მთავარი,სიახლეები

შეხვედრის ადგილი ბათუმის ბულვარი – საპროტესტო აქცია [ვიდეო]

30.05.2012 • 2243
შეხვედრის ადგილი ბათუმის ბულვარი – საპროტესტო აქცია [ვიდეო]

საზოგადოებრივი მოძრაობის -„შეხვედრის ადგილი-ბათუმის ბულვარი“ მიზანია ბათუმის ძველი ბულვარის პერსპექტივის დადგენის პროცესში ბათუმის მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.
მოძრაობა აპოლიტიკურია და ღიაა ყველა მოქალაქისათვის, ვინც იზიარებს მოძრაობის მიზანს. ბათუმის ძველი ბულვარის განაშენიანება 1881 წელს დაიწყო, 130 წლის განმავლობაში ბულვარი ქალაქის საკუთრება და ბათუმელების თავშეყრისა და დასვენების საყვარელი ადგილი იყო.

ბოლო წლებში ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს კაპიტალური მშენებლობების პროცესი, ა.წ. აპრილის თვეში ბათუმის ბულვარს კიდევ ერთი, 4 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჩამოეჭრა და ცათამბჯენის მშენებლობისათვის შპს `საქართველოს რკინიგზას~ უსასყიდლოდ გადაეცა. ეს ადგილი ბათუმის თვითმმართველობამ 1884 წელს ბულვარის გასაფართოებლად შეიძინა, მიმდინარე მდგომარეობით კი აუდიტორული დასკვნის (შპს აუდიტორულ-საკონსულტაციო კორპორაცია „ინტერაუდიტი“ #1/16-72, 19.04.2011წ.) თანახმად 1 824 120 ლარად არის შეფასებული.

პროცესის დინამიკა აღძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ ახლო მომავალში კვლავ არსებობს ბულვარის ტერიტორიის ნაწილების გაჩუქება/გასხვისებისა და მათი მაღლივი მშენებლობებისთვის გამოყენების საფრთხე, რაც ძველი ბულვარის ფაქტობრივ განადგურებას გამოიწვევს.

მოძრაობა მხარს უჭერს ბათუმის ეკონომიკური და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებს, ქალაქის ახალ რაიონებში თანამედროვე არქიტექტურული კონცეფციების რეალიზებას, მაგრამ არა ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ძველი ბულვარის განადგურების ხარჯზე.

მოძრაობის ამოცანაა, ბათუმის მოქალაქეთა მხარდაჭერით, ხელისუფლების ყველა კომპეტენტურ რგოლთან დიალოგის დაწყება და ბათუმის ძველი ბულვარის განვითარების პროცესში ბათუმელთა ინტერესების დაცვა.

დაგვიკავშირდით, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება!

ბათუმელებო, გავერთიანდეთ ძველი ბულვარის გადასარჩენად!

მობრძანდით, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #48, II სართული, „გაზეთ ბათუმელების“ ოფისი, ტელ.: +995 422 7 03 59; ელ.ფოსტა: batumi.bulvari@gmail.com; https://www.facebook.com/home.php?sk=group_207169999316341

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: