მთავარი,სიახლეები

„მე ვიცი თუ არ ვიცი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს“ – დავით გაბაიძე თორნიკე რიჟვაძის გადადგომაზე

06.04.2025
„მე ვიცი თუ არ ვიცი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს“ – დავით გაბაიძე თორნიკე რიჟვაძის გადადგომაზე

„მე რომც ვიცოდე, არ მაქვს იმის უფლება, ვისაუბრო სხვის მაგივრად,“ – უპასუხა დღეს, 6 აპრილს, ჟურნალისტებს დავით გაბაიძემ თორნიკე რიჟვაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

დავით გაბაიძე ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არალეგიტიმური ორგანო, ხვალ, 7 აპრილს აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს.

თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის 4 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ფეისბუქპოსტით დატოვა. მას ბრიფინგი არ მოუწყვია და ამ დრომდე არც სხვა ფორმით განუმარტავს საჯაროდ, რატომ დატოვა თანამდებობა.

აჭარის მთავრობა ანგარიშვალდებულია უმაღლეს საბჭოსთან, თუმცა არალეგიტიმური აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა სულხან მესხიძემ დავით გაბაიძეს შეკითხვა თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის დატოვების მიზეზებზე, ასევე იმაზე დაუსვა, თუ რატომ შემოიფარგლა რიჟვაძე მხოლოდ ფეისბუქპოსტით?

„ახლა ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობაა ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს, როგორ ხდება ამ ტიპის თანამდებობის პირის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება და საჯარო სივრცეში – ფეისბუქიც არის საჯარო სივრცე – გაკეთებული განცხადება სამართლებრივად აბსოლუტურად არის საკმარისი იმისთვის, რომ გადადგომის აქტი, ასე ვთქვათ, ჩაითვალოს შემდგარად..,“ – განაცხადა დავით გაბაიძემ, ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

დავით გაბაიძე არ საუბრობს მიზეზებზე, რატომ დატოვა თანამდებობა აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ. დავით გაბაიძე ოჯახითაც ახლობლობს თორნიკე რიჟვაძესთან [დავით გაბაიძის და თორნიკე რიჟვაძის ცოლები ბიძაშვილები არიან]. ხელისუფლების წარმომადგენლის ანგარიშვალდებულებაა, საზოგადოებას უთხრას ისიც, რატომ ტოვებს თანამდებობას თანამდებობის პირი.

„მის მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება არის ინფორმირებული. მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას. დანარჩენი რა იყო მოტივატორები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, შეგიძლიათ ბატონ თორნიკეს მიმართოთ. ის რჩება გუნდის წევრად. არ დაემალება საზოგადოებას, გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ მას სხვადასხვა ფორმატში და შესაბამისად ჯობია, მისგან მიიღოთ ინფორმაცია, ვიდრე მესამე პირისგან, ამ შემთხვევაში ჩემგან. მე ვიცი თუ არ ვიცი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს,“ – თქვა დავით გაბაიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: