მთავარი,სიახლეები

კობახიძე მაღალი ფასების მიზეზად მარკეტების გაზრდილ რაოდენობას ასახელებს, უკვე მეორედ

21.01.2026
კობახიძე მაღალი ფასების მიზეზად მარკეტების გაზრდილ რაოდენობას ასახელებს, უკვე მეორედ

დღეს, 21 იანვარს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა ფასების დაწევის საკითხზე სასაუბროდ.

მან დღეს ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სუპერმარკეტების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა.

„ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში – 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“ – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას, „თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში.

რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს, რაც საკმაოდ მაღალია“- განაცხადა კობახიძემ.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი კობახიძე მარკეტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს და ამ საკითხს ფასების გაზრდას უკავშირებს. მსგავსი განცხადება „ოცნების“ პრემიერმა 2025 წლის დეკემბერშიც გააკეთა. მაშინ მან მსხვილ სუპერმარკეტებს ირიბი ბრალდება წაუყენა და თქვა, რომ აქვს ეჭვი კარტელურ გარიგებაზე

ამავე თემაზე: 

სუპერმარკეტებში არაფერს ამბობენ ფასების კლებაზე – ვის ეკუთვნის ისინი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: