მთავარი,სიახლეები

დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ – რას პასუხობს პატარაძე შეკითხვას მეჩეთზე

27.05.2026
დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ – რას პასუხობს პატარაძე შეკითხვას მეჩეთზე

დღეს, 27 მაისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ.

ყურბან-ბაირამი რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ისლამში.

მუსლიმები ამ დღესასწაულზე ღმერთს მსხვერპლს სწირავენ და ჰალვას ამზადებენ. ტრადიციისამებრ, გადიან წინაპრების საფლავებზეც.

ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორივე მეჩეთში 6:25 წუთზე შესრულდა.

ბათუმის ორთა ჯამეში მისული იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. რვა წლის შემდეგ აჭარაში დაბრუნებულ ზურაბ პატარაძეს ზუსტად იგივე სიტუაცია დახვდა რაც რვა წლის წინ იყო – მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ შეასრულეს სადღესასწაულო ლოცვა.

ზურაბ პატარაძე და აჭარის მთავრობის სხვა წევრები შედიან ბათუმის ორთა ჯამეში ბაირამის ლოცვის შემდეგ

რამდენად სამართლიანია, რომ მუსლიმ მოქალაქეებს ისევ ქუჩაში უწევთ ლოცვა? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ზურაბ პატარაძეს.

„ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი. იცით რომ მეჩეთის საკითხი არის განხილვაზე სასამართლოში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,” – თქვა ზურაბ პატარაძემ „ბათუმელების“ კითხვის პასუხად.

  • ბათუმში მეჩეთის მშენებლობის მცდელობის ქრონოლოგია 

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა, მაშინდელი ხელისუფლების მთავარმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობას თავად დააფინანსებდა.

2013 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა უკვე პრემიერის რანგში დაადასტურა, რომ „მეჩეთისთვის ადგილს ეძებს აჭარის მაშინდელი  მთავრობის მეთაური ხაბაძე“.

2013 წლის მარტში, თემაზე კომენტირებისას, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დააზუსტა: “ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ მეჩეთის მშენებლობა მოხდება ქართული ფულით“.

2016 წელს, მუსლიმებმა გენერალ აბაშიძის #49-ში 2 500 კვადრატული მეტრი მიწა კერძო პირისგან იყიდეს და მერიას ახალი მეჩეთის პროექტი წარუდგინეს დასამტკიცებლად. მერიამ მუსლიმებს მეჩეთის პროექტზე უარი უთხრა.

2017 წლის ივნისში, მუსლიმების სახელით მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მოპოვების მიზნით, სასამართლოს ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ,  -„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI)  და ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) მიმართა.

2018 წლის 28 მარტს, ბათუმის მერიას სახალხო დამცველმაც მიმართა და მუსლიმებისთვის უარის დოკუმენტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. ბათუმის მერიას დისკრიმინაცია მეჩეთის აშენების საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც დაუდგინა.

საქმე განიხილა უზენაესმა სასამართლომაც და 2023 წელს „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

ამავე თემაზე:

ბრძოლა მეჩეთისთვის და მეჩეთის წინააღმდეგ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: