მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი: ჯადოქრები არ ვართ, არარსებულ ინფორმაციას გვთხოვს კუპრაშვილის ბიურო

18.10.2025
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი: ჯადოქრები არ ვართ, არარსებულ ინფორმაციას გვთხოვს კუპრაშვილის ბიურო

„რეჟიმი რის რეჟიმია და რეჟიმის მოსამართლე რის მოსამართლეა, თუ არ დააკმაყოფილებს ბიუროს შუამდგომლობას? რა თქმა უნდა, მოსამართლემ უპირობოდ გაიზიარა ყველაფერი და დაგვავალა წარგვედგინა ინფორმაცია, რომელიც უბრალოდ არ გვაქვს და რაც არ გვაქვს, იმას ვერ მოვიგონებთ, ვერ შევქმნით, ჯადოქრები არ ვართ,“ – ამბობს ჟურნალისტი და გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი.

გელა მთივლიშვილს რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციის მიწოდებას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სთხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გელა მთივლიშვილი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

გელა მთივლიშვილი გვიყვება, რომ სასამართლოში ამ პროცესის დაწყებამდე ანტიკორუფციული ბიუროს წერილი 26 სექტემბერს ჩააბარეს:

„გვაცნობეს, რომ ბიუროში მიმდინარეობს წარმოება ჩვენს მიმართ, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილი იყო ჩვენგან სხვადასხვა კატეგორიის და მოცულობის, მათ შორის, არასაჯარო და კონფიდენციალური ხასიათის და შინაარსის ინფორმაცია.

ამ წერილთან დაკავშირებით ბიუროს მალევე, ანუ კანონით დადგენილ ვადაში მივწერეთ პასუხი, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ფიზიკურად არ გაგვაჩნდა, ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ არ მიგვიღია რაიმე სახის ახალი საგრანტო კონტრაქტი და დაფინანსება.

ამავე დროს, ხაზი გავუსვით, რომ ბიუროს მიერ მოთხოვნილი მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც ჩვენს მიმართ იყო დაყენებული, არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს და სცილდებოდა ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებს,“ – განმარტავს გელა მთივლიშვილი.

რაჟდენ კუპრაშვილს ამჯერად სასამართლოსთვის მიუმართავს. სასამართლოს კი, მყისიერად – იმავე დღეს დაუკმაყოფილებია ბიუროს შუამდგომლობა:

„…სასამართლოს სიტყვასიტყვით აქვს დაკოპირებული, გადატანილი ბიუროს შუამდგომლობის ტექსტი თავის განჩინებაში, რომლითაც დაგვევალა ბიუროსთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, რაც არის აბსურდი და სიგიჟე, იმიტომ, რომ ერთხელ მივწერეთ, რომ არა გვაქვს მსგავსი ინფორმაცია.

სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ანტიკორუფციულ ბიუროს მიანიჭა სრული და უკონტროლო წვდომა საბანკო დაწესებულებებსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ჩვენს მიმართ დაცულ ისეთ ინფორმაციაზე, ისეთ ტრანზაქციებზეც, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი საერთოდ არ არის,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გელა მთივლიშვილმა გუშინ, 17 ოქტომბერს მიმართა. ჟურნალისტი ითხოვს, რომ მას უნდა მისცენ სასამართლო პროცესში მონაწილეობის საშუალება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, მაგალითად, ისე განიხილა ბიუროს შუამდგომლობა, რომ გელა მთივლიშვილის პოზიციით მოსამართლე არც კი დაინტერესებულა

„სააპელაციო სასამართლოსგან ვითხოვთ, რომ საჩივრის განხილვამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე დაუყოვნებლივ და სრულად შეაჩეროს გასაჩივრებული ბრძანების მოქმედება და შემდგომ უკვე, არსებითი განხილვის შემდეგ გააუქმოს ეს ბრძანება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ,“ – აღნიშნა გელა მთივლიშვილმა „ბათუმელებთან“, თუმცა აქვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ პრაქტიკულად, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საჩივარს ჩაიბარებს და განიხილავს, ამასობაში, ანტიკორუფციული ბიურო მისთვის სასურველ ყველა ინფორმაციას მოიპოვებს.

მოსამართლე ნინო ბუაჩიძეს, რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა დაუყოვნებლივ დაუკმაყოფილებია, „მთის ამბების“ არაერთი სარჩელი აწერია ბოლო 2 წლის განმავლობაში: ჟურნალისტებს კანონით სავალდებულო საჯარო ინფორმაციას საჯარო უწყებები ხშირად არ გვაწვდიან!

„მოსამართლე ნინო ბუაჩიძეს წარმოებაში აქვს მიღებული ჩვენი ყველა სარჩელი და ორი წელია თითქმის გასული ამ სარჩელების წარდგენიდან, მას არაერთხელ შევახსენეთ და მეტსაც გეტყვით, ვუჩივლეთ კიდეც იუსტიციის საბჭოს სპეციალური ინსპექტორის სამსახურში… მოსამართლეს მოსამზადებელი სხდომაც კი არ ჩაუნიშნავს რომელიმე საქმეზე.

სამაგიეროდ, რაჟდენ კუპრაშვილმა 9 ოქტომბერს მიმართა და 9 ოქტომბერსვე მყისიერად, რამდენიმე საათში, შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.

ნინო ბუაჩიძე გახლავთ ასევე ჭიათურაში მიმდინარე პროცესების ცნობილი მოსამართლე, ივანიშვილის საქმეებშიც ეგ ფიგურირებდა. ის არის რეჟიმის, კლანის დამსახურებული მოსამართლე,“ – გვიყვება გელა მთივლიშვილი.

  • რას აჩვენებს ეს შემთხვევა?

„რეალურად, სასამართლო არ ასრულებს არანაირი კონტროლის ფუნქციას. კანონმდებლობით, კონსტიტუციით, ყველა საერთაშორისო აქტით სასამართლო უნდა ასრულებდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებებზე რეალურ კონტროლს. ჩვენ შემთხვევაში პირიქით ხდება, რეალურ კონტროლს კი არა, ნოტარიუსის ფუნქცია აქვს მინიჭებული. ესენი რასაც მიიტანენ, ის ხელს აწერს.

რეალურად, რატომ არის საერთოდ ჩვენ მიმართ საქმის წარმოება დაწყებული ანტიკორუფციული ბიუროში? ვარაუდის დონეზეც კი არ არის დასაბუთებული ეს. მოსამართლის ვალდებულება იყო გამოერკვია, რა დასაბუთებული ვარაუდი არსებობდა, როცა მისცა წვდომა ორგანიზაციის მთელ მოქმედებაზე. მოსამართლე ამით არ დაინტერესებულა.

ჩვენ ვამბობთ, რომ დასამალი არც გვაქვს არაფერი, მაგრამ ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში არ შედის იმ სამუშაოების კონტროლი, რა სამუშაოებსაც ჩვენ ვახორციელებთ. სასამართლო კი, არათუ კონტროლს არ ახორციელებს, პირიქით, უფლებას აძლევს ბიუროს, ითევზაოს – მთელი ინფორმაცია მოიპოვოს და იქნებ სადმე რამე იპოვოს,“ – გვითხრა გელა მთივლიშვილმა.

ამ თემაზე:

203%-ით გაიზარდა რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი ბოლო სამ წელში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: