მთავარი,სიახლეები • •

აჭარის მთავრობის შენობას დაანგრევენ – სად გადავიდნენ სამინისტროები

08.10.2026
აჭარის მთავრობის შენობას დაანგრევენ – სად გადავიდნენ სამინისტროები

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა რომელიც ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა N119-ში მდებარეობს, გამაგრებას არ ექვემდებარება და განიხილება ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის იმავე ადგილზე ახალი შენების აშენება – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. ეს ნიშნავს, რომ შენობას, რომელშიც აჭარის სამი სამინისტრო იყო განთავსებული, დიდი ალბათობით, დაანგრევენ.

ხუთსართულიანი შენობა, რომელშიც აჭარის ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იყო, ამ დროისთვის დაცლილია.

ამავე მისამართზე ეზოში მდებარე ერთსართულიან შენობაში კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანცელარიაა განთავსებული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანცელარია კომახიძის ქუჩაზე დასანგრევი კორპუსის უკანა ეზოში, ამ შენობაშია განთავსებული. 8.10.2026

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის აპარატი და სამინისტროს რამდენიმე დეპარტამენტი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შენობაში გადავიდა, თანამშრომლების ნაწილი კი ონლაინ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც ადრე აცხადებდნენ, სამინისტრო ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლის შენობაში გადავიდა. შეიცვალა სამინისტროს დებულებაც, რომლის მიხედვითაც „სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქალაქ ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №39/26 მაისის ქუჩა №3.“.

ეს შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და 2013 წლიდან იჯარით იყო გადაცემული „ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“. დღეისთვის შენობის მხოლოდ ნაწილს იყენებს შპს „სამშობიარო სახლი“ ამბულატორიული და საკონსულტაციო განყოფილებებისთვის.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო კი, ბაქოს ქუჩაზე, „აგროსერვისცენტრის“ შენობაში განთავსდა. მისამართი ამ სამინისტროს დებულებაშიც შეცვალეს და ჩაწერეს, რომ „სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა №18.“.

ამ თემაზე ვრცლად: სად გადადიან აჭარის სამინისტროები – შენობა ავარიულია და მას ცლიან

ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით და ასევე სამომავლოდ ამ ახალ შენობაში იგეგმება თუ არა აჭარის ყველა სამინისტროს განთავსება – ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს.

ზემოთ აღნიშნული სამი სამინისტროს გარდა აჭარაში კიდევ ორი სამინისტროა.

განათლების სამინისტრო ისევ ლადო გუდიაშვილის ქუჩაზეა, ცალკე შენობაში.

აჭარის კულტურის სამინისტრო კი, მიმდინარე წლიდან ბათუმში ბაქოს ქუჩა N8-ში მდებარე შენობაშია განთავსებული. აქ 513 კვადრატული მეტრი ფართობი სამინისტროს ბათუმის მერიამ უსასყიდლო უზუფრუქტით გადასცა – სამინისტროს არსებობის ვადით.

სამინისტროსთვის აღნიშნული ფართობის გადაცემაზე ხელშეკრულება 2026 წლის 13 თებერვალსაა გაფორმებული.

რაც შეეხება მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე მთავრობის შენობის ავარიულობას, ექსპერტიზამ დასკვნა 2026 წლის ივლისში მოამზადა.

სამშენებლო დგარებით შენობის დროებით გამაგრებაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 17 874 ლარი გადაიხადა უტენდეროდ – გადაუდებელი აუცილებლობით. ხელშეკრულება კომპანია „ანაგთან“ გაფორმდა.

ბათუმში კომახიძის ქუჩაზე აჭარის მთავრობის შენობა სამინისტროებისგან დაცალეს / ამ შენობას დაანგრევენ / ფოტო: 8.10.2026

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობამ ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის მომზადებაში 8 წლის წინ 542 800 ლარი დახარჯა, თუმცა ეს პროექტი აღარ განუხორციელებია. ამ პროექტით, მაშინდელი გათვლებით ახალი შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარი იყო საჭირო.

პროექტში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი 2018 წელს გადაიხადეს აჭარის ბიუჯეტიდან. მაშინ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდათ.

სახელმწიფო აუდიტმა კი 2019 წელში განაცხადა, რომ ამ პროექტის ხარჯთაღრიცხვა [ანუ იმ თანხის ოდენობა რაც მშენებლობისთვისაა გათვლილი] მომდევნო პერიოდში რეალურ ფასებთან შედარებით უკვე შეუსაბამო იქნებოდა.

„ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს“ – წერდა აუდიტი.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობის ახალი შენობის 542 800-ლარიანი პროექტის სარგებელს აუდიტი ეჭვქვეშ აყენებს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: