დღეს, 30 მარტს, მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ბაირამის ლოცვა აღესრულა ბათუმშიც.
ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ორთაჯამეს გვერდით ქუჩა ტრადიციულად მლოცველებით იყო სავსე. იმის გამო, რომ ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ახალი მეჩეთის მშენებლობაზე კი ბათუმის მერია ნებართვას არ გასცემს, მუსლიმებს ღია ცის ქვეშ უწევთ ლოცვა.

რამადან-ბაირამის ლოცვა ბათუმში 30/03/2025
დღეს, ბაირამის ლოცვის დასრულების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საჭიროებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება მრევლს ამ პრობლემას მოუგვარებს.
ახალი მეჩეთისა და სასულიერო სასწავლებლის მშენებლობის აუცილებლობაზე განცხადება ადამ შანთაძემ ადგილობრივი ჩინოვნიკების თანდასწრებით გააკეთა.
„შევთხოვ დიად გამჩენს, მშვიდობას მთელს მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები სულ მალე გადაჭრილიყოს, ეს იქნება მეჩეთი, სასულიერი სასწავლებელი და სხვა სახის საჭიროებები,“ – თქვა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ბაირამის მისალოცი სიტყვის შემდეგ.

ადამ შანთაძე
მუფთის ამ განცხადებას უსმენდა ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. სწორედ ბათუმის მერია არ გასცემს ბათუმში ახალი სალოცავის მშენებლობის ნებართვას, მიუხედავად იმისა, რომ ორი ინსტანციის სასამართლოში აქვს საქმე მოგებული მუსლიმ მრევლს.
ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა ბათუმის მერიას დაუდგინეს დისკრიმინაცია მუსლიმი თემის მიმართ. იმის ნაცვლად, რომ მერიას სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა, საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზენაესმა სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმე არ განიხილა, ხოლო 2023 წლის ნოემბერში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.
დღეის მდგომარეობით სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება არ არსებობს. ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კი, ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად ექცევა.
ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დღეს, 30 მარტს, საკუთარი თვალით ნახა რა ოდენობის მლოცველი მივიდა ბაირამზე და როგორ პირობებში მოუწიათ მათ ლოცვა.

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ელოდება ლოცვის დასრულებას, რომ მეჩეთში შევიდეს, მუსლიმებისთვის დღესასწაულის მისალოცად. იმის გამო, რომ ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ხალხი ქუჩაში ლოცულობს. ბათუმის მერია კი მრევლს ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას არ აძლევს.
ბაირამის ლოცვის დასრულების შემდეგ დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ მცირე კომენტარი მისცა მედიას.
„ყველა მუსლიმს ვულოცავ რამადან-ბაირამის დღესასწაულს. ბაირამი ეს არის სიყვარულის, სიხარულის, თანადგომის საუკეთესო დრო. ეს არის ერთთვიანი მარხვით სულიერი ამაღლების, ვნებებზე გამარჯვების, ეშმაკის, ბოროტების დამარცხების და სიკეთის გამარჯვების დღესასწაული.
ვლოცულობთ, რომ ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის სახით, სულ მალე ღვთის ნებით, ხელისუფლების ხელშეწყობით, თანადგომით, მოგვარებულიყოს და მრევლს უფრო კომფორტულად, თავისუფლად შეძლებოდეს ბაირამებზე და პარასკევის ლოცვებზე ლოცვა. ღმერთმა ქნას, რომ სულ მალე გვქონოდეს ახალი მეჩეთი ქალაქ ბათუმში,“ – თქვა ადამ შანთაძემ.

მლოცველები ტოვებენ ბათუმის ძველი მეჩეთის ეზოს ბაირამის ლოცვის დასრულების შემდეგ






