მთავარი,სიახლეები

ჩვენ გადავიქეცით ქვეყნად, სადაც ბატონყმური ურთიერთობაა – ტროტუარზე დგომისთვის დასჯილი სანდრო მეგრელიშვილი

29.01.2026
ჩვენ გადავიქეცით ქვეყნად, სადაც ბატონყმური ურთიერთობაა – ტროტუარზე დგომისთვის დასჯილი სანდრო მეგრელიშვილი

2025 წლის 17 დეკემბრის საღამოს, 35 წლის სანდრო მეგრელიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე იდგა.

ერთი თვის და 5 დღის შემდეგ, 2026 წლის 23 იანვარს, სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ 17 დეკემბერს ტროტუარზე იდგა.

„სანდრო მეგრელიშვილი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 4 დღის ვადით,“ – დაწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ 23 იანვრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში.

სანდრო მეგრელიშვილმა ტროტუარზე დგომის გამო 4 დღე გაატარა მცხეთის იზოლატორში. ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომლის წინააღმდეგაც სადავო არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული კანონი გამოიყენა მოსამართლემ და პატიმრობა შეუფარდა.

სანდრომ იზოლატორი 27 იანვარს დატოვა. 28 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ სანდრო მეგრელიშვილის სააპელაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო სისტემა უსამართლო კანონით დევნის მოქალაქეს – „ბათუმელები“ იზოლატორიდან გამოსულ სანდრო მეგრელიშვილს ესაუბრა.

  • სანდრო, პირველ რიგში გკითხავთ თქვენს შესახებ. რა პროფესიის ხართ და რა გზა გაიარეთ იქამდე, სანამ ერთ დილას ქართული სასამართლო რუსთაველზე, ტროტუარზე დგომის გამო ციხეში გაგიშვებდათ?

35 წლის ვარ. განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი. ვიყავი საჯარო მოხელე, 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში. 2020 წლიდან, გადმოვინაცვლე სამოქალაქო სექტორში. სხვადასხვა თემაზე მიმუშავია ორგანიზაციების განვითარებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, დემოკრატიის და დემოკრატიზაციის პრობლემებზე.

რაც შეეხება უშუალოდ პროტესტს. შოტლანდიაში ვსწავლობდი, 2013 წელს დავბრუნდი და იქიდან მოყოლებული არაერთ აქციაზე ვყოფილვარ, მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა დემონსტრაციაში ჯერ კიდევ მაშინ, სანამ საჯარო მოხელე ვიყავი. მახსოვს 2014 წელი. აი, პირველად მაშინ გამოჩნდა რეალურად „ქართული ოცნების“, ყოველ შემთხვევაში ჩემი აღქმით, ავტორიტარული ტენდენცია. გახსოვთ ალბათ ე.წ. „კაბელების საქმე“. ხუთი ადამიანი, როგორც მერე გამოჩნდა, უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში.

აქედან მოყოლებული პერიოდულად სულ ვერთვებოდი აქციებში – 2023 წელს, როცა პირველი „რუსული კანონი“ შემოიტანეს. მერე არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი. 2024 წლის 28 ნოემბრიდან კი ყოველდღიურობა გახდა აქციებში მონაწილეობა.

  • თქვენ ხართ საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო დააპატიმრეს. შეგიძლიათ მკითხველს მოუყვეთ, როგორი იყო გზა ტროტუარიდან სასამართლომდე?

შსს მედავებოდა, რომ 17 დეკემბერს სანდრო მეგრელიშვილი ამა და ამ წუთზე რუსთაველის ქუჩაზე აყოვნებდა თუ დაბრკოლებას უქმნიდა გამვლელებს. ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მთავარი ბრალდება. თუ არ მეშლება 21 დეკემბერს დამირეკეს შსს-დან.

26 დეკემბერს იყო პირველი სასამართლო პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესზე მოიტანა ნახევარსაათიანი ვიდეო. ამის საფუძველზე ჩემმა ადვოკატმა მოითხოვა გადადება. მოსამართლემაც, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადადო. ჩემი აღქმით, წინასწარ ჰქონდა ყველას მზაობა, რომ ის პროცესი უნდა გადაედოთ.

მეორე სასამართლო პროცესი გაიმართა 16 იანვარს, სადაც მეც მომეცა საბოლოო სიტყვის თქმის საშუალება. მესამე პროცესი გაიმართა 23 იანვარს.

ზუსტად მახსოვს, დილის 10:04 საათზე ჩაირთო ჩემი პატიმრობის დრო.

  • სასამართლოზე რა არგუმენტები წარმოადგინა შსს-მ, როგორ დაარწმუნა მოსამართლე, რომ თქვენ რუსთაველზე, ტროტუარზე დგომით ხელს უშლიდით მოქალაქეებს გადაადგილებაში?

შსს-ს მთავარი არგუმენტი იყო, რომ ხელს ვუშლიდი გამვლელებს. ჰქონდათ ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ჩემი რუსთაველზე დგომის დროს გამვლელები მოდიან ქუჩაზე, პატარა მონაკვეთზე გადადიან ბასლაინზე და ასე უვლიან გვერდს ტროტუარზე მდგომ ხალხს.

კადრში ჩანს, რომ იქვე დგას პოლიცია, დგანან ჟურნალისტებიც.

ამ ვიდეო კადრებში ასევე ჩანდა და თავად შსს-ს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ, რომ ტროტუარის ნახევარი, ზედა ნაწილი პარლამენტის მიმდებარე სივრცის, იყო ცარიელი და მოქალაქეთა ნაწილი ამ სივრცეში გადაადგილდებოდა.

ამით დასტურდებოდა, რომ რეალურად ტროტუარი არ იყო გადაკეტილი და გამვლელებს შეეძლოთ ტროტუარზე თავისუფლად გადაადგილება.

შსს-ს წარმომადგენელმა, კი ბატონო, არ იყო მთლიანად გადაკეტილი, მაგრამ რომ არ მდგარიყავითო ხომ გაივლიდნენო ჩვეულებრივ ტროტუარზეო.

  • ვინმე ე.წ. „დაზარალებული“ ხომ არ მოუყვანია შსს-ს თქვენს პროცესზე, რომელსაც ხელი შეეშალა გადაადგილებაში?

არა. არავინ ყოფილა ისეთი პროცესზე, რომელიც იტყოდა, რომ აი, მე ვერ გავიარე რუსთაველზე, იმიტომ, რომ სანდრო მეგრელიშვილმა და სხვებმა ხელი შემიშალეს. არანაირი რეალური მტკიცებულება იმისი, თავი რომ დავანებოთ უშუალოდ ეს კანონი რამდენად აბსურდულია, არ იყო იმის მაჩვენებელი, რომ მე იქ ვიღაცას მიზანმიმართულად შევუშალე ხელი და არ მივეცი საშუალება, ტროტუარზე გაევლო.

  • როდესაც შეტყობინება მიიღეთ, რომ ტროტუარზე დგომის გამო სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყავით, ელოდით, რომ მოსამართლე პატიმრობაში გაგიშვებდათ?

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენად შეგვაჩვია აბსურდულ გადაწყვეტილებებს, არაფერი გამკვირვებია.

სხდომამდე ერთი დღით ადრე, ტროტუარზე დგომის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანეს ერთ-ერთ მოქალაქეს და დაუწერეს სიტყვიერი გაფრთხილება.

ამან გარკვეული მოლოდინი შექმნა, რომ არა, ალბათ პატიმრობაზე, ამ სიგიჟეზე არ წავლენ. მაგრამ „ქართული ოცნება“ სულ ავლენს თავს მოულოდნელობების ეფექტით.

ამიტომ არ გამკვირვებია. მორალურადაც მომზადებული ვიყავი.

არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს, როცა ოჯახის წევრები ნერვიულობენ, თუნდაც სულ რომ ოთხ დღეზე იყოს საუბარი. ნებისმიერი პატიმრობა ძალიან უსიამოვნოა და ემოციურად არ არის მარტივი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაცნაირად მომზადებული ვიყავი ამ გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ მთელი ერთი წლის თუ მეტის განმავლობაში, გამოცდასავით გავდივართ და სულ არის რაღაც ახალი სიგიჟე.

პირველად როცა ხდება ეს სიგიჟე, თავიდან რთულია, მაგრამ მერე ტვინში ხარშავ. ასე ვცდილობ მეც და მგონი სხვა მოქალაქეებიც, რომ ნელ-ნელა გადავაგოროთ, რაღაცნაირად მომზადებულები შევხვდეთ, დავძლიოთ ჩვენი ძალიან ადამიანური მომენტები… ეს შეიძლება ხანდახან იყოს შიში, მაგრამ ეს არის რეალობა, აი ეს არის მოცემულობა. კარგი ისაა, რომ ბევრი ადამიანია ჩემ გარშემო და ამ კარგი ადამიანების გამხნევება მეხმარება.

  • როგორი იყო ეს ოთხი დღე იზოლატორში, როგორ დაგხვდნენ, როცა იქ მიხვედით? 

მცხეთის იზოლატორში ვიყავი. ზოგადად, ნორმალური, ადამიანური გარემოა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ტროტუარზე დგომის გამო ვიყავი დაკავებული. ყველა ხვდებოდა, რომ არც გაქცევას ვაპირებდი და არც კრიმინალთან არ ჰქონდათ საქმე. იზოლატორის თანამშრომლებიც პროტოკოლით მოქმედებდნენ, მათ მხრიდან არ ყოფილა არც შეურაცხმყოფელი ან რაღაცა უარყოფითი დამოკიდებულება.

რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, როცა ზიხარ ერთ პატარა ოთახში გამოკეტილი და ერთი საათი გაქვს სასეირნო დრო შეზღუდულ სივრცეში. იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა მომზადებული ვიყავი, ამან ძალიან შემიწყო ხელი და დამეხმარა ეს ოთხი დღე განსაკუთრებული სირთულის გარეშე გამევლო.

  • თქვენი აზრით, რა მიზანი ჰქონდა ქართულ ოცნებას“, როცა ამ რეპრესიულ კანონს იღებდა და რამდენად მიაღწია ამ მიზანს თქვენი და სხვების დაპატიმრებით?

ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, ბევრი უარყოფითი აქვს ამ მთავრობას, ბევრი რამ გააფუჭეს და ბევრი ცოდვა ადევთ კისერზე, მაგრამ მთავარი – ეს მთავრობა არის ძალიან გაუმჭვირვალე.

ჩვენ როცა ვსვამთ კითხვას – რა მიზანი ჰქონდათ, ვცდილობთ ლოგიკის დანახვას. მაგრამ რასაც ისინი გვეუბნებიან ყოველთვის არის ხოლმე აბსურდული.

ეს არ დაწყებულა დღეს, დიდი ხანია ასეა. შევხედოთ „ქართული ოცნების“ პრემიერების ისტორიას, რამდენი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და მოქალაქეებს ჩვენ არასდროს გვითხრეს, რეალურად რატომ იცვლებოდნენ პრემიერ-მინისტრები.

ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, ავხსნათ მათი გადაწყვეტილებების მიზნები, ეფუძნება ჩვენ დაკვირვებებს, ჩვენს აზრს და ბოლომდე ზუსტად ვერ გვეცოდინება.

რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, „ქართულ ოცნებას“ 2022-2023 წლიდან სურს, რომ ახალი ტიპის წესრიგი დაამყაროს ამ ქვეყანაში, ახალი ტიპის რეჟიმი შექმნას.

ჩვენ დემოკრატია, გამართული კონსოლიდირებული დემოკრატია არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ აქამდე უპირობოდ გვქონდა გარკვეული თავისუფლებები, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება იყო მიღებული, რომ ჩვენ ეს მოვიპოვეთ, ჩვენ ეს გვაქვს და რაღაცნაირად განცდა იყო, რომ ამას ვერც ვერავინ წაგვართმევს.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როცა საგარეო პოლიტიკაც მკაფიოდ გამოხატულად იცვლება, შემოდის ეს ეგრეთ წოდებული „რუსული კანონი“, „ქართული ოცნება“ გადადის გამოკვეთილად ავტორიტარული სისტემის დამყარებაზე, რეჟიმის დამყარებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ წინააღმდეგობა აღარ უნდა არსებობდეს.

რეალურად წინააღმდეგობის სამი შრეა. ერთი არის ინსტიტუციური, მეორე პოლიტიკური პარტიების და მესამე საზოგადოების. ამას მიზანმიმართულად ანადგურებენ. ინსტიტუციებს რაც უქნეს, როგორ დაიმორჩილეს, ეს ძალიან ნათელია. თუკი სადმე, რამე დამოუკიდებელი წერტილი მაინც არსებობდა ინსტიტუციების მხრივ, ყველაფერი დაიმორჩილეს ან გადააკეთეს, გადმოაკეთეს, გააუქმეს და ა.შ.

პოლიტიკურ პარტიებს რაც უქნეს, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვხედავთ. გეგმავენ აკრძალვას და  აქვთ მცდელობა ველის მოსწორების. ის, რაც აქამდე ვერ შეძლეს და ვერ მოსპეს, არის საზოგადოების წინააღმდეგობა.

ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად იმისა, შეიძლება ბევრი რაღაცა არ მოგვწონდეს, ჯერჯერობით არის, გამოვიყენებ ამ ტერმინს და მედეგი.

ამ ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში შეძლო და შეინარჩუნა პროტესტი, თუნდაც დავარქვათ სიმბოლური.

რა თქმა უნდა, არ მოსწონს ხელისუფალს ეს და სხვადასხვა ფორმებით ცდილობს ამის მოშთობასა.

რასაც ვაკვირდები [რეპრესიული კანონების მიღებით] ცდილობენ ლეგალურობის ჩარჩოში დარჩნენ, არა ლეგიტიმურობის, მაგრამ ლეგალურობის. თუმცა მათ მიერ მიღებული კანონები შეუსაბამოა საერთაშორისო ნორმებთან, კონსტიტუციასთან, მაგრამ მათი მიზანია ალაგმონ ყველანაირი წინააღმდეგობა ამ ქვეყანაში. დაამყარონ ისეთი ტიპის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ალბათ მშვიდი ძილის საშუალებას მისცემთ.

  • ეს აბსურდული და რეპრესიული კანონი მიიღეს არალეგიტიმურ პარლამენტში მყოფმა „ოცნების“ დეპუტატებმა. რას ეტყოდით ამ ადამიანებს? რა გზავნილი აქვს მათდამი საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობაში გაუშვეს.

მათ უნდა იცოდნენ, რომ შევიდნენ საქართველოს ისტორიაში, ოღონდ ძალიან უარყოფითი კუთხით. ერთი რამ, რისიც ნამდვილად მწამს, არის ის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლებას განსაკუთრებით აფასებენ ადამიანები.

„ოცნების“ დეპუტატების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ თავისუფლება მოკვდეს ამ ქვეყანაში, განსხვავებული აზრი მოკვდეს.

ჩვენ გადავიქეცით ისეთ ქვეყნად, სადაც ბატონყმური ურთიერთობაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს არ გამოვა, მათ შორის თავდადებული ადამიანების გამო. არ გამოვა პოლიტპატიმრების გამო, რომლებიც სინდისი და ნამუსი არიან ჩვენი საზოგადოების. ის ფაქტი, რომ ისინი ამდენი ხნის განმავლობაში არ გატყდნენ, აგრძელებენ თავისებურად ბრძოლას, ბევრზე მეტყველებს.

რეალურად ეს კანონი და მთელი ეს მცდელობა, რომ წინააღმდეგობა ჩაახშონ, არის მიმართული ამ ქვეყანაში თავისუფლების, თავისუფალი აზრის, თავისუფალი სულის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ისტორია თავისებურად დაუფასებს ამ ადამიანებს.

  • იმის გამო, რომ ერთხელ უკვე სამართალდამრღვევად მიგიჩნიათ სისტემამ, განმეორებით შემთხვევაში არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რას აპირებთ?

ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და ჩვენი ადამიანური დარდებიც შეიძლება გვქონდეს. რობოტები არ ვართ. ის ფაქტი, რომ შეიძლება უფრო დიდი ხნით მოვხვდე ციხეში, შეიძლება ძალიან დამთრგუნველი იყოს.

ჩემს სასამართლო სიტყვაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართე და ახლაც თუ ისინი წაიკითხავენ ამ ინტერვიუს, მივმართავ: „მათი პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვან ჩემი გამოხატვის, შეკრების უფლება. ჩვენ ვეკითხებოდით მათ – აი იყო მოწოდება, რომ გადაიწიეთ – სად წავიდე? მე ვამბობ, რომ კანონდამრღვევი არ ვარ და გავაგრძელებ ჩემი კონსტიტუციურ უფლების გამოყენებას. მათ შორის ტროტუარზე დადგომა იქნება, მარშში მონაწილეობა თუ რაც იქნება.

  • რას ეტყოდით იმ მოქალაქეებს, ვინც ფიქრობს, რომ ეს რეპრესიული კანონი ვიღაც სანდრო მეგრელიშვილის, ვიღაც ნუკრი კაკულიას, ვიღაც მიშა ზაქარეიშვილის შეეხება, მაგრამ არა – მათ.

ძალიან ბანალურია, რომ ადრე თუ გვიან ყველასთან მივა ავტორიტარიზმი და ყველას ცხოვრებას შეეხება, მაგრამ ასეა. რეალურად ჩვენთან რაც ხდება, ისტორიის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა – თავისუფალი საზოგადოება გადაქცეულა ავტორიტარული ტიპის საზოგადოებად.

აუცილებლად, რაღაცა ფორმით შეეხებათ. რა თქმა უნდა რთულია, საშიშია, სერიოზულ რისკებს შეიცავს დღეს წინააღმდეგობის თუნდაც ყველაზე მცირე ქმედებებით გამოხატვა, მაგრამ უნდა დაფიქრდნენ, რომ ავტორიტარიზმი  ყველა ადამიანს შეეხება, ყველა ადამიანის შვილს, მომავალ თაობებს შეეხება.

განათლების სისტემაში რაც ხდება ხომ ხედავთ? ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო სივრცის მოგუდვა.

ჯობია დღეს გავიჭირვოთ, რადგან ადრე თუ გვიან „ტროტუარების კანონი“ იქნება, თუ რაღაც სხვა კანონი, ყველა ადამიანთან მივა. სამწუხაროდ, უკვე იმ ადამიანებსაც შეეხო, ვისაც ეგონა, რომ აი მასთან არ მივიდოდა ეს კანონი. ავტორიტარიზმის ბუნებაა ასეთი – უნდა დაიმორჩილოს მეტი და მეტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: