დღეს, 28 თებერვალს, გამთენიისას, ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთი კაფე დაანგრიეს, სხვა კაფეების მეპატრონეებს კი დრო მისცეს მათ დასანგრევად.
კაფეებს მუნიციპალური ინსპექცია ანგრევს.
„მეზობელმა დაგვირეკა, ობიექტი ინგრევაო. პიჟამოებით გამოვიქეცით, ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ – ინვენტარი, კომპიუტერი, დოკუმენტაცია, აბსოლუტურად ყველაფერი არის განადგურებული. ფიზიკურად საშუალება არ მოგვცეს, რომ ჩვენი პირადი ნივთები მაინც აგვეღო.
ასე არ შეიძლება, ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ვემორჩილებით კანონს, მაგრამ ასე სიცივეში, წვიმაში, პიჟამოებით გამოვიქცეთ სახლიდან და ჩვენი პირადი ნივთები ტრაქტორების ქვეშ ვეძებოთ – ეს სამართალი არ არის,“- უთხრა „ბათუმელებს“ თამუნა თურმანიძემ, რომელიც გოგებაშვილის #28-ში მდებარე დანგრეული კაფეს მეპატრონეა.
თამუნა თურმანიძის თქმით მას კაფე შპს „ფრონტიერასგან“ 5 წლიანი კონტრაქტით ნაქირავებ ფართში ჰქონდა გახსნილი.
როდესაც მუნიციპალური ინსპექციიდან გაფრთხილება მიიღო, დაუკავშირდა ფართის მეპატრონეს, თემურ ჟღენტს, რომელმაც უთხრა, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა.
გოგებაშვილის #28-ში მდებარე ფართობი თემურ ჟღენტს ეკუთვნის.
თემურ ჟღენტი „ბათუმელებთან“ საუბარში ბარბაროსობას უწოდებს გამთენიისას კაფის დანგრევას და ამბობს, რომ სასამართლოში იჩივლებს.
„2005 წლიდან არის აქ კაფე-ბარი. ყველა ნებართვა მქონდა. ახლანდელ ნებართვაზე ორი წელი მაქვს კიდევ დარჩენილი. არავითარი დარღვევა არ გვქონდა.
მოვიდნენ… ჩაწერეს, თითქოს რაღაც დარღვევები იყო. მე ვთხოვე, სპეციალისტი მოეყვანათ, გავრკვეულიყავით კარგად, რა იყო დარღვევა და რა არ იყო დარღვევა. არ მაცალეს.
გუშინ საღამოს მოვიდნენ და მოიტანეს რაღაც ქაღალდი. მე ვუთხარი – „ეს ქაღალდი ჩემთვის არ არის, მე ამას სასამართლოში შევიტან და კანონიერებას დაადგენს სასამართლო-მეთქი“.
წავედით სახლში გვიან, პირველ საათზე. ღამის ორ საათზე მოიყვანეს ეს ტრაქტორები, ტექნიკა, გატეხეს შენობა და მთლიანად დაანგრიეს. აბსოლუტურად კანონიერი შენობა. დღესაც შემიძლია ვაჩვენო ყველას მთელი დოკუმენტაცია, რაც წარმოადგენდა ჩვენი კაფე. იყო თანამედროვე, ევროპული დონის მომსახურება და არავითარი დარღვევები და არავითარი გადაცდომები ჩვენთან არ იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ჟღენტმა, შპს „ფრონტიერას“ ხელმძღვანელმა. სწორედ ამ შპს-ს სახელზე იყო ფართი, რომელზე მდებარე კაფეც დაანგრია მუნიციპალურმა.
თემურ ჟღენტის თქმით, მის საიჯარო ხელშეკრულების ნებართვას კიდევ ორი წელი ჰქონდა დარჩენილი ვადა. ის სასამართლოში აპირებს დავის დაწყებას.
„ჩვენ არაფერი არ დაგვირღვევია. მოვიდნენ და ბარბაროსულად დაანგრიეს. აი, ნახეთ, რას დაამსგავსეს. თან არ გვაცალეს, რომ დაგვეშალა და გაგვეტანა. აი, დაანგრიეს, დაშალეს უზარმაზარი ქონება,“ – უთხრა თემურ ჟღენტმა „ბათუმელებს“.

მუნიციპალური ინსპექცია გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეების დასანგრევად გამთენიისას მივიდა
შპს „ფრონტიერას“ გვერდით კიდევ ორი კაფეა. გოგებაშვილის ქუჩაზე მისულ „ბათუმელებს“ ამ კაფეებზე გამოკრული გაფრთხილების ფურცელი დახვდა. მეპატრონეები თავად შლიდნენ კაფეების კონსტრუქციებს, მაშინ როცა მათ გვერდით მდებარე კაფეს მუნიციპალური ინსპექციის ტრაქტორი ანგრევდა.
„ბათუმელებმა“ კომენტარი სთხოვა მუნიციპალურ ინსპექციას. მაშინ როცა სხვა კაფეების მეპატრონეებს მისცეს საშუალება, თავად დაეშალათ კონსტრუქციები, რატომ ვერ ისარგებლა იგივე უფლებით შპს „ფრონტიერამ“ და მისმა მეპატრონემ.
„ხელშეკრულების ვადები სამივე ობიექტს ამოწურული აქვს. სამივე ობიექტის მეპატრონე დემონტაჟის შესახებ მუნიციპალური ინსპექციის მიერ იყო გაფრთხილებული.
მათ განემარტათ, რომ ან თავად დაეშალათ ან მუნიციპალური ინსპექცია მოახდენდა დემონტაჟს.
ორი ობიექტის მეპატრონემ განაცხადა, რომ თავად დაშლიდა ტერიტორიას და უკვე დაწყებული აქვთ გატანა.
მესამე ობიექტის მეპატრონემ კი განაცხადა, რომ არ დაშლიდა. რაც შეეხება პირადი მოხმარების ნივთებს, დემონტაჟამდე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიტანეს და შეუძლია მეპატრონეს წაღება,“ – მოგვწერეს პასუხად ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან.
ბოლო ერთი თვეა ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბათუმში მდებარე სხვადასხვა სახის ობიექტებს ანგრევს. როგორც მუნიციპალური ამტკიცებს, ყველა დანგრეული ობიექტი ან უკანონო იყო ან ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.






