მთავარი,სიახლეები

„დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე

27.10.2025
„დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე

პატიმრობაში მყოფი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილს ავრცელებს ციხიდან.

წერილში, რომელიც ფეისბუქზე, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ზურაბ ჯაფარიძე წერს:

„ძალიან არასერიოზულია შეწუხებული სახეებით არგუმენტირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქართული სირცხვილის მიერ დაანონსებული ე.წ განათლების რეფორმა თურმე არ გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ქვეყანაში, თურმე პირიქით, გააუარესებს ამიტომ და ამიტომ.

ამ დისკუსიაში შესვლა ნიშნავს, რომ უშვებთ ალბათობას, თითქოს რუსებმა აქ შეიძლება კარგი და სასურველი რეფორმა გაატარონ განათლების სისტემაში.

Come on! რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? ისევ ვერ ხვდებით სად ვართ?

რასაც აპირებენ, მაგის მოკლევადიანი მიზანია გაწმინდონ კრიტიკული აზრისგან სისტემა და მოკლან ბოლო თავისუფალი სივრცე (რამდენიმე უნივერსიტეტი), ხოლო გრძელვადიანი – დატოვონ მომავალი თაობები კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, რომ ვერ შეძლონ მტრის და მოყვრის გარჩევა.

მაგრამ ამის ლაპარაკსაც არ აქვს დიდი აზრი, რადგან ვისაც ესმის სად ვართ, იმას ესეც ესმის.

რაც უნდა ითქვას ხშირად და ყველგან არის ის, რომ დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს უნდა მივიდეს იმ ყველა მშობლის ყურამდე, ვინც დღეს გაყურსულია და იმედი აქვს, რომ მისი შვილები აქედან გააღწევენ, სასწავლებლად წავლენ სადმე.

ესაა ასახსნელი ბევრჯერ და ყველგან.

ცოტა ხანში სასწავლებლად წასასვლელად ახალგაზრდას დასჭირდება ჯერ ვიზაზე რიგში დგომა რომელიმე საელჩოში, თავისი აპლიკაციების შევსებით და ფოტოების გადაღებით, მერე მე-12 სასწავლო წლის სადმე დასრულება, მერე ხელახლა ვიზაზე და ა.შ ანუ 100-დან 5 თუ წავიდა, კარგი შედეგი იქნება.

ამაზეა სალაპარაკო და არა იმაზე, როგორი ცუდია თითო ფაკულტეტი თითო უნივერსიტეტში და იმაზე, რომ ამას რუსეთი აკეთებს.

და ბარემ, რადგან ვიზები ვახსენე, უნდა მორჩეს ეს ღლაბუცი – „ჩვენ ვთხოვეთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს და მარტო რეჟიმის საყრდენები დასანქცირდნენ“. რას აკეთებთ? ქულებს იწერთ ხალხის თვალში, რომ უვიზოს გადარჩენას ჩალიჩობთ? ანუ ხვეწნაზეა? ხვეწნის გამო მოგვცეს თავის დროზე? და რომ შეაჩერებენ, მერე რას იტყვით, არ გაითვალისწინეს ჩვენი ხვეწნა მაგ ჩათლახებმაო? თქვენ თუ არ იტყვით, „იმედი“ ხომ იტყვის ამას?

გააუქმებენ. დღეს არა, ხვალ. რუსეთია აქ. და შენგენის ზონას არ აქვს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა. იქ €ლე არავინ არაა. ზუსტად ესმით, რომ როცა საქართველოს პასპორტიანი რუსი ვიღაცას პოლინიუმს შეურყევს ჩაიში გერმანიაში ან ‘ნავიჩოკს’ შეაზელს პიჯაკის სახელოში საფრანგეთში, უკვე ძალიან გვიან იქნება.

ამიტომ მორჩით ამ მაიმუნობასაც, please. აღარ არის ასეთების დრო“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე [სტილი დაცულია].

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 5 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. იგი 22 მაისს დააკავეს და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ე.წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო.

ამავე მიზეზით, „ოცნების“ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: