგობრულად ემასლაათათ, ხვალ კი ყელი გამოეჭრათ ერთმანეთისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: