მოძრაობა „ხმა“ სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით მოქალაქეების ხელმოწერებს აგროვებს.
დღეს, 11 მაისს, მოძრაობის წევრებმა მეტრო „რუსთაველიდან” დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. სულ 25 000 მოქალაქის ხმა უნდა შეგროვდეს იმისთვის, რომ პარლამენტმა საკითხის განხილვა დაიწყოს.
უფასო კვების მოთხოვნით, კანონპროექტი დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიტანა „ხმამ“ პარლამენტში. „ბათუმელები“ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ვახტანგ ნაცვლიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მოძრაობა „ხმა“ პირველი იყო, რომელმაც სკოლებში უფასო კვების საკითხი წამოსწია და აქტიური პროცესი დაიწყო.
„ქართული ოცნება“ დაჰპირდა კიდეც საზოგადოებას წინასაარჩევნოდ, რომ სკოლებში კვების პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა მოგვიანებით სახსრების უქონლობა და სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა მოიმიზეზეს.
„საზოგადოების მხრიდან ამ საკითხზე მკვეთრი დაკვეთა არსებობს და გვინდა ეს დაკვეთა ოფიციალურად გავაფორმოთ.
განათლების რამდენიმე მინისტრმაც გააჟღერა, რომ უფასო სასკოლო კვების პროგრამა აუცილებლად დაიწყებოდა, თუმცა ყოველთვის იყო რაღაც საბაბი, რის გამოც ეს საკითხი გადაიდებოდა ხოლმე.
ხან ამბობდნენ, რომ ბიუჯეტი ვერ გაწვდებოდა ამ პროგრამას, ხან ინფრასტრუქტურა იყო მიზეზი, მაგრამ ჩვენ დავითვალეთ ამ კვების ხარჯი და ეს არგუმენტი ვეღარ იმუშავებს, რადგან ეს შესაძლებელია ჩვენი ეკონომიკის პირობებშიც კი.
შემდეგ ითქვა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურას იკვლევდნენ და ესეც მიზეზია ჩვენი აზრით, რადგან ყველა სკოლა შესაძლოა არ არის მზად იმისთვის, რომ საკვები ადგილზე დამზადდეს, მაგრამ არავის მოუთხოვია, რომ პირველივე წელს ყველა სკოლაში ერთნაირად დაიწყოს სასკოლო კვების პროგრამა.
სკოლებში, სადაც არსებობს ბუფეტი, იქ შესაძლებელია დამზადდეს ცხელი საკვები, სადაც არ არსებობს ფუნქციური ბუფეტი, იქ შესაძლებლია შევიდეს სადილის ყუთი. მთიან სკოლებში ასევე შესაძლებელია ალტერნატიული გზების მოფიქრება“- ამბობს ვახტანგ ნაცვლიშვილი.
ის, რომ სკოლებში ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი მშიერია, ამაზე საუბრობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც.
მასწავლებლები იხსენებენ არაერთ შემთხვევას, როცა ბავშვებს გული წაუვიდათ გაკვეთილზე მხოლოდ იმიტომ, რომ მშივრები იყვნენ.
სპეციალისტების შეფასებით, სასკოლო კვება უმნიშვნელოვანესია როგორც ბავშვების ფიზიკური, ასევე მენტალური განვითარებისთვის, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვებში სასკოლო მასალის ათვისებას და ყურადღების მობილიზებას სასწავლო პროცესში.
ვესაუბრეთ გიორგი ხასაიასაც, რომელიც დღეს ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობდა.
„საგრძნობლად მეტი ხელმოწერა გვინდა შევაგროვოთ, რომ 25 000 ხელმოწერა ხარვეზების გარეშე გამოვიდეს.
დღეს იყო პირველი დღე და მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, მომდევნო დღეებში ადგილების რაოდენობაც გაიზრდება, შესაბამისად, ხელმოწერების რაოდენობაც გაიზრდება დღის განმავლობაში.
რაც შეეხება რეგიონებს, თითქმის ყველგან არიან მოხალისეები, გავუგზავნით ბლანკებს, სადაც იწერება მოქალაქის სახელი-გვარი, პირადი ნომერი და მისამართი და ასე შეგროვდება ხმები.
მოქალაქეები ძალიან აქტიურობენ, დიდი ინტერესი აქვთ ამ საკითხის მიმართ, ერთი ადამიანიც არ ყოფილა, რომელიც იტყოდა, რომ სასკოლო კვება არ გვინდა. ზედმეტი ახსნაც კი არ სჭირდებათ მოხალისეებს, იმდენად მოთხოვნადია ეს საკითხი საზოგადოების მხრიდან“-ამბობს გიორგი ხასაია.
_______
მთავარი ფოტო: ხელმოწერების შეგროვების პროცესი/ფოტო: ეკა დანელია.
_______






