მთავარი,სიახლეები

„მსოფლიოს ყურადღება ახლა ირანზეა, მაგრამ რუსეთი ვერც ამით სარგებლობს“ – ინტერვიუ გენერალთან

06.03.2026
„მსოფლიოს ყურადღება ახლა ირანზეა, მაგრამ რუსეთი ვერც ამით სარგებლობს“ – ინტერვიუ გენერალთან

„დასრულდება ირანის საკითხი და უფრო ადვილად იქნება რუსეთის დაყოლიება შესაძლებელი, ჩემის აზრით, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი მოკავშირე დააკლდება“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსს ვესაუბრეთ, როგორც უკრაინის ფრონტის სიახლეებზე, ისე ირანზე.

„ამდენი ხანია ისევ პოკროვსკიზე ვლაპარაკობთ. რუსეთი ვერ მიიწევს წინ, ძალიან დიდ დანაკარგს ნახულობს თითოეულ კილომეტრზე. გასაგებია, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია ირანის მიმართულებაზე, მაგრამ ვერც ამით ვერ სარგებლობს რუსეთი. არ აქვს რუსეთს გარღვევის წინსვლა.

დიდი ალბათობით არის მზადება უკვე გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის, რომელიც მარტის ბოლოდან შეიძლება დაიწყოს რუსეთმა. ამისთვის ხდება გარკვეული გადაჯგუფებები, გარკვეული ოპერატიული პაუზის აღება, როტაციები და ასე შემდეგ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

რას შეიძლება მიაღწიოს რუსეთმა ომის გაგრძელებით? – „ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ისრაელი ირანში ოპერაციის ახალ ფაზაზე საუბრობს. რას გულისხმობს ეს ახალი ფაზა? 

ზუსტად ისე მიმდინარეობს ეს პროცესი, როგორც უკვე გავაჟღერე თქვენთან ინტერვიუში და ზოგადად, როგორც ხდება კამპანიის დიზაინის ჩამოყალიბება: ჯერ იყო პირველი – მოსამზადებელი ფაზა; შემდეგ მეორე ფაზა, რაც იყო ინიციატივის ხელში აღების ფაზა და მესამე ფაზაზე გადადის ახლა. ეს არის ძირითადი ფაზა. მას შემდეგ, რაც დაბომბილია ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, საპასუხო დარტყმის საშუალებები შემცირებულია, უნდა განხორციელდეს უფრო გეგმაზომიერი და მეთოდური დამუშავება არსებული საფრთხეებისა. ასევე, უნდა მოხდეს ახლად აღმოჩენილი მიზნების დაზიანება.

დიდი ალბათობით უკვე გამოჩნდება თვითმფრინავები, საფრენი აპარატები, რომლებიც უფრო დაბალ სიმაღლეზე იფრენენ, უფრო მეტი სიმძლავრის ბომბები და რაკეტები გადააქვთ, რადგანაც მათ მიმართ საფრთხე მცირდება და იქნება მცდელობა – საბოლოოდ იქნას განადგურებული ირანის დარტყმითი შესაძლებლობები.

ძირითადი დარტყმები არის მიმართული უკვე სამხედრო წარმოების ინფრასტრუქტურაზე, სადაც ხდებოდა რაკეტების და სხვა საბრძოლო შესაძლებლობების წარმოება. ბალისტიკური რაკეტების საფრთხეებია და პოტენციალი, რომლითაც ირანი ეხმარებოდა პროქსი მხარდამჭერებს: ჰეზბოლა, ჰამასი, ჰუსიტები. აქ არ არის მხოლოდ მარტო ბირთვულ საფრთხეებზე საუბარი. ბირთვული საფრთხეები 12-დღიანი ომის დროს შეამცირეს, მაგრამ ახლა არის მიზანი საბოლოო განულებაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ირანმა ვეღარ შეძლოს ბირთვული საფრთხეებით მანიპულირება.

  • რა ჩანს ირანი საპასუხო რეაქციით? დრონებით იერიში იყო ნახიჩევანის ტერიტორიაზეც. რა ლოგიკით შეიძლება აწყობდეს ირანს მეზობლებთან ურთიერთობის დაძაბვა? 

ვერ გეტყვით, რასთან არის ეს დაკავშირებული. ახლო აღმოსავლეთთან გასაგებია – ეს არის დარტყმები სუნიტურ ქვეყნებზე, მცდელობა, აიძულოს ისინი ზემოქმედება მოახდინონ ამერიკაზე და ეს საბრძოლო დაპირისპირება შეწყდეს.

მაგრამ დარტყმის განხორციელება ისეთ მეზობლებთან, როგორიცაა, მაგალითად, აზერბაიჯანი ან თურქეთი და შემდეგ განცხადება: „იცით, ჩვენ ამას არ ვახორციელებთ“, ნიშნავს იმას, რომ შეიარაღებულ ძალებს ვეღარ აკონტროლებ.

ირანი აცხადებს, რომ დეცენტრალიზებულია და გადაწყვეტილებები მიიღება ჰორიზონტალურ დონეზე. შეიძლება გქონდეს გარკვეულ დანაყოფში მიზნების ჩამონათვალი და თუკი დაიკარგება კავშირი ზემდგომთან, მას ჰქონდეს დავალება, განახორციელოს მიზნებზე დარტყმა, მაგრამ დეცენტრალიზებული აღსრულება არ ნიშნავს დეცენტრალიზებული კონტროლის არარსებობას. ასეთი ქმედებები და განცხადებები ირანის შეიარაღებულ ძალებს მიიყვანს ქაოსამდე, თუკი ცენტრალიზებულად არ იქნება განხორციელებული მართვა. თუ ეს მართვა მოიშალა, არ გამოვრიცხავ, აღნიშნული დანაყოფები თავისი ინიციატივით განახორციელებენ დარტყმებს.

თურქეთის იძულება, ჩაერთოს ამ დაპირისპირებაში, არ ვიცი, რამდენად აწყობს ირანს და რამდენჯერ უნდა ისროლოს ფეხში. ის, რომ გადაიკიდა მთელი ახლო აღმოსავლეთი და სუნიტური კოალიცია იქმნება, ეს ერთი.

ის, რომ ნატო უკვე განიხილავს მეხუთე მუხლის ამუშავების შესაძლებლობას, ვინაიდან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ეს რამდენად სჭირდება ირანს, არ მესმის.

თურქეთი არ არის არც ბელგია და არც ლუქსემბურგი – თურქეთი არის ნატოს მეორე ქვეყანა სიმძლავრით, მეორე შეიარაღებული ძალების მქონე ქვეყანა და თუ უნდა ირანს სახმელეთო ოპერაცია, მიიღებს თურქეთის სახით. ამერიკასთან და ისრაელთან ერთად თუ იმოქმედებს თურქეთი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ირანი.

  • რამდენად განიხილება აგრესიის საფრთხე ამ დროს საქართველოზე? 

სიფრთხილეს თავი არ სტკივა გამომდინარე არსებული ვითარებიდან და იმ უკონტროლობისგან, რაც შეიმჩნევა ირანის შეიარაღებულ ძალებში. შესაბამისად, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა მეზობელ ქვეყნებთან ერთად ჩამოაყალიბოს საჰაერო სივრცის უსაფრთხო დაცვის ერთიანი სისტემა.

  • ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-მ უკრაინას სთხოვა დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანის დრონების თავდასხმის მოსაგერიებლად. ეს რაზე მიუთითებს? 

უკრაინას შეუძლია კონსულტანტები და ექსპერტები გააგზავნოს. ფაქტია, რომ „შაჰედებთან“ დაპირისპირებაში ყველაზე ეფექტური და იაფი, შესაფერისი საშუალებებით ბრძოლის გამოცდილება გააჩნია უკრაინას.

უკრაინას შეუძლია დრონსაწინააღმდეგო დრონების მიწოდებით დახმარება აღმოუჩინოს ახლო აღმოსავლეთს, რომელიც ძალიან ძვირადღირებულ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს ხარჯავს დრონების წინააღმდეგ. ყველაზე გამოცდილი ირანულ დრონებთან ბრძოლაში არის უკრაინა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დუბაიში ჩამოგდებული დრონი აღმოჩნდა „გერან-2“, ანუ იგივე „შაჰედის“ რუსული ვარიანტი.

  • ტრამპი ამბობს, რომ კვირები გაგრძელდება ეს საბრძოლო მოქმედებები. ეს ნიშნავს იმას, რომ შეუმცირდება უკრაინას დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება? 

პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეულწილად შემცირება, ვიდრე აღდგება მიწოდების სისტემა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივით არა მგონია, რომ ამან დიდი გავლენა მოახდინოს უკრაინის შეიარაღებაზე.

უკრაინა ამ შეიარაღებას იღებს პარტიებად, რაც განსაზღვრულია შესაბამისი დოკუმენტაციით და თანხებით, რომელსაც დასავლეთი იხდის. არა მგონია, რომ ეს შეფერხება გაგრძელდეს დიდხანს.

  • ზელენსკის თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის – უკრაინა, რუსეთი, აშშ – საჭირო სიგნალები ჯერ არ არის. ელოდებით მოლაპარაკებების განახლებას ცეცხლის შეწყვეტაზე? 

არ სცალიათ ახლა მოლაპარაკებებისთვის. დასრულდება ირანის საკითხი და უფრო ადვილად იქნება რუსეთის დაყოლიება ჩემის აზრით, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი მოკავშირე დააკლდება.

  • თუმცა მანამდე ტრამპი ისევ ზელენსკის მოიხსენიებს „დაბრკოლებად“ შეთანხმების მიუღწევლობაში – პუტინი მზად არის თანამშრომლობისთვისო.

კი, პუტინი მზად არის თანამშრომლობისთვის, თუ მთელი უკრაინა მისი იქნება, ასე რატომაც არ იქნება თანამშრომლობისთვის მზად?!

ტრამპის სიტყვებს და ქმედებას ცოტა გავმიჯნავდი ერთმანეთისგან. ის მუდმივად ზელენსკის კრიტიკით გამოდის და ამ დროს საქმე კეთდება უკრაინის სასიკეთოდ და რუსეთის საწინააღმდეგოდ. რეალურად რუსეთი ძალიან მძიმე დარტყმებს იღებს, როგორც სანქციებით, ისე მოკავშირეების გამოკლებით. ამიტომაც, მე გავმიჯნავდი ერთმანეთისგან ტრამპის განცხადებებს და საქმეს.

  • რა ხდება უშუალოდ ფრონტის ხაზზე უკრაინაში, რა იცვლება? 

დიდი არაფერი არ შეცვლილა. უკრაინელები აგრძელებენ წინსვლას მცირე მანძილით. ეს ეხება ძირითადად გულიაეპოლის მიმართულებას ზაპოროჟიეს რაიონში, ფაქტია, რომ რუსების აქტივობა შემცირებულია.

დიდი ალბათობით, არის მზადება უკვე გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის, რომელიც მარტის ბოლოდან შეიძლება რუსეთმა დაიწყოს. ამისთვის ხდება გარკვეული გადაჯგუფებები, გარკვეული ოპერატიული პაუზის აღება, როტაციები და ასე შემდეგ.

რუსებს ძირითადად შეტევები აქვთ ისევ სევერსკის რაიონში, მაგრამ დიდი წინსვლა არ აქვთ.

  • თუ ცეცხლი არ შეწყდება, ომი გაგრძელდება და გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის, რომელი მიმართულება შეიძლება გაააქტიუროს რუსეთმა, რა აწყობს ამ გადასახედიდან? 

ისევ სევერსკის მიმართულება, რომლითაც პირდაპირ გადის სლავიანსკიზე უფრო მოკლე მანძილით, თუმცა ამ ტერიტორიაზე არის საკმაოდ რთული რელიეფი.

ასევე, შეიძლება, მეორე დარტყმა იგივე სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებაზე განხორციელდეს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსებს უწევთ კონსტანტინოვკის, დრუჟკოვკის და სხვა დასახლებული პუნქტების გავლა, ვიდრე მივლენ კრამატორსკამდე. მოკლედ, ეს ორი მიმართულება იქნება ალბათ მნიშვნელოვანი რუსებისთვის, ვინაიდან მთავარი შემაკავებელი ფაქტორი დონბასში არის კრამატორსკ-სლავიანსკის აგლომერაცია.

ვფიქრობ, რომ ტრამპი მოიცლის და ისევ მიუბრუნდება მოლაპარაკებების საკითხს. მე არ გამოვრიცხავ ცეცხლის შეწყვეტას, იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს ამ წელს, თუმცა მაინც, არაფერია გამორიცხული..

  • ამ მოცემულობაში, რაშიც არის რუსეთი, მას აქვს სამხედრო წარმატების მიღწევის რესურსი? 

არც სამხედრო კუთხით და არც პოლიტიკური კუთხით არ უნდა აწყობდეს რუსეთს ომის გაგრძელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი: ნურასოდეს ნუ იტყვი ნურასოდეს რუსეთთან დაკავშირებით. ძალიან რთულია იმის თქმა, რუსეთს რა აწყობს. ფაქტია, რომ რესურსების თვალსაზრისით რუსეთს უჭირს.

ამდენი ხანია ისევ პოკროვსკზე ვლაპარაკობთ. რუსეთი ვერ მიიწევს წინ. რუსეთი ძალიან დიდ დანაკარგს ნახულობს თითოეულ კილომეტრზე. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია ირანის მიმართულებაზე, მაგრამ ვერც ამით ვერ სარგებლობს რუსეთი. არ აქვს რუსეთს გარღვევის წინსვლა და აქტიური წინსვლა.

  • რამდენად ძლიერდება ამასობაში უკრაინა? 

დასავლეთის მხარდაჭერის გარდა, უკრაინა თვითონ აქტიურად ავითარებს თავის შესაძლებლობებს. უკრაინას აქვს თავისი წარმოების არა მარტო დრონები, არამედ ბალისტიკური რაკეტები. ბალისტიკურ რაკეტაც აქვს და ფრთოსან რაკეტებიც. ბორბლებიან პლატფორმებზე თვითმავალი საარტილერიო დანადგარით – „ბოგდანათი“, ომში მყოფი უკრაინა უფრო საარტილერიო საშუალებებს უშვებს, ვიდრე საფრანგეთი მთლიანად.

ამ ტიპის საარტილერიო საშუალებებს უფრო მეტს უშვებს უკრაინა, ვიდრე მთელი მსოფლიო. ამას დაუმატეთ კიდევ დახმარება და უცხოეთში წარმოებული ტექნიკა. უკრაინული სისტემები იგივე ბრიტანეთში იქმნება, სკანდინავიის ქვეყნებშიც იწარმოება უკრაინისთვის და უკრაინელების მონაწილეობით შედარებით იაფი საბრძოლო საშუალებები.

  • უახლოეს პერსპექტივაში შეიძლება ველოდოთ იმას, რომ იმ დონეზე გაიზარდოს უკრაინის დარტყმითი შესაძლებლობები, რომ მოლაპარაკებების გარეშეც თავად უკრაინამ იძულებული გახადოს რუსეთი, უკან დაიხიოს? შესაძლებელია, შეძლოს რუსეთის ტერიტორიაზე ამ მასშტაბის დარტყმები? 

არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ ეს ალბათ უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს თავის ტერიტორიების მთლიანად გათავისუფლებას. ეს უკვე გრძელვადიანი პერსპექტივაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: