დღეს, 2 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფმა განცხადება გაავრცელა.
მათი თქმით, უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება, თუმცა ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება ამ პროცესს „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმის გამო.
„უნივერსიტეტი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, რაც გამოწვეულია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით. უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება წლიური ბიუჯეტი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს.
ჩვენთვის, აკადემიური საზოგადოებისთვის, არ არის ცნობილი, რა პრინციპებზეა დაფუძნებული დაფინანსების ახალი მოდელი. თუ აქამდე თითოეულ სტუდენტზე წლიური დაფინანსება 2250 ლარს შეადგენდა, ხოლო სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორთა ანაზღაურება სტუდენტთა რაოდენობას უკავშირდებოდა, დღეს, საგრანტო სისტემის გაუქმების პირობებში, გაურკვეველია რა ოდენობის დაფინანსება განისაზღვრება თითოეულ სტუდენტზე.
აქედან გამომდინარე, თსუ-ს 2026 წლის საბოლოო დაზუსტებული ბიუჯეტი აკადემიური პერსონალისთვის უცნობია“ – აცხადებენ პროფესორები.
მათი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობის 2026 წლის 26 თებერვლის დადგენილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუქმდა ისტორიულად არსებული ტრადიციული მიმართულებები, ხოლო სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სპეციალობებზე დრამატულად შემცირდა სტუდენტთა რაოდენობა.
„სტუდენტთა მისაღები კვოტების განსაზღვრა წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური თვითმმართველობის კომპეტენციას და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებას. საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ 21-ე მუხლისა და მე-10 პრიმა მუხლის შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე.
იგივე პრინციპი აისახება თსუ-ს წესდების მე-8 მუხლის „ბ“ ნაწილშიც. შესაბამისად, პროგრამებზე მისაღები კვოტების ცენტრალიზებული განსაზღვრა მთავრობის ან სამინისტროს დონეზე ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიის პრინციპს და ქმნის სამართლებრივად პრობლემურ პრაქტიკას.
ამგვარად, კვოტების დადგენა და სრული დაფინანსება არის სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტების მართვის იარაღი, რომელსაც პოლიტიკის მეცნიერებაში „რბილ ძალას“ უწოდებენ. ამ რბილი ძალის გამოყენებით სახელმწიფო არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიას“- აცხადებენ პროფესორები.






