მთავარი,სიახლეები

სუპერმარკეტებში არაფერს ამბობენ ფასების კლებაზე – ვის ეკუთვნის ისინი

21.01.2026 •
სუპერმარკეტებში არაფერს ამბობენ ფასების კლებაზე – ვის ეკუთვნის ისინი

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია,“ – ეს სტატისტიკური ინფორმაცია 24 დეკემბრის დილას, სპეციალური ვიდეორგოლით მიაწოდა საქართველოს მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ იქვე მსხვილ სუპერმარკეტებს ირიბი ბრალდება წაუყენა და თქვა, რომ აქვს ეჭვი კარტელურ გარიგებაზე.

„ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და, შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს.

მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ.

რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ბათუმელებმა“ 2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოში მოქმედ რამდენიმე მსხვილ ქსელურ მარკეტს მიმართა შეკითხვებით. „ორ ნაბიჯს“, „ნიკორას“, „კარფურს“, „აგროჰაბს“, „დეილი ჯგუფს“ ვკითხეთ, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე როგორი იქნება მათი რეაგირება.

სუპერმარკეტებს ასევე ვკითხეთ:

  • აქვთ ქსელში ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა ე.წ. „ქსელის ქეშბექი“, მაღაზიაში შესვლის საფასური და მომწოდებლებისთვის გადახდის გადავადება?
  • არსებობს ქსელსა და სხვა დიდ სუპერმარკეტებს შორის რაიმე ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმება ფასებთან ან მომწოდებლების პირობებთან დაკავშირებით?
  • თუ ბაზარზე რეალურად არსებობს კონკურენცია, რატომ არის ფასები უმეტეს შემთხვევაში თითქმის იდენტური დიდ სუპერმარკეტებს შორის, მათ შორის აქციების პერიოდშიც? როგორ ხსნის თქვენი კომპანია ამას?
  • ხომ არ გეგმავს თქვენი კომპანია ქსელში არსებულ პროდუქტებზე ფასების შემცირებას?

თითქმის ერთი თვის თავზე არც ერთი ქსელური მარკეტიდან ინფორმაცია არ მიგვიღია.

  • ვინ ფლობს ქსელურ მარკეტებს საქართველოში

თიბისი კაპიტალის FMCG სექტორის კვლევის თანახმად, 2024 წელს გაყიდვების მოცულობით ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია სს „ნიკორა ტრეიდი“.

2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით,  სს „ნიკორა ტრეიდი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობდა 654 მაღაზიას და ჰყავდა 8 600-ზე მეტი თანამშრომელი.

კომპანია თავის სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელს 20 000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის 500-მდე დასახელების პროდუქტი „ნიკორას“ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერაა წარმოებული.

სააქციო საზოგადოება „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმენტის ქვეშაა ჰიპერმარკეტი „ლიბრე“, „ნუგეშის“ სუპერმარკეტების ქსელი და „ჰოთ-დოგ რუმი“.

სს „ნიკორა ტრეიდის“ ძირითადი აქციონერია სს „ნიკორა“, რომელიც ამჟამად ფლობს კომპანიის აქციების 96.60021%-ს. დამფუძნებელი ვასილ სუხიაშვილი ამავდროულად არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (23%).

სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარეა ვასილ სუხიაშვილი. წევრები არიან: ტარას ნიჟარაძე, ირაკლი ბოქოლიშვილი, გია პეტრიაშვილი, ირაკლი ნიკოლაიშვილი, რუსეთის მოქალაქეები – ვასილ ტარადინი და ოლეგ გუბანოვი.

ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მიხედვით, 2024 წელს კომპანიის დაუბეგრავი მოგება 11.3 მილიონი ლარი იყო.

„ნიკორა ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი ბოქოლიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე 21 იანვარი, 2026

  • ორი ნაბიჯი

შპს „ორი ნაბიჯი“ ადგილობრივი ბრენდია და ის 2009 წელს დაარსდა.

შპს „ორი ნაბიჯის“ წილის მფლობელები არიან გოჩა ცქიტიშვილი (33.34%), გიორგი ჩხეიძე (33.33%) და კახა ბექაური (33.33%). კახა ბექაური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა.

2024 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯს“ ქვეყნის მასშტაბით 529 საცალო მაღაზია ჰქონდა,  მათგან 291 მდებარეობდა თბილისში, 43 – ქვემო ქართლში, 49- იმერეთში, 38 – კახეთში, 22 – აჭარაში, 28 – სამეგრელოში, 14 – მცხეთა-მთიანეთში, 22 – შიდა ქართლში და 22 – საქართველოს სხვა რეგიონებში.

2024 წლის ბოლოს კომპანიაში დასაქმებული იყო 4 800- მდე თანამშრომელი.

2024 წლის ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მიხედვით, „ორი ნაბიჯის“ დაუბეგრავი მოგება 2024 წელს 64.4 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, “ორი ნაბიჯის” ერთ-ერთი მეწილე, კახა ბექაური მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე 21 იანვარი, 2026

  • აგროჰაბი

შპს „აგროჰაბი“ 2016 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია 2015 წელსაა დაარსებული, თუმცა სახელის ცვლილებამდე შპს „ფერმა მარკეტი“ ერქვა.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „აგროჰაბს“ თბილისში აქვს 7 ჰიპერმარკეტი/სუპერმარკეტი, ხოლო ბათუმში – ერთი. დასაქმებული ჰყავდა 2 146 თანამშრომელი.

2025 წელს ,,აგროჰაბმა” კიდევ ერთი სუპერმარკეტი ქუთაისში გახსნა.

კომპანიის 100 % წილს აკაკი ახვლედიანი ფლობს.

,,აგროჰაბს” აქვს საკუთარი ფერმები, აწარმოებს რძეს, ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს, სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტით შემოაქვს თევზი და ზღვის დელიკატესები, აქვს საკუთარი სასათბურე მეურნეობა, სადაც წლის განმავლობაში 200-მდე ტონა ბოსტნეული მოჰყავს. აწარმოებს ჯემებს და მურაბებს. ცალკე აქვს საკონდიტრო ხაზი და პურ-ფუნთუშეულის საამქრო.

„აგროჰაბის“ დაუბეგრავი მოგება 2024 წლისთვის 25.8 მილიონი ლარი იყო.

  • დეილი ჯგუფი

„დეილის ჯგუფი“ ამჟამად აერთიანებს „სპარის“, „იოლის“, „დეილის“, „კალათას“, „გვირილასა“ და „მაგნიტის“ ქსელებს. ეს ნიშნავს, რომ „დეილი ჯგუფი“ საქართველოს მასშტაბით ფლობს დაახლოებით 1 700 სავაჭრო წერტილს, რაც ორგანიზებული ბაზრის 30%-ია.

შპს „დეილის“ სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის შემადგენლობაში შედიან უტა მაზიაშვილი, არჩილ გეგენავა, დავით კუხალაშვილი, ზურაბ ზაქარიაძე და ცეზარ ჩოჩელი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „დეილის“ წილებს ფლობენ – შპს „ჰოლდინგ.ჯი“ – 23,25%, ზურაბ ზაქარიაძე – 20.073%, შპს „დიენეი კაპილატი ინვესტი“ – 19.375 %, შპს „ჩოჩელი ინვესტმენტ გრუპ“ – 10 %, დავით კუხალაშვილი – 8.564%, რუსუდან მაისურაძე – 5.424 %, მარინა პეტრიაშვილი – 0. 814 % და სს „რითეილ მენეჯმენტ ჯორჯია“ – 12.5 %.

2023 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიას ამ წელს 5.4 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი ახალი ანგარიში, რომელიც 2024-2025 წლებში კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს.

  • კარფური

„კარფური“ ფრანგული საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში Majid Al Futtaim Group-ის მეშვეობით ოპერირებს.

„კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2012 წელს გაიხსნა.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კარფურს“ საქართველოში ჰქონდა ექვსი ჰიპერმარკეტი, 19 სუპერმარკეტი და 72 არასპეციალიზებული მაღაზია. ამავე პერიოდისათვის კომპანიაში დასაქმებული იყო 2 725 ადამიანი.

კარფური არის შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტსის“  შვილობილი საწარმო, რომელიც კომპანიის საწესდებო კაპიტალის 100%-ს ფლობს.

შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ კაპიტალის“ მფლობელია მაჯიდ ალ ფუტაიმის ოჯახის 9 წევრი, ხოლო საკონტროლო წილის მფლობელია თარიქ ალ ფუტაიმი.

2024 წელს კომპანიამ 34 მილიონზე მეტი ლარი იზარალა.

„2024 წელს კომპანიის ზარალი განაპირობა როგორც საერთო მოგების შემცირებამ, ისე საოპერაციო ხარჯების, კერძოდ თანამშრომლებზე გაწეული დანახარჯებისა და კომპანიის შიდა გადანაწილებული ხარჯების ზრდამ, ასევე საპროცენტო ხარჯის გაზრდამ, რაც გამოიწვია მშობელი საწარმოს ნასესხები სახსრების მოდიფიცირებებმა და საკურსო სხვაობით  განპირობებულმა ზარალმა,“ – ნათქვამია „კარფურის“ 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში.

  • ევროპროდუქტი

„ევროპროდუქტი“ 2004 წელს დაარსებული ადგილობრივი ბრენდია.

ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებული 2024 წლის რეპორტის თანახმად, კომპანიის ძირითად ბიზნესსაქმიანობას წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები და არასაკვები პროდუქტით. კომპანია 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამარაგებდა 2600-მდე მაღაზიას და ოპერირებას უწევდა 38 მაღაზიას.

2024 წელს კომპანიაში დასაქმებული იყო 748 ადამიანი.

2025 წლის 31 იანვრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ევროპროდუქტის“ უშუალო მფლობელი იყო ნინო ბრეგვაძე 50%-იანი წილით და შპს „ჯი-თი-გრუპი“ 50 %-იანი წილით.

2025 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯი-თი-გრუპში“ წილები სამ პირზე ნაწილდებოდა თანაბრად. გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი კომპანიაში თანაბარ – 33%-იან წილებს ფლობენ.

„ევროპროდუქტს“ ორი აღმასრულებელი დირექტორი მართავდა – დავით ოსეფაშვილი და გიორგი თავდიშვილი.

„ევროპროდუქტის“ დაუბეგრავი მოგება 2024 წლისთვის 19 523 391 ლარი იყო.

დავით ოსეფაშვილი და გიორგი თავდიშვილი 21 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე

  • კომისია სურსათის ფასების შესასწავლად

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, შეიქმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელიც სურსათის ფასების საკითხზე იმუშავებს. კომისიას თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი  და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

20 იანვარს ირაკლი კობახიძემ კომისიის პირველი სხდომა გამართა.

ამ შეხვედრის ოფიციალური რელიზის მიხედვით, მომდევნო კვირიდან გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

დღეს, 21 იანვარს კი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

„როგორც ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს განვუცხადე, მათთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს.

ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში – 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც,“ – დაწერა შეხვედრის შემდეგ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „ქართული ოცნების“ პრემიერმა.

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

ამავე თემაზე:

რატომ ძვირდება პროდუქტი? – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: