მთავარი,სიახლეები

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე ივანიშვილის და კობახიძის დაკითხვას ითხოვენ

22.09.2026
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე ივანიშვილის და კობახიძის დაკითხვას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურისგან პასუხებს ითხოვს.

ასევე, პარტიის მოთხოვნაა დაიკითხონ ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი.

„არსებობს უამრავი მტკიცებულება და ჩანაწერი იმისა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე მიდიოდა წარმოუდგენელი ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი” – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე ემნ-ს წევრმა მარიამ დოლიძემ.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, 24 ნოემბერს, ენმ-მ გაავრცელა  აუდიოფაილი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრზე ზეწოლას ახორციელებდნენ და დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ.

ენმ-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობენ და სთხოვენ საკრებულოში „ნეიტრალური მხარე დაიჭიროს“. ნეიტრალურობა ამ შემთხვევაში ნიშნავდა იმას, რომ საკრებულო ოპოზიციური ვეღარ იქნებოდა და უმრავლესობით გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებდა.

2021 წლის 19 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოში „ოცნებას“ ეყოლებოდა უმრავლესობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე 2021 წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში  გამოძიება დაიწყო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“. შსს-ს გამოძიება სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევაზე არ დაუწყია.

დღემდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია

ამავე თემაზე: 

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდნენ – ენმ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: