უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის თქმით, „ვიქტორ ორბანის ოლიგარქებს“ თანხები საზღვარგარეთ გადააქვთ. ის მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ მათ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცენ.
„ვიქტორ ორბანის ოლიგარქები ათობით მილიარდებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აშშ-ში, ურუგვაისა და სხვა შორეულ ქვეყნებში რიცხავენ.
მე ვიცი, რომ ეროვნულმა საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე, ანტალ როგანის გარემოცვის რამდენიმე დიდი ოდენობით თანხის ტრანზაქცია შეაჩერა. ეროვნული საგადასახადო და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაყინონ მოპარული ფული“, – ამბობს პეტერ მადიარი ვიდეოგამოსვლაში, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.
მადიარი ამავე ვიდეოში მოუწოდებს ეროვნული საგადასახადო და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელს, რომ დააკავონ დამნაშავეები, რომლებიც ათასობით მილიარდი ფორინტის ზიანს აყენებენ უნგრელ ხალხს.
მადიარის თქმით, „ორბანის მაფიოზებმა“ ტელეკომპანია TV2-სა და სხვა მედიასაშუალებების თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვა დაიწყეს.
„ადგილობრივ და უცხოელ პატიოსან ინვესტორებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მაფიის აქტივების მიღებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უნგრეთის ეროვნული აქტივების აღდგენისა და დაცვის ოფისის წინაშე აღმოჩნდნენ“, – ამბობს პეტერ მადიარი.
ამავე ვიდეოში მადიარი საუბრობს რამდენიმე ოლიგარქზე, რომლებმაც შვილები გამოიყვანეს სკოლებიდან და ოჯახებთან ერთად ქვეყნის დატოვებას გეგმავენ.






