აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ არ იცნობს ქვეყნის ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით და ქოლცენტრების საქმეზე იძებნება ამჟამად.
საქმე ეხება 2021 წელს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას, რომელზეც ჩვენება მისცა ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პოლიციელმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა. ქვაჭრელიშვილი 2021 წელს, კვარაცხელიას მკვლელობის დროს, წყნეთის პოლიციის უფროსი იყო და სწორედ მან დააკავა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე – ადამიანები, რომლებსაც კვარაცხელიას მკვლელობისთვის 17 და 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.
„შაბათის ფორმულას“ ქვაჭრელიშვილმა ციხიდან მისწერა, რომ სულხან თამაზაშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის პოლიციის უფროსი იყო, ოთარ ფარცხალაძეს „ანგარიში ჩააბარა“ – ამის შესახებ „შაბათის ფორმულას“ ანონსშია ნათქვამი. გადაცემა დღეს, 21 თებერვალს გავა ეთერში.
დღეს, 21 თებერვალს, ჟურნალისტებთან ამ თემაზე სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა. მან კატეგორიულად უარყო, რომ ფარცხალაძეს იცნობს, ხოლო წყნეთის ყოფილ პოლიციის უფროსს, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას საქმეში ბრალდებული დააკავა, ცრუ მოწმე უწოდა.
„ჩვენებაში არის საუბარი, მე ვესაუბრე ოთარ ფარცხალაძეს. სრული პასუხისმგებლობით მინდა დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მეტიც, არასდროს არ შევხვედრილვარ, არასდროს მქონია კომუნიკაცია ცხოვრებაში, არც სატელეფონო და არც პირადი.
ასევე, ზოგადად ამ მოვლენის მიმართ ჩვენების და მისი ავტორის, ეგრეთ წოდებულ ცრუ მოწმის მიმართ მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება. მე მახსოვს ეს ადამიანი, იყო მართლაც წყნეთის პოლიციის უფროსი, ის, სამწუხაროდ, დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ერთი მხრივ მის მიმართ მხოლოდ სიბრალულის ემოცია მაქვს, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცრუ ჩვენება ალბათ გარდაცვლილის დედის მდგომარეობას უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი.
შევეხები ზოგადად ამ სისხლის სამართლის საქმეს. კარგად მახსოვს, რა თქმა უნდა, ძალიან შემზარავი და მძიმე ფაქტი იყო, თუმცა დანაშაული მყისიერად გაიხსნა, დანაშაულის ჩადენის დღეს, იმ დღესვე დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ იდენტიფიცირებულები, მოგვიანებით, დაახლოებით ორი დღის შემდეგ, ისინი მიეცნენ პასუხისგებაში და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე ძებნის სტატუსით იქნენ დაკავებულები.
მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დუმილის უფლება გამოაყენებინა, შესაბამისად გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, თუმცა გამოძიება აქტიურად მუშაობდა დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილების მიზნით და საკმარისი, შესაბამისი მტკიცებულებები შექმნილი იყო იმ ეტაპზეც.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ იმ პირებს, ვისაც წარედგინათ ბრალი, ამ დანაშაულის ჩადენის ორგანიზებისთვის, დაკავებული იყო სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის, ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობის პერიოდში, სხვა დანაშაულის ჩადენისთვის. მკვლელობიდან დაახლოებით 7-8 თვის შემდეგ. აქედან გამომდინარე, აქ დანაშაულის „ჩაფარცხვაზე“ და რაღაც „დახმარებაზე“ ლაპარაკი მე მგონი არასერიოზულია და ეს საკითხი მე მიმაჩნია, რომ ამოწურულია“ – თქვა სულხან თამაზაშვილმა.
- რა ხდება?
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევაა საქართველოში. ნიკო კვარაცხელია იყო 22 წლის ტექნოლოგიური მეწარმე, პირველი ქართული სოციალური პლატფორმის, Feedc-ის დამფუძნებელი. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ტექნოლოგიების სფეროში.
მკვლელობა მოხდა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე. ნიკოს საკუთარ ავტომობილთან ახლოს დაახლოებით 10-ჯერ ესროლეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანდა, როგორ ელოდებოდა მკვლელი მსხვერპლს და როგორ დაცხრილა ის დღისით, ხალხმრავალ ადგილას. ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მკვლელობის შემდეგ სამართალდამცავებმა დაადგინეს ორი ეჭვმიტანილის ვინაობა: აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ისინი შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები მანქანით მიიმალნენ. რამდენიმეკვირიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ისინი წყნეთში დააკავა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გააქტიურდა 2026 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც მოკლული ახალგაზრდის დედამ, იზა ომაძემ, საჯაროდ განაცხადა, რომ ქუჩაში გამოდის სამართლის საძიებლად, რადგან მისი შვილის მკვლელობის ორგანიზატორები არ არიან დაკავებული. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს, ასევე, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას.
ამავე თემაზე:






