მთავარი,სიახლეები

გავასაჯაროვოთ საქმის მასალები – დოროყაშვილის ადვოკატი ბასილაშვილის მხარეს მიმართავს

16.03.2021 • 2293
გავასაჯაროვოთ საქმის მასალები – დოროყაშვილის ადვოკატი ბასილაშვილის მხარეს მიმართავს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე მიმართავს ბასილაშვილის დაცვის მხარეს, საჯაროდ დაეთანხმონ დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმის მასალების გასაჯაროებას.

ამის შესახებ ანა აბაშიძემ „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა.

„მივმართავ ბასილაშვილის მხარეს და მის წარმომადგენლებს. არც ერთხელ არ გვიკადრია მტკიცებულებების გამოქვეყნება, რომელიც უამრავია, ვიდეოებით დაწყებული, მიმოწერებით გაგრძელებული, ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეები და ა.შ., რომელიც, პირდაპირ გეტყვით, ვინც გვლანძღავთ, შეიცვლით აზრს და შეგრცხვებათ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა.

მივმართავ მათ [ბასილაშვილის დაცვის მხარეს], ეს არის სისხლის სამართლის მასალები, რომელზეც ვრცელდება მკაცრად პერსონალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება. ჩვენ რომ არაეთიკურები ვიყოთ, დღეს მედიაში იქნებოდა ბევრი მასალა, რომელიც ჩვენ ამოგვასუნთქებდა. ეს არ ვიკადრეთ და არ ვიკადრებთ, ოღონდ უკვე ვართ ისეთ პოზიციაში, თითქოს ჩვენ ვიტყუებით და ამას მხარს უჭერს და ახალისებს მოწინააღმდეგე მხარე.

პირდაპირ ვეუბნები, კანონი ითხოვს თქვენს თანხმობას, რომ მე გამოვაქვეყნო საქმის მასალები, მათ შორის ისეთი მასალები, რომელიც ხალხს აჩვენებს როგორი მოძალადეა ნიკოლოზ ბასილაშვილი. საჯაროდ გთხოვთ დამეთანხმოთ, მომცეთ ნება გავასაჯაროვო სისხლის სამართლის მასალები.

თუ ამ თანხმობას საჯაროდ არ მეტყვით, გასაგები იქნება რას ერიდებით. თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენი პირადი უსაფრთხოების დაცვისთვის შეიძლება მოგვიწიოს ამის გაკეთება,“ – განაცხადა ანა აბაშიძემ.

__________________

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს. დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბასილაშვილზე და მის ოჯახზე 6 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: