მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ კიდევ ერთი მდიდარი დეპუტატი სურსათის ფასების კომისიიდან

12.02.2026
„ოცნების“ კიდევ ერთი მდიდარი დეპუტატი სურსათის ფასების კომისიიდან

„ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული ე.წ. სურსათის ფასების დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრია. მან ამ კომისიასთან ერთად პროდუქტის გაძვირების მიზეზები და მისი შემცირების შესაძლებლობები უნდა შეისწავლოს.

„პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის მიზეზების შემსწავლელი“ საპარლამენტო დროებითი კომისია „ოცნების“ პრემიერის ინიციატივით შექმნეს. მანამდე ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასნამატი მოგების მაღალ მარჟას დაუკავშირა. საპარლამენტო კიმისიის გარდა სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.

სურსათის ფასები პარლამენტარ გელა სამხარაულის ინტერესის სფერო მანამდეც უნდა ყოფილიყო. ორი მოწვევის პარლამენტში ის აგრარულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა და თავადაც არის მწარმოებელი.

დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ყოველი წლის შემოსავლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან მიღებული შემოსავალი 180 000 ლარიდან 200 000 ლარამდეა.

იგი ამჟამად „ოცნების“ პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეა.

გელა სამხარაული საპარლამენტო საქმიანობაში 2012 წლიდან არის ჩართული. 2012 -2020 წლებში, VIII – IX მოწვევის პარლამენტში, ის თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი იყო „ოცნებიდან“, X-XI მოწვევის პარლამენტში კი „ოცნების“ პარტიული სიით შევიდა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით – ეკონომიკა და მართვა მშენებლობაში.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი გელა სამხარაული ფლობს 11 მიწის ნაკვეთს, ჯამში 6.717 ჰექტარს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იყალთოსა და რუისპირში. ეს ნაკვეთები დეპუტატს 2012-2023 წლებში, სხვადასხვა დროს შეუძენია და ჯამში 70 820 ლარი და 2 000 დოლარი აქვს გადახდილი. 

ამავე დროს, მან დეკლარაციაში 2 ნაკვეთთან დაკავშირებით ფასი არ მიუთითა და ჩაწერა, რომ ეს ნაკვეთები მიღება-ჩაბარების აქტით აქვს დარეგისტრირებული, კიდევ ერთ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კი დეკლარაციაში განმარტა, რომ ის მემკვიდრეობით მიიღო.

ასევე, მისივე დეკლარაციის მიხედვით, გელა სამხარაულს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი პანტიანში შეუძენია მიწის ნაკვეთი, 1000 კვ.მეტრი 200 დოლარად.

დეპუტატი ფლობს ასევე 50 006 კვ. მეტრ ფართობს ყვარელში, რომელიც გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე დაურეგისტრირებია. გაცვლის ხელშეკრულებით დაურეგისტრირებია ასევე 17 455 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში. საერთო ჯამში ალავერდში მას მიწის სამი ნაკვეთი აქვს, რომელთა ფართობიც ჯამში 55 170 კვ.მეტრია.

 „ოცნების“ დეპუტატ სამხარაულის მიწის ნაკვეთები ჯამში 17 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, უფრო ზუსტად – 173 346 კვადრატულ მეტრს. 

დეპუტატი სამხარაული ფლობს ასევე სახლს დიდი ეზოთი და საცურაო აუზით სოფელ იყალთოში. საჯარო რეესტრის მონაცემებით ამ სახლის ფართობი 498 კვ.მეტრია, საკარმიდამო ნაკვეთის ფართობი კი – 2564 კვ.მეტრი.

დეპუტატის მეუღლე, ნატალია თხლაშიძე ფლობს 140,19 კვ.მეტრ ბინას თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე. დეკლარაციის მიხედვით, ეს ბინა მას 2006 წელს, 23 000 დოლარად შეუძენია. 2024 წელს კი ნატალია თხლაშიძეს შეუძენია ასევე ბინა ქობულეთში, 35,4 კვ.მეტრი 37 140 დოლარად. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ეს ბინა ზღვის სანაპიროზე, „რედ-კო ციხისძირის“ პროექტში მდებარეობს, ამიტომაც ცოტა გასაკვირია, რომ ერთი კვ.მეტრში 1049 დოლარი გადაუხდიათ – ეს ამ პროექტისთვის საკმაოდ დაბალი ფასია.

„რედ-კო ციხისძირის“ პროექტი

ნატალია თხლაშიძის ძმა, არჩილ თხლაშიძე, 2017 წელს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. მის არჩევას სწორედ დეპუტატი სიძის საქმიანობას და გავლენებს უკავშირებდნენ.

დეპუტატი გელა სამხარაული ფლობს 2023 წელს შეძენილ ავტომანქანას Land Rover -ს, რაშიც 20 000 ევრო გადაუხდია. მას აქვს ასევე 2016 წელს შეძენილი Toyota და 2014 წელს შეძენილი Lexus-ი.

2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით დეპუტატ სამხარაულს და მის მეუღლეს დანაზოგის სახით ჰქონდათ 70 000 დოლარი, 80 000 ევრო, 50 000 ლარი. 

სქრინი დეკლარაციიდან

რაც შეეხება შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის მეუღლის წლიური შემოსავალი ბევრად აღემატება დეპუტატის შემოსავალს. ნატალია თხლაშიძის ხელფასმა 2024 წელს 194 104 ლარი შეადგინა, ეს თვეში 16 ათას ლარზე მეტია. დეკლარაციაში მითითებულია მეუღლის დასაქმების ადგილიც – „ბიპი“, იგივე „ბრიტიშ პეტროლიუმი“, სადაც დეპუტატის მეუღლე სოციალური საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელია.

