სიახლეები

გიორგი ბარამიძე: „ვინ გააკეთა ჩვენზე მეტი?!”

21.09.2012
გიორგი ბარამიძე: „ვინ გააკეთა ჩვენზე მეტი?!”

გიორგი ბარამიძემ  ციხეში პატიმართა წამება  დაგმო და ხაზი გაუსვა ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მან აღნიშნა, რომ შეუცდომელი არავინ არის და ზუსტად ამ თემაზე ისაუბრა  დღეს მეუფე დემეტრესთან. 

 

 

„უნდა დაისაჯოს ყველა, დაპატიმრებულია 11 ადამიანი, ასევე ერთი პიროვნება იძებნება. უნდა დაისაჯოს ის, ვინც გვერდზე გაიარა და თვალი დახუჭა, ვინც გვერდზე გაიარა და არაფერი არ თქვა, ვისაც ინფორმაცია ჰქონდა და არ განაცხადა და ამით მისცა საშუალება ბარბაროსებს გაეგრძელებინათ სისასტიკე. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, წარსულში კარგად იქცეოდა თუ არა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. მე პირადად გამოვუცხადე ქურდებს ბრძოლა და ქურდულ მენტალინტს და დავამარცხეთ, მაგრამ მიზანი არ ამართლებს საქციელს.“ 

 

 

გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები სხვაგანაც მომხდარა: „მაგალითად აბუ გრეიბის ციხის ამბავი არ გაგიათ? იქ არათუ დაუკავებიათ, არც კი  მოუხსნიათ მინისტრი! ვინ გააკეთა ჩვენზე მეტი?!”

რეპლიკა დარბაზიდან: „მონაწილეობდა იქ მინისტრი პატიმართა წამებაში?“ 

 

 

რეპლიკის ავტორს გია ბარამიძემ უპასუხა, რომ თუ აქვს ბაჩო ახალაის მიმართ რაიმე მტკიცებულება, სასწრაფოდ წავიდეს პროკურატურაში, რადგან დანაშაულის  დაფარვაც დანაშაულია.   

 

შეხვედრაზე გიორგი ბარამიძეს სტუდენტების შეფასების მოსმენა მოუხდა.

 

  

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტმა, აკაკი გვიანიძემ  გიორგი ბარამიძეს უთხრა, რომ მის გამოსვლაში პროპაგანდასა და დემაგოგიას ხედავს:

 „თქვენ დღეს ბიბლიდან მოიყვანეთ ფრაზა – „უცოდველი არავინ არის“.  ბიბლიაში საუბარია ასევე სოდომის და გომორის ცოდვაზეც, რაზედაც ღმერთი არ არის შემწყნარებელი. თქვენ საუბრობთ პასუხისმგებლობის აღებაზე, გეყოთ ვაჟკაცობა და მოხსენით საკუთარი თავი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატობიდან, მაინც გახდებით პარლამენტარი, სიაში მესამე ხართ. დაგვიმტკიცეთ, რომ შეგიძლიათ პასუხისმგებლობის აღება, დავიღალე დღეს თქვენი ერთსაათიანი რიტორიკით. მინდა გითხრათ, რომ რუსეთი ვერ იპოვის თქვენზე უკეთეს ხელისუფლებას საქართველოში. მე, როგორც რიგითი სტუდენტი, თქვენს დემაგოგიას 1 ოქტომბერს დავუსვამ  წერტილს.“  

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წამომადგენელი, თომა ხალვაში ორჯერ შეეცადა სტუდენტებისთვის აზრის გამოთქმაში შეეშალა ხელი, მოტივით – „აქ პოლიტიკური დებატების დრო არ არის.” 

 

 

გიორგი ბარამიძემ ორსაათიან გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს და რუსეთის ერთობლივ ინტერესებზე,  მნიშვნელოვანი დრო დაუთმო  ტვ 25-ის  კრიტიკას, რომელმაც, მისი თქმით „გუშინ  ბასკოში მისი შეხვედრის ვიდეო ისე დაჭრა, რომ დედაზე ლექსი დედაზე გინებად გადაქცია“, შეეხო ოპონენტების თემას და მათ მიმართ ერთ კონტექსტში გამოიყენა ფრაზა – „წარმოგიდგენია ესენი რომ ხელისუფლებაში  მოუშვა“. 

 

 

გიორგი ბარამიძესთან შეხვედრას 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა, ორი სტუდენტისა და თვითმმართველობის წარმომადგენლის გარდა „ბათუმელებთან“ საუბარი შეხვედრის შესახებ არც ერთმა სტუდენტმა არ ისურვა.  

 

 

შეხვედრის დასასრულს გიორგი ბარამიძე ტაშით დააჯილდოვეს. 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: