ბათუმის მერია თანახმაა შპს „გრანდ მოლს“ პირდაპირი წესით და პირობებით შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიყიდოს. მიწა დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მაგრამ მას პირდაპირი წესით ვერ განკარგავს, ქონება ჯერ აჭარის მთავრობას უნდა გადაეცეს, მთავრობა კი „გრანდ მოლს“ გადასცემს.
57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის აჭარისთვის გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 2026 წლის 24 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს. განკარგულების პროექტი საკრებულოში ქალაქის მერიამ შეიტანა.
თუმცა, აღნიშნული ნაკვეთით „გრანდ მოლი“ უკვე წლებია სარგებლობს. უფრო ზუსტად, ეს ნაკვეთი „გრანდ მოლის“ იმ ტერიტორიაში შედის, სადაც კომპანიის სავაჭრო ცენტრის შენობა დგას.
57 კვადრატული მეტრი მიწის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ „გრანდ მოლმა“ შემდეგი პირობები უნდა შეასრულოს:
- ბათუმის ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 281 ათას 127 ლარი
- თავისი ტერიტორიიდან უნდა გამოყოს 120 კვადრატული მეტრი მიწა და 72 კვადრატული მეტრი შენობა [სატრანსფორმატორო] და საკუთრებაში გადასცეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“
- ამასთან, „გრანდ მოლმა“ ბათუმის ტერიტორიაზე 7 სხვადასხვა სატრანსფორმატორო პუნქტი უნდა გაარემონტოს [„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებით].
განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბათუმის მერიაში 2026 წლის მაისსა და ივლისში შევიდა „გრანდ მოლის“ წერილები, რომლებიც ძველი სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებული 57 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „გრანდ მოლისთვის“ პირდაპირი ფორმით საკუთრებაში გადაცემას ეხება. ამ საკითხზე მერიაში შესულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წერილიც.
აღნიშნული ნაკვეთი [რომელზეც „გრანდ მოლის“ სავაჭრო ცენტრის შენობა უკვე დგას] ბათუმის საკუთრებად 2026 წლის მაისშია დარეგისტრირებული. ბათუმის მერიის დაკვეთით კი, ნაკვეთის საბაზრო ღირებულება – 281 127 ლარი – სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ამავე წლის მაისში დაუდგენია.
„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და შპს „გრანდ მოლის“ ინტერესების გათვალისწინებით, ბათუმის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია „გრანდ მოლიმ“ სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა განახორციელოს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სატრანსფორმატორო პუნქტის მიერ დაკავებული 120 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე 72 კვ.მ შენობა-ნაგებობის გამოყოფა და მისი ენერგო -პრო ჯორჯიასთვის საკუთრებაში გადაცემა.“ – წერია მერიის განმარტებით ბარათში.
ამ ჩანაწერით ირკვევა, რომ სავაჭრო ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში მიღებული დღემდე არ არის.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ გახდა აუცილებელი 57 კვადრატული მეტრი მიწის „გრანდ მოლისთვის“ პირდაპირი მიყიდვით გადაცემა დღეს, როცა ამ მიწაზე კომპანიას შენობა უკვე აშენებული აქვს? ასევე, როგორ განისაზღვრა პირობები, რაც „გრანდ მოლს“ წაუყენეს? რის საფუძველზე ააშენა შენობა კომპანიამ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ იყო მის საკუთრებაში? რატომ არ მოხდა მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა მაშინ, როცა ტრანსფორმატორი გადაიტანეს?
ბათუმის მერიისგან ამ კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია [მიღების შემთხვევაში მერიის პასუხს აქვე მოგაწვდით].
მერია განმარტებით ბარათში იმასაც წერს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიიღო.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურები. რაც მოიცავს მიწის ადგილმონაცვლეობისა და სატრანსფორმატორო პუნქტის „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ გადაცემის საკითხს“, – მხოლოდ ეს მოგვწერეს დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

მშენებარე გრანდ მოლი 2020 წელს. სატელიტის ამ ფოტოზე ჩანს ძველი სატრანსფორმატორო შენონობა [წერტილი – 1], რომელიც გადაიტანეს წერტილ – 2-ში. მარჯვენა ფოტოზეა ახალი სატრანსფორმატორო შენობა, რომელიც დღეს წერტილ-2-შია განთავსებული. ძველი სატრანსფორმატოროს ადგილია სწორედ ის 57 კვ.მ მიწა, რომელიც „გრანდ მოლს“ ახლა უნდა მიყიდონ. ახალი სატრანსფორმატორო კი „გრანდ მოლის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა და ის კომპანიამ [120 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად] საკუთრებაში უნდა გადასცეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“
მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ანალოგიური შეკითხვით 2023 წელსაც მივმართეთ, თუმცა პასუხი არც მაშინ გაგვცეს. ახალგახსნილ სავაჭრო ცენტრში მაშინ ესკალატორზე ცხრა წლის ბავშვი დაშავდა.
„ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლის“ შენობა ექსპლუატაციაში მიღებული ნამდვილად არ არის.
ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანის მიზნით დამატებით გადაუმოწმებიათ სავაჭრო ცენტრის საბოლოო მდგომარეობის შესაბამისობა თავის დროზე შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან.
ვინაიდან საჯარო რეესტრში არქიტექტურული პროექტის შუა ნაწილში მოქცეული დაურეგისტრირებელი, ყოფილი სატრანსფორმატორო პუნქტით დაკავებული მიწის ნაკვეთი [57 კვ.მ.] ცალკე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირეს, შესაბამისად, შენობა განლაგებული აღმოჩნდა ორ საკადასტრო კოდზე: აქედან ერთი – 57 კვ.მ. დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მეორე – 12 971 კვ.მ. კი – „გრანდ მოლის“.
ამასთან, ვინაიდან პროექტი თავიდანვე შეთანხმებული ყოფილა სრულ ნაკვეთზე, შესაბამისად, საჭირო იქნება ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა უკვე გაერთიანებულ ნაკვეთზე [57 კვ.მ. + 12 971 კვ.მ.].

„გრანდ მოლის“ სავაჭრო ცენტრის ის ნაწილი, რომელიც აშენებულია იმ 57 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეც, რომელიც კომპანიას ახლა უნდა მიჰყიდონ პირდაპირი წესით და პირობებით / 21.07.2026
„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „გრანდ მოლსაც“. გვინდოდა გვეკითხა, რატომ თხოვენ 57 კვ.მ მიწის ნაკვეთში 281 127 ლარს, დამატებით 120 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს [„ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ გადასაცემად, 70 კვ.მ ფართობის სატრანსფორმატოროს შენობასთან ერთად, რომლის მონაცვლეობაც თავის დროზე თავად „გრანდ მოლმა“ განახორციელა] და კიდევ 7 სატრანსფორმატოროს გარემონტებას.
კომპანიაში ამაზე საუბარი არ მოისურვეს.
„მოლის“ შიგნით დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი რომ არ გვქონოდა, მერიას ჩვენ თვითონმივ მართეთ… როგორც ვიცით, ნაკვეთი სამხარაულის ბიუროს მიერ არის შეფასებული. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ინტერესშია „მოლთან“ დაკავშირებული დოკუმენტური ნაწილის სრულფასოვნად მოწესრიგება, გვაქვს მზაობა, რომ ეს მიწის ნაკვეთი შევიძინოთ [მოექცეს ჩვენს საერთო მიწის ნაკვეთში] და ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა დარეგულირდეს.
ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ეს პირდაპირ კავშირში არაა. ამ კუთხითაც პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. ყველა საჭირო პროცედურა გავლილია და, შესაბამისად, უახლოეს ხანებში ეს ექსპლუატაციის საკითხიც თავიდან ბოლომდე დასრულდება“ – გვითხრეს „გრანდ მოლში“.