თავად დეპუტატ გელა სამხარაულის ხელფასმა 2024 წელს 52 458 ლარი შეადგინა, ანუ თვეში 4 371 ლარი. ეს თანხა 2025 წელს თითქმის გაორმაგდა, მისმა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასმა კი 12 000 ლარს მიაღწია, ახლა კიდევ უფრო გაზრდილია.

გელა სამხარაული ოჯახის შემოსავლებში ასევე უთითებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციით მიღებული თანხის შესახებ, რაც 185 000 ლარია.

მიუხედავად იმისა, რომ დეპტატი სამხარაული არაერთ კომპანიაში ფლობს წილებს, დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის შესახებ გრაფაში 0 თეთრია მითითებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატი, ოფიციალურად, ამ კომპანიებიდან შემოსავალს არ იღებს. 

რაც შეეხება გასული წლის ხარჯებს, დეპუტატმა დეკლარაციაში მიუთითა 6200 ლარი, როგორც მეუღლის სწავლის ხარჯი და 20 000 ლარი, როგორც რემონტის ხარჯი. გარდა ამისა ოჯახმა 62 ათას ლარზე მეტი დახარჯა სესხების მომსახურებისთვის.

  • „ოცნების“ დეპუტატის კომპანიები

დეკლარაციის მიხედვით გელა სამხარაული წილებს ფლობს კომპანიებში – შპს „ვერა-2011“, შპს „დია გრუპ“, შპს „დია ალავერდი“, შპს „დუტა & F“, ხოლო მისი მეუღლე ფლობს შპს „იმოგზაურე საქართველოში“-ს 25 პროცენტს.

შპს „დუტა & F“ 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა და სამუშაო მიმართულებად რესტორნები და ბარები აქვს მითითებული, გელა სამხარაული ამ კომპანიის 22 პროცენტის მფლობელია, თუმც მას წილები მართვაში აქვს გადაცემული გიორგი ხელაშვილისთვის, რომელიც კომპანიაში 23 პროცენტს ფლობს. ამ კომპანიაში წილებს ფლობს ასევე მსახიობი დუტა სხირტლაძე.

  • რაც დეკლარაციაში არ წერია – დეპუტატის შვილის ბიზნესი

2022 წლის მარტში გელა სამხარაულმა გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ ოჟიოში 99 765 კვ. მეტრი ფართობი, თითქმის 10 ჰექტარი დაირეგისტრირა. იმავე წლის აპრილში ეს ნაკვეთი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა დეპუტატის შვილმა, ბექა სამხარაულმა.

ახლა ეს ქონება შპს „სავანის ველს“ ეკუთვნის. კომპანიის 33.33% დეპუტატის შვილის, ბექა სამხარაულის საკუთრებაა.

ეს კომპანია სოფელ ოჟიოში კიდევ ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 20 ჰექტარს ფლობს ასევე, შპს „სავანის ველი“ კიდევ 6 მიწის ნაკვეთს ფლობს სოფელ იყალთოში, ჯამში 3 ჰექტარზე მეტს.

დოკუმენტების მიხედვით, ეს კომპანია დაფინანსებას იღებდა სოფლის მეურნეობის პროექტის – „დანერგე მომავალის“ ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ფერმერებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის განვითარების მიზნით სუბსიდიით ეხმარებოდა.

ბექა სამხარაული კომპანიის 33.33 პროცენტის მფლობელად 2022 წლიდან ფიქსირდება, მან კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეიტანა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სოფელ ოჟიოში, 10 ჰექტრამდე ფართობი. 2023 წელს კომპანიამ ამ ნაკვეთზე სარეკრეაციო დანიშნულების ტბორის მოწყობის პროექტის სკრინინგის ანგარიშით გარემოს სააგენტოს მიმართა.

დეპუტატ გელა სამხარაულს უფროსი შვილები ბექა და ნინი სამხარაულები დეკლარაციაში აღარ ჩაუწერია, მას შემდეგ რაც ისინი სრულწლოვნები გახდნენ.

27 წლის ბექა სამხარაული რამდენიმე კომპანიის თანამესაკუთრე და თანახელმძღვანელია. 2023 წლიდან ის ასევე ფლობს შპს „ჯილიექსის“ 50 პროცენტს და კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით ბექა სამხარაულმა 2024 წელს დააფუძნა და ერთპიროვნულად ფლობს შპს „ს+ჰ ნიუ ენერჯი დეველოფმენთ ქომფანის“ 100 პროცენტს და ხელმძღვანელიც თავად არის. კომპანიის კრედიტორად ჩინეთის მოქალაქე ჰუა იუ ფიქსირდება.

შპს „ს+ჰ ნიუ ენერჯი დეველოფმენთ ქომფანი“ ბექა სამხარაულმა ჩინეთის მოქალაქესთან ჰუა იუ – სთან ერთად დააფუძნა, თავად კომპანიის 70 პროცენტს ფლობდა, ჰუა იუ კი 30 პროცენტის მფლობელი იყო. 2025 წელს ამონაწერში ცვლილება შეიტანეს და კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელად ბექა სამხარაული დარეგისტრირდა, ჰუა იუ კი – კრედიტორად.

ბექა სამხარაული ფლობს ასევე 2023 წელს დაფუძნებული კომპანიის, შპს „კროსოვერის“ 33 პროცენტს და ერთპიროვნულად ფლობს შპს „ჯორჯია გრიინ ენერჯი დეველოპმენტ ქომფანის“.

ამავე თემაზე:

1 მლნ ლარი საყიდლებსა და მოგზაურობაში – „ოცნების“ რომელი დეპუტატი ხელმძღვანელობს ფასების კომისიას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: