მთავარი,სიახლეები

სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა

22.01.2026 •
სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა.

22 იანვრის 16:00 საათის მდგომარეობით, სუსი შევიდა „დეილი ჯგუფსა“ და „აგროჰაბში“.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სუსი ასევე შევიდა სადისტრიბუციო ქსელ „დაფნაში“.

„კი ბატონო, არიან ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა მუშა პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, არანაირი არაფერი ზედმეტი არ არის, ამ ეტაპზე დანარჩენი ზედმეტი კომენტარისგან თავს ვიკავებთ, თუ რამე მნიშვნელოვანი იქნება, მომავალში გავაჟღერებთ,“ – უთხრა „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელმა „ტვ პირველს“.

სუსის შევიდა „აგროჰაბშიც”. კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ სუს-მა მათგან დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვა.

„სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, ანტიკორუფციულიდან. დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს. თარიღების მიხედვით არის რაღაცები გასაკეთებელი, გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით,“ – თქვა გიორგი ჯაშიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა კომპანიაში წინასწარ დარეკეს და იკითხეს, იყვნენ თუ არა ოფისში ხელმძღვანელი პირები.

„დაგვირეკეს წინასწარ, თუ ხართ ოფისში, რაღაც საკითხები გვინდა გავიაროთო და მოვიდნენ. [მოვიდნენ] ფასებთან დაკავშირებით, რაზეც არის ეს პერიოდი საუბარი, მაღალ ფასებთან დაკავშირებით, მაგასთან კავშირშია ზუსტად,“ – თქვა გიორგი ჯაშიაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა სახის დოკუმენტაცია აინტერესებდათ, ჯაშიაშვილმა უპასუხა, რომ სუს-ს „აგროჰაბიდან“ შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებდა. კონკრეტულად, რა ფასად იყიდება თითოეული პროდუქტი.

როგორც „ნეტგაზეთს“ სუს-ში განუცხადეს, „ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიისგან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“.

სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ქსელურ მარკეტებს, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ეხება სურსათის ფასებს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.

სუსი-ის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „რითეილ ასოციაციამ“, რომელიც სუპერმარკეტების ქსელებს აერთიანებს.

„22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი გაჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.

ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.

გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა,

დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, – ნათქვამია განცხადებაში.

21 იანვარს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა ფასების დაწევის საკითხზე სასაუბროდ.

კობახიძემ ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სუპერმარკეტების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა.

ამავე თემაზე:

სუპერმარკეტებში არაფერს ამბობენ ფასების კლებაზე – ვის ეკუთვნის ისინი

გადაბეჭდვის წესი