მთავარი,სიახლეები

რუსული გემი, რომელსაც შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოში არ მოდიოდა – სააგენტო

02.12.2025
რუსული გემი, რომელსაც შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოში არ მოდიოდა – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ გემი, რომელსაც რუსული და თურქული მედიის ინფორმაციით შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოს მიმართულებით არ მოდიოდა.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება  ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას  რუსეთის დროშის ქვეშ მცვურავ გემ „Midvolga 2“-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით , თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ.

ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად   საქართველოს ნავსადგურებია მოხსენებული.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამოწმეული ინფორმაციით, აღნიშნული გემი არ ყოფილა  და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებისაკენ, არ ემყარება არანაირ ფაქტებს,“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

დღეს, 2 დეკემბერს, რუსულმა და თურქულმა სამთავრობო სააგენტოებმა დაწერეს, რომ შავ ზღვაში დრონებით თავს დაესხნენ რუსულ ტანკერს, რომელიც საქართველოს მიმართულებით მიცურავდა.

თურქულმა სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუმ” დაწერა, რომ რუსულ ტანკერს საქართველოში მზესუმზირის ზეთი მიჰქონდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, MIDVOLGA-2-ის ეკიპაჟს დახმარება არ უთხოვია. გემზე 13 მეზღვაური იყო, რომელთაგანაც არავინ დაშავებულა.

გემზე თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში მოხდა. ტანკერი ამჟამად სინოპის პორტის  მახლობლად გადაადგილდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: